როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) "აუდიტორია 115" "ბიბლუსის" წინააღმდეგ
20-02-2017
ვინ დგას სიცრუის კამპანიის უკან

"თუ არ იცი, გასწავლით! თუ არ მოინდომებ, გაიძულებთ!", - ღაღადებს ერთ-ერთი ბოლშევიკური ლოზუნგი. თუმცა, როდესაც თეთრზე დაჟინებით ამტკიცებ, რომ შავია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცი, თეთრია, სიმართლის დანახვას ვერც ვერაფერი გასწავლის და ვერც ვერაფერი გაიძულებს.

ბოლშევიკური ლოზუნგები და მეთოდები მაშინ გამახსენდა, როდესაც "ბიბლუსი გალერიში" შეჭრილ "აუდიტორია 115"-ის" წევრებს ვუყურებდი. სწორედ მაუზერიანი და "ბუდიონოვკიანი" ტიპების ხელწერა იყო გამოგონილი პრობლემებისგან ადამიანების "დაცვა" - ხშირად "ჩაგრულთა" ნების საწინააღმდეგოდ.
მე არ მჯერა, რომ "აუდიტორია 115"-ის"წევრებს ლენინიზმის საფუძვლები აქვთ წაკითხული, მაგრამ, შესაძლოა, მათ ჰყავთ "უფროსი მეგობარი" (ან მეგობრები), რომელიც ლენინურ-ბოლშევიკურ მეთოდებს კარგად იცნობს და მათ შორის უმთავრესს -"ცეცხლი არ უნდა ჩაქრეს", გინდაც ხანძრისთვის არანაირი საფუძველი არ იყოს.

მაგალითად, თსუ-ის მეექვსე კორპუსში გამაგრებული "აუდიტ
ორია 115"-ის წევრებმა ორი განათლების მინისტრი და ორი რექტორი გამოიცვალეს, მაგრამ საპროტესტო აქციების დასრულებას არ დაადგა საშველი. "აუდიტორიის" წევრებს რექტორებიც ხვდებოდნენ და ყოფილი და ახლანდელი განათლების მინისტრებიც. ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ ჩნდებოდა იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, უნივერსიტეტში აღდგებოდა ნორმალური სასწავლო პროცესი. თუმცა ყოველი ასეთი შეხვედრის შემდეგ "აუდიტორია 115"-ის მოთხოვნები ტრანსფორმაციას განიცდიდა და უნივერსიტეტის კორპუსებში შეჭრა-გამოჭრა გრძელდებოდა.

თუმცა შემდეგ ეს აქციები ლამის უნივერსიტეტის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და მედიაში თუ სოცქსელებში ხმაურს ვეღარ იწვევდა. შესაძლოა, "უფროსმა მეგობრებმა" ურჩიეს "აუდიტორია 115"-ის" წევრებს, რომ ყურადღების მისაქცევად უფრო რადიკალური ქმედებები იყო საჭირო და მათ მიზანში ამოიღეს "ბიბლუსი".

თუმცა მანამდე იყო "საზოგადოებრივ მაუწყებელში" შეჭრა, თუმცა იქ უხერხული სიტუაცია შეიქმნა - ის ხალხი, ვითომდა ვისი უფლებების დაცვასაც ბოლშევიკურ-რადიკალური მეთოდებით ცდილობდნენ "აუდიტორია 115"-ის" წევრები, თავად გადაეღობნენ ამ ახალგაზრდებს, მომხდარს ძალადობა უწოდეს და დაატოვებინეს შენობა.

რაც შეეხება "ბიბლუსს", ქრონოლოგიამ და ფაქტებმა, შესაძლოა, ბევრ რამეზე დაგვაფიქროს და დასკვნები გაგვაკეთებინოს.
"აუდიტორია 115"-ის "ბიბლუსზე" შეტევის საბაბი გახდა "ბიბლუსი გალერის" ორი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომლის ვიდეომიმართვა, რომელშიც ცრუ ბრალდებები გაჟღერდა (როგორც იკვეთება, ეს ვიდეომიმართვა თავად "აუდიტორია 115"-ის ორგანიზებული იყო). მათგან უმთავრესია ვითომდა 250-300-ლარიან ხელფასებზე მუშაობა და თანამშრომლების სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლება.


ეს იყო სიცრუე და თან ისეთი, რომლის უარყოფისთვის საჭირო იყო ზუსტად იმდენი დრო, რამდენსაც მოანდომებდა "ბიბლუსის" ხელმძღვანელობა პასუხის გამოსაქვეყნებლად. პასუხის გამოქვეყნების შემდეგ ვიდეომიმართვის ავტორებმა თავადვე აღიარეს, რომ 250-300 ლარი კი არა, 700-1.000 ლარი იყო მათი საშუალო ანაზღაურება. ასევე, შიდაგანაწესის უხეშად დარღვევა და თანამშრომლისთვის შეურაცხყოფის მიყენება უნდა იყოს თუ არა ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ამაზე ორი აზრი თვით ძველ ბოლშევიკებსაც კი არ ექნებოდათ.
თუმცა სიმართლის, რომელსაც თავიანთი პირით ამბობენ ცნობილი ვიდეომიმართვის ავტორები, დანახვა არ სურთ "აუდიტორია 115"-ის აქტივისტებს და მათ "უფროს მეგობრებს".

ანუ თუ გაქვთ ნორმალურანაზღაურებადი სამსახური, მაგრამ ხართ უდისციპლინო, ნერვებს ვერ თოკავთ, აყენებთ შეურაცხყოფას თანამშრომლებს, თვითნებურად ტოვებთ სამუშაო ადგილს და ამის გამო სამსახურიდან გათავისუფლებენ, შეგიძლიათ მიმართოთ "აუდიტორია 115"-ს და ისინი დაგიცავენ, როგორც ძველი ბოლშევიკები იტყოდნენ, "მტარვალი ექსპლუატატორებისგან". ბოლშევიკური მეთოდებით იმოქმედებენ, შეიჭრებიან კერძო საკუთრებაში (იტყვიან, რომ არ ცნობენ კერძო საკუთრებას) და თეთრზე დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ შავია.
როდესაც სიმართლე ხელისგულზე გიდევს, მას არ ხედავ და საკუთარ თავს ხვევ სამართლებრივ პრობლემებში, ორად ორი დასკვნის გაკეთება შეიძლება - ან შესაბამისი პროფილის ექიმთან უნდა წახვიდე, ან სპეციალურად იქცევი ასე, რადგან შენ გაწყობს ან აწყობთ მათ, ვის დაკრულზეც ცეკვავ. მიზანი კი შეიძლება ძალიან არაბოლშევიკური და არარომანტიკული იყოს - ფული.
წარმოვიდგინოთ, რომ არის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ოფიციალურ მიზნად უწერია ადამიანის უფლებების დაცვა, და ეს ორგანიზაცია გრანტებს იღებს ისეთ პროგრამებში, რომლებიც შეეხება შრომითი უფლებების დაცვას, ჩაგვრის პრობლემატიკის შესწავლას, სოლიდარული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას და ა.შ.

გრანტი რომ მოგცენ დასავლურმა ფონდებმა თუ ორგანიზაციებმა, "პრობლემა" თვალსაჩინო უნდა იყოს და თან თუ ეს "პრობლემა" ხმაურობს, მით უკეთესი.
წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია იყენებს დაახლოებით ისეთი ტიპის დაჯგუფებებს, როგორიც არის "აუდიტორია 115", იმისთვის, რომ "ხმაურიანი პრობლემა" ხელოვნურად შექმნას. შემდეგ დაწერს პროექტს, სადაც მიუთითებს, რომ აქტუალურია დასაქმებულთა უფლებების დარღვევა, სამსახურებში ჩაგვრა, ასამაღლებელია შრომითი სოლიდარობის შეგრძნება და თავის "არგუმენტებს"" გაამყარებს მედიამასალებით იმ აქციებისა თუ ინციდენტების შესახებ, რომლის მაპროვოცირებელი თავადაა... და მიიღებს დაფინანსებას ძალიან ცნობილი ფონდებიდან თუ წამყვანი ქვეყნების საელჩოებიდან.

თუმცა ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების შეცდომა ის არის, რომ შესაძლოა, ვერ გათვალეს - დაუკრეფავში გადასვლის შემდეგ მხოლოდ დროის ამბავია, რომ ამ სქემას ფარდა აეხადოს და უცხოელმა დონორებმა შეიტყონ, რომ ისინი გრანტებს გასცემდნენ ნეობოლშევიკური სპექტაკლების საფუძველზე და უკანონო ქმედებები სწორედ მათი გრანტებით ფინანსდებოდა.
თუმცა, შესაძლოა, ამ პროცესების უკან სულ სხვა კანტორა იდგეს და ხმაური სჭირდებოდეს გარკვეული თემების გადასაფარად. ამ კანტორამაც უნდა იცოდეს - სიცრუესა და დესტრუქციაზე აგებული კამპანია მის ავტორს უკან ბუმერანგივით უბრუნდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეული მიზნების მიღწევის შემდეგ დამკვეთი ყოველთვის ცდილობს შემსრულებელზე ხელის შეწმენდას. მინდა, ამაზე კარგად დაფიქრდნენ "აუდიტორია 115"-ის აქტივისტები.

"ახალგაზრდების მართვა ისეა შესაძლებელი, რომ თავად ამის შესახებ არც კი იცოდნენ..."


გია ხუხაშვილი, ექსპერტი: -
როგორც ჩანს, "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები საკუთარ სეგმენტს ეძებენ და არცთუ სწორი ფორმებით - პროტესტსაც თავისი ფორმები აქვს, ამ ორგანიზაციის ქმედებები კი ყოველგვარ საზღვარს სცილდება. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპს რომ თავი დავანებოთ, საკმაოდ სენსიტიურ სეგმენტთან გვაქვს საქმე - წიგნების მაღაზიასთან, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოში ბიზნესს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ამ სფეროში ინვესტიცია ლიკვიდურობის თვალსაზრისით ბოლო ადგილზეა და ეს უფრო ქველმოქმედებას უტოლდება. წარმოუდგენელია, როდესაც ასეთ სეგმენტზე ხდება შეტევა, "აუდიტორია 115"-მა ყოველგვარი გონივრული ზღვარი გადალახა. როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტი წიგნებს უტევს, პირველ რიგში, უკვე გარკვეული სიმბოლიკაა ჩემთვის.

- როგორ ფიქრობთ, ვინ დგას "აუდიტორია 115"-ის უკან - ხელისუფლება თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია?

- მიჭირს კონკრეტულად თქმა, თუმცა, შესაძლოა, "აუდიტორია 115"-ის უკან მართლაც დგანან გარკვეული ძალები - ხელისუფლება ან რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩემთვის გაუგებარია სამართალდამცავი სისტემის პასიურობა - ხან უნივერსიტეტში შეცვივდნენ, ხანაც "საზოგადოებრივ მაუწყებელში" და საბოლოოდ, წიგნებსაც მიადგნენ. საზოგადოდ, ახალგაზრდების მართვა რთული არ არის, მეტიც, მათი მართვა ისეა შესაძლებელი, რომ თავად ამის შესახებ არც კი იცოდნენ და ეგონოთ, რომ იდეალებს ემსახურებიან.

"უხერხულია, რომ მეექვსე კორპუსი სამი თვეა პიკეტირებულია და რეაგირება არავის აქვს"


თითქმის სამი თვეა "აუდიტორია 115"-ს თსუ-ის მეექვსე კორპუსი პიკეტირებული აქვს და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს მათთვის განკუთვნილ ფლიგელში შესვლის შესაძლებლობა არა აქვთ. სტუდენტების ნაწილი ხელისუფლებასა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას უმოქმედობასა და მათთვის სწავლის უფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.

ნინო ტაბაღუა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი:
"აუდიტორია 115"-ის წევრები, ფაქტობრივად, ყველასთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ. მათ მეექვსე კორპუსი ისევ პიკეტირებული აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ნორმალურ პირობებში განათლების მიღების შესაძლებლობა არ გვეძლევა. მაგალითად, გამოცდები, ფაქტობრივად, თეორიულად გავიარეთ - ტელევიზიისა და რადიოს პრაქტიკული გამოცდა ისე ჩავაბარეთ, რომ შესაბამისი ინვენტარი არ გვქონდა და საკუთარი სახსრებით გვიწევდა გარკვეული ტექნიკის მობილიზება. ბუნებრივია, ეს ჩემი, როგორც სტუდენტის უფლებებს ლახავს და ამ დროს საერთო უფლებების დაცვაზე საუბარი აბსურდად მეჩვენება. მინიმუმ, უხერხულია, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთი კორპუსი სამი თვეა პიკეტირებულია და ამაზე რეაგირება არავის აქვს, არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და არც შესაბამის ორგანოებს. რა თქმა უნდა, უკეთესი პირობებისთვის ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, თუმცა ეს სტუდენტების უფლებების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. როგორც ჩანს, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და განათლების სამინისტრო ელოდებიან, როდის დაიღლება "აუდიტორია 115" და თავისი ნებით დატოვებს შენობას, თუმცა ფაქტია, რომ არ იღლებიან და სახელმწიფო ქონებასა და სტუდენტებისთვის განკუთვნილ შენობას სათავისოდ იყენებენ.

იხილეთ ვიდეო:
როგორი სქემით მოქმედებდა "აუდიტორია 115" "ბიბლუსის" წინააღმდეგ

გიორგი კვიტაშვილი
პაატა
28 თებერვალი 2017 11:13
ტერორისტი ბოლშევიკებიც ამავე სცენარით მოქმედებდნენ. ამ ვითომ სტუდენტებს ერთი მიზანი ამოძრავებთ: ადგილის დამკვიდრება პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ ყველა უვიცის და უსაქმურის თავშესაფარია ეს "აუდიტორია 115" რომლებსაც სწავლის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ!
რეზო
21 თებერვალი 2017 13:34
ტუტუცი ლაბორატორია.
luxo
21 თებერვალი 2017 09:24
დათომ, სწორი დიაგნოზი დაუსვა ავადმყოფს და მკურნალობის მეთოდიც შეურჩია, ახლა საჭიროა მკურნალობის დაწყება,
სასწრაფოდ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები