რა ღირს ქართული ქორწილის ორგანიზება - კვირის პალიტრა

რა ღირს ქართული ქორწილის ორგანიზება

"ერთი ადამიანის მომსახურების ფასი 200 დოლარიდან 2 200 დოლარამდე მერყეობს. აქ იგულისხმება სუფრა, დეკორაცია, გართობა, პროგრამა"

ქორწილის ორგანიზება საქართველოში დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვას დიდი სასტუმროები თაობდნენ, ბაზარზე მომხმარებლის რაოდენობის ზრდასთან ერთად კი გაჩნდა კერძო კომპანიები, რომლებმაც ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება დაიწყეს. ასე გაჩნდა ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე მცირე ბიზნესის ახალი მიმართულება, რომელსაც დროთა განმავლობაში დაემატა ახალი ფუნქცია - ქორწილების გამართვა. ქართველები ამ დღის დღესასწაულად ქცევისთვის ათასობით ლარს არ იშურებენ, თუმცა ბოლო ათი წლის განმავლობაში შეიცვალა როგორც მოთხოვნა, ასევე - ფასები და ტენდენციებიც.

თინათინ ნიჟარაძე, ივენთმენეჯერი: - თავიდან ტრადიციულ, ქართულ ქორწილზე იყო მოთხოვნა, ამჟამად კი მოსწონთ ქორწილები ტენტის ქვეშ ზღვაზე, ხელის მოწერის ცერემონიალი ღია ცის ქვეშ... დიდი ყურადღება ექცევა დეკორაციას, შოუპროგრამას, სხვადასხვა გასართობ შოუს, ასევე სურთ სოციალურ მედიაში აქტიურად ჩართვა, დიდი მოთხოვნაა ინსტაგრამზე, გიფებზე, ვიდეოებზე. თანამედროვე მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს ადგილს, დაგეგმარებას, დიზაინს, მუსიკალურ პროგრამას, ფოტო-ვიდეოგადაღებას, დეკორაციას.

ყველაზე მოდური ქორწილის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დეკორს - ბევრი ყვავილი, სადღესასწაულო გარემო და განათება.

ამ ბოლო დროს ძალიან მოდურია სამდღიანი ქორწილები: პირველი დღე გაცნობითი ხასიათისაა, არასტანდარტულ და განსხვავებულ სივრცეში წყვილი და ოჯახის წევრები ქორწილის მომდევნო დღეების შესახებ იღებენ ინფორმაციას, მეორე დღეს არის ქორწილი და ვახშამი, მესამე დღეს კი - ტურები და ტრადიციული ქართული სუფრა. მომხმარებლები, ძირითადად, ის ქართველები არიან, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, მაგრამ აქ არ ცხოვრობენ. არიან კლიენტები კიევიდან, მოსკოვიდან; ბევრია უცხოელზე გათხოვილი ქართველიც. ისინი ახლობლებს, მეგობრებს აცნობენ საქართველოს და ძირითადად, სამდღიან ქორწილს გვიკვეთენ.

დღესდღეობით ყველას უნდა, ღია ცის ქვეშ გადაიხადოს ქორწილი, ამიტომ, ძირითადად, ზაფხულს არჩევენ. ცნობილ ადამიანებს სურთ, ინფორმაცია მათი ქორწილისა და ბიუჯეტის შესახებ, ასევე ფოტოები, კონფიდენციალური იყოს. ერთი ადამიანის მომსახურების ფასი 200-დან 2 200 დოლარამდე მერყეობს. აქ იგულისხმება სუფრა, დეკორაცია, გართობა, პროგრამა.

ხშირად გვიწევს წასვლა დუბაისა და ბაქოში. დუბაიში მოსწონთ დიდი დეკორაციები - ძირითადი ბიუჯეტი ამაში იხარჯება; სპეციალურად ქორწილისთვის ჩამოჰყავთ რუსი ესტრადის მომღერლები. ჩვენთან უპირატესობას სადა ფერებს ანიჭებენ, იქ, კი პირიქით, მკვეთრი ფერები მოსწონთ.

მოგვიმზადებია დაახლოებით 800 000 ან 900 000 დოლარად შეფასებული ქორწილი. ქართული სამომხმარებლო ბაზრისგან რადიკალურად განსხვავდება აზერბაიჯანის საქორწინო ტენდენციები. ბაქოში მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ყველა დეტალზე პროფესიონალები ზრუნავენ. რამდენიმე წელია, არქიტექტორ-დიზაინერი თამუნა ურუშაძე ბაქოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კომპანიაში მუშაობს, რომელიც ამ სფეროში ლიდერია.

- აზერბაიჯანული ბაზარი სრულიად განსხვავდება ქართული სამომხმარებლო ბაზრისგან. განმასხვავებელი ნიშანი არის კულტურა და ბიუჯეტი. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის მასშტაბური, გრანდიოზული დადგმა, სადაც ყველა დეტალი გათვალისწინებულია. ხდება მთლიანი სივრცის მოდელირება და გარდაქმნა ქორწილისთვის. რადგან ქორწილებს საშუალოდ 500 ადამიანისთვის იხდიან, ბიუჯეტიც მაღალია. პირველი და უცვლელი მოთხოვნა არის ტრადიციული ხაზი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული. კონსერვატიული მიდგომები აქვთ, რასაც ყოველთვის ვაკმაყოფილებთ; კლიენტის სურვილისამებრ, ჩამოგვყავს ცნობილი მომღერლები, ძირითადად, რუსული ესტრადის ვარსკვლავები, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

ნინო წიფურია