"გული მწყდება, რომ ამ ახალგაზრდებმა თავი ვიღაცას გამოაყენებინეს"
20-02-2017
"გული მწყდება, რომ ამ ახალგაზრდებმა თავი ვიღაცას გამოაყენებინეს"
9 თებერვალს "აუდიტორია 115-ის" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც წიგნის მაღაზია "ბიბლუსის" 2 ყოფილი და 4 მოქმედი თანამშრომელი გაუსაძლის სამუშაო პირობებზე საუბრობდა.

15 თებერვალს, საღამოს "ბიბლუსი გალერიში", რომელიც ქსელის ყველაზე დიდი ფილიალია, "აუდიტორია 115-ის" აქტივისტების ჯგუფი შეიჭრა და კომპანიის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, დაეტოვებინათ ტერიტორია, ჩაშალა სამუშაო პროცესი. მათი გაყვანა მხოლოდ კრიმინალური პოლიციის სპეციალური ჯგუფის მოსვლის შემდეგ მოხერხდა.

17 თებერვალს "ბიბლუსი გალერის" წინ "აუდიტორია 115-ის" მიერ წინასწარ დაანონსებული
"ფართომასშტაბიანი" აქცია შედგა, სადაც რუსთავის "აზოტიდან" განთავისუფლებულმა 40-მდე მუშამ, სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" და "ბიბლუსის" რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა, ასევე პროფკავშირებისა და თავად "აუდიტორია 115-ის" რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა.

17 თებერვალს "ბიბლუსმა" გავრცელებული სიცრუის უარყოფის მოთხოვნით ვიდეომიმართვის მონაწილე 6 პირის მიმართ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ირაკლი გაგნიძე,
"ბიბლუსის" დირექტორი:
- დღეს უკვე ყველაფერი ნათელია, - "აუდიტორია 115"-ის მიზანი სოლიდარობა ან ვინმეს უფლებების დაცვა კი არა, სიცრუე და მაქსიმალური დესტრუქციულობისკენ მოწოდებაა.

- თქვენი აზრით, "აუდიტორია 115"-ს ვინ უკვეთს დესტრუქციის მოწყობას?

- ფაქტი ერთია - ვინც ამ პროცესების უკან დგას, მათ "ბიბლუსის" ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლების გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად სურთ და სულ არ ადარდებთ, არც მათი უფლებები და არც მომავალი. "აუდიტორია 115"-ის წევრები ცივილიზებული ფორმით ურთიერთობაზე უარს აცხადებენ. ეს კარგად გამოჩნდა "ბიბლუსი გალერიში" შემოჭრის დროსაც. შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე იმ რამდენიმე თანამშრომელს, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, კონსტრუქციულად ვილაპარაკეთ და შეხვედრის დასასრულს იმაზეც შევთანხმდით, რომ საკმაოდ პოზიტიური დიალოგი გამოგვივიდა. თუმცა, როგორც კი ეს ახალგაზრდები "აუდიტორია 115"-ის წევრებს შეხვდნენ, რადიკალურად შეიცვალეს პოზიცია, რაც კერძო საკუთრებაში შეჭრით დასრულდა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "აუდიტორია 115"-ს ვინმეს უფლებების დაცვა კი არა, ხანგრძლივი დესტრუქციული აჟიოტაჟის შექმნა უნდა.

საბედნიეროდ, მიზანს ვერ მიაღწიეს, პირიქით, დღეს "ბიბლუსის" თანამშრომლები ისეთი ერთიანები არიან, როგორც არასდროს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო "ბიბლუსის" თანამშრომლებს იმ გამძლეობისთვის, რაც მათ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალური ქსელებიდან უდიდესი ზეწოლის პირობებში გამოიჩინეს. ყველამ დაინახა, რომ "აუდიტორია 115" სიცრუის ტირაჟირებას ცდილობს და იგივე სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდი ნაწილი, მათ შორის ისინიც, რომლებიც თავის დროზე ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ ტყუილით შეცდომაში შეიყვანა, ჩვენს მხარდაჭერას ღიად გამოხატავენ. თავად "აუდიტორია 115"-ის წევრები არღვევენ იმ ადამიანების შრომით უფლებებს, რომლებიც "ბიბლუსში" მუშაობენ. 15 თებერვალს ისინი "ბიბლუსი გალერიში" შემოიჭრნენ, ჩაშალეს სამუშაო პროცესი, დაარღვიეს მომხმარებელთა უფლებები და შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებს. კონსულტანტს ეუბნებოდნენ, მონობაში ხარ და ვერ ხვდები და გინდა თუ არა, მე უნდა დაგიცვაო! კონსულტანტი მშვიდად პასუხობდა, რომ თუ სამუშაო პირობებით უკმაყოფილო იქნება, ამას მენეჯმენტთან გაარკვევს და არა გაურკვეველ ორგანიზაციასთან. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვისა და ცილისწამებისთვის და ვიდეომიმართვის მონაწილეებისგან გავრცელებული ცრუ ფაქტების უარყოფას ვითხოვთ. სწორედ სიცრუეზე იყო აგებული მთელი ეს კამპანია, რაც "ბიბლუსის" ორი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომლის ვიდეომიმართვით დაიწყო და რომელიც, როგორც იკვეთება, თავად "აუდიტორია 115"-ის პროვოცირებული იყო.

- ვიდეომიმართვაში ნათქვამია, რომ "ბიბლუსის" თანამშრომლებს აქვთ მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი, მათი ანაზღაურება 250-300 ლარს შეადგენს, ზეგანაკვეთური სამუშაო არ უნაზღაურდებათ, კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 საათი უწ­ევთ მუშაობა. დღის მანძილზე მათი სამუშაო გრაფიკი დაახლოებით 10 საათს შეადგენს და ოფიციალურად მხოლოდ 15 წუთი აქვთ შესვენება. არც სივრცე აქვთ გამოყოფილი კვებისთვის.

- უკვე ყველა დარწმუნდა, რომ ვიდეომიმართვაში მოყვანილი ფაქტები სიცრუე და მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. "ბიბლუსი გალერის" სამუშაო დრო 8 საათით განისაზღვრება, გამონაკლისს მხოლოდ გაყიდვების სეზონური პერიოდი წარმოადგენს და ამ შემთხვევაშიც მხოლოდ თანამშრომლების ნებაზეა დამოკიდებული, დამატებით იმუშავებენ თუ არა, რისთვისაც, ბუნებრივია, შესაბამის ანაზღაურებას იღებენ ბონუსებისა და პრემიების სახით. რაც შეეხება ვითომდა 250-300-ლარიან ანაზღაურებას - ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ვიდეომიმართვის მონაწილემ თავისი პირით თქვა, რომ მხოლოდ დეკემბერსა და იანვარში ბონუსის სახით 750 ლარზე მეტი მიიღო და ხელფასთან ერთად, თითოეულ თვეში, დაახლოებით 1.100 ლარი ჩაერიცხა. 250-300-350 ლარი არის მხო­ლოდ ხელფასი და ბონუსი მათ რაოდენობას, არცთუ იშვიათად, ორჯერ აღემატება. რა თქმა უნდა, არის თYვეებიც, როცა ბონუსი 100-150 ან 250 ლარია, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როცა დაბალი გაყიდვების სეზონია და შესაბამისად, 8 საათზე მეტს არავინ მუშაობს. თუ ეს შრომითი უფლებების დარღვევაა, მაშინ რაღაც ანომალიას­თან გვაქვს საქმე.

კომპანიის დიდი სურვილია, რომ მის თანამშრომლებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ, ჩვენ ამაზე ვზრუნავთ და დარწმუნებულები ვართ, რომ მიზანს მივაღწევთ...

რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს - ისინი არასათანადო ქცევისთვის მანამდეც გაფრთხილებულნი იყვნენ, თუმცა არ გაითვალისწინეს და უპატივცემულობას ავლენდნენ მენეჯმენტის მიმართ. თავად შევესწარი ფაქტს, როდესაც ეს ორი თანამშრომელი უყვიროდა უშუალოდ მათ ზემდგომს, მიაყენეს იმ გოგონას სიტყვიერი შეურაცხყოფა და თან ეს მომხმარებლების თვალწინ ხდებოდა! გული მწყდება, რომ ამ ახალგაზრდებმა ასეთი ტყუილები იკადრეს და, რბილად რომ ვთქვათ, თავი ვიღაცას გამოაყენებინეს.

"ასეთი ქმედებებით შრომის უფლებების დაცვის დისკრედიტაციას ახდენენ"


სოსო ცისკარიშვილი, ექსპერტი: -
"აუდიტორია 115"-ის და პროფკავშირის სინთეზი საპროტესტო აქციებში უკვე ეჭვს იწვევს, რომ მთელი ეს პროცესი მართულია. არ გამოვრიცხავ, ამ პროცესების უკან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იდგეს, თუ მათ კონკრეტული ფინანსური ინტერესი ამოძრავებთ. ზოგადად, ასეთი ქმედებებით შრომის უფლებების დაცვის დისკრედიტაციას ახდენენ. ეს ძალიან სამწუხაროა.

რუსუდან შელია
დათო
22 თებერვალი 2017 10:42
შერეკეთ აუდიტორიებში და ისწავლონ თუ არა და გაყარეთ ქუჩაში, ესენი ხომ სტუდენტობას ჩირქს ცხებენ.

რედაქტორის რჩევით