100 000-ევროიანი "კურვაზიე", შეიხის საათი და ნახევარმილიონიანი ნახატი... - კვირის პალიტრა

100 000-ევროიანი "კურვაზიე", შეიხის საათი და ნახევარმილიონიანი ნახატი...

"ჩემს კოლექციაში ყველაზე ძვირად ღირებულია ხუთლიტრიანი კონიაკი "კურვაზიე"

ფერდინანდ ლორთქიფანიძე დიდხანს იყო კინემატოგრაფიის ფონდის გენერალური დირექტორი. მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი და ბევრი უნიკალური სასმლისა და ნივთის კოლექციაც შემორჩა...

- 1955 წელს დავიწყე სასმელების შეგროვება - 78 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ყველგან ვიძენდი. მხოლოდ მაგარი სასმელები მაქვს - ვისკი, კონიაკი... წლების განმავლობაში კოლექციიდან მესამედი დაილია... დღეს სამასამდე შემომრჩა.

- რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- კონიაკი, რომელიც იაპონიაში მაჩუქეს. ყუთში, ბოთლთან ერთად არის მადამ ბატერფლაის თოჯინა... ფასის მიხედვით კი ყველაზე ძვირად ღირებულია ხუთლიტრიანი კონიაკი "კურვაზიე", რომელიც საიუბილეოდ გამოუშვეს პარიზში 1896 წელს. შარშან პარიზში ვნახე უნიკალური სასმელების მაღაზიაში ჩემი "კურვაზიე", მაგრამ 30 წლის დაძველების ერთი ლიტრი 25.000 ევრო ღირდა. ჩემი - 120 წელზე მეტის არის... ჩემს კოლექციაში ყველა სასმელი 60 წელზე მეტის არის. გამორჩეულია კონიაკი, რომელიც კორეაში მაჩუქეს, ბOოთლში ტრიტონებია... მქონდა სასმელი, სადაც გველი იყო მოთავსებული. ერთ ღამეს ბოთლი გასკდა და მე ვერ მივეკარე. მეზობელმა გადაიტანა გველი სხვა ბოთლში და სპირტი დაასხა. გადარჩენილი სასმელი კი სიამოვნებით მიირთვა. გველის გამო ალბათ ეგზოტიკური გემოც ჰქონდა...

ზოგიერთ სასმელს წლების განმავლობაში მოცულობაში დააკლდა, ზოგიც სულ აღარ დარჩა. ცოტა ხნის წინ მეგობარმა, აკადემიკოსმა რამაზ ყურაშვილმა მითხრა, ამერიკიდან საჩუქარი ჩამოგიტანეო. შინ მოვიწვიე, გამოვიღე ბოთლი, თან ვეტრაბახებოდი - 60 წლის კონიაკი უნდა დაგალევინო-მეთქი. გავხსენი და ჩაი აღმოჩნდა. თურმე ჩემი ქალიშვილი მეგობრებს უმასპინძლდებოდა და მერე ბოთლში ჩაის ასხამდნენ.

- ცოტამ თუ იცის, რომ იაპონიის საპატიო მოქალაქე ხართ და თქვენს სიმამაცეზე იაპონიისა და საბჭოთა პრესა წერდა...

- ტურისტად ვიყავი იაპონიაში 1966 წელს... ერთ ღამეს გემბანზე ვიდექი. ვიღაც შეშფოთებული იაპონელი ყვირილით მომვარდა. ვერაფერი გავიგე, მაგრამ მაინც გავყევი. დავინახე, წყალში გოგონა ფართხალებდა... ცოტა ნასვამი ვიყავი და დაუფიქრებლად წყალში გადავხტი. არადა, გვარიანად ციოდა. გოგონა, ჩემდა საბედნიეროდ, თითქმის გრძნობადაკარგული იყო, თორემ გონებაზე რომ ყოფილიყო, მეც წყალში ჩამითრევდა. ზურგზე მოვიკიდე... ნაპირთან პოლიციაც მოგვეშველა. წყალი ნავთობით გაჟღენთილი იყო და რომ ამომიყვანეს, სულ მაზუთიანი ვიყავი... ყველა გოგონას დასტრიალებდა თავს, მე არავის ვახსოვდი. ლამის სულს ვღაფავდი, ისე ცუდად ვიყავი. დიდი მადლობა სომეხ ხალხს - კონიაკით დამბანეს და მომაცოცხლეს... ეს ამბავი შუაღამისას მოხდა. დილით გაზეთები მომიტანეს, რომლებიც ჩემი ფოტოებით იყო აჭრელებული. როცა დავბრუნდი, საბჭოთა გაზეთებიც იუწყებოდნენ, საბჭოთა მოქალაქემ იაპონელი გოგონა გადაარჩინაო... პატივისცემის ნიშნად იაპონიის მთავრობის სასახლეში და პრეზიდენტთან მიღება გამიმართეს... იაპონიაში, საელჩოში, ერთი ამერიკელი წამოდგა, - სახეზე შეხედეთ და გვარს დაუკვირდით, ეს კაცი რუსი არ არისო. მან სტატიაც დაწერა და სათაურში ჩემი ვინაობა ასე იყო მოხსენიებული - "ლორდ ფერდინანდ ქიფანიძე"... იაპონიის საპატიო მოქალაქე გავხდი. მიმიწვიეს იაპონიის ერთ-ერთ არხზე და უზარმაზარ ჰონორარსაც მთავაზობდნენ, მაგრამ აქაურმა ორგანოს წარმომადგენლებმა არ გამიშვეს...

- გარდა სასმელებისა, კიდევ რა შემოგრჩათ უნიკალური?

- გატაცებული ვიყავი კარგი საათებით... თავადაც ვიძენდი და უძვირფასეს საათებს მჩუქნიდნენ კიდეც. საამიროების შეიხისეული "როლექსი" განსაკუთრებულია... შეიხს ჩემმა იტალიელმა მეგობარმა,- რიკარდო რაჰიტიმ დიდებული სასახლე აუშენა. შეიხს ძალიან მოეწონა და "როლექსის" საათით დააჯილდოვა, მან კი მე მაჩუქა... ჩემი იტალიელი მეგობარი ცნობილი მილიარდერია, საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა საკუთარი თვითმფრინავით. შევარდნაძესთანაც მყავდა, ფოთის პორტი უნდა ეყიდა, მაგრამ იქ რვა მეწილე აღმოჩნდა და ყველამ ფული მოსთხოვა. გარიგება ჩაიშალა...

ერთი არაბი ნაცნობი მყავდა და რომ გაიგო, შეიხის საათი მქონდა, შეძენა მოინდომა. უარი ვუთხარი... დუბაიში რომ ვმუშაობდი, ჩემი უფროსის შვილმა მთხოვა, საათი მანქანაში გამიცვალეო. გასაყიდად ისევ ვერ შეველიე და ერთი წლის განმავლობაში მას ჩემი საათი ეკეთა, მე კი მისი უძვირფასესი "ლენდ როვერით" დავდიოდი...

- თქვენს სახლში ინახება ულამაზესი ნახატი...

- დიახ, ეს არის ნეფის "მობანავე", რომელშიც ერთმა ბერძენმა ნახევარი მილიონი ევრო შემომთავაზა, მაგრამ წინა ხელისუფლებამ გაყიდვის ნება არ მომცა, - სახელმწიფოს კუთვნილებაა და გატანის უფლებას ვერ მოგცემთო... არ მესმის, როგორ იყო სახელმწიფოს კუთვნილება, როდესაც ჯერ კიდევ ბიძაჩემმა შეიძინა და უამრავი წლებია, ჩვენს ოჯახში ინახება.

მანანა გაბრიჭიძე