"დავამტკიცებთ,რომ ლამპრობა ქრისტიანული დღესასწაულია"
21-02-2017
"დავამტკიცებთ,რომ ლამპრობა ქრისტიანული დღესასწაულია"
საფლავები ლამპრობის ღამეს გაჩირაღდნებულია - სულეთშიგარდასულებს ზეციურ გზას უნათებენ, სულს უთბობენ გახსენებით და­ ცხონებით

14 თებერვალი, მესტია. სეტის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში დიდი სამზადისია. დათოვლილ საფლავებთან სვანებს ბილიკები გაჰყავთ. მალე აქაურობა არყის ხის ლამპრებით განათდება და დაიწყება ლამპრობა - ტრადიციული შემწეობის ვედრება გარდაცვლილთა სულებისადმი...

სვანური ლამპრობა


ლამპრობა წარსულის დიდებისა და მომავლის იმედის დღესასწაულია. ძველ ახალ წელიწადს ყველა ოჯახი არყის ხეს ჭრის, საჩირაღდნედ აპობს და მთელი თვე გამოსაშრობად ალაგებს. ლამპრად
14 თებერვალს აანთებენ და მაშინ ცეცხლის ალი ცას სწვდება სვანეთიდან. ამ დღესასწაულის ზუსტი მნიშვნელობა თითქმის არავინ იცის. ყველა სვანს თავისი ვერსია აქვს, თუმცა ყველა მათგანი წინაპართაგან გადმოცემულ ადათს პირნათლად ასრულებს... საფლავები ლამპრობის ღამეს გაჩირაღდნებულია - ამ დღეს სულეთში გარდასულებს­ ზეციურ გზას უნათებენ და სულს უთბობენ
გახსენებით, ცხონებითა და ცეცხლის ძალით ბოროტ ძალებთან შებრძოლებით.
ტრადიციისამებრ, თითო სვანური ოჯახიდან იმდენი ლამპარი გამოაქვთ, რამდენი მამაკაციც ჰყავთ. საუკუნეების წინ ოჯახებიდან გამოტანილი ცეცხლით მამაკაცთა რაოდენობას ითვლიდნენ­ - რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლოთ საჭიროებისას. სვანები განთიადს წმინდა გიორგის საგალობლით ხვდებიან და მლოცველებს წმინდა გიორგის ქუდის დამხურავებს ეძახიან.

ოჯახებში ცხვება სალოცავი კვერები და ფერხულში გადაჯაჭვული­ გიორგის მეომრები, მისი "ქუდის დამხურავები" გამრავლებას, მომავალი მებრძოლების დავაჟკაცებას, სიუხვეს ევედრებიან წმინდა გიორგის.

სვანურის ყოფის ამ დეტალს მესტიელი უხუცესი ასე ხსნის: ლამპრობა - უძველესი­ წარმართული რიტუალია, რომელმაც ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად სახე იცვალა. წარმართი წინაპრები ამ დღესასწაულით გაზაფხულის მოახლოებას და ბუნების გამოღვიძებას ეგებებოდნენ. დღეს კი მათი შთამომავლები ლამპრებს მიცვალებულებისა და წმინდანების სახელზე ვანთებთ...

ლამპრობას ადრე მთელი საქართველო ზეიმობდა, ახლა მხოლოდ სვანები დღესასწაულობენ. თუმცა, აქაც თითოეულ სოფელში თავისებურად აღნიშნავენ.

ლამპრობა არცხელში

ვიდრე მესტიაში ლამპრობის დღესასწაული დაიწყება, მულახის მუნიციპალიტეტის სოფელ არცხელში ავდივართ. სოფლის გამგებელი, გოჩა ჩხობაძე გვეუბნება, რომ ადრე აქ 45 კომლი ცხოვრობდა და სტიქიის შემდეგ მარნეულში, ტანძიასა და უდაბნოში გადასახლდნენ.
- ძალიან დაგვეხმარა თეთნულდის პროექტი, ხალხი საქმდება და პერსპექტივა­ იზრდება. რამდენიმე ოჯახი დაუბრუნდა კიდეც მამაპაპურ კერას.

- აქ როგორ აღნიშნავთ ლამპრობას?

- ლამპარი წვას რომ დაამთავრებს­, თითო ტოტი ოჯახებში მიგვაქვს­ და ნაპერწკლებს ხეხილს ვაყრით, ამით ნაყოფიერება იზრდება. თითოეული­ ოჯახი წმინდა გიორგის უძღვნ­ის ერთ, გამორჩეულ ლამპარს, მიგვ­აქვს­ სოფლის შუაგუ­ლში, კოც­ონს ვანთებთ­ და ფერხულში ვდგებით.
პირველ ლამპრობას 5 თებერვალს აღვნ­იშნავთ წმინდა გიორგის ეკლესიაში, შემდეგ დიდი ლამპრობისთვის იწყება მზადება. ეკლესია კრძალავს ლამპრობის აღნიშვნას - წარმართულიაო.

გოჩა ჟორჟოლიანი:
- ამ დღეს საზღვარგარეთიდანაც კი ჩამოდიან სვანები. იმ გარდაცვლილებს, ვისაც მომგონებელი ოჯახი არ დარჩა, ახლობლები პატრონობენ. სვანური წესით, პირველად მარტოხელათა საფლავებზე უნდა გავიდეთ.

მესტიის სასაფლაო


მესტიაში ვბრუნდებით. სეტის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში უკვე ხალხმრავლობაა. ლამპრობის დღესასწაული მზის ჩასვლამდე იწყება... ყველა საფლავზე აინთო­ ლამპარი და გაიშალა სუფრა. სვანები ამბობენ, რომ სვანური ლამპარი არასოდეს ჩაქრება, მას ახალგაზრდები აანთებენ და პატივს მიაგებენ ამ ტრადიციას...
წმინდა გიორგის ეკლესიის მედავითნე ლელა რატიანი ამბობს, რომ დღესასწაული მირქმას უკავშირდება...

- ლამპრობა ნიშნავს მირქმას. როდესაც ღვთისმშობელმა და იოსებმა ქრისტე მიიყვანეს ტაძრად, სვიმეონ ღვთისმიმრქმელი მიეგება და მიირქვა. ერთი შეხედვით, ამ წარმართულ რიტუალს ღრმა ქრისტიანული საფუძველი აქვს. ლამპარი გამოსახავს ქრისტიანულ სანთელსა და კანდელს. მართალია, ეკლესია მაინც წარმართულ დღესასწაულად მიიჩნევს ლამპრობას, თუმცა მამა გიორგის მეოხებით შევძლებთ, დავამტკიცოთ, რომ ეს ქრისტიანულია. ამ დღეს სვანები გარდაცვლილებს მივაგებთ პატივს და ვლოცავთ ცოცხალთ. სული ხომ უკვდავია?! ამიტომაც ერთობით ვეგებებით ქრისტეს ტაძრად მიყვანებას. ცნობილია გიორგი ჭყონდიდელის ანდერძი მეფისთვის, ევლო ორი რჯულით: რწმენითა და წინაპართა მიერ შემონახული ტრადიციებით. წმინდა მამას ეს ჭეშმარიტი ქრისტიანის მოვალეობად მიაჩნდა...

P.S. სვანებს სწამთ, რომ წმინდა გიორგის­ "ქუდის დამხურავებს" მისი წყალობა არ მოაკლდებათ და გაისადაც გაჩირაღდნებული სოფლებით შეეგებებიან ამ დღეს.

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით