"დავრჩით სომხების ამარა..."
05-03-2017
"დავრჩით სომხების ამარა..."
"ბაზრობაზე დგომის საფასური ძველებურად კვირაში 40 ლარია. ერთი მანქანა გასაყიდად შეიძლება 3 თვეც იდგეს და წარმოიდგინეთ, რამდენი 40 ლარი ენაცვლება მყიდველის მოლოდინს"

აქ შემოსული მანქანების 80% რეექსპორტზე გადის. განბაჟების გაძვირებამდე მეტწილად დაახლოებით 5.000-დოლარიანი მანქანები იყიდებოდა და ყიდულობდნენ ქართველებიც, სომხებიც და უკრაინელებიც. ახლა ძირითადი მყიდველი უკრაინელები და სომხები არიან. ათი მყიდველიდან ორი თუ არის ქართველი, ორი-სამიც უკრაინელი და დავრჩით სომხების ამარა. სომხებმა რომ იციან, გაყიდვა გვიჭირს, წიხლს გვაჭერენ და ფასს გვაკლებინებენ


"ის დრო წავიდა, რუსთავის ავტომანქანების ბაზრობაზე მყიდველები ერთმანეთს გვერდს რომ ძლივს უქცევდნენ. ახლა სულ სხვა სურათიაო", - მითხრა ახლობელმა, როდესაც შეიტყო, რომ რეპორტაჟის­ მოსამზადებლად მივდიოდი. მართლაც, დღეს აქ ხალხი კვირა დღესაც კი კანტიკუნტად
დადის. სადგომის მორიგემ მანქანიდან გადმოსვლა არ გვაცალა, აქ დგომა 3 ლარი ღირსო და ხურდის ჩასაჩხრიალებლად ხელი გამოგვიწოდა. ავტომანქანის "დაბინავების" შემდეგ, ბაზრობის იმ ნაწილში აღმოვჩნდით, სადაც ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანებით ვაჭრობენ. მიმასწავლეს, აქ ყველაზე მეტი ძია ოთარმა იცისო და მეც მისკენ გავემართე.

- გაძვირებული განბაჟებით შემოსული მანქანები მარტის დასაწყისში გამოჩნდება ბაზარზე, რასაც საფასურის გაზრდაც მოჰყვება. არადა, მყიდველი ახლაც კანტიკუნტად ჩანს და მერე სულ დაფრთხება. ბაზრობაზე დგომის საფასური ძველებურად კვირაში 40 ლარია. ერთი მანქანა გასაყიდად შეიძლება 3 თვეც იდგეს და წარმოიდგინეთ, რამდენი 40 ლარი ენაცვლება მყიდველის მოლოდინს, სიხალვათე თვალში საცემია, არა? - მეუბნება ბატონი ოთარი.

ერთი გაბრაზებული გამყიდველი შემოგვიერთდა: - კრედიტებით, ვალებით ვიყიდეთ მანქანები და ისეთი­ რეგულაციები შეაქვთ კანონში,­ მყიდველს ახლა აქ ქუდი რომ შემოუგდო,­ აღარ შემოვა. რაც ეს მანქანა აქ დავაყენე, 5-6-მა კაცმა თუ იკითხა ფასი. შავ "მერსედესს" ვყიდი. წლოვანება, მდგომარეობა, ფერი, თითქოს ყველაფერი დამა­კმაყოფილებელია, ფასსაც ისეთს არ ვეუბნები, რომ მყიდველი გავაქციო, მაგრამ...

- მყიდველის გემოვნება ათასნაირია. თუმცა ყველა დროში იყო მოდური მოთხოვნები, - მეუბნება ხანში შესული მამაკაცი, სახელად ზურა - დღეს უმრავლესობას თეთრი და შავი ავტომანქანები ურჩევნია, ადრე ვერცხლისფერს ანიჭებდნენ უპირატესობას, წითელი ავტომობილი შედარებით იაფად ფასობს. ყველაზე მოთხოვნადი "ფოლკ­სვაგენია". მყიდ­ველების უმრავლესობა უკრაინელია, მანქანას აქ განაბაჟებენ და ისე მიჰყავთ. ადრე აზერბაიჯანელები ჭარბობდნენ, ახლა მათ ვეღარ ნახავ.

- მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე თუ არის მოთხოვნა?

- მარჯვენასაჭიანების განბაჟება სამმაგად გაძვირდა. ეს ფასზეც უარყოფითად აისახება და მყიდველის რაოდენობაზეც...

ჩემი შემდეგი რესპონდენტიც ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანებით ვაჭრობს:
- დაბალი კლასის მანქანები­ უფრო იყიდება. მე ევროპულ მანქანას ვიყიდდი, უფრო რბილად დადის და გამძლეცაა. ორი მანქანა მყავდა ჩამოყვანილი. ორი თვის თავზე უწევთ განბაჟება და რადგან მანამდე ვერ გავყიდე, განვაბაჟე. 2013-წლიანია და განბაჟებაში 3 700-ზე ცოტა მეტი გადავიხადე. ძველი მანქანის შემოყვანაზე დააწესონ მაღალი ტარიფი, ახალზე კი ნაკლები.

თუ ახალი მანქანის შემოყვანა არ გააიაფე, როგორ ჩაანაცვლებს ახალი ძველს?! "

საუბარში "მერსედესის" გამყიდველი ერთვება: - მიუხედავად სიძნელეებისა და სიდუხჭირისა, ვერ გავამართლებ იმ ადამი­ანებს, რომლებიც კატალიზატორებს იღებენ გასა­ყიდი მანქანებიდან და 80 ლარად აბარებენ. კატალიზატორი ჰაერს ფილტრავს.

- რისთვის იყენებენ?

- ძვირფას მეტალსაც შეიცავს და აზერბაიჯანშიც გადის. იქაური კანონი ავალდებულებს მძღოლებს და თვითონაც ფიქრობენ, ალბათ, თავიანთ ქვეყანაზე.­ ჩვენ კი ჩვენი თავის მტრები გამოვდივართ. კატალიზატორის მაგივრად დასვრეტილ მილებს ან ქვაბის სახეხ მავთულებს აყენებენ...

აქა-იქ მანქანის სახურავზე გასაყიდად გამოფენილი ფეხსაცმელი და ფერად-ფერადი ქურთუკები ჩანს. მეც ფეხსაცმლის ფასი ვიკითხე, რომ საუბარში ამყოლოდა ევროპული სექციის გამყიდველი. გამიმართლა, ჩემი რესპონდენტი, ჯემალ ტრაპაიძე, გულახდილად მესაუბრა:

- აქ რომ ბევრი ფული იშოვებოდეს, ჩვენ ვინ მიგვიშვებდა, თუმცა იმდენს ყოველთვის ვშოულობდით, ოჯახები შეგვენახა. ახლა განბაჟების გადასახადი იმდენად­ გაიზარდა, ამ საქმით ოჯახს ვერ შეინახავ.
ადრე ასეთივე "ოპელ საფირას" განბაჟება გადაფორმებიანად 1.500 ლარი ღირდა, ახლა 2.600 ლარი გადავიხადე - 1.100 ლარით გამიძვირდა და ვიცი, ქართველი არ იყიდის; დიზელზეა, ესე იგი, სომეხსაც არ მოეწონება; შეიძლება უკრაინელმა ან რუსმა შეიძინოს.

ხომ შეიძლებოდა 2000 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანების განბაჟების საფასური ნაკლებად გაზრდილიყო, უფრო ძველი მანქანების კი - მეტად. ვითომ იმიტომ შემოიღეს ეს რეგულაციები, რომ ავტოპარკი გაეახალგაზრდავებინათ, მაგრამ მყიდველი რომ აღარ არის? ათი მყიდველიდან­ ორი თუ არის ქართველი. დანარჩენები სომხები­ და უკრაინელები არიან, ანუ აქ შემოსული მანქანების 80% რეექსპორტზე გადის. განბაჟების გაძვირებამდე მეტწილად დაახლოებით 5.000-დოლარიანი მანქანები იყიდებოდა და ყიდულობდნენ ქართველებიც, სომხებიც და უკრაინელებიც. ახლა ძირითადი მყიდველი უკრაინელები და სომხები არიან. იმ ათიდანაც ორი-სამი თუ არის უკრაინელი და დავრჩით სომხების ამარა. სომხებმა რომ იციან, გაყიდვა გვიჭირს, წიხლს გვაჭერენ და ფასს გვაკლებინებენ.

- აზერბაიჯანელები რატომ აღარ სწყალობენ ქართულ ბაზარს?

- კანონის თანახმად, "ევრო 4" სტანდარტს ითხოვენ და 2006 წელს ქვემოთ გამოშვებულ მანქანებს საზღვარზე არ გადაუშვებენ, ამას ისიც ემატება, რომ აზერბაიჯანში ამოქმედდა "ჰიუნდაის" ქარხანა, რომელიც საშუალებას აძლევს მყიდველს, იქ შეძენილი მანქანების საფასური 10-20 წლის განმავლობაში დაფაროს.

იაპონური მანქანების გარკვეული ნაწილი რადიაციულია...

არ გიფიქრიათ, იაპონელები 100 დოლარად რატომ ყიდიან გაწკრიალებულ, ალუმინისდისკებიან მანქანებს?­ - იმიტომ, რომ ეკოლოგიურად გაასუფთაონ ქვეყანა!
თავისუფალ დროს ვტაქსაობ და ექიმმა მგზავ­რებმა მითხრეს, საავადმყოფოებში იმატა იმ ახალგაზრდების რიცხვმა, რომელთაც ვერ დაუდგინეს დიაგნოზი და არის გონივრული ეჭვი, რომ რადიაციულმა მანქანებმა დააავადაო. ახლობელი თუნუქის ხელოსანი მყავს, ამას წინათ მითხრა, როდესაც იაპონურ მანქანებს ვარემონტებ, თავის ტკივილი, დაღლილობა და სისუსტე მეწყებაო.

- გერმანიიდან მანქანები რა მარშრუტით მოგაქვთ?

- გამოვივლით ავსტრიას, უნგრეთს, რუმინეთს, ბულგარეთს და თურქეთის გავლით შემოვდივართ. ბულგარეთის საბაჟოზე ისეთივე სიტუაციაა, საბჭოთა კავშირში რომ იყო, - ჩამოგართმევს მებაჟე­ პასპორტს და სანამ 5-10 დოლარს არ მისცემ, არ ჩაგირტყამს ბეჭედს. თურქეთში ბოლო დროს გვაცლევინებენ მანქანას და რენტგენზე გაატარებენ, რომ იარაღი ან ნარკოტიკი არ შევიტანოთY ქვეყანაში. იმდენ პროცედურას გადიხარ ნერვების ხარჯზე, რომ აღარ ღირს. მსუბუქი მანქანების განბაჟება რომ გაძვირდა, ახლა ყველა ცდილობს, მიკროავტობუსებისა და სატვირთო მანქანების რეალიზაციას მიჰყოს ხელი. ეს ბიზნესი კრახისთვისაა განწირული - ისედაც უჭირდათ მიკროავტობუსების რეალიზაცია, ახლა ამდენი გამყიდველი რომ დაემატება, სადაა მაგდენი მყიდველი?
ჩემი აზრით, რაც აქ მანქანები დგას, მისი 5% თუ იყიდება შაბათ-კვირას, შუა კვირაში - გაცილებით ნაკლები.

უკვე 2 საათია, დასანანია, რომ შინ ისე ვბრუნდები, ერთი მანქანის გაყიდვასაც ვერ შევესწარი. ალბათ, ცუდი ფეხი მაქვს... ჩემმა რესპონდენტებმა ამ კვირასაც ვერ ნახეს ხეირი...

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით