ქართველ პოლიტიკოსთა მეწაღე
27-02-2017
ქართველ პოლიტიკოსთა მეწაღე
როდესაც გიორგი ქარქაშაძეს ვკითხე, თქვენი შეკერილი ფეხსაცმელი ბიძინა ივანიშვილსაც თუ აქვს-მეთქი, მიპასუხა, ამაზე რა საჭიროა საუბარიო...

გიორგი ქარქაშაძის ყველა ნამუშევარს ქართული ასოებით აწერია - "დამზადებულია საქართველოში"


ივანე ჯავახიშვილი და ადოლფ ფონ ჰარნაკი წერდნენ, რომ გაქრისტიანებული სპარსელი მეწაღე ჯერ კიდევ VI საუკუნეში ჩამოსულა მცხეთაში და ამ უძველესი ხელობით ირჩენდა თავს. ეს სპარსელი ახალგაზრდა ევსტათი­ მცხეთელი გახლდათ. შემდეგ იყო ძველი თბილისი თავისი ყარაჩოხელებით, სამიკიტნოებით, ამქრით, ეთნიკური სომეხი მეწაღეებით, ჯერ ტყავის შავი ქალამნებით,
შემდეგ წითელი წკაპუნებით"და ბოლოს, "პირიმზეში" უხუცესი ოსტატების ნახელავი ნაირ-ნაირი ფეხსაცმელებით. მათ არაერთი შეგირდი ჰყოლიათ, რომლებმაც გააგრძელეს ოსტატების საქმიანობა... თბილისისთვის მეწაღე უცხო და იშვიათი არც ახლაა, ყველა უბანში რამდენიმე ეზოს ერთი მეწაღე მაინც ჰყავს.

ბევრი ხელობა დაიკარგა, რადგან მათი საჭიროება გაქრა, ბევრმაც თანამედროვე სახელები შეიძინა. დღეს
პარიკმახერს სტილისტს ეძახიან, მკერავს - დიზაინერს, მეყვავილეს - ფლორისტს, მჭედელს - იუვ­ელირს, მხოლოდ მეწაღე დარჩა მეწაღედ. ამ ხელობას დრომ ვერაფერი დააკლო, არ ცვდება ფეხსაცმლისგან განსხვავებით. დღეს ნებისმიერს აცვია ამ ოსტატების დახმარებით თანამედროვე და ძვირად ღირებული ფეხსაცმლის ანალოგები.

გიორგი ქარქაშაძემ ეს ხელობა 15 წლის ასაკში მშობლიურ ტყიბულში გამოცდილი მეწაღისგან ისწავლა. თბილისში ახალი ცხოვრების დასაწყებად ჩამოსულმა ფეხსაცმლის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა... მერე რვა წლით ხელსაქმე სტიქარმა ჩაანაცვლა.
ვისთვის შეგიკერავს ფეხსაცმელი-მეთქი. გაეღიმა და ჩამოთვალა: მერაბ სეფაშვილი, ნინო ქათამაძე, ირაკლი ტრიპოლსკი... ამბობენ, შენი შეკერილი ფეხსაცმელი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც აქვსო. ამაზე რა საჭიროა საუბარიო. მოკლედ, კითხვა უპასუხოდ დატოვა... მის ყველა ნამუშევარს ქართული ასოებით აწერია - "დამზადებულია საქართველოში".

გიორგი ქარქაშაძე, მეწაღე: -
36 წლის ვარ, 15 წლის ვიყავი, თერჯოლელი მეწაღე, კაკული რობაქიძე, ტყიბულში რომ ჩამოვიდა. მან მიმიღო შეგირდად. ყველაფერი მასწავლა. შემდეგ სწავლა ფეხსაცმლის ფაბრიკის ტექნიკუმში გავაგრძელე, იქიდან ფაბრიკაში მოვხვდი, მოგვიანებით დიზაინერ თათა ვარდანაშვილთან დავიწყე მუშაობა, მერე ანუკა ქებურიას სახელოსნოში. შემთხვევით გავიცანი მამა მიქაელი, მისი გავლენით ეკლესიაში წავედი და ჩემს საქმიანობასაც ჩამოვშორდი. შემდეგ მოვხვდი საეკლესიო სახელოსნოში, სადაც ამზადებდნენ საეკლესიო ნივთების შესანახ ტყავის ჩანთებს. დავიწყე ჩანთების, ქარქაშების, მედლის ჩასადები კოლოფების, მიტრას და სხვა უამრავი ნივთის კერვა. ცოტა ხნის შემდეგ სტიქარითაც შევიმოსე. დღეს ოჯახი მყავს, სამსახური მაქვს და ვეღარ შევძელი სტიქაროსნობა უდროობის გამო. უკვე 15 წელია, რაც ჩემივე დიზაინით ფეხსაცმელებს­ ვკერავ. ჩვენი მორაგბეების პატივსაცემად ამჟამად რაგბის ბურთის ფორმის ჩანთებს ვკერავ. სამუშაო ფართობი ნაქირავები მაქვს, ბაზარზე უამრავი ფეხსაცმლის დიზაინერი მუშაობს, თუმცა შეკვეთების სიმრავლეს ცნობადობა განაპირობებს. მე ჩემი ერთგული და მუდმივი კლიენტურა მყავს.

25 წლის ვიყავი, როცა მერაბ სეფაშვილს ფეხსაცმელი შევუკერე. მას მხოლოდ ეკრანიდან ვიცნობდი. ძალიან მოეწონა და აღნიშნა, პატარა ბიჭმა შემიკერაო. ეს დიდი ქათინაური და მოტივაცია იყო ჩემთვის. შემდეგი ცნობილი კლიენტი გახლდათ ლუიზა ასათიანი, მაკა ასათიანის დედა. ზამშის შუზი შევუკერე. მერე ძალიან ბევრ ცნობილ ქალბატონს შევუკერე: მარიკა ვერულაშვილს, ნინო ქათამაძეს, ანანო მჟავიას.
მღვდელმთავრებს ვუკერავ ჩანთებს, მეუფე სვიმონისთვის კი ფეხსაცმელი მაქვს შეკერილი. შსს და პარლამენტი მიკვეთენ ხოლმე ქართული ღვინის ბოთლებისათვის სასაჩუქრე ბუდეებს. ბოლოს აი, ეს "ტიმბერლენდი" ირაკლი ტრიპოლსკის შევუკერე. მოდელი თვითონ მომიტანა - რამდენიმე წლის წინ 1 000 ლარი მიუცია და ზუსტად იმის ანალოგი უნდოდა. ჩემი შეკერილი ფეხსაცმლით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

ჩვენს პრემიერს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს ჩემი გაკეთებული ღვინის ბოთლის ჩასადები ვაჩუქე, არ მართმევდა, მაგრამ ბოლოს უარი ვერ მითხრა საჩუქარზე. ბატონ დავით ნარმანიასაც აქვს ასეთივე ყუთი.
ვოცნებობ შევქმნა სხვადასხვა დანიშნულების ტყავის ყუთები და ეს წარმოება გაიზარდოს, რათა შევძლო შშმ პირების დასაქმება. ეს დიდი საქმე იქნება.

ჩემს სახელოსნოში ყველაზე იაფი ფეხსაცმელი - 170 ლარი ჯდება, ყველაზე ძვირი - 600 ლარი. სოციალურ ქსელში ვდებ ნამუშევრებს და მყიდველიც არ აყოვნებს... სასიამოვნოა, როცა მადლობის წერილებს ვიღებ და ჩემი ნამუშევრით დამკვეთს სიამოვნებას ვანიჭებ.
გული მიკვდება, ქუჩაში მოწყალების მთხოვნელ პატარებს რომ ვხედავ. ბევრი მათგანისთვის შემითავაზებია, უსასყიდლოდ გასწავლით ხელობას, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლოთ-მეთქი. სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი არ მოსულა, მხოლოდ ფულს ითხოვდნენ.
რაიონიდან ჩამოსულისთვის მარტივი არაა დედაქალაქში თავის დამკვიდრება. იმის გამო, რომ საცხოვრებლის დაქირავების ფუფუნება არ მქონდა, საამქროშიც მიცხოვრია. არავინ მყოლია გზის გამკვალავი, მხოლოდ ჩემი ხელობა წამოვიღე ტყიბ­ულიდან, ამ ხელობით შევძელი ფეხზე დადგომა...

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა