"ახალგაზრდობაში­ არ მყვარებია ისე, როგორც ახლა მიყვარს" - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდობაში­ არ მყვარებია ისე, როგორც ახლა მიყვარს"

"ერთი წელი ვიწექი, ნიკოლოზი მივლიდა. შემდეგ ინსულტი დამემართა... ნიკოლოზი რამდენიმე წელი ხელით რეცხავდა, მერე კეთილმა ადამიანებმა სარეცხი მანქანა გვაჩუქეს. გაზქურა არა გვაქვს და წვალობს საჭმლის მომზადებისას. ძალიან მეცოდება. წნევა დასჩემდა, მაგრამ სიყვარული ყველაფერს აკეთებინებს"

მათ ერთმანეთი სოფელ დიდ ლილოში გაიცნეს. მამაკაცი სკოლაში ფიზკულტურის პედაგოგად მუშაობდა, ქალი - ბიბლიოთეკაში. ერთმანეთი დანახვისთანავე მოეწონათ, ვენერა 33 წლის იყო, ნიკოლოზი - 37-ის. ოჯახი შექმნეს. მას შემდეგ 50 წელი გავიდა. სამწუხაროდ, შვილი არ გაუჩნდათ, მაგრამ მთელი სიცოცხლე ერთმანეთზე ზრუნავდნენ. რამდენიმე წლის წინ ვენერამ ფეხი მოიტეხა, ახლაც გაჭირვებით დადის, ამიტომ ნიკოლოზ პაპა უძღვება საქმეებს. წლების წინ სულ სხვანაირ ნიკოლოზს გაიცნობდით, რომ არა მისი სიყვარულის პლანეტა ვენერა...

ნიკოლოზ ჭუმბურიძე: - თბილისში დავიბადე. მამა ხაშურის რკინიგზის სადგურში მუშაობდა. ადრე გარდაიცვალა. დედა გეგუთელი იაშვილის ქალი გახლდათ, ძლიერი ოჯახის შვილი. ბიძამისი გენერალი იყო და რომანოვების ქალიშვილი ჰყავდა ცოლად, პეტერბურგში ცხოვრობდნენ. 1902 წელს პირველად ესტუმრა რუსი დიდგვაროვანი ქალი საქართველოს. ძალიან მოეწონა დედაჩემი და თან წაიყვანა. როცა სამეფო ოჯახის დევნა დაიწყო, დედა სხვენში აუყვანია ბიცოლამისს, ძვირფასეულობა მიუცია და უთქვამს, - შენ ქართველი ხარ, გაქვს სამშობლო, უნდა დაბრუნდე საქართველოში, ეს ოქროულობა და ბრილიანტები გეყოფა უზრუნველად ცხოვრებისთვისო...

როცა წამოვიზარდე, დედას ვკითხე, რატომ არ გათხოვდი, მარტოხელას ხომ ძალიან გიჭირდა ოჯახის გაძღოლა-მეთქი. ეწყინა. მამაშენის მსგავსი კაცი არ შემხვდებოდა და თან შენთვის რომ გული ეტკინათ, თავს არ ვიცოცხლებდიო. მამის გარდაცვალების შემდეგ პენსია დაგვენიშნა. თანხა მწირი იყო, შეუძლებელი იყო მხოლოდ ამ ფულით ცხოვრება, ამიტომ დედამ საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა, მე და ჩემი დაც იქვე დავყავდით. ყოველი პენსიის აღებისას დედა ქათამს ყიდულობდა, თვითონ ფრინველის თავ-ფეხის გარდა, არაფერს ეკარებოდა... პატარები ვიყავით და ვერ ვხვდებოდით ამ სიყვარულის მიზეზს... დედა ბიცოლას ნაჩუქარ ბრილიანტებს ყიდდა ხოლმე უკიდურესი გაჭირვებისას. ბოლოს, 9 ბრილიანტის თვალი ჰქონია დარჩენილი. ერთმა "მყიდველმა" თაღლითმა დამუშავებული შუშით შეუცვალა.

ბავშვობის წლები მძიმე იყო, თუმცა ბავშვური სილაღეც ახლდა... ბორის პაიჭაძე ჩემი მეზობელი იყო კამოს ქუჩაზე, მის ხელში გავიზარდე..."ველოსიპედი ჰქონდა, რომელსაც ჩემი ცხვირსახოცით ვუპრიალებდი, მაშინ 8 წლის ვიყავი. 11 წლისა სავარჯიშოდ წამიყვანა... გარდაცვალებამდე ვმეგობრობდით, დიდებული ადამიანი იყო. ერთ ცივ და სუსხიან ზამთარს, ძალიან რომ გაგვიჭირდა და შეშას ვერ ვყიდულობდით, ქვანახშირსა და შეშას ვიპარავდით უბნელები - საწყობი მეზობლად იყო. დედამ გაიგო ეს ამბავი და სასტიკად დამსაჯა.

ჩვენს ეზოში სპორტსმენები ცხოვრობდნენ, არაჩვეულებრივი ადამიანები... სამი "კანონიერი ქურდიც" გვყავდა. მათი გავლენით უბნის ბიჭებს გვინდოდა კრიმინალურ გზას დავდგომოდით. ერთხელ ჩვენი ეზოდან რაღაც დაიკარგა. დიდად შეურაცხყოფილი დარჩნენ ეს ქურდები - როგორ გაგვიბედესო. ექვსი თვე ეძებდნენ ქურდს, იპოვეს და სიცოცხლეს გამოასალმეს... ყოველთვის მინდოდა სამხედრო ვყოფილიყავი და სამხედრო სკოლაში შევედი... მერე ბათუმში მოვიხადე სავალდებულო სამსახური, ტანკისტი ვიყავი. სამხედროებს მიწის ნაკვეთები გვაჩუქეს. სოფელ პატარა ლილოში მოვინდომე მიწის მიღება. სწორედ იქ გავიცანი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რისთვისაც მადლობელი ვარ ღვთისა."

ერთხანს თავდაცვის სამინისტროშიც ვმუშაობდი. ვკითხულობდი ლექციებს. დაჯილდოებული ვარ ღირსების ორდენით.

ვენერა ჭუმბურიძე: - 1964 წელს ნიკოლოზმა ჩვენი სოფლის სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თანამშრომელს უთქვამს, კარგი ბიბლიოთეკარი გვყავს და იქნებ შეირთო ცოლადო. ნიკოლოზსაც დავუნახავვარ და მოვწონებივარ. ერთხელაც ბიბლიოთეკაში შევხვდით ერთმანეთს, ცოლობა მთხოვა. ვიუარე - ობოლი ვიყავი, დედას ვეხმარებოდი, თან ძმისშვილს ვზრდიდი, რომელიც დედამ მიატოვა... მაინც გადაწყდა ჩვენი ბედი - დავქორწინდით. ნელ-ნელა ფეხზე დავდექით...

1973 წელს დედამთილი გარდაიცვალა, შვილიც არ გვეყოლა... 2013 წელს ფეხი მოვიტეხე და ხელოვნური სახსრის ჩადგმამ მომიწია - ერთი წელი ვიწექი, ნიკოლოზი მივლიდა... შემდეგ ინსულტი დამემართა, მარჯვენა მხარე გამიჩერდა. ნიკოლოზი რამდენიმე წელი ხელით რეცხავდა, მერე კეთილმა ადამიანებმა სარეცხი მანქანა გვაჩუქეს. გაზქურა არა გვაქვს და წვალობს საჭმლის მომზადებისას. ძალიან მეცოდება. წნევა დასჩემდა, მაგრამ სიყვარული ყველაფერს აკეთებინებს. ახალგაზრდობაში არ მყვარებია ისე, როგორც ახლა მიყვარს. ვწუხვარ, რომ ჯვარი არ გვაქვს დაწერილი...

P.S. გაზეთ "კვირის პალიტრის" მკითხველები თითქმის ყველა გაჭირვებულ ოჯახს თუ მარტოხელა ადამიანს ეხმარებიან. იმედი გვაქვს, კიდევ ერთხელ, ერთობლივი ძალით შევძლებთ, ღრმად მოხუც წყვილს მოვუგვაროთ პრობლემა და გავუხაროთ გული.

თორნიკე ყაჯრიშვილი