"ნიკუს დაბადების დღეზე და ორ-ორ საჩუქარს ვჩუქნიდი - ერთს ჩემგან, მეორეს - მამის სახელზე, რადგან არ ეგრძნო, რომ მამამ მიატოვა" - კვირის პალიტრა

"ნიკუს დაბადების დღეზე და ორ-ორ საჩუქარს ვჩუქნიდი - ერთს ჩემგან, მეორეს - მამის სახელზე, რადგან არ ეგრძნო, რომ მამამ მიატოვა"

"ფეისბუკში" თვალი მომჭრა მეგობრის გაზიარებულმა პოსტმა - გოგონა მეტყველი თვალებით სოციუმის წნეხსა და თავის ცხოვრებაზე ჰყვებოდა. პოსტს მივყევი. ასე მოვხვდი სოციალური პროექტის გვერდზე სახელად "ქალები საქართველოდან", რომელიც 150-მდე ქალის ისტორიას აერთიანებს. მინდა რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ, ქალები განსხვავებული ისტორიებით, ასაკით, შეხედულებებით, რომელთაც ერთი რამ აქვთ საერთო - წინსვლის სურვილი.

დაარღვიე სტერეოტიპი!

19 წლის შალალა ამირჯანოვა მარნეულში ცხოვრობს. 19 წლისამ თემში საყოველთაოდ მიღებული ნორმები დაარღვია, სკოლა დაამთავრა, ილიაუნში ჩააბარა მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე და ამერიკაშიც გაემგზავრა სასწავლო პროგრამით. ნათესავების კითხვას: "როდის თხოვდები?", უპასუხოდ ტოვებს. გოგონა, რომლის სახელიც აზერბაიჯანულ ენაზე "ჩანჩქერს" ნიშნავს, ბევრ თანატოლს მაგალითს აძლევს, რომ დაარღვიონ სტერეოტიპი.

შალალა ამირჯანოვა: "სკოლაში კარგად ვსწავლობდი და დედაც გამუდმებით მიმეორებდა, უნდა ისწავლოო. რომ არა ოჯახის თანადგომა, ამის გაკეთება გამიჭირდებოდა. ახალგაზრდული ცენტრის ეგიდით აქციებს ვატარებდით და ხალხს მოვუწოდებდით: "არა ადრეულ ქორწინებას", "არ გაათხოვოთ გოგო"... როცა ასეთი შინაარსის ბანერებით იმ მაღაზიის წინ ჩავივლიდით, სადაც დედაჩემი მუშაობს, დედაჩემს საყვედურობდნენ, შენი შვილი ამ აქციაში რატომ მონაწილეობსო. მერე ოჯახის წევრები მთხოვდნენ, იქნებ არ გამოჩნდეო, მაგრამ არ დავნებდი... ბევრი მშობელი აიძულებს გოგოს გათხოვებას. ჩემი კლასიდან ერთადერთი ვარ, რომელიც გათხოვილი არ არის. თანატოლებს ვეუბნები, რომ განათლება ყველაზე კარგი გამოსავალია. ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში მე-11 კლასში არც ერთი გოგონა არ არის, მე-12-ში მხოლოდ ერთია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ტრადიციისა, არიან ისეთებიც, ვინც არ თხოვდება, უმაღლეს განათლებას იღებს, რაც მეტი განათლებული ადამიანი გვეყოლება, რეგიონიც წინ წავა".

"მე ვარ შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი"

20 წლის ხატია გოგალაძე ერთადერთი გოგონა იუნკერია.

ხატია გოგალაძე: "სკოლაში სწავლისას აკადემიაში ექსკურსიაზე წაგვიყვანეს. ძალიან მომეწონა იქაურობა, შემდეგ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, დამერწმუნებინა ყველა, რომ ეს წამიერი გატაცება არ იყო. შეიარაღებულ ძალებში არიან ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ ჩემს არჩევანს, და არიან ისეთებიც, რომლებიც კონკურენტს ხედავენ. მეუბნებიან, გოგო ხარ და ცოდო ხარ აქ ყოფნისთვისო. ქალისთვის რთულია სამხედრო საქმე და მეც სწორედ ამიტომ მომწონს. როდესაც ქალი სამხედრო ფორმას იცვამს, დიდ პასუხისმგებლობას იღებს და მეტი ბრძოლა უწევს, რათა ყველას დაანახოს, რომ იმსახურებს მამაკაცების გვერდით დგომას. მე ვარ შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, მე ვარ იუნკერი და უფრო მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველაფერს. ვურჩევდი ქალებს, რაც უყვართ, ის აკეთონ.

"თუ ქალს რწმენა აქვს, არ ჩავარდება სასოწარკვეთაში"

"33 წლის ვიყავი, რომ დავფეხმძიმდი. ორსულობის 32-ე კვირაზე ჩემმა მეანმა კატეგორიულად მოითხოვა ორსულობის შეწყვეტა, რადგან ბავშვი ჯანმრთელი არ იქნებოდა. ქმრის ოჯახმაც მითხრა, თუ ბავშვს არ მოვიშორებდი, ჩემს ჯანმრთელობას შეექმნებოდა საფრთხე. ჩავალაგე ბარგი და მშობლების სახლში წამოვედი, ჩავთვალე, რომ სიტუაციის განსამუხტად ჯობდა დროებით გავცლოდი იქაურობას. მას მერე ნიკუს მამა აღარ გვინახავს. 5 წლამდე ნიკუს დაბადების დღეზე და ახალ წელს ორ-ორ საჩუქარს ვჩუქნიდი - ერთს ჩემგან, მეორეს - მამის სახელზე, რადგან არ ეგრძნო, რომ მამამ მიატოვა. მერე გაიზარდა და ყველაფერს თავისი სახელი თვითონვე დაარქვა", - ასე იწყება ქეთი ოქიტაშვილის, მარტოხელა დედის ისტორია.

ნიკუ ზურგის ტვინის თიაქრით დაიბადა. ქეთის დედა ქალიშვილსა და შვილიშვილზე დარდს გადაჰყვა და ქალი მარტო დარჩა ბავშვთან ერთად.

ქეთი ოქიტაშვილი: "დედა 2 წელი მეხმარებოდა, შემდეგ გარდაიცვალა და დავრჩით მარტო მე და ნიკუ. შენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. თუ ქალს რწმენა აქვს, არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდება სასოწარკვეთაში, მთავარია, სჯეროდეს და მიზანი ჰქონდეს, რომ რაც სურს, აუცილებლად გამოუვა. ახლა ნიკუ 13 წლისაა. ქვედა კიდურებზე მცირედი შეფერხება აქვს. ძალიან ბევრს ვაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი, რომ ოცნება - მოგზაურობა - ავუსრულო. ის უკვე 22 ქვეყანაშია ნამყოფი, ექსკურსიის მარშრუტებსაც თვითონ ადგენს".

ნინო წიფურია