"ბავშვები კილომეტრებს გადიან, რომ სავარჯიშოდ მოვიდნენ" - კვირის პალიტრა

"ბავშვები კილომეტრებს გადიან, რომ სავარჯიშოდ მოვიდნენ"

"მობილურ ჯგუფში ვარ და საზღვარზე ყოფნა ოთხ დღეში ერთხელ მიწევს, დანარჩენ დღეებს ბავშვებთან ვატარებ"

ბარისახოში ბავშვებს რომ ვუყურებდი, გული მტკიოდა, ფაქტობრივად, თაობა იკარგებოდა და სასწრაფო ზომების მიღება იყო საჭირო. აქ მართლა საოცრად ძლიერი და ჯანმრთელი ბავშვები არიან, არაფრით იყვნენ დაკავებულნი და მინდოდა, მათ ფიზიკურ განვითარებაში წვლილი შემეტანა

ხევსურეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ერთი სპორტსმენი, დავით ქერაული მსახურობს. "მესაზღვრეობა ღირსეული, საპატიო, დიდად საპასუხისმგებლო და საამაყოა და ამიტომაც ავირჩიე ეს პროფესია. ბუნება, სამსახური და სპორტი ერთად სრული ჰარმონიაა ჩემთვის", - ამბობს დათო. პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულების გარდა, ის ჯანსაღ თაობასაც ზრდის - ბარისახოს ძიუდოს წრეში უფასოდ ამეცადინებს სპორტის მოყვარულ 25 მოზარდს და მათზე დიდ იმედს ამყარებს.

დავით ქერაული: - დუშეთის რაიონში, ჟინვალში გავიზარდე. ძიუდოში ვარჯიში პატარაობიდან დავიწყე. შემდეგ თბილისში გადავედი - სპორტული კარიერა უნდა გამეგრძელებინა. 2006 წელს დავამთავრე სპორტის აკადემიაც და არცთუ ურიგო სპორტსმენი დავდექი.

25 წლის ბარისახოში მესაზღვრე ვიყავი. სპორტისთვისაც არ მინდოდა თავის დანებება და მწვრთნელობას მივყავი ხელი - ბავშვებს ვავარჯიშებ ძიუდოში. თავდაპირველად ჟინვალში ჩამოვაყალიბე ძიუდოს წრე - იქ 50-მდე ბავშვი მყავს, შემდეგ კი ბარისახოშიც, სადაც ერთი წელია, რაც 25 მოზარდი ძიუდოს სწავლობს. მობილურ ჯგუფში ვარ და საზღვარზე ყოფნა ოთხ დღეში ერთხელ მიწევს, დანარჩენ დღეებს ბავშვებთან ვატარებ.

ბარისახოში ბავშვებს რომ ვუყურებდი, გული მტკიოდა, ფაქტობრივად, თაობა იკარგებოდა და სასწრაფო ზომების მიღება იყო საჭირო. აქ მართლა საოცრად ძლიერი და ჯანმრთელი ბავშვები არიან, არაფრით იყვნენ დაკავებულნი და მინდოდა, მათ ფიზიკურ განვითარებაში წვლილი შემეტანა.

მაშინვე დავიწყე დარბაზის მოძიება. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის, დუშეთის რაიონის სპორტული სკოლის დირექტორ ლევან შერმადინისა და აქაურების დახმარებით პრობლემაც გადაიჭრა - ამოვედით ბარისახოში, ვნახეთ დარბაზი, რომელიც დავით ქევხიშვილმა გაგვირემონტა, მოგვცა ტატამი, საჭირო ინვენტარი, კიმონოები და როგორც კი ყველაფერი მოწესრიგდა, შევკრიბეთ ბავშვები.

ჟინვალში ძლიერი და წარმატებული გუნდი მყავს, არიან საქართველოს ჩემპიონები, საერთაშორისო ტურნირების მონაწილენი და გამარჯვებულები. მათზე დიდ იმედებს ვამყარებ. მინდა, ბარისახოელებმაც არ დაუდონ მათ ტოლი და ფშავ-ხევსურეთს კარგი სპორტსმენები გავუზარდო - ეს ყველა მწვრთნელის ოცნებაა.

ჩემი საქმიანობის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. დიდი სიამოვნებაა ბავშვებთან ურთიერთობა და მუშაობა. სამწუხაროდ, ეს ერთადერთი წრეა, რომელშიც ბარისახოელი ბავშვები არიან ჩართულნი, ჭიდაობის დარბაზის გახსნა მათთვის დიდი ზეიმი იყო. ხალხს ეკონომიკურად ძალიან უჭირს, ტრანსპორტირებაც არ არის იოლი, ზოგიერთი ძალიან შორიდან - ფშავიდან დადის, რომ სავარჯიშოდ მოვიდეს.

მართლა კარგი თაობაა. ასე ვთქვათ, მათ სულზე მოვუსწარით. აქვე, სკოლაში, ცეკვის წრეც იყო, მაგრამ დაიხურა - ქორეოგრაფი წავიდა. ბავშვებს უნდათ და სჭირდებათ სულიერი საზრდო და სრულყოფილი განათლება. მშობლებს არა აქვთ იმის საშუალება, ბავშვები ატარონ მუსიკაზე, ხატვაზე თუ ცეკვა-სიმღერაზე, საამისოდ არც კადრია და არც პირობები. გზაც მისახედია, 50 კმ-ის გავლას 2 საათი ვუნდები.

რატომ ავირჩიე მესაზღვრეობა? მესაზღვრეობა ღირსეული, საპატიო და საამაყო პროფესიაა. დიდად საპასუხისმგებლოა შენი ქვეყნის საზღვრის დაცვა. ბუნება, მთები, გარემო, სამსახური და სპორტი კი ერთად სრული ჰარმონიაა ჩემთვის.

10 წლის ანანო ჭინჭარაული ერთადერთი გოგონაა ბარისახოში, რომელიც დათო ქერაულის ჭიდაობის წრეში ვარჯიშობს.

- კვირაში ორჯერ სამსაათ-ნახევარი ტატამზე ვართ. მერე რა, რომ ბიჭური სპორტია, მაინც მომწონს. დათო ძალიან კარგი მასწავლებელია, საინტერესო ამბებსაც გვიყვება, ძალიან მეგობრულია. კიმონოებიც დაგვირიგეს, ჩემი კიმონო ლურჯია. სავარჯიშო დარბაზი პანსიონის შენობაშია. ილეთები ვისწავლე და ბიჭებს ვეჭიდავები, ყველაზე მეტად კისრული მომწონს. ვინ იცის, იქნებ ჭიდაობასაც გავყვე.

ნანა ფიცხელაური