"ერთმა მითხრა, ჩემს შვილს ცოცხს არ დავაკავ­ებინებდიო"
27-02-2017
"ერთმა მითხრა, ჩემს შვილს ცოცხს არ დავაკავ­ებინებდიო"
"მაინც გავხდები წარმატებული ჟურნალისტი!"

ერთხელ სხვის მაგივრად წავედი ნახირში. ძროხებმა მოიჩრდილეს, მეც ხის ძირში მოვკალათდი და ნიუსების წერა დავიწყე. ისე გავერთე, არ შემიმჩნევია, როგორ გადაინაცვლეს ძროხებმა მზესუმზირის ნაკვეთში. საბედნიეროდ, ზარალი არც ისე დიდი იყო, მაგრამ მას შემდეგ ნახირს აღარ მანდობენ...


მიზნისკენ სწრაფვას 14 წლისა­ გაცნობიერებულად შეუდგა. ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა. დღეს 23 წლის შოთა ბალარჯიშვილი მესამე კურსის სტუდენტია. მიიღო სატელევიზიო პრაქტიკა და ბევრს შრომობს თვითგანვითარებისთვის. ის მეეზოვედ მუშაობს და განათლებას
საკუთარი შრომით იფინანსებს.

- სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო­ ბოდბეში გავიზარდე. ყოველთვის ვოცნებობდი ჟურნალისტობაზე... ერთ დღეს ერთ-ერთი ტელევიზიის ნომრები­ ჩავინიშნე. ტელეფონი არ მქონდა, სოფლის მაღაზიაში მივდიოდი და გამუდმებით ვრეკავდი ტელევიზიაში, ვთხოვდი, შემომიშვით, გავიცნობ წამყვანებს და დავათვალიერებ სტუდიებს-მეთქი. ცინიკურად მპასუხობდნენ, მოგცლიაო... ერთ დღესაც დამპირდნენ, რომ სურვილს შემისრულებდნენ.
14 წლის ვიყავი, გზებიც არ ვიცოდი თბილისში. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩვენი ავტობუსი სამგორში ჩერდებოდა.­ მოკლედ, თბილისში ნათესავი დამხვდა... ტელევიზიაში რომ შევედი, ერთმა ქალმა ჩაილაპარაკა, ამას აქ რა უნდაო. შემდეგშიც არაერთხელ მიგრძნია ცინიკური დამოკიდებულება. საბედნიეროდ, იყვნენ ისეთებიც, რომელთაც უთქვამთ, ყველამ გაიხსენეთ, ვინ როგორ მოხვედით, როგორც შოთა იწყებდა, თქვენც ასე არ იწყებდითო?!

გავიდა დრო და უფრო ხშირ-ხშირად ვსტუმრობდი ტელევიზიას, ის კი არა, პრაქტიკანტის სტატუსიც მოვიპოვე. ჟურნალისტები მითითებებს მაძლევდნენ. მადლობელი ვარ ყოველი მათგანის, გულს რომ არ მწყვეტდნენ და მოსწავლეს, რომელსაც ჯერ სკოლაც კი არ მქონდა დამთავრებული, დროს მითმობდნენ.
პარალელურად სოფლის ცხოვრებას ვეწეოდი. საქმეს რა გამოლევს - ნაკვეთები გვაქვს, ვენახი, ტყიდან შეშა უნდა მოიტანო, საქონელს მოუარო, პაპასაც ვეხმარებოდი. 3 წლის მანძილზე თითქმის ყოველ კვირა დღეს ჩამოვდიოდი. ყოფილა შემთხვევა, ხანდახან ოჯახს თბილისში გამოსაშვები ფული არ ჰქონია. ამიტომ ერთხელ სხვის მაგივრად წავედი ნახირში. ძროხებმა მოიჩრდილეს, მეც ხის ძირში მოვკალათდი და ნიუსების წერა დავიწყე. ისე გავერთე, არ შემიმჩნევია, როგორ გადაინაცვლეს ძროხებმა მზესუმზირის ნაკვეთში. საბედნიეროდ, ზარალი არც ისე დიდი იყო და ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ მას შემდეგ ნახირს აღარ მანდობენ.

რომ გითხრათ, სკოლაში გამორჩეული მოსწავლე ვიყავი-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემ ირგვლივ იყვნენ სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, პირდაპირ მეუბნებოდნენ, შენ ტელევიზიაში ვინ მიგასუნინებსო, ჩემი ტელეგამოცდილების ამსახველ ფოტოებს რომ ნახავდნენ, ფოტომონტაჟიაო, დაასკვნიდნენ. გული მწყდებოდა, თუმცა, უფრო მებრძოლსა და მიზანდასახულს მხდი­და ამგვარი­ დამოკიდებულება. მართლაც ღირსეულად დავასრულე სკოლა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავირიცხე.

- და დაიწყო თბილისური ცხოვრება...

- დავიქირავე ბინა და მთელ დროს სწავლას ვუთმობდი.
ბებია იყო ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ის აფინანსებდა ჩემს სწავლა-განათლებას. როდესაც გარდაიცვალა, არჩევნის წინაშე დავდექი. ოჯახს საშუალება არ ჰქონდა, დამხმარებოდა, მე კი ჩემს ოცნებაზე უარის თქმა არ მინდოდა.
ამიტომ გავხდი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი. დილით ადრე გავდიოდი სამუშაოდ, შემდეგ მთელი დღე ჩემს განკარგულებაში იყო. თავდაპირველად ნაგვის მანქანაზე ვმუშაობდი, ჩემს მეწყვილესთან ერთად ვაკეში ბუნკერებს ვცლიდი.

ადამიანების დამოკიდებულება მაბნევდა. ერთხელ, ჭკუა რომ მოე­კით­ხებოდა,­ ისეთი გარეგნობის მამაკაცმა ამათ­ვალიერა, შემდეგ მკითხა, რამდენი წლის ხარო და რომ ვუპასუხე, მე ჩემს შვილს ცოცხს არ დავაკავ­ებინებდი ხელშიო, მითხრა. ხმა არ ამომიღია, მაგრამ საპასუხოდ გავიფიქრე, რომ გარეგნობა ხანდახან მაცდურია... ახლა ვაშლიჯვრის ტერიტორიას ვასუფთავებ, კვირა დღეს კი გაგარინის მოედანს ვგვი. გამომუშავებული თანხით სწავლის საფასურსა და ქირას ვიხდი. 1 წელში სწავლას ვასრულებ.

- მერე რას აპირებ?

- იმისთვის, რომ კარგი ჟურნალისტი­ დავდგე, ჩემებური გეგმა შევიმუშავე - ფიზიკურადაც ვვარჯიშობ, გრამატიკას ვსწავლობ საფუძვლიანად და პირის აპარატსაც ვივარჯიშებ, ჟურნალისტი ხომ კარგად უნდა მეტყველებდეს. ეჭვიც არ მეპარება, მიზანს მივაღწევ - მაინც გავხდები წარმატებული ჟურნალისტი!

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით