საქართველოში ყველაზე ხანდაზმულმა მშობიარემ "დიდი ღორმუცელა ბიჭი" გააჩინა
20-02-2017
საქართველოში ყველაზე ხანდაზმულმა მშობიარემ "დიდი ღორმუცელა ბიჭი" გააჩინა
გურამ ლაზიშვილი: "ბავშვის დაბადებისა და მდგომარეობის ამბავი რომ შემატყობინეს, კანკალი ამივარდა და ავტირდი - ნუთუ ეს ბედნიერება მეღირსა-მეთქი"

ცოტა ხნის წინ მთელი საქართველო ზეიმობდა გურამ და ნათელა ლაზიშვილების ოჯახის ახალი წევრის - გიორგის დაბადებას, რომელიც 59 წლის ქალსა და 61 წლის მამაკაცს 33-წლიანი ლოდინის შემდეგ გაუჩნდათ. როგორც ამბობენ, ქალბატონი ნათელა საქართველოში ყველაზე ხანდაზმული მშობიარეა. გიორგი მათი პირველი ბიოლოგიური შვილია, რომელიც საკეისრო კვეთით მოევლინა ქვეყანას. "კვირის პალიტრა" ბატონ გურამს მაშინ დაუკავშირდა,
როდესაც დედა-შვილი შინ - სოფელ წყავროკაში მიიყვანა."

"ეს-ესაა, შინ მოვედით. ახლა ღუმელს ვანთებ. ღუმელიც რომ არ იყოს, ამიერიდან სულ სხვა­გვარი სითბო იტრიალებს ჩემს ოჯახში, ისეთი, რომელსაც ვერც ზამთრის სუსხი
და ვერც ქარიშხალი ვერ გაანელებს", - გვეუბნება ოჯახის უფროსი და თავიანთი ამბის მოყოლას იწყებს.

- მე და ნათელამ 33 წლის წინ ვიქორწინეთ. როგორც ყველა ოჯახი, ჩვენც შვილზე ვოცნებობდით. ნათელა ორსულდებოდა, მაგრამ მუცელი სწყდებოდა. რა არ ვცადეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ბოლოს ახლობელმა მითხრა, იმედი არ გადაიწურო, ბათუმში კლინიკა გაიხსნა და მიდიო. ექიმმა მაიკო ბუცხრიკიძემ
ჩვენი ანალიზები გერმანიაში გაგზავნა. იქიდან პასუხი მოვიდა - ალბათ, წლოვანება შეცდომით მიუთითეთ, ამ ანალიზების მიხედვით, პაციენტი, ალბათ, 20 წლის იქნებაო.

ამის შემდეგ ექიმმა გვითხრა, ცდად ღირსო. მკურნალობის პირველივე თვეში მივიღეთ შედეგი.
არ მავიწყდება, პირველად ექოს­კოპიაზე­ ბავშვის გულისცემა რომ მომასმენინეს. ექიმმა მითხრა, ახლა ისეთ მუსიკას მოგასმენინებ, რომლის მსგავსიც არასდროს მოგისმენიაო. მუსიკოსი ვარ და გამიკვირდა, ასეთი რა არის-მეთქი. რომ დაიწყო გულმა: "დაგ-დაგ, დაგ-დაგ... - გავშეშდი, დავმუნჯდი.
ერთი თვით ადრე ამშობიარეს ნათელა საკეისრო კვეთით - მხოლოდ ერთხელ აუწია წნევამ და შევშინდით, აღარ გადავდეთ.
ბავშვის დაბადებისა და მდგომარეობის ამბავი რომ შემატყობინეს, კანკალი ამივარდა და ავტირდი - ნუთუ ეს ბედნიერება მეღირსა-მეთქი. 15 წუთში ბავშვი ხელში ამაყვანინეს. 2 კილო და 650 გრამია და 48 სანტიმეტრი. ძილისგუდა და ღორმუცელა ბიჭია, ჭამს და სძინავს.

- ამ 33 წლის განმავლობაში არასდროს გიფიქრიათ, შვილი აგეყვანათ?

- ჩემი მეუღლის უმცროსი ძმა გავზარდეთ. თავიდან კარგი ბავშვი იყო, მაგრამ რომ გაიზარდა, აწყობილი ოჯახი დაგვინგრია. რომ დავაქორწინეთ,­ ქორწილის შემდეგ ვიღაცამ უთხრა, შენ მაგათი შვილი არ ხარო და ბავშვს­ გული აუცრუვდა. აღარაფრად გვაგდებდა, მტრებად შეგვრაცხა. სვამდა, ხან სად იყო, ხან - სად. ბოლოს დასნეულდა. ბათუმში ექიმთან რომ მივიყვანეთ, ფილტვები დახურული აქვსო, გვითხრა. ბოლოს ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ამ ბიჭის დარდმა 22 წლის განმავლობაში გადაგვიყოლა და სხვა ბავშვის აყვანა ვეღარ გავრისკეთ.

მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჩემი ბიჭი დაიბადა. პატარას გიორგი დავარქვით. ჩვენ აჭარლები ვართ. ქრისტიანები არ ვართ, მაგრამ ამ სასწაულის შემდეგ გადავწყვიტეთ, სამივე ქრისტიანულად მოვინათლოთ. 40 დღე გაივლის და აღარ გადავდებთ. ნათლიები მაიკო ექიმი და ჩვენი ოჯახის ახლობელი რუსკა გაბელაძე იქნებიან.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით