"სანამ "ჯიბეზე" არ დაგვეტყობა, კანონს არ ვიცავთ" - კვირის პალიტრა

"სანამ "ჯიბეზე" არ დაგვეტყობა, კანონს არ ვიცავთ"

იცოდით, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართველი ავტომფლობელების ნაწილმა თვითნებურად მიამაგრა ავტომანქანებზე ქართულენოვანი ნომრები, ან რა შუაშია კონსტანტინე გამსახურდია "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონთან"? საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი რობერტ იანტბელიძე საბჭოთა დროს ჯერ თბილისის, შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო ავტოინსპექციის აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც იმავე სფეროში განაგრძო მუშაობა. ასე რომ, თანამედროვე ქართული ავტოტრანსპორტის პრობლემების გარდა, ძველ ამბებზეც ველაპარაკეთ:

- ვისი იდეა იყო რუსულენოვანი სანომრე ნიშნების ქართულით ჩანაცვლება?

- ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი დარწმუნებული იყო, რომ ქართულწარწერიანი სანომრე ნიშნები დამოუკიდებლობის გამომხატველი ერთ-ერთი ნიშანი იქნებოდა. მათი გადარწმუნება ძნელი იყო - მაშინდელ ლიდერებთან დაპირისპირება ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგობად, რუსეთუმეობად აღიქმებოდა. ამიტომ ვუთხარი, თქვენს მოსაზრებას სახელმწიფო ავტოინსპექციის ხელმძღვანელობას გავაცნობ და პასუხს მოგვიანებით მოგახსენებთ-მეთქი... საბოლოოდ, მათაც გააცნობიერეს, რომ ეს უპერსპექტივო წამოწყება იყო და პრობლემებს გამოიწვევდა - ქართულენოვანი ნომრის მქონე ავტომანქანა საზღვარს როგორ გადაკვეთდა? მაგრამ სანამ სანქციები გამკაცრდებოდა, ერთი წლის განმავლობაში ბევრ ავტომანქანას ჰქონდა ქართულენოვანი ნომერი. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ რეგიონებში მცხოვრები მძღოლები, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ ეროვნული ერთსულოვნების გამოხატვას - უნებართვოდ, კუსტარულად ამზადებდნენ ნომერს, მიამაგრებდნენ ავტომანქანაზე და...

ერთი ხელის მოსმით აგვიკრძალეს ტაქსებისა და მიკროავტობუსების ყოველდღიური შემოწმება. ტაქსოპარკიდან გასვლის წინ ყოველ დილით ტექნიკურად უნდა შემოწმებულიყო ავტომანქანები და ამის დამადასტურებელი საბუთიც გაცემულიყო... ტაქსოპარკები მალევე განადგურდა, რადგან მანქანების უმეტესობა ხელისუფლების რეგიონულ ოფისებს დაუნაწილეს - ტაქსის ნიშანს წაშლიდნენ, მიამაგრებდნენ ქართულ ნომერს და იყენებდნენ...

- კანონმდებლობაში რა შეიცვალა?

- ბევრი არაფერი. უმეტესად დღემდე ფეხდაფეხ მივყვებით რუსეთს... 1991 წელს პარლამენტმა ახალი დასახელებით მიიღო კანონი "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ", თუმცა ტერმინოლოგიის გაქართულებაზე მუშაობა კარგა ხნით ადრე დავიწყეთ. კონსულტაცია გავიარე დარგის ცნობილ წარმომადგენლებთან და მოგვიანებით კანონშიც აისახა მათი ინიციატივები. მაგალითად მოიყვანეს კონსტანტინე გამსახურდიას ფრაზა: "მხედარი ჩამოქვეითდა". გადავწყვიტეთ, საგზაო მოძრაობის წესებში გამოყენებული "ფეხით მოსიარულის" ნაცვლად, კონსტანტინეს დავსესხებოდით და წესებში ჩაგვეწერა "ქვეითი". "მოწესრიგებული" და "მოუწესრიგებელი გზაჯვარედინის" მაგივრად, ვიყენებთ "რეგულირებულ" და "არარეგულირებულ გზაჯვარედინს" და ა.შ.

- 1991 წელს ჩაწერილ ინტერვიუში ამბობდით, მძღოლების კულტურაა შესაცვლელიო. 26 წელიწადი გავიდა, მაგრამ ეს პრობლემა დღეს გაცილებით მწვავეა...

- მაშინაც ვამტკიცებდით, რომ სანქციების გამკაცრება აუცილებელი იყო, თუმცა სახელმწიფო ლოიალურად - პროპაგანდით, რეიდებით, ოჯახის წევრების დასჯით ცდილობდა შედეგის მიღწევას, მაგრამ არაფერმა იმუშავა. ჩვენ არა ვართ კანონმორჩილი ხალხი, სანამ ჯიბეზე არ დაგვეტყობა, კანონს არ ვიცავთ. უსაფრთხოების ღვედის მაგალითი ავიღოთ: ღვედის გამოყენება 1975 წლიდან გვევალებოდა, მაგრამ სანამ მასობრივად არ დაიწყეს დაჯარიმება, გინახავთ, ვინმეს გაეკეთებინოს?

- გამოდის, ქართველი მძღოლებისთვის მხოლოდ "შიში შეიქმს სიყვარულსა"?

- მძღოლების უმეტესობას მხოლოდ ჯარიმის შიში თუ აიძულებს წესის დაცვას. სამწუხაროდ, ჩვენ, როგორც საგზაო მოძრაობის მონაწილეები, ძალიან უკულტურო ხალხი ვართ. მოძრაობის წესების დარღვევას რომ თავი დავანებოთ, თუ კანონი არ არეგულირებს, ჩვენით ვერ უნდა მივხვდეთ, რომ ავტომანქანიდან ნაგავი არ უნდა გადმოვყაროთ?

წლების წინ თბილისის ავტოინსპექციის მუშაობის გასაცნობად ესტონური გაზეთ "ვეჩერნი ტალინის" რედაქტორი გვესტუმრა. მთაწმინდის პარკის დათვალიერებისას სტუმარ ქალბატონთან "ქართულად" მოვიწონე თავი: ბრეჟნევს რომ ვუმასპინძლეთ, აქა და აქ ვატარე-მეთქი. ვინ იყო ჩემი გამჩერებელი, დავადე თავი და მთელი პარკი მოვატარე, იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველგან იყო წარწერა "შესვლა აკრძალულია"! ორიოდ კვირაში მეუღლესთან ერთად მეც ჩავედი ტალინში. ჩვენმა მასპინძელმა რომ შეიტყო, ცნობილი ესტონელი ბარიტონის, გეორგ ოტსის საფლავის ნახვა მინდოდა, თავისი "მოსკვიჩით" წაგვიყვანა და ავტომანქანა პანთეონის ავტოსადგომზე გააჩერა ნიშანთან "შესვლა აკრძალულია". როცა დარჩენილი მანძილი ფეხით გავიარეთ, მომიბოდიშა, მაპატიეთ, ბატონო რობერტ, მაგრამ არ შემიძლია, ისევე დავარღვიო წესები, როგორც თქვენ დაარღვიეთ თბილისშიო...

- აქ არაფერი გითხრათ და ტალინში შეგარცხვინათ?

- მისი ნათქვამი დღემდე მწარედ მახსოვს და არც ის მავიწყდება, რომ ამკრძალავმა ნიშანმა სტუმარ-მასპინძელი არ იცის!

საქართველოში თანამდებობის პირების უმეტესობა საგზაო ნიშნებს "არ ცნობს", ჩვენთან მანქანის მარკა და ნომერი ამკრძალავ ნიშანზე მაღლა დგას და ეს დამღუპველი ტენდენციაა!

და კიდევ გვიკვირს, რატომ ვართ ასე შორს ევროკავშირისგან... საღებავის წრეხაზები და უსაფრთხოების კუნძულები იმისთვისაა, რომ საჭიროების შემთხვევაში გადაკვეთონ "სასწრაფომ" სახანძრომ, პოლიციის მანქანამ ან მძღოლმა დახმარების მოსვლამდე გააჩეროს მწყობრიდან გამოსული ავტომანქანა. თბილისში რა ხდება? იქ, სადაც შეიძლებოდა 300 ლარის ღირებულების საღებავი ეკმარათ წრეხაზის დასახაზად, ბეტონის უზარმაზარი წრე გააკეთეს, რაც ათასჯერ მეტი(!) დაჯდა.

- რას ფიქრობთ მართვის მოწმობის გამოცდის ქუჩაში გადატანაზე?

- გამოცდის ქუჩაში გადატანა კარგია, მაგრამ ქართული რეალობაც ხომ უნდა გავითვალისწინოთ?

თბილისის ქუჩებში ისეთი მოძრაობაა, დამწყები კი არა, სტაჟიანი მძღოლი დაიბნევა! გამოცდის დროს ზოგი მარჯვნიდან რომ გასწრებს, ზოგი მარცხნიდან, რისი ჩამბარებელი ხარ?

შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ მართლაც შეამციროს მართვის მოწმობების გაცემა, მაგრამ კორუფციის საფრთხეც გაიზრდება. ამიტომ ჯერ საგზაო მოძრაობის კულტურა ავიმაღლოთ და ამაზე მერე გადავიდეთ... სად გვეჩქარება, 17 წლის ბავშვებს რომ ვაძლევთ მართვის მოწმობის აღების შესაძლებლობას? ჩვენთან სპონტანური ცვლილებები ხდება, არადა, თანამიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკაა საჭირო, და რაც მთავარია, პირველი კლასიდან უნდა დავიწყოთ ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის წესების სწავლება! სახალხოდ ვაცხადებ ხოლმე - სადაც მეტყვით, მოვალ და უფასო ლექციას ჩავატარებ-მეთქი, მაგრამ... არავის სჭირდება და როცა ტრაგედია ხდება, მერე ვიწყებთ თავში ცემას...

ყველაზე ლამაზი Elextra

ჟენევის ავტოსალონი 7 მარტს გაიხსნება, შვეიცარიული კომპანია Classic Factory-ის მიერ აწყობილ ელექტრომობილ Elextra-ს კი უკვე ასახელებენ მომავალი ავტოსალონის "ყველაზე ლამაზ მოდელად". ჯერჯერობით მის ტექნიკურ მახასიათებლებზე ბევრი არაფერია ცნობილი იმის გარდა, რომ "ელექტრა" ოთხკარიანი და ოთხადგილიანია, ოთხივე წამყვანი თვლით და აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, რომლებიც შესაძლებლობას მისცემენ, 0-დან 100 კმ/სთ-მდე... 2,3 წამში აჩქარდეს! Elextra ექსკლუზიური მოდელი იქნება - მწარმოებლები მხოლოდ 100 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავენ და თითოეული მათგანი ხელით აიწყობა შტუტგარტის ერთ-ერთ ქარხანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზუალთან ერთად, ახალი ელექტრომობილის ფასიც შთამბეჭდავი იქნება.

მანეკენებიც "გაასუქეს"

ამერიკელების საშუალო წონის კიდევ უფრო სწრაფმა ზრდამ სპეციალისტები აიძულა, შეეცვალათ იმ "თოჯინების" პარამეტრები, რომლებსაც ავტომანქანების ტესტირებისას, უფრო კონკრეტულად კი - შეჯახების ტესტების დროს იყენებენ. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ჭარბწონიანი ადამიანების 78% ავარიის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ ექცევა, რადგან ავტომწარმოებლების მიერ უსაფრთხოების სისტემების პროექტირებისას, ჭარბწონიანთა აგებულება არ არის გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, მიჩიგანის უნივერსიტეტის საავტომობილო მედიცინის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებისა და კომპანია Humanetic-ის თანამშრომლობით, ქრაშ-ტესტებისთვის ახალი მანეკენები დამზადდა. აშშ-ის მოსახლეობის საშუალო ასაკისა და წონის ზრდის გათვალისწინებით, ახალი "თოჯინებიც" "გაიზარდნენ". მაგალითად, მანეკენი-მამაკაცი ახლა უკვე 50 კილოგრამით მძიმეა სტანდარტულთან შედარებით და 122 კილოგრამს იწონის (ფოტოზე წითელი ფერის ტანსაცმლით). ფოტოზე ყვითელ სამოსში 70 წლის ქალბატონია და ჭარბ წონასთან ერთად, "სხეულის სახასიათო ასაკობრივი ცვლილებებით" გამოირჩევა. ჯერჯერობით უცნობია, როდიდან ჩაერთვებიან საქმეში შეჯახების ტესტების ახალი თანამშრომლები.

რატი შელეგია