"მე ვარ ადამიანი, რომელიც დაეცა და ისევ წამოდგა"
21-02-2017
"მე ვარ ადამიანი, რომელიც დაეცა და ისევ წამოდგა"
როგორც ამიხსნეს, სამედიცინო გარღვევა უნდა მოხდეს, რომ ჩემს მხედველობას ეშველოს, რაღაც სიახლე უნდა დაინერგოს ოფთალმოლოგიის სფეროში, ეს უტოპიად მეჩვენება, ამიტომ, იქნება - იქნება, არ იქნება და, სხვაც იმდენია საფიქრალი...

"მინდოდა, საახალწლო ფეიერვერკი მომეწყო და ხმაური გამომეწვია, მაგრამ... მარჯვენა ხელის მტევნის 80% წამაცალა და მხედველობა წამერთვა"


5 წლისა ფეხბურთზე მივიდა და რვა წელი ვარჯიშობდა, მერე ოთხი წელი რაგბით იყო გატაცებული. ამის შემდეგ კი მის სპორტულ ცხოვრებაში 10-წლიანი პაუზა გაჩნდა. მიზეზი უბედური
შემთხვევაა, რომლის შედეგად მარჯვენა ხელის მტევნის 80% დაკარგა და მხედველობა წაერთვა. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილები სასოწარკვეთას მიეცემიან ხოლმე. მხოლოდ ერთეულებს შესწევთ უნარი, ცხოვრებისეულ სიურპრიზებს შეეჭიდონ. 33 წლის პარაოლიმპიელი მოცურავე ნიკა თვაური 2010 წელს დაუბრუნდა სპორტულ ცხოვრებას. 2011 წელს მის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალი პირველი მედალია ქართული
საწყლოსნო სპორტის ისტორიაში. მას შემდეგ კიდევ ბევრი წარმატება მოიპოვა სხვადასხვა საერთაშორისო ასპარეზობაში.

- 2000 წლის 1-ლ იანვარს საბრძოლო ნივთიერება ამიფეთქდა. მინდოდა, საახალწლო ფეიერვერკი მომეწყო და ხმაური გამომეწვია, მაგრამ... ხმაური კი გამოვიწვიე, თუმცა, რის ფასად - მარჯვენა ხელის მტევნის 80% წამაცალა და მხედველობა წამერთვა. მაშინ 17 წლისა ვიყავი. სიზმარში მეგონა თავი - რას წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ დამემართებოდა! ნელ-ნელა ჭრილობები შემიხორცდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მხედველობაც დამიბრუნდებოდა, ამისთვის დრო მჭირდებოდა. ამ მოლოდინით ვიცხოვრე 10 წელი. ხელი არ ჩამიქნევია და არც ფარ-ხმალი დამიყრია, პირიქით - ვიბრძოდი, მაგრამ დრო გადიოდა და არაფერი იცვლებოდა. მოსკოვში გაკეთებული რვა ოპერაცია არასწორი მკურნალობის შედეგი იყო, რამაც მხედველობის აღდგენის შანსი ფაქტობრივად, გააქრო. ამის შემდეგ ამერიკაში გავემგზავრე. მხედველობა არ აღმიდგა, მაგრამ მზეს ვხედავ. მქვია ტოტალურად უსინათლო ადამიანი - ასე ეწოდება პარასპორტში.

ადამიანები ფიქრობენ, თუ დაკარგავ­ მხედველობას, ხელს, ფეხს, სრულიად უმწეო ხდები და თანაგრძნობას იწვევ. ეს მესმოდა ყოველთვის და მეც ამ რეალობაში ვცხოვრობდი მხედველობის დაკარგვამდე, ამიტომ თვალისჩინის წართმევისთანავე მეც ვფიქრობდი, რომ თუ მხედველობა არ დამიბრუნდებოდა, უმაქნისი, უსარგებლო ადამიანი გავხდებოდი.

მთელი ყურადღება მხედველობის დაბრუნებაზე მქონდა გადატანილი და ეს ჩემი დიდი შეცდომა იყო. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ამერიკაში გავემგზავრე. იქ ჩემი ოპერაციისა და რეაბილიტაციის პროცესი მხოლოდ სახლსა და საავადმყოფოს შორის წინ და უკან სიარულით არ შემოიფარგლებოდა. ხან აუზზე მივყავდი ჩემს მასპინძელს, ხან - კონცერტზე, ხან - კალათბურთზე... ეს ყოველივე იქაური ყოფიერების ნაწილია და ჩემნაირი ადამიანები ამ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. ამერიკაში გატარებულმა დღეებმა ჩააგდო ჩემში მარცვალი, რომლის აღმოცენებას წლები დასჭირდა. რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რომც დამბრუნებოდა მხედველობა, მე არავინ ვიქნებოდი, თუ არ განვვითარდებოდი. ამიტომ სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე. ბრაილის შრიფტის შესასწავლად უსინათლოების სკოლაში მივედი, მაგრამ დაახლოებით ნახევარ საათში მივხვდი, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო. ამის შემდეგ ჩემს მწვრთნელთან, ჰენრი კუპრაშვილთან მივედი. მოკლედ, აუზზე სიარული დავიწყე.

- რა სირთულეებმა იჩინა თავი?

- მთავარი სირთულე ის იყო, რომ ყველასთან ერთად ვერ ვიცურავებდი, დავეჯახებოდი. მადლობა "ლაგუნა ვერეს" მმართველს - მან ყველაფერი გააკეთა, რომ სრულყოფილად ვარჯიშის საშუალება მომცემოდა. ვვარჯიშობდი დილის 5.30-დან 7.30-მდე, ანუ მაშინ, როდესაც აუზზე ხალხი არ იყო.
2011 წლის აპრილში თურქეთში უსინათლოთა მსოფლიო შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, რაც ქართული სპორტის ისტორიაში ცურვის სახეობებს შორის მოპოვებული პირველი მედალია. რამდენიმე საერთაშორისო მედალიც მაქვს. 2015 წელს მსოფლიო თამაშებზე ისევ ბრინჯაოს მედალი დავიმსახურე.
თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე, მაგრამ რა, ჩემთვის სულერთია, სად ვარ - აუზი აფრიკაშიც აუზია. ყველგან­ აღვნიშნავ, რომ პეიზაჟებით დასატკბობად არ დავდივარ, აი, კულინარიას კი ყოველთვის ვეცნობი. კულინარიის ხარისხით ვაფასებ ამა თუ იმ ქვეყნის ავ-კარგიანობას.

- ახლა რა გეგმა გაქვთ?

- 27 თებერვლიდან იწყება პარაოლიმპიელთა ჩემპიონატი ცურვაში. ეს არის მსოფლიო შეჯიბრებაზე გასამგზავრებელი ლიცენზიის მოპოვების შანსი.
ახლა 33 წლის ვარ, ჯერჯერობით დაუოჯახებელი... ვცხოვრობ ისე, როგორც სხვა სპორტსმენები - ვარჯიში, ძილი და სწორი კვება.
დღევანდელ საქართველოში პარასპორტი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მოძრაობა სპორტში უფრო განვითარებულია, ვიდრე 7-8 წლის წინ იყო და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ნებისმიერმა უსინათლომ იცის, რომ შეუძლია აიღოს საცურაო კოსტიუმი, მივიდეს აუზზე და არავინ ეტყვის, ხელწერილი დამიწერე, რომ შენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი არ ვართო.

- რაზე ოცნებობთ?

- ოცნებები არა, მე მიზნები მაქვს. მინდა ყველა ჩემ გარშემო ბედნიერი და ჯანმრთელი იყოს. მატერიალური ოცნებები არ მაქვს. თუ იქნება შემოთავაზება და მხედველობა დამიბრუნდება, სიამოვნებით მივიღებ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობას. საქმე ის არის, რომ როგორც ამიხსნეს, სამედიცინო გარღვევა უნდა მოხდეს, რომ ჩემს მხედველობას ეშველოს, რაღაც სიახლე უნდა დაინერგოს ოფთალმოლოგიის სფეროში, ეს უტოპიად მეჩვენება, ამიტომ, იქნება - იქნება, არ იქნება და, სხვაც იმდენია საფიქრალი...
რაც უნდა თქვან, რომ ძლიერი ადამიანი ვარ და ჩემი სულის სიმტკიცე გმირობისა და მამაცობის ტოლფასია, სიამოვნებით ავირჩევდი ჩვეულებრივ ცხოვრებას, რადგან ვიცი, რა დგას იმის უკან, რასაც ეძახიან ძლიერს, მხნეს და თუნდაც სამაგალითოს. მე ვარ ადამიანი, რომელიც დაეცა და ისევ წამოდგა.

საქართველო პარაოლიმპიურ მოძრაობაში 2008 წელს ჩაერთო


პირველი პარაოლიმპიური თამაშები 1960 წლიდან იღებს სათავეს. რომში გამართული ოთხწლეულის უმთავრესი სპორტული მოვლენის - ოლიმპიადის შემდეგ, ისტორიაში პირველად პარაოლიმპიადა სწორედ ამ წელს ჩატარდა. სადებიუტო თამაშებშივე იტალიის დედაქალაქს 23 ქვეყნის 400-მდე პარასპორტსმენი ესტუმრა. საქართველო პარაოლიმპიურ მოძრაობაში 2008 წელს ჩაერთო.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით