ერთადერთი ქართველი, რომელიც ძველი რომის რეკონსტრუქციაზე მუშაობს - კვირის პალიტრა

ერთადერთი ქართველი, რომელიც ძველი რომის რეკონსტრუქციაზე მუშაობს

ლაშა ცხონდია: "ხანდახან ღამე დღისთვის გადამიბამს და მხოლოდ მეორე დღეს დამიძინია. მაგრამ როცა დავასრულებ, ისეთი გახარებული ვარ, ყველაფერი მავიწყდება"

ძველი რომის არქიტექტურული ანსამბლი კომპიუტერულად უნდა აღვადგინო და არა მხოლოდ კოლიზიუმები ან ტაძრები - ყველაფერი, რითაც რომი ბრწყინავდა. რომაული არქიტექტურა რთულია, ასიათასობით დეტალისაგან შედგება, მაგრამ ისე, რომ დღეს დანგრეულიც კი ყველას ნუსხავს. მის აღდგენაზე მუშაობაც რთულია. ყოველი დეტალი უზუსტესად უნდა შეეხამოს წინა დეტალს, თორემ ყველაფერი წყალში ჩაყრილია

ლაშა ცხონდია ერთადერთი ქართველია, რომელიც ძველი რომის რეკონსტრუქციაზე მუშაობს. თბილისის ერთ ჩვეულებრივ კორპუსში ძველი რომის ბრწყინვალე არქიტექტურა ცოცხლდება, კომპიუტერში მუშავდება და ამერიკაში იმ ამერიკულ-იტალიურ კომპანიას ეგზავნება, რომელმაც პროექტი დაგეგმა. 43 წლის არქიტექტორი ძველი რომის არქიტექტურულ დეტალებზე დღე-ღამეში საშუალოდ 12 საათს შრომობს, ხანდახან - უფრო მეტსაც, მაგრამ მაინც კმაყოფილია, რადგან მარადიული ფასეულობები მისთვის შეუცვლელია, ძველი რომი კი მარადიულობაა.

გაოგნებული ვათვალიერებდი უზუსტესი გათვლებით აღდგენილ რომაულ კოლონებს და ვფიქრობდი, რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა იდეისთვის.

ლაშა ცხონდია, ეს საოცარი ადამიანი თავის ცხოვრებაზე გვიყვება:

- საიდან დავიწყო? ალბათ, სკოლიდან, როცა ისე მხიბლავდა ყველა სიძველე, რომ ცნობილ პალეონტოლოგ სლავა ჩხიკვაძესთან მიშუამდგომლა ოჯახის ახლობელმა. დინოზავრების შესახებ ყველაფერი მაინტერესებდა და ისე კარგად შევისწავლე ეს პრეისტორიული არსებები, მათი გამოქანდაკებაც კი დავიწყე. ბატონი სლავაც მთხოვდა, ეს სპეციალობა აირჩიე, შენგან კარგი მეცნიერი დადგებაო, მაგრამ მე მოქანდაკეობა ავირჩიე. დედ-მამა მხატვარი მყავდა და რა გასაკვირი იყო.

ამასობაში დადგა ძალიან მძიმე წლები, მხატვრებს გაუჭირდათ, მე კი ორმა რამემ მიშველა: ახალგაზრდულმა სიჯიუტემ და ბედნიერმა შემთხვევამ.

მიუხედავად იმისა, რომ ხალხს პურის ფული არ ჰქონდა და ჩემი დინოზავრების ფიგურებიც არ იყიდებოდა, მე მათ მაინც ვაკეთებდი, რადგან მომწონდა და მამშვიდებდა.

აღმოჩნდა, რომ ცუდიც არ იყო, რადგან ერთხელაც სრულიად უცნობი ხალხი მომადგა - ახალ ქართულ საფოსტო მარკებს ვქმნით შენი დინოზავრების გამოსახულებითო. სიხარულით გადავაღებინე. რასაკვირველია, ფულზე კრინტიც არ დამიძრავს - 1993 წელი იყო და ამ დროს პატარა ბიჭს რა გასამრჯელო უნდა მომეთხოვა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ჩემი დინოზავრიანი მარკები შემთხვევით ვნახე მაღაზიაში. მოვიკითხე და მხოლოდ ის გავიგე, რომ მარკები თვალის დახამხამებაში გაიყიდა. მეც რაღა დამრჩენოდა - რამდენიმე მაღაზია მოვიარე, ჩემი დინოზავრიანი მარკები ვიყიდე და დღემდე თვალისჩინივით ვუფრთხილდები.

მერე კი ერთი პატარა სასწაულიც მოხდა - 1997 წელს ბატონ სლავას ორი ამერიკელი კოლეგა-მეცნიერი ეწვია სტუმრად. მან ჩემთან მოიყვანა და ჩემი გამოქანდაკებული პრეისტორიული ცხოველების კოლექცია აჩვენა. ცოტა ხნის შემდეგ ამერიკიდან დამიკავშირდნენ - გვინდა, შენთან ვითანამშრომლოთო. თურმე ერთ-ერთ ამ მეცნიერს ახლობელი ჰყოლია, რომელიც პრეისტორიული ცხოველების ფიგურებს ყიდდა და ჩემი ქანდაკებების ნახვა მოინდომა. შევახვიე და ფოსტით გავგზავნე. გავიდა დრო და ხელშეკრულება მომივიდა - შენ ქანდაკებებს გამოგვიგზავნი, ჩვენ ყალიბს ავუღებთ, ჩამოვასხამთ და გავყიდით, შენ კი შემოსული თანხის 12%-ს მიიღებო.

- წარმომიდგენია, ეს რა სიხარული იქნებოდა ადამიანისთვის, რომელსაც შემოსავალი არა აქვს.

- ეს მხატვრის ნაშოვნი პურის ფული იყო. მართალია, არც ისე ბევრი, მაგრამ საკმარისი, რომ გული მშვიდად მქონოდა. სამი წლის შემდეგ კი ჩემმა კონტრაქტორმა ობიექტი სხვა მეპატრონეს მიჰყიდა, რომელმაც კონტრაქტი განმიახლა და გამიფართოვა უფრო ხელსაყრელი პირობებით - მან უკვე ჩვეულებრივი სკულპტურები დამიკვეთა კლიენტების სურვილების მიხედვით. ამ კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი შეკვეთა ამერიკელი გენერლის, ჯონ კასტერისა და ინდიელების ბრძოლა იყო. კასტერის 300-კაციანი რაზმი მრავალრიცხოვანმა ინდიელებმა მოაქციეს ალყაში და ცოცხალი არც ერთი არ დატოვეს. რამდენიმე ათეულ სკულპტურას ფოსტით ვგზავნიდი და ისევ ხელახლა ვიწყებდი. მათგან მხოლოდ ფოტოებიღა დამრჩა.

- როცა ამ ბრძოლის დეტალებს აქანდაკებდით, არ გახსენდებოდათ, რომ იმ დროს ქართველი ჯარისკაცები უკვე რუსეთის იმპერიის ომებში იბრძოდნენ?

- ამის გარეშე შეუძლებელია. მაგრამ ერთი კია - მას შემდეგ ამერიკელები მომავლისკენ ფრენა-ფრენით წავიდნენ, ჩვენ კი რუსულმა იმპერიალიზმმა იქვე დაგვტოვა, სადაც ვიყავით...

არ მინდოდა მუდამ ის მეკეთებინა, რასაც სხვა შემიკვეთდა, ამიტომაც წამოვიწყე იმის კეთება, რაც ძალიან მინდოდა. ძველი რომი ჩემთვის ბრწყინვალე არქიტექტურის სიმბოლოა და ვიფიქრე, ვსინჯავ, რომაული არქიტექტურის რეკონსტრუქციას გავაკეთებ-მეთქი. ეს ადვილი არ არის, მაგრამ რადგან ძველი რომაული არქიტექტურის ძირითადი დეტალები ცნობილია, რატომ არ შეიძლებოდა მის რეკონსტრუქციაზე ფიქრი? ჰოდა, დავიწყე კიდეც სხვადასხვა მასალით.

ჩემი ძველი რომის 12 წლის წინანდელი მოდელის მასშტაბი რამდენიმე ასეულით მცირეა, ვიდრე სინამდვილეში იყო. ამასობაში, რომის რეკონსტრუქციის ამერიკულ-იტალიური პროექტიც გამოჩნდა და ჩემი რეკონსტრუქცია გავუგზავნე. მომივიდა პასუხი - ეს უზუსტესი ნამუშევარია, კონტრაქტს გაგიფორმებთო. ამ კონტრაქტით მთელი ძველი რომის არქიტექტურული ანსამბლი კომპიუტერულად უნდა აღვადგინო და არა მხოლოდ კოლიზიუმები ან ტაძრები - ყველაფერი, რითაც რომი ბრწყინავდა. ამ პროექტზე ჩემ გარდა რამდენიმე უცხოელი არქიტექტორიც მუშაობს.

- რით გამოირჩევა რომაული არქიტექტურული სტილი?

- მრავალფეროვნების მასშტაბური ბრწყინვალებით. ეგვიპტური არქიტექტურაც მასშტაბურია, მაგრამ საოცრად სადა, რომაული არქიტექტურა კი ასიათასობით დეტალისაგან არის შედგენილი, მაგრამ ისე, რომ დღეს დანგრეულიც კი ყველას ნუსხავს. მის აღდგენაზე მუშაობა რთულია. ყოველი დეტალი უზუსტესად უნდა შეეხამოს წინა დეტალს, თორემ ყველაფერი წყალში ჩაყრილია. იმიტომაც არის, რომ კომპიუტერთან დღე-ღამეში 12 საათს ვმუშაობ; ხანდახან ღამე დღისთვის გადამიბამს და მხოლოდ მეორე დღეს დამიძინია. მაგრამ როცა რაღაც ნაწილს დავასრულებ და ამერიკაში გავგზავნი, ისეთი გახარებული ვარ, ყველაფერი მავიწყდება.

- შეიძლება ამ პროექტით რომაული არქიტექტურული სტილის აღდგენა?

- რომის ნანგრევებს ვერავინ აღადგენს, მას ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. თუ ახალს მოინდომებენ, რატომაც არა.

- კარგი იქნებოდა, მსგავსი პროექტები ჩვენი ძეგლებისთვისაც განხორციელდეს. თუნდაც ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ძეგლების კომპიუტერული ვერსია აღდგეს...

- სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობას ჯერ ვერ ვხედავ... დარწმუნებული ვარ, მსგავსი ამერიკული პროექტი სხვა კულტურებისთვისაც გამოჩნდება.

ეთერ ერაძე