საქართველო ფრანკო ძეფირელის შედევრს უმასპინძლებს - ექსკლუზივი
27-02-2017
საქართველო ფრანკო ძეფირელის შედევრს უმასპინძლებს - ექსკლუზივი
სტეპანო ტრესპიდი: "ვიცოდი, რომ საქართველოს ნაკრები სულ უგებს რუსეთს რაგბიში"

"იესო ნაზარეველი", "რომეო და ჯულიეტა", "ტრავიატა", "აიდა"... იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის ფრანკო ძეფირელის შემოქმედებით ბიოგრაფიაში არაერთი დიდებული სპექტაკლი თუ კინოფილმია. მან მრავალჯერ აღაფრთოვანა მაყურებელი. ამჟამად მაესტრო იშვიათად ტოვებს იტალიას, მისი სპექტაკლები კი მთელ მსოფლიოში ფრანკო ძეფირელის დამხმარე რეჟისორის სტეპანო ტრესპიდის ხელმძღვანელობით იდგმება.

4 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ძეფირელისეული "აიდას" პრემიერა გაიმართება.­ ფრანკო ძეფირელის დეკორაციები, კოსტიუმები, მსოფლიო დონის
ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები - თავი ზღაპარში მეგონა, როდესაც სტეპანო ტრესპიდისთან რეპეტიციაზე შემიძღვნენ. ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუ მოსწავლისა და მასწავლებლის პირველი შეხვედრის გახსენებით დაიწყო.

- მაესტრო ძეფირელი 1995 წელს გავიცანი, როცა ვერონის არენაზე "კარმენი"დადგა. იმ დღიდან ყველაფერი გავაკეთე, რომ მასთან მუშაობის საშუალება მომცემოდა. ვწერდი წერილებს,­ დავდიოდი
მის სპექტაკლებზე, ვურეკავდი, მოკლედ, არ ვასვენებდი... 5 წლის თავზე მოხალისედ ამიყვანა. ძეფირელისთან მუშაობა იმიტომ მინდოდა, რომ ის არის ყველაზე დიდი იტალიელი ხელოვანი, თეატრის და კინოს გენიალური რეჟისორი. მისი სატელევიზიო ფილმი "იესო ნაზარეველი" - საოცრებაა.

- მხოლოდ თეატრის გამო მოინდომეთ ძეფირელისთან მუშაობა, თუ...

- ასე მოხდა. კი მქონდა იმედი, რომ კინოს დარგშიც ბევრ რამეს შემასწავლიდა, მაგრამ მას შემდეგ მაესტროს მეტი ფილმი აღარ გადაუღია. ძეფირელის უნდოდა გადაეღო ფილმი ყველაზე დიდ ფლორენციელებზე - დანტეზე, პეტრარკაზე... სამწუხაროდ, იდეას ფრთები­ ვერ შეესხა.

- და დარჩით თეატრში, როგორც ძეფირელის მარჯვენა ხელი.

- დიახ, მარჯვენაც და მარცხენაც... ძეფირელიმ დიდი ნდობა გამომიცხადა და დღემდე ვერ გამიგია, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ამით უბედნიერესი ვარ.

- "აიდათი" მრავალი ქვეყანა შემოიარეთ. რა ნიშნით შეირჩა საქართველო?

- საქართველომ თავად აირჩია ძეფირელისეული "აიდა". სიამოვნებით ვიცხოვრებდი ამ ქვეყანაში. იტალიაში, პიზაში, გიორგი ანდღულაძემ მეფის პარტია იმღერა ამ სპექტაკლში და მაშინ გავიცანით ერთმანეთი. გიორგიმ მკითხა, - ხომ არ დაგვედგა ეს სპექტაკლი საქართველოშიო. თუნდაც ხვალვე-მეთქი. მეორე დღეს ვერა, მაგრამ მეორე წელს კი ჩამოვედი და ამწუთას რეპეტიციას გავდივარ ქართველ მსახიობებთან ერთად. უკვე ორი დღეა, აქ ვარ, ყველაფერი მომწონს, ყველაფერს სიხარულით ვაკეთებ. ბევრი თეატრის სცენაზე მიმუშავია. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უწინარესად მინდა გამოვარჩიო სილამაზით. აქაური გარემო ევროპული თეატრის შთაბეჭდილებას გიქმნის. პოსტსაბჭოთა თეატრებისგან განსხვავებით, სადაც მე მუშაობის საშუალება მქონია, აქ ოჯახური და თბილი გარემოა.

- ძეფირელისეულ "აიდას" აცოცხლებთ სცენაზე. ნუთუ არასდროს გაგჩენიათ სურვილი, რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ თქვენეული ცვლილება შეგეტანათ?

- მაესტრო ძეფირელის უსაზღვრო პატივს ვცემ. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მისი ნებისმიერი თეატრალური თუ კინონამუშევარი დროს გაუძლებს.­ ძეფირელის ხელოვნება მარადიულია. უკვე 22 წელია, ვერონის თეატრში ვმუშაობ, რომელიც 200 წლისაა და მასში არაფერი შეცვლილა. ყოველ შესვლაზე აღფრთოვანებული ვრჩები. ასეთივე გრძნობით ვურთიერთობ მაესტრო ძეფირელის ქმნი­ლებებთან.

- თურქმა ხელოვანებმა მოინდომეს, ცნობილი შოუ "ტროა" კონკრეტულად ტროაში ითამაშონ. არასდროს გიფიქრიათ, რომ "აიდა" პირამიდების ფონზე გაგეშალათ?

- მე მაქვს "აიდას" დადგმის ჩემეული, სრულიად განსხვავებული იდეა, რომელსაც ექსკლუზიურად თქვენ გაგაცნობთ. იხსნება ფარდა, ვართ სკოლის შიგნით, სადაც ძალიან ლამაზი პატარები ისტორიის მასწავლებელს უსმენენ. ის მათ ეგვიპტის ისტორიაზე ესაუბრება. მოსწავლე დგება, კუთხეში განმარტოვდება და გონებით ხედავს ყოველივეს, რასაც მასწავლებელი უამბობს. ამ დროს ფარდა იხურება და მაყურებელი ეგვიპტეში ხვდება, სადაც ყოველ მოქმედებაში ისტორიის სხვადასხვა პერიოდი ცოცხლდება. მე ამ იდეას აუცილებლად შევასხამ ფრთებს.

- რა იცოდით საქართველოს შესახებ?

- ვიცოდი, რომ დიდი წარსულის მართლმადიდებელი ქვეყანაა. ასევე ვიცოდი, რომ საქართველოს ნაკრები სულ უგებს რუსეთს რაგბიში. ისიც ვიცოდი, ქართველებს­ ლამაზი ქალები რომ გყავდათ, რაშიც ახლა თავად დავრწმუნდი. უამრავი გამოჩენილი მომღერალი გყავთ - მსოფლიოში ვმოგზაურობ და არაერთხელ მოვუხიბლავარ მათ შესრულებას. ბევრჯერ აღუნიშნავთ, რომ იტალიელები და ქართველები რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს. მე ვიტყოდი, რომ ეს ის სითბო, ტემპერამენტი და ემოციურობაა, რომელიც ჩვენ გვახასიათებს.

- რას ურჩევდით ქართველ მაყურებელს?

- ნუ მოიკლებს სიამოვნებას და აუცილებლად ნახოს ძეფირელისეული "აიდა", რადგანაც ეს შესანიშნავი სპექტაკლია.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები