"დღეს აღარავის სცალია, რომ პატარებს სიმღერები შეასწავლონ"
20-02-2017
"დღეს აღარავის სცალია, რომ პატარებს სიმღერები შეასწავლონ"
ნელი ბერია: "შვილიშვილებს როცა დასჭირდათ, შინ დავუჯექი და სიმღერასაც ვასწავლი. ვერ წარმოიდგენთ, ყველაზე პატარა, ორი წლისა, როგორ მღერის, როგორ იმეორებს ჩვენი მამა-პაპის სულის ხმას"

"გამარჯობათ, ჩემო კარგებო. ერთ ისეთ პატარა დარდზე მინდა გიამბოთ, რომელიც არა მარტო მე, მთელ ჩემს თაობას აწუხებს, იმ თაობას, რომელიც ქართულ სიმღერას შეუფასებელ საგანძურად გადასცემდა თაობებს. უფრო მეტად, - ოჯახებიდან, სადაც შვილიშვილებს ბაბუები და ბებიები დაუსხდებოდნენ და უკვდავ ჰანგებს შეასწავლიდნენ. მათ შორის მეც გახლავართ, - ათეული
წლების მანძილზე დედაქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი და შვილიშვილებს როცა დასჭირდათ, შინ დავუჯექი და სიმღერას ვასწავლი. ვერ წარმოიდგენთ, ყველაზე პატარა, ორი წლისა, როგორ მღერის, როგორ იმეორებს ჩვენი მამა-პაპის სულის ხმას. ამასვე აკეთებდნენ ჩემი წინაპრებიც, - ზესტაფონში, სოფელ ლახუნდარაში ბებიაჩემი, კასიანე და მისი დები - მარიამი და
ანეტა მაჭავარიანები მე და ჩემს ტყუპისცალ დას სიმღერებს მაშინ გვასწავლიდნენ, როცა ხეირიანად ლაპარაკიც არ ვიცოდით. დღეს კი ვუყურებ და გული მტკივა, რომ თითქმის არავის სცალია, რომ პატარებს სიმღერები შესაწავლონ. აღარ ემღერებათ?! ეს აბსურდია, ბავშვის გული ხომ ყოველთვის მღერის და ის აგამღერებთ!

და კიდევ ერთი: ჩვენი ეროვნული სიმღერების შენახვას ოჯახებისა და საზოგადოების გარდა, სახელმწიფოც უნდა ცდილობდეს, - ნუთუ ვერ ხედავენ, რომ უმშვენიერეს ქართულ მელოდიას ერთფეროვანი და არაფრისმთქმელი ესტრადა ანაცვლებს?!­ არსებობს მრავალი მექანიზმი, რითაც სახელმწიფოს ეროვნული განძის დაცვა შეუძლია, მაგალითად, სკოლებში ფოლკლორის სავალდებულო სწავლა.

ხოლო, იმისთვის, თუ როგორ აგვიტაცებდა ქართული სიმღერის ხიბლი, ერთი პატარა მოგონებაც შემომრჩა ვარინკა წერეთელზე. მისი სახლი ზესტაფონში, ცხრაწყაროში, ჩვენს მეზობლად იდგა და მახსოვს, როგორ ფეხაკრეფით ჩავუვლიდით ხოლმე ამ სახლის მუდამ ჩაკეტილ ჭიშკარს. მართალია, ამ დროს ვარინკა უკვე აღარ მღეროდა, მაგრამ უკვე ლეგენდა იყო, მან ხომ აკაკი წერეთლის "სულიკო" აამღერა, ისე კი, - ქალს, რომელსაც გული ასე უმღეროდა, სიმღერის სურვილი ერთმა ავბედითმა დღემ ჩაუქრო, როცა ერთადერთი ვაჟი სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოუსვენეს - გაციებულიყო და ექიმებს ვეღარ გადაერჩინათ. მან ვაჟი სახლთან ახლოს დაკრძალა, სადაც დღეს დიდი სასაფლაოა და სადაც ერთ დღეს თავადაც დაკრძალეს; ბოლოს "ვარინკობაც" დაწესდა - ამ დროს ყველა ზესტაფონური ოჯახის კარი იღებოდა. სუფრა იშლებოდა და მთელ საქართველოს მასპინძლობდა. ბოლოს, ყველა ვარინკას საფლავზე მივდიოდით და "სულიკოს" ვღეროდით, ახლაც ჟრჟოლა მივლის იმ ხმების გახსენებაზე. მერე ეს დღესასწაული მიივიწყეს, თუმცა, ამბობენ, ცოტა ხნის წინ კვლავ აღდგაო. მიხარია და გულით მინდა, რომ კვლავ სახალხო ზეიმად იქცეს, - ეს ქართულ სიმღერას სჭირდება.
ნელი ბერია, თბილისი"

მოამზადა ეთერ ერაძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით