"ფულიან მამაკაცებზე არასოდეს მინადირია" - კვირის პალიტრა

"ფულიან მამაკაცებზე არასოდეს მინადირია"

"ცხვირის ოპერაცია რომ გავიკეთო, ძველი ნუკი კი არა, ქერათმიანი ბარბი ვიქნები"

"მირჩევნია, საკუთარ შეცდომებზე ვისწავლო, ვიდრე სხვისაზე. არასოდეს არავისთან მიჩხუბია, ვერ ვიტან გაწევ-გამოწევასა და აყალმაყალს, მაგრამ მირჩევნია, ქუჩაში გამაჩერონ და საქვეყნოდ გამლანძღონ, ვიდრე ზურგს უკან გამჭორონ", - ასე დაგვიხასიათა საკუთარი თავი გადაცემა "იმედის დილის" წამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა.

ის ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ, როგორც ამბობს, თაყვანისმცემელი არ ჰყავს და არც შეყვარებულია, თუმცა თავის წარსულსა და არშემდგარ რომანზე გულახდილად გვესაუბრა.

- იღბლიანი ვარ. იმასაც, რაც დღეს მაქვს, იღბალს ვუმადლი. საქართველოში ჩემზე ნიჭიერი და ლამაზი გოგონები არიან, მაგრამ ფართო ასპარეზზე გამოსვლას ვერ ახერხებენ, მე კი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე კინოსა და ტელევიზიაში ამოვყოფდი თავს.

- შენ მონაწილეობდი "მის საქართველო 2010"-ში. გამარჯვების იმედი გქონდა?

- ამ კონკურსში შემთხვევით მოვხვდი, თორემ თავს სულაც არ მივიჩნევ ლამაზად.

- რატომ?

- არ ვიცი. ალბათ, ამდენი ხანია ჩემს თავს რომ ვუყურებ, მომბეზრდა ჩემი ჰაბიტუსი (იცინის). მიმაჩნია, რომ გარეგნობაში განსაკუთრებული არაფერი მაქვს.

- არადა, ჩემ გარშემო ძალიან ბევრს მოსწონხარ...

- (იცინის) შენს ახლობლებს უთხარი, ნუკი კოშკელიშვილს ძალიან დიდი ცხვირი და დაღრეცილი ტუჩები აქვს-თქო...

- ყოველთვის ასეთი თვითკრიტიკული ხარ?

- რა თქმა უნდა.

KvirisPalitra.Ge- თუ ასეა, "მის საქართველოში" რატომ მონაწილეობდი?

- უბრალოდ, მონაწილეობის ჟინი გამიჩნდა, თუმცა ისიც კარგად ვიცოდი, რომ ამ კონკურსისთვის ჩემი სიმაღლეც კი არ იყო საკმარისი - სულ რაღაც 172 სმ ვარ. როდესაც გოგონას სილამაზის კონკურსში გამარჯვებაზე აქვს პრეტენზია, უფრო მომხიბლავი უნდა იყოს, ვიდრე მე ვარ. მაგრამ ჟინმა თავისი გაიტანა. ვიცოდი, რომ უამრავ საინტერესო ადამიანს გავიცნობდი და ბევრ საინტერესო ადგილზე მოვხვდებოდი.

KvirisPalitra.Ge- იმხანად ჭორაობდნენ, რომ "ზარაფხანის" ხელმძღვანელს მოსწონდი და სწორედ მისი მოთხოვნით გახვედი "მის საქართველოზე". ვითომ კონკურსისთვის გვირგვინიც სწორედ შენ გამო დაამზადა...

- ოოო, რა აბსურდია! მგონი, მართლაც "ზარაფხანამ" დაამზადა ამ კონკურსისთვის დიადემა, მის დირექტორზე მხოლოდ ის ვიცი, რომ გვარად ნაყოფიაა, ჩემზე გაცილებით უფროსი და ცოლიანია, ხოლო მისმა შვილმა ცოლად შარშანდელი "მის საქართველო" ხათუნა სხირტლაძე შეირთო. "მის საქართველოზე" კი ია კიწმარიშვილის წყალობით მოვხვდი. "კოსმოპოლიტენის" ჩვენებაზე ვიყავი დედასთან ერთად და ია იქ გავიცანი. ვთხოვე, შეიძლება "მის საქართველოში" მონაწილეობა მივიღო-მეთქი? იამ მიპასუხა, წონა დაიკელი და ვნახოთო. მივედი, გავიარე კასტინგი და ოცეულშიც მოვხვდი. მართალია, "მის საქართველო" ვერ გავხდი, მაგრამ ორ ნომინაციაში - "მის ტელეგენურობასა" და "მის ინტელექტში" გავიმარჯვე.

- "მის ინტელექტში"? წიგნებთან როგორ ხარ, ან უნივერსიტეტში როგორ სწავლობ?

- ძალიან მინდა, ნაკითხი ვიყო. მსოფლიო კლასიკის 200-ტომეულის ნახევარი წავიკითხე, უნივერსიტეტში კი ტელევიზიის შემდეგ გავრბივარ და კარგად ვსწავლობ.

- იმასაც ამბობენ, ნუკი კოშკელიშვილი ფულიან მამაკაცებზე ნადირობსო...

- ვერ ვიტყვი, რომ ნადირობის აზარტი არ მაქვს, მაგრამ ფულიან მამაკაცებზე არასოდეს მინადირია. არ შემიძლია გრძნობებზე თამაში. თუ მამაკაცთან ურთიერთობას დავიჭერ, მის მიმართ მეც გამიჩნდება გრძნობა. ფულის გამო მამაკაცთან არასოდეს ვყოფილვარ. თუნდაც ჩემი შეყვარებულებისა და იმ ბიჭების სიას გადახედეთ, რომლებთანაც რაღაც ურთიერთობა მქონია - არც ერთი მათგანი შეძლებული ოჯახიდან არ ყოფილა. ეს არც კარგია და არც ცუდი. მთავარია, მამაკაცს ინტელექტი ჰქონდეს და ჩემზე ჭკვიანი იყოს. მინდა, მისგან ყოველთვის რაღაცას ვსწავლობდე.

არაერთხელ აღმოვჩენილვარ ასეთ სიტუაციაში: მომწონებია ბიჭი, ერთი თვე მისთვის გარშემო მივლია, თვალიც ჩამიკრავს და ორაზროვნადაც გადამიხედავს, მაგრამ, როცა გამიცნია და დავლაპარაკებივარ, მივმხვდარვარ, ამას ის სჯობს, მათემატიკაში საკონტროლოს რომ მაწერინებდა-მეთქი. სულელი ბიჭი საშინელებაა. სჯობს, მამაკაცს ფული არ ჰქონდეს, ხელი ან ფეხი აკლდეს, მაგრამ ჭკვიანი და განათლებული იყოს.

- რამდენჯერ იყავი შეყვარებული?

- ორჯერ. პირველად 10 წლისას შემიყვარდა და რამდენიმე წელი მიყვარდა. რაც მთავარია, ცოცხალი თავით არ ვუმხელდი გრძნობას. მასაც ვუყვარდი და არც ის მიმხელდა. ასე "ვიტანჯებოდით" და ერთმანეთთან მეგობრების საშუალებით გვქონდა კონტაქტი. მეორედ 15 წლისას შემიყვარდა და ერთმანეთს ერთი წლის წინ დავშორდით.

- რატომ დაშორდით?

- საზღვარგარეთ წავიდა, ასე რომ, განშორებამ მოგვიწია... დღემდე კარგი მეგობრები ვართ და ერთმანეთზე არ ვბრაზობთ.

- რომ დაბრუნდეს, თქვენი რომანი გაგრძელდება?

- საქმეც ის არის, რომ ვერ ჩამოვა. მოდი, თავი დავანებოთ ამ თემაზე საუბარს... თუმცა ხშირად მიფიქრია, რატომ არ გავყევი-მეთქი, მაგრამ... გადამიარა. მთავარია, თავი ხელში აიყვანო, ნერვებს არ აჰყვე და ყველაფერი რიგზე იქნება.

- ახლა უამრავი თაყვანისმცემელი გეყოლება...

- თქვენ წარმოიდგინეთ, საერთოდ არ მყავს. ვიღაცას ჩემი ტელეფონის ნომრის გაგება და ჩემთან ბღლარძუნი რომ უნდა, იმას თაყვანისმცემელს არ ვეძახი; თაიგულებს რომ მიგზავნიდეს და სერენადებს მიმღეროდეს, ასეთი არავინ მყავს.

- "იმედის დილის" სარეკლამო რგოლში შენ და ქრისტინე იმედაძეს ფული გადაგიხადეს?

- არ მახსოვს.

- ამ სარეკლამო კლიპში ნახევრად შიშვლები ხართ. მშობლებმა ხომ არ გისაყვედურეს?

- ცუდი არაფერი უთქვამთ. ან რა არის ამ კლიპში ცუდი? რეჟისორ ბესო სოლომონაშვილს თავიდანვე ვკითხე, კლიპში რაიმე უხამსობა ხომ არ იქნება-მეთქი - რა თქმა უნდა, არაო. ვენდე და გაამართლა კიდეც ჩემი ნდობა. ეს ვიდეორგოლი ისეთი დახვეწილია, რომ, ხმამაღლა ვიტყვი, საქართველოში ასეთი კლიპი დღემდე არავის გაუკეთებია. კადრებში მამაკაცი რომ გამოჩენილიყო, შესაძლოა, სექსთან გაგვეიგივებინა, მაგრამ აქ სიშიშვლეს ესთეტიკური დატვირთვა აქვს და თუ ეს ვინმეს ცუდად ესმის, მისი უცოდინარობის ბრალია.

- ვიცი, რომ ამ კლიპის გადაღებაში შალვა რამიშვილიც მონაწილეობდა და ისიც მსმენია, რომ როგორც ქალი, ძალიან მოსწონსო...

- მართლა მოვწონვარ? ძალიან სასიამოვნოა (იცინის). გადაღებისას მხოლოდ ბესოსთან მქონდა ურთიერთობა, ასე რომ...

- მსახიობობა არ გსურს?

- ძალიან მინდა, ფილმში გადამიღონ. მინდა, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარო. გიჟის როლის თამაშზე ვოცნებობ. გარდა ამისა, "რომეო და ჯულიეტაში" მერკუციოს როლის თამაში მინდა. საოცარი პერსონაჟია. მას ნამდვილად უყვარდა ჯულიეტა, რომეოს კი მხოლოდ მოსწონდა... რომეო ჩემს თვალში ლაჩარია.

- გარეგნობაში თუ აპირებ კორექტივის შეტანას?

- გამიხარდებოდა, პატარა და პაჭუა ცხვირი რომ მქონოდა, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ჩემი ნაჯახივით ცხვირი იმიტომ, რომ ჩემია. ცხვირის ოპერაცია რომ გავიკეთო, ძველი ნუკი კი არა, ქერათმიანი ბარბი ვიქნები... ჩემს გარეგნობაში ხელოვნური მხოლოდ დაგრძელებული თმაა.

ნინო მაისურაძე

”ყველა სიახლე” #17