"კოწიამ მითხრა, მანდილოსნების იმედად არ დავდივარო"
20-02-2017
"კოწიამ მითხრა, მანდილოსნების იმედად არ დავდივარო"
"დღე, როდესაც კოლხური კოშკი იწვოდა, მძიმე ჯვარივით მაწევს მხრებზე"

რედაქციაში გვეწვია ციალა თავდუმაძე-ღონღაძე, რომელმაც სხვა საინტერესო ამბებთან ერთად ეს ტკივილიანი მოგონებაც განგვიახლა და საინტერესო ამბავი გვიამბო.

"დედა ოზურგეთის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლდათ და რა გასაკვირია, რომ შვილებს მშობლიური ენისა და მიწის სიყვარულით გვზრდიდა. როცა დედაქალაქში, ვერაზე დავსახლდი და დედა სტუმრად მეწვია, კონსტანტინე გამსახურდიას "კოლხური კოშკის" დანახვისას ძალზე გაიხარა - შვილო, შეუფასებელი კაცი გყოლია მეზობლად, ჩვენს ეზოში დავპატიჟოთო. მეც
მუდამ სასოებითა და მოკრძალებით შევყურებდი ამ ბუმბერაზ ქართველს და მის ოჯახს, - მისი მეუღლეც საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო (ინგლისურიდან მთარგმნელი გახლდათ) და ვაჟი - ზვიადიც. არ დამავიწყდება, როგორ გავოცდი, როცა 50 წლის წინ მათ ეზოში კაბიანი მოძღვარი დავინახე - იმხანად მღვდლის­ სტუმრობა ჩვეულებრივი ამბავი არ
იყო. მითხრეს, - ზვიადს ძველ ქართულ დამწერლობას ასწავლიან, უცხოეთში გაბნეული ქართული ხელნაწერების შესაგროვებლადო.

არასოდეს დამავიწყდება, როგორ ჩამოდიოდა ჩოხიანი კონსტანტინე დაღმართზე. ავტომანქანა ჰყავდა, მაგრამ შინ ედგა, ფეხით მიუყვებოდა ქუჩას და ქართველობას ქართული ჩოხით აწონებდა თავს, უნდოდა, ამაში სხვებსაც მიებაძათ და ჰბაძავდნენ კიდეც. ერთხელაც მძიმე ჩანთებით აღმართზე ამავალი შემხვდა, შვილებთან ერთად ვიყავი, ცალი ხელი გავითავისუფლე და ვკადრე, - ხომ არ დაგეხმაროთ-მეთქი. გადმომხედა, შემათვალიერა და მერე ბავშვებზე მანიშნა, - ამათ მოუარე, ამაზე უკეთესს შენ ვერაფერს იზამო. მერე კი ღიმილით დაამატა, - მე მანდილოსნების იმედით არ დავდივარო...

პირად ტრაგედიასავით გადავიტანე კოლხური კოშკის დაწვა. ეს ზუსტად 25 წლის წინ იყო, მარტის თვეში, ალიონზე. იმ დროს მძიმედ ვიყავი ავად და დამწვრის სუნმა გამაღვიძა... ავდექი და ქუჩაში გავედი, საშინელება დავინახე - ყველაფერი ცეცხლის ალს შთაენთქა. გაოგნებული შევყურებდი ამ სურათს, სადაც ეზოში ტბად დამდგარ გუბეებში ხელის ფათურით დაეძებდა გამსახურდიების ნივთებს­ გურამ შარაძე... ეს დღე მძიმე ჯვარივით მაწევს მხრებზე. ეს კოშკი დაიწვა იმიტომ, რომ გამსახურდიების მოდგმა საქართველოში აღარ დაბრუნებულიყო. მაგრამ არავის განვსჯი, - ცეცხლი მათ გააჩინეს, ვინც არ იცოდა, რა ცოდვას სჩადიოდა. მერე შევარდნაძის განცხადებაც მახსოვს, - კოშკს მალევე აღვადგენინებო და გამსახურდიას პასუხიც დევნილობიდან - ხელი არ ახლოო... ასე ჩაიარა ჩემ თვალწინ ამ ყველაფერმა, მაგრამ იმედი მაინც ვერ ჩამიქრო, - დრო მოვა და ის ქართველობა მოჰყვება, ვინც მსგავსს აღარ ჩაიდენს, იმიტომ რომ ამ ისტორიას ჩვენთვის ტკივილის მეტი არა დაუტოვებია რა."
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით