"რაც შეიძლება ჩქარა უნდა დავბრუნდე სამშობლოში!" - კვირის პალიტრა

"რაც შეიძლება ჩქარა უნდა დავბრუნდე სამშობლოში!"

მათ თავიანთი ნიჭითა და გონებით ამოავსეს ის ვაკუუმი, რაც 20-30-იან წლებში მთელი გონიერი საქართველოს განადგურებას მოჰყვა. მათ შეუძლებელი შეძლეს, მაგრამ შეძლეს ის, რაც ევალებოდათ

ამ ფოტოზე ქეთევან მაღალაშვილი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე და ელენე ახვლედიანი არიან გამოსახული, - თაობა, რომლის სამშობლოში მეფობდა სისასტიკე, სიდუხჭირე და რომლის ერთადერთი ხსნა უცხოეთში განათლებამიღებული ქართველობის უკან დაბრუნება იყო.

დღეს ამ ქვეყნის ბედი მაშინდელისაგან ბევრით არაფრით განსხვავდება, გარდა ერთისა, - ეს ქვეყანა უცხოეთში განათლებამიღებული ქართველების დაბრუნების იმედით ვეღარ საზრდოობს, - წამსვლელი ბევრია, დამბრუნებელი კი თითქმის აღარავინ. აი, ამ ოთხიდან და მათი თანატოლებიდან კი უცხოეთში თითქმის ყველა სამშობლოში დაბრუნების ნატვრით სულდგმულობდა. მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში მავანნი განათლებულ ადამიანებს არ სწყალობდნენ - მათ ანადგურებდნენ... მაგრამ ამ თაობისთვის არ არსებობდა შიში, მათ შორის სიკვდილისაც. მით უფრო შიმშილის, სიცივის, გარიყვისა და მარტოსულობის შიში... კარგად იცოდნენ, რომ შეიძლება დამარცხებულიყვნენ, მაგრამ სამშობლოში სიღატაკეში ცხოვრება ერჩივნათ, უცხოობაში სიამეს. არადა, ყველა მათგანს დარჩენას სთხოვდნენ, ფულს, სახ\ელსა და დიდებას ჰპირდებოდნენ.

როცა ელენე ახვლედიანი პარიზში გამოჩნდა, იტალიელმა მოქანდაკე ფილიპო კოლაროსიმ მიიღო სამხატვრო აკადემიის მსმენელად და მისი ნამუშევრებიც გამოფინა. ამ გამოფენაზე გამოჩნდნენ პაბლო პიკასო, პოლ სინიაკი, მოდილიანი, მაიოლი.... დიდი მხატვრები ბრწყინვალე შარავანდედით! მათთან დაახლოებას ელენე ახვლედიანის მხატვრობის უფრო დახვეწა მოჰყვა - სისადავითა და სიღრმით გამორჩეული ტილოები სწრაფად იყიდებოდა, მართალია, იაფად, მაგრამ ეს საკმარისი იყო პარიზული კარიერისთვის... თუმცა ყველაზე კარგი მაინც ის იყო, რასაც სამშობლოზე ხატავდა. პიკასოს ახვლედიანის ერთი ასეთი ნახატი ისე მოეწონა, მომყიდე, რა ფასსაც დაადებ, ვიყიდიო, უთხრა. ელენემ კი, არ ვყიდი, შენ თუ მოგწონს, მეც მომწონსო!

მალე პარიზში ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომელმაც კარი ევროპისა და ამერიკისაკენ გაუხსნა, - ყველგან ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენები დაიგეგმა, მაგრამ არც ერთ ნახატს იქაური გალერეების კარი არ შეუღია, - მხატვარი სამშობლოში დაბრუნდა, დაბრუნდა გაღატაკებულ ქვეყანაში, რომელიც პარიზთან შედარებით მხოლოდ ცრემლს თუ მოჰგვრიდა. მაინც აქ ერჩივნა - პარიზს არაფერი აკლდა, სამშობლოს კი - ყველაფერი; ელენე მას უფრო სჭირდებოდა, ვიდრე პარიზის ქუჩებს, ის დაბრუნდა ისე, როგორც დანარჩენები, - ზღვით, თეთრი გემით და... სამშობლოსთან შეხვედრის ენით აუწერელი სიხარულით.

ასე იყვნენ დანარჩენებიც. როცა პარიზიდან ლადო გუდიაშვილი მოდიოდა, გალერეის მეპატრონე როზენბერგმა უთხრა, დაფიქრდით, თქვენ მიდიხართ იმ დროს, როცა დიდება გელითო! ახალგაზრდა ლადო ამ სიტყვებმა ძლიერ ააღელვა: "ამას მეუბნებოდა კაცი, რომელმაც თავის დროზე გზა გაუკაფა და მეცენატობა გაუწია პიკასოს, მატისს და ბევრ ცნობილ მხატვარს... მაგრამ მე მახსოვდა ერთი რამ: რაც შეიძლება ჩქარა უნდა წავსულიყავი სამშობლოში! მახსოვს, რა სიხარული ვიგრძენი, როცა საქართველოს სანაპირო დავინახე. მზით განათებული შემომხვდა აჭარის მწვანე მთები. ხუთი წლის წინ მათთან განშორების ტკივილი ახლა ისეთი სიხარულით მეცვლებოდა, რომ სუნთქვა შემეკრა, ალბათ, ამქვეყნად არ არსებობს უფრო დიდი ბედნიერება, ვიდრე სამშობლოში დაბრუნებაა"... - იგონებდა ის სიცოცხლის ბოლოს.

ასე დაბრუნდნენ დანარჩენებიც. მათ თავიანთი ნიჭითა და გონებით ამოავსეს ის ვაკუუმი, რაც 20-30-იან წლებში მთელი გონიერი საქართველოს განადგურებას მოჰყვა. მათ შეუძლებელი შეძლეს, მაგრამ შეძლეს ის, რაც ევალებოდათ.

რატომ გავიხსენეთ ეს ამბავი? სწორედ ასეთი ვალის აღსრულების გამო, რომელიც ყოველ ადამიანს დაბადებიდან ბედისწერად ეწერება და თუ ვერ მოიხადა, თავის ამქვეყნად მოვლინებას გამართლებულად ვერ ჩათვლის. გავიხსენეთ იმ ქართველების გამო, რომლებიც ამ ოთხეულივით სერავენ დღეს ევროპისა თუ ამერიკის გრანდიოზული ქალაქების ქუჩებს, შინ კი ელით პატარა სამშობლო, რომლის ერთადერთი ხსნა დღესაც უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდობის დაბრუნებაა.

ეს დაძალებით ვერ იქნება, მაგრამ არც იმ ახალგაზრდებისთვის დაუძალებია ვინმეს რამე - მათ თავიანთი ვალი აღასრულეს!

ეთერ ერაძე