89 მანქანის პატრონი ფეხით დადის (?!) - კვირის პალიტრა

89 მანქანის პატრონი ფეხით დადის (?!)

1938 წელს გამოშვებული ორი "ოპელი" მყავს, ამავე წელში გამოშვებული ბე-ემ-ვეები, 5 ცალი "პობედა". ესენი ანტიკვარებად ითვლება. 1960 წლის მერე გამოშვებული მანქანები ანტიკვარი ჯერ არ არის. გუგა კოტეტიშვილმა "ზიმი" მაჩუქა. მითხრა, ოღონდ წაიყვანე და არ ვჩივი, სახლთან, ვიწრო ქუჩაზე რომ ვაჩერებ, გვერდს ვერ უვლიან და ყველა ჩხუბობსო. მისი ნაჩუქარი "ზიმი" 1954 წელსაა გამოშვებული. ჩემი "ზიმი" 80 ათასი დოლარი ღირს. სხვა მანქანებს სხვა ფასი აქვს და 5 ათას დოლარზე ნაკლები არც ერთი არ ღირს. მყავს "ბიუიკიც", ის მოდელი, რომლითაც პრეზიდენტი კენედი დადიოდა

ფასანაურში გავლისას საინტერესო სურათს მოვკარი თვალი: ერთ ადგილას ძველი და იშვიათი მანქანები ღია ცის ქვეშ დამტვერილი იდგა. ღობის გარეთაც საბრძოლო მანქანა და კიდევ რამდენიმე მოძველებული მოდელი იდგა. ექიმი ჯიმშერ პატაშური წლების წინ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მუშაობდა. შემდეგ გადაწყვიტა, თავის სოფელსა და რაიონს გამოსდგომოდა, იყიდა კარდიოგრაფი და სოფელ-სოფელ გამოძახებებზე დადიოდა, წამლებსაც თავისი ფულით ყიდულობდა, მაგრამ მერე წამლების ფული ვეღარ მოაგროვა, ამ საქმეს შეეშვა. ახლა მანქანების უნიკალურ კოლექციას ფლობს.

- მოხუც დედასთან, რომელიც მთიან სოფელში ცხოვრობდა, გადავედი საცხოვრებლად. იქ სასიარულოდ ორხიდიანი მანქანა მჭირდებოდა და გადავწყვიტე, იაფად მეყიდა. უფრო "ვილისი" მინდოდა. ყველას ვეკითხებოდი, თუ სადმე ეგულებოდათ. ერთხელ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას მძღოლს ვკითხე და მითხრა, სახლში მყავს, დანგრეულია, გაჩუქებ, შენი არაფერი მინდაო. მივაკითხე, მანქანა ხის ძირას იდგა, ზევიდან წლობით ნაგროვები ფოთლები და ხმელი ტოტები ეყარა. ჩავჯექი, გასაღები მოვარგე, გადავატრიალე და არ დაიქოქა?

სახლში რომ მოვიყვანე და გავრეცხე, ბევრი მეხვეწებოდა, მომყიდეო. მერე მუღამზე მოვედი და სადაც კი ძველ მანქანას ვნახავდი, ვყიდულობდი, თანაც ძალიან იაფად. მალე ხუთი "ვილისი" მყავდა. რამდენიმე სამამულო ომისდროინდელი და ომგამოვლილიც კი იყო. ერთხელ დედაჩემმა დამირეკა, გუდაურიდან ფრანგი სამხედრო ატაშე მოდის, მანქანებს ათვალიერებს და შენთან შეხვედრა უნდა, ფრანგულისა მე რა მესმის, მაგრამ, მგონი, მანქანების ყიდვა უნდაო. თარჯიმნის თანხლებით შევხვდი. ყველას წაყვანა მინდა, თითოში 6 ათას დოლარს მოგცემო, მითხრა. ძალიან გამიხარდა და მოვილაპარაკეთ. თავიდან ნაწილ-ნაწილ მაძლევდა ფულს, მერე ჩემი თხოვნით ერთიანად მომცა. 30 ათასი დოლარი გადაიხადა. იმ ფულით 2 ბინა ვიყიდე თბილისის ცენტრში. ბევრიც დავხარჯე, არ მენანებოდა, რადგან მუქთა ფული იყო.

- ახლა რამდენი მანქანა გყავთ?

- 89 მანქანა, სხვადასხვა ადგილას მყავს გაჩერებული, ზოგი ბათუმში, თბილისში, ფასანაურში.…ვაპირებ, გავყიდო, ყველაზე უნიკალური მოდელები დავიტოვო და აღებული ფულით მუზეუმი გავაკეთო. იქვე რესტორანსაც ჩავდგამ და იმედია, კლიენტს მოვიზიდავ.

- მანქანებს შეაკეთებთ და გადაღებავთ კიდეც, ალბათ.

- ჯობს, პირვანდელი სახე შევუნარჩუნო, რამდენიმე მათგანს ნატყვიარიც კი ემჩნევა და ხალხს ეგ უფრო აინტერესებს.

- ყველაზე ძველი მოდელი რომელ წელსაა გამოშვებული?

- 1938 წელს გამოშვებული ორი "ოპელი" მყავს, ამავე წელს გამოშვებული ბე-ემ-ვეები, 5 ცალი "პობედა". ესენი ანტიკვარებად ითვლება. 1960 წლის მერე გამოშვებული მანქანები ანტიკვარი ჯერ არ არის. გუგა კოტეტიშვილმა "ზიმი" მაჩუქა. მითხრა, ოღონდ წაიყვანე და არ ვჩივი, სახლთან, ვიწრო ქუჩაზე რომ ვაჩერებ, გვერდს ვერ უვლიან და ყველა ჩხუბობსო. მისი ნაჩუქარი "ზიმი" 54 წელსაა გამოშვებული. "ზიმი" 80 ათასი დოლარი ღირს. სხვა მანქანებს სხვა ფასი აქვს და 5 ათას დოლარზე ნაკლები არც ერთი არ ღირს. მყავს "ბიუიკიც", ის მოდელი, რომლითაც პრეზიდენტი კენედი დადიოდა.

- თქვენ რა მანქანით დადიხართ?

- მე ფეხით სიარულს ვამჯობინებ.

- თბილისში რამდენიმე ბინა გაქვთ, სხვა ქალაქებშიც - ბინები, აგარაკები, ამდენი ძვირად ღირებული მანქანა გყავთ, მაგრამ უცოლოდ ხართ.

- მოსწავლეობის მერე არც მყვარებია ვინმე. ბევრ ქალს მირიგებდნენ, ბევრსაც მე თავად დავადგი თვალი, მაგრამ, ეტყობა, ბედი არ იყო. ახლა შეთვალიერებული არავინ მყავს. საშუალო ასაკის ქალზე მინდა დაქორწინება, 30-35 წლის იყოს, რომ შვილი გამიჩინოს. არა აქვს მნიშვნელობა მის ქონებას, ღარიბი იყოს, უფრო დაუდებს ოჯახს გულს.

მარი ჯაფარიძე