"თქვენი კოშკები ადამიანებზე ძლიერები არიან" - კვირის პალიტრა

"თქვენი კოშკები ადამიანებზე ძლიერები არიან"

ეს განვითარება სულაც არ არის, ეს უფრო თვითმყოფადობის დაკარგვაა: სვანეთის არქიტექტურა ამას არ იმსახურებს. ჩემი აზრით, რაიმე ახალი განვითარების დაწყებამდე ჯერ ძველი შენობების რესტავრაცია უნდა მოხდეს: მაგრამ როგორ უნდა ჩატარდეს რესტავრაცია? სვანური არქიტექტურის იდენტურობა ჯერაც შეუსწავლელი და უცნობია

ფრანგი ფოტოგრაფი ფრანსის პრიმერსკი საგანგებო ვიდეომიმართვით საქართველოს მთავრობას სვანეთში, კერძოდ, სოფელ ადიშში უძველესი კულტურული ძეგლების გადარჩენას სთხოვს: "გაოგნებული ვარ. რატომ არ უტარებენ ამ სახლებს რეაბილიტაციას? ჩემთვის ეს აუხსნელი და დაუჯერებელია. შეხედეთ, რა სილამაზეა. ეს პეიზაჟი სიზმარივითაა. გამოსაფხიზლებლად ხელზეც კი ვიჩქმიტე. ეს მიტოვებული სახლიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და განადგურების პირასაა. ეს არ უნდა დაუშვას არც ერთმა ქართველმა და განსაკუთრებით, კულტურის სამინისტრომ. ადიში საქართველოს ყველაზე ლამაზი სოფელია, მას მოფრთხილება და შენარჩუნება უნდა. ბევრ ქვეყანას არა აქვს ასეთი სიმდიდრე. ჩემი გულის ამოძახილია, გააკეთეთ რამე, უშველეთ, დაეხმარეთ ადიშს".

ფრანგი ფოტოგრაფის კითხვებზე პასუხის გასაცემად კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ, სადაც ადიშის პრობლემა დანანებით დაგვიდასტურეს, თუმცა ვერც დაგვაიმედეს, რომ მის მოგვარებას უახლოეს პერიოდში შეძლებენ. საქართველო მდიდარია კულტურული ძეგლებით და სახელმწიფოს პრობლემების სანახევროდ მოგვარების რესურსიც კი არ გააჩნია. არც კი ვიცით, ზუსტად რას ვფლობთ, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთხელაც არ ჩატარებულა საყოველთაო ინვენტარიზაცია.

"ფულიც რომ გამოჩნდეს, პრობლემას სასწრაფოდ ვერ ეშველება"

ნიკა ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი: - სახელმწიფო რეაბილიტაციისთვის აუცილებელ მეთოდოლოგიას განსაზღვრავს, ფონდების მოძიებაში დაეხმარება კერძო მფლობელებს, მაგრამ ცენტრალიზებულად ყველაფრის მოვლას ვერ შეძლებს. მსოფლიოს მდიდარ სახელმწიფოებსაც კი არ შეუძლიათ ამის გაკეთება. ამიტომაც ჰყავთ კულტურულ ძეგლებს კერძო მეპატრონეები, რომლებიც თვითონ უვლიან და მთელი რიგი საკანონმდებლო შეღავათებით სარგებლობენ. გულხელდაკრეფილი არა ვართ. შარშან სვანეთში ხუთი ძეგლი გაკეთდა, ჩაჟას კი, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ სოფელს, თავიდან ბოლომდე აღვადგენთ. თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ამიტომაც ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე - უნდა გაჩნდეს მესაკუთრის პრივილეგია და სახელმწიფოსა და კერძო მფლობელს გამიჯნული ვალდებულებები ჰქონდეთ. მესაკუთრე მოტივირებული უნდა იყოს, რომ ძეგლს მოუაროს, იქ იცხოვროს, განავითაროს წარმოება, ანუ ძეგლის გადარჩენა უკუგებას, მოგებას უნდა იძლეოდეს.

სხვაგვარად ძეგლის აღდგენიდან ხუთ წელიწადში მოუვლელობით, შესაძლოა, იგივე შედეგი მივიღოთ...

ფრანგმა ფოტოგრაფმა გულისტკივილით აღნიშნა ადიშის პრობლემა, მე უფრო მეტს გეტყვით: მხოლოდ ადიში კი არა, უმძიმესი მდგომარეობაა მთელ სვანეთში, მთელ ქვეყანაში. ბეჩო, მუყმელი გასაცოდავებულია... ყველას სჭირდება მიხედვა, მაგრამ რესურსი არ არის.

- ინვესტორი რომ გამოჩნდეს, რამდენ ხანში შევძლებთ რეაბილიტაციის დაწყებას, არსებობს სარეაბილიტაციო პროექტები?

- ახლახან დაიწყო მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, სვანეთის სივრცითი მოწყობის დოკუმენტის მოსამზადებლად. ეკონომიკის სამინისტრო ცდილობს, დაადგინოს, როგორ შეიძლება განვითარდეს რეგიონი. იგულისხმება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, კულტურული ძეგლები... ამ ჩარჩო-დოკუმენტით ვიხელმძღვანელებთ რეგიონის განვითარების დროს და შესაბამისად, დოკუმენტის მომზადების შემდეგ გვექნება პასუხი ყველა სოფლის, მათ შორის ადიშის პრობლემაზე.

ახლა ინვენტარიზაცია იწყება და ინვესტორი კიდეც რომ გამოჩნდეს, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას დიდი დრო დასჭირდება. მაგალითად, ჩაჟაში 2000 წლიდან დაიწყო შესწავლა და მხოლოდ 2014 წელს მოგვეცა საშუალება, პროექტირება დაგვეწყო, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ასე რომ, ფული კიდეც რომ გამოჩნდეს, პრობლემას სასწრაფოდ ვერ ეშველება და ამ დროში კიდევ ბევრი რამ შეიძლება ჩამოიშალოს.

ხელის ერთი დაკვრით ვერაფერს გავხდებით, არც აჩქარება გამოვა, რადგან ჯოხის დაკვრით გაკეთებული პროექტების ნეგატიური შედეგებიც სახეზე გვაქვს..."

"XXI საუკუნეში არ შეუძლიათ სოფლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა"

ადიშის ხსნის იმედი გადასწურვიათ ადგილობრივებს, მაგრამ უშუქობას, უგზოობასა და კიდევ ბევრ პრობლემას როგორღაც უძლებენ და სოფელს არ ტოვებენ.

ბავშვები სკოლაში 9 კილომეტრით დაშორებულ იფარში დაჰყავთ, რომლისკენ მიმავალი გზაც ზამთარში იკეტება და თოვლის გადნობამდე იძულებითი არდადეგები აქვთ. აპრილ-მაისში კი, როდესაც ზვავსაშიში პერიოდი იწყება, ეს გზა ბეწვის ხიდს ჰგავს. ადიშელებს უყვართ წიგნის კითხვა და 4 წელი საკუთარი ხარჯით ინახავდნენ ბიბლიოთეკას, რომელსაც შენობა აღარ აქვს და სოფლიდან წასული ადიშელის მიტოვებულ სახლში განუთავსებიათ. თუ სახლის პატრონი დაბრუნდება, ბიბლიოთეკა ღია ცის ქვეშ აღმოჩნდება, რადგან სხვა მიტოვებული სახლები სახურავის დაზიანების გამო წიგნების საცავად არ გამოდგება.

ომარ ქალდანი ამბობს, რომ ადიშს მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტი ეხმარება, რათა გზა მეტ-ნაკლებად ვარგისი იყოს და აქაურობა სულ არ მოსწყდეს გარე სამყაროს.

- უკან არაფერზე იხევენ, მაგრამ მხოლოდ მათი გარჯა ამ უამრავი პრობლემით ავსებულ სოფელს რას ეყოფა. ამდენი ხანია ელექტროენერგიის პრობლემა ვერ მოწესრიგდა. XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, ტურიზმის განვითარებაზე დიდ იმედს ვამყარებთ და სახელმწიფოს არ შეუძლია, სოფლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა. დიდი ხანია ვიხვეწებით, რომ სკოლა და საბავშვო ბაღი გაგვიხსნან.

90 წლის მამაჩემს ახსოვს, რომ ოდესღაც ადიშში 56 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა 12 ოჯახი დარჩა. არავის არ უხაროდა აქედან წასვლა, გვირეკავენ, ადიში გვენატრებაო, მათი სახლები კი ინგრევა. ხალხს ფული არა აქვს, მთავრობისგან ცოტა ბიძგიც რომ იყოს, კიდევ შეძლებენ დაბრუნებას.

ზაფხულში ბავშვები მოჰყავთ ხოლმე, მაგრამ შიშით ეზოში ვეღარ უშვებენ, ძველი სახლებიდან და კოშკებიდან ქვები ცვივა. 14 კოშკი, 20-მდე ძველი სახლი და ეკლესიები შემორჩა. ყველაზე ძველი ტაძარი VIII საუკუნისაა. მათ ვერაფერი ისე სწრაფად ვერ ანადგურებს, როგორც უპატრონობა - სახურავებსა და კედლებს ქარი და წვიმა აწყდება და სულს აცლის.

ოდესღაც დიდებული და ახლა მიგდებული ადიში ტურისტმა აღმოაჩინა, თორემ ხელისუფლებაში მრავალი წელი მისი არსებობა არც კი ახსოვდათ. უცხოელები თითქმის ყველა სეზონზე მოდიან, ზაფხულში ნაკადი არ წყდება.

ძველი სახლები შიგნიდან შევარემონტეთ, ელემენტარული პირობები შევქმენით სამასპინძლოდ. გვეკითხებიან, ამ სახლებს გარედანაც ვერ შეავლეთ ხელიო. გარედან რა უნდა გავუკეთოთ? ტურისტს სწორედ ძველი მოსწონს და ასეც რომ არ იყოს, ისტორიას ხომ არ წავშლით, ან ჩვენს წინაპარზე უკეთესი რა უნდა გავაკეთოთ?"

"მესტია, ალბათ, კურშეველს დაემსგავსება"

17 წლის წინ ადიში ცნობილ იტალიელ არქიტექტორ სილვიო კალვისაც საფიქრალად ექცა. არქიტექტორი შიშობს, რომ თუ არქიტექტურა სათანადოდ შესწავლილი არ იქნება და რეაბილიტაციას პროფესიონალები არ ჩაატარებენ, სვანეთი ინდივიდუალურობას დაკარგავს და ტურისტისთვის უინტერესო გახდება. წუხს, რომ საქართველოში სვანური ტრადიციული არქიტექტურის შესახებ გამოკვლევები და წიგნები არ არსებობს. ამიტომაც ხშირად სტუდენტებთან ან კოლეგებთან ერთად ჩამოდის აქაური ძეგლების შესასწავლად. სილვიო კალვი უკმაყოფილოა მესტიის რეაბილიტაციის პროექტით, ამბობს, რომ იქ, სადაც უძველესი კოშკებია ლანდშაფტის მთავარი დამახასიათებელი, ახალი აეროპორტის კოშკი კონტექსტიდან ამოვარდნილია. ერთ დღეს კალვიმ ფოტოაპარატი აიღო და ცნობილი ვიტორიო სელას გზა გაიმეორა, რომ საუკუნის წინ გადაღებულ ფოტოებთან შედარებისას დაეფიქსირებინა, რა გაანადგურა დრომ...

სილვიო კალვი: - ეს კოშკები, დიდი ხნის წინ სტუმრებს ასე რომ ნუსხავდნენ, კვლავაც იქ დგას, მაგრამ ზოგი მიწაზე წამოქცეულა ავდრის ან ადამიანის სიავის გამო. თუნდაც ბეჩოში დადეშქელიანის კოშკი გავიხსენოთ, რომელიც რუსეთის ჯარმა სვანეთის ოკუპაციის დროს ააფეთქა. ის აუცილებლად უნდა აღდგეს, როგორც ღირსებისა და თავისუფლების სიმბოლო. ძალიან მაფიქრებს მესტიაში მიმდინარე პროცესები - მოახერხებენ კი სვანური კოშკები ადაპტაციას და გადაურჩებიან ახალ პროცესებს? მომავალშიც კვლავ ასეთივე იქნება თუ არა მესტიის ლანდშაფტი ცად აზიდული კოშკებით? შევეცადე, გამეგო, ვინ წარმართავდა განვითარების პროცესს და პასუხი ვერ მოვისმინე... ასეთ შემთხვევაში იტალიაში იარსებებდა გენერალური გეგმა და თითოეული ახალი შენობის აგებას ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვა დასჭირდებოდა, პროექტის ხარისხსაც საგულდაგულოდ შეამოწმებდნენ. მესტიაში მსგავსი სისტემა ვერ აღმოვაჩინე, მხოლოდ ჭორები და ბუნდოვანი პასუხები. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თუ მიწის ნაკვეთი გაქვს, შენობას ისე დააპროექტებ, ადგილობრივი თემის მესვეურებს არც მოეთათბირები? რესტავრაციის პროცესმა დატოვა შთაბეჭდილება, რომ ყველა შენობას ლამაზი შესახედაობა მხოლოდ სტუმრების საამებლად უნდა ჰქონდეს. მეუბნებოდნენ, ტრადიციული არქიტექტურის შესაბამისად ვაშენებთო, მაგრამ ვერავინ მითხრა, რას წარმოადგენს"ტრადიციული არქიტექტურა"და ვინ განსაზღვრავს მას? მეგობრების დახმარებით გავარკვიე, რომ თურმე კანადელი კონსულტანტები დაუქირავებიათ დიზაინისთვის, რისთვისაც ნიმუშად ფრანგული მაღალმთიანეთის სათხილამურო კურორტების მოდელი აურჩევიათ. ალბათ, მესტია სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველს დაემსგავსება! ადიშისთანა პატარა სოფლების თვალწარმტაც ლანდშაფტს სათხილამურო ფერდობების აურზაური ხომ არ გაანადგურებს?! ეს განვითარება კი არა, თვითმყოფადობის დაკარგვაა: სვანეთის არქიტექტურა ამას არ იმსახურებს. ჩემი აზრით, ჯერ ძველი შენობების რესტავრაციაა საჭირო, მაგრამ როგორ უნდა ჩატარდეს რესტავრაცია? სვანური არქიტექტურის იდენტურობა ჯერაც შეუსწავლელია.

არქიტექტურა საჭიროებს ყურადღებიან კვლევას: ICOMOS-მა, ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ, უშგულის არქიტექტურის კვლევა ჩაატარა, თუმცა შემდგომ (2000 წ.) ერთი მაჩუბის ტიპის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი თოვლმა დაანგრია და სხვა შენობებიც ჩამოინგრა. კონსერვაცია და რესტავრაცია ყველა სოფელში უნდა ჩატარდეს: ძველი შენობები საგანძურია და არა სათრევი ბარგი. ამიტომაც განვითარების მთავარი გეზი ტრადიციული არქიტექტურის კონსერვაცია უნდა იყოს. ეს ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს:

ა) მიტოვებული შენობების რესტავრაცია; ბ) მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინსტრუქცია ახალ არქიტექტურაში გამოყენებული მოდელების თაობაზე, ადგილობრივი ინიციატივა იქნება ეს თუ უცხოური. იტალიურ ისტორიულ ქალაქებში არც ერთ ახალ შენობაზე, ან ძველი შენობის დაშენება-მიშენებაზე არ გასცემენ ნებართვას, თუ იგი არქიტექტურულ გარემოს არ შეესაბამება. თვითმყოფადობის დაცვა ადგილობრივი საზოგადოების ვალია, რომელიც უნდა ამაყობდეს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობითა და თვითმყოფადობით. ამიტომ საჭიროა განისაზღვროს ადგილობრივი არქიტექტურის ხასიათი, რათა ამ სტილის პოპულარიზაცია მოხერხდეს: მომავალი წლების სამუშაო სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული, რაშიც გადამწყვეტი როლი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობამ უნდა შეასრულოს. თქვენი კოშკები ადამიანებზე ძლიერები არიან. ისინი იოლად არ დაიშლებიან, თუ გადახურავთ და წვიმას და ქარს არ მისცემთ მათი განადგურების შესაძლებლობას. გავაკეთოთ ეს, იოლი საქმეა და მერე ვუპოვოთ ამ კოშკებს "მშობლები". ეს არის ჩემი ოცნება.

ეკა ლომიძე