"თინამ გვითხრა, რასაც ვაკეთებდით, თვითმფრინავში გავაცნობიერეთო" - "მძევლები" - მძიმე ამბავი "თვითმფრინავის ბიჭებისა" - კვირის პალიტრა

"თინამ გვითხრა, რასაც ვაკეთებდით, თვითმფრინავში გავაცნობიერეთო" - "მძევლები" - მძიმე ამბავი "თვითმფრინავის ბიჭებისა"

ბერლინალეზე რეზო გიგინეიშვილის ფილმის "მძევლები" პრემიერა გაიმართა. "მძევლები" "თვითმფრინავის ბიჭების" ისტორიას მოგვითხრობს, თუმცა პერსონაჟების გვარ-სახელები შეცვლილია. დასავლელმა მაყურებელმა დასავლეთში გაჭრის სურვილით შეპყრობილი ახალგაზრდების ამბავი დიდი ინტერესით მიიღო. ფილმის სცენარი ლაშა ბუღაძეს ეკუთვნის.

ლაშა ბუღაძე:

- 8 წელიწადია, რეზო გიგინეიშვილი ამ თემაზე მუშაობს, მე დაახლოებით 3 წელია, ჩავერთე. სანამ სცენარის წერას დავიწყებდი, შევისწავლე საარქივო მასალა, რომელიც არ არის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, გამოვკითხეთ ამ ისტორიასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული უამრავი ადამიანი.

"მძევლები"ისტორიული ამბის მხატვრული ინტერპრეტაციაა. კონცენტრაცია საბჭოურ პირობებში, ამ ჩაკეტილ სივრცეში, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე მოვახდინეთ. იმ მდგომარეობისა და პროცესის აღწერას შევეცადეთ, თუ როგორ ემზადებოდნენ ეს ახალგაზრდები საბჭოთა კავშირიდან გასაქცევად და რა მოხდა თვითმფრინავში.

ამ ამბავთან ძალიან ბევრი მითია დაკავშირებული - მაშინვე არაერთი ლეგენდა თუ ჭორი გაჩნდა. ძალიან დიდი დრო დავუთმეთ მითისა და რეალობის ერთმანეთისგან განცალკევებას. ბიჭების დაკითხვის ტექსტების გაცნობისას გამიჩნდა გრძნობა, რომ ისინი არაფერს მალავდნენ, ალბათ შიშისა და სტრესისგან, ყველაფერზე - როგორ ხდებოდა და რანაირად - ღიად ლაპარაკობდნენ.

- მოგვიანებით აღებულ ინტერვიუში თინა ფეტვიაშვილი ამბობს, თუ გაქცევას ვერ მოვახერხებდით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით, ალტერნატიული გეგმა არ გვქონდაო.

- თითო დაკითხვა დაახლოებით 50-70-გვერდიანია. პატარა წიგნებივითაა და ყველა ძალიან საინტერესო. მინდა თინას დიდი მადლობა გადავუხადო რეჟისორის სახელითაც. მიუხედავად იმისა, რომ არ სიამოვნებს ამ თემაზე ამდენი ლაპარაკი, რაც გასაგებია, რამდენჯერმე შეგვხვდა და ძალიან საინტერესოდ გვესაუბრა. გარდა უშუალოდ ამბებისა, მან აგვიხსნა, რასაც ვაკეთებდით, რაღაც ფორმით თვითმფრინავში გავაცნობიერეთო. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუქცია ფილმისთვის და იმისთვის, თუ როგორ უნდა აგვეხსნა მომხდარი, თუკი ვცდილობდით რაიმის ახსნას. თუმცა ეს მხოლოდ ერთი მხარეა, რადგან ყველა გმირი სინამდვილეში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ეს არ არის რომანტიკული ამბავი, ძალიან მძიმე ამბავია.

- რა იგრძენით, როდესაც ეკრანზე თქვენი სცენარი გაცოცხლებული ნახეთ?

- ჩვენ სულ სხვანაირად ვუყურებთ ამ ამბავს, რადგან ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ბერლინში შევეცადე, უცხოელი მაყურებელივით მეყურებინა. შთაბეჭდილებებიდანაც და რეცენზიებიდანაც ჩანს, რომ მთავარი, რისი თქმაც გვინდოდა, მაყურებელმა დაინახა, ანუ ის, რომ ჩაკეტილ რეალობაში ადამიანმა შეიძლება რაღაც ისეთი ჩაიდინოს, რაც პათოლოგიურ ტრაგედიად იქცევა, თუნდაც მას ძალიან კარგი იდეალები ჰქონდეს, რადგანაც ჩაკეტილობა თავისთავად მარაზმია. ჩვენს ფილმშიც არის და რეალურადაც ისმის სასამართლოებშიც და დაკითხვებშიც - "რა აკლდათ?! ყველაფერი ჰქონდათ!" მათ თავისუფლება აკლდათ.

"სათითაოდ იბარებდნენ ადამიანებს, რომ ხელმოწერა უკან წაეღოთ"

ისინი რკინის ფარდის მიღმა, დასავლეთში მოხვედრის სურვილმა გააერთიანა... 1983 წლის 18 ნოემბერს დავით მიქაბერიძემ, სოსო წერეთელმა, გია ტაბიძემ, გეგა კობახიძემ, თინა ფეტვიაშვილმა, კახა და პაატა ივერიელებმა - საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავი Ty-134"გაიტაცეს. მათ თურქეთში გადასვლა უნდოდათ... მცირეხნიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი უკან, თბილისის აეროპორტში დაეშვა. სპეცრაზმმა Ty-134 იერიშით აიღო. დაიღუპა არაერთი უდანაშაულო ადამიანი. ერთი გამტაცებელთაგანი - გია ტაბიძე თვითმფრინავის სალონშივე დაიღუპა, დაჭრილი სოსო წერეთელი სისხლისგან დაიცალა, დათო მიქაბერიძემ სალონის დატოვებამდე მოიკლა თავი. დანარჩენები დააპატიმრეს. მოგვიანებით დაპატიმრებულთა რიცხვს შეემატა მღვდელი თევდორე. ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ გეგა კობახიძე, ძმები ივერიელები და მღვდელი თევდორე სიკვდილით დასაჯეს. თინა ფეტვიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის 5,5 წლის შემდეგ გაათავისუფლეს...

ბუბა ხოტივარი: - გეგა კობახიძეს ბავშვობიდან ვიცნობდი. ის ჩემი მეგობრების - ნათელა მაჭავარიანისა და მიხეილ კობახიძის შვილი იყო. 10-11 წლისამ ითამაშა ჩემი ძმის, ქართლოს ხოტივარისა და ჩემს ფილმში "ლაზარე". მერე სხვა ფილმებშიც გადაიღეს. შემდეგ, სამწუხაროდ, უბედურება მოხდა... ჯერ ჭორი გავარდა - ვიღაცებმა თვითმფრინავი გაიტაცესო. მერე გავიგე - მათ შორის გეგაც იყო. იურისტებმა, მშობლებს არა, მაგრამ ჩვენ თავიდანვე გვითხრეს, ამ ბავშვებს დახვრეტას მიუსჯიან, ასეთ რამეს არ პატიობენო. ეს აქტი აღიქვეს ძალაუფლებაზე დარტყმად, უპატიებელ ცოდვად.

ეს დარტყმა მთელი საქართველოსთვის უბედურებად აღიქმებოდა. ჩვენი შვილები იყვნენ, ჩვენი გაზრდილები... თვითმფრინავშიც უდანაშაულო ხალხი დაიღუპა. კარგად არც ვიცოდით, რა მოხდა. ყველა შევარდნაძეს და მთავრობას აბრალებდა, მაგრამ მათ არავინ ეკითხებოდა, ეს სკკპ-ს გადაწყვეტილება იყო. ერთმა ადვოკატმა გვითხრა, არსებობს თეორიული შანსი - ოთხივე თუ არა, იქნებ ერთი მაინც გადარჩეს, შეწყალების წერილი თუ დაიწერებაო. საქართველოს და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებისა და სასამართლოსთვის შეწყალების თხოვნით უნდა მიემართათ არა მხოლოდ ინტელიგენციის წარმომადგენლებს, არამედ საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ქართველ დეპუტატებს. წერილში ეს ახალგაზრდები უდანაშაულოდ არ გამოჰყავდათ, მაგრამ ეწერა - ვინაიდან უკვე დაიღუპა რამდენიმე მათგანი - მიქაბერიძე (თავი მოიკლა), ტაბიძე, წერეთელი, ვინც ყველაზე აქტიური იყო ამ საქმეში, ეს ოთხი (გეგა კობახიძე, ძმები ივერიელები, ანუ ლეკიშვილები და მღვდელი თემურ ჩიხლაძე) იქნებ არ დახვრიტოთ, მისასჯელი კი მიუსაჯეთო. მღვდელი საერთოდ არაფერ შუაში იყო. ბოლო 3 წელი არც ენახათ ერთმანეთი და არც მოუწოდებდა მათ, იარაღით გაიქეცით აქედანო. ვიცნობდი მას, სანამ მღვდლად ეკურთხებოდა, კინოსტუდიაში მუშაობდა, რამდენიმე როლიც აქვს ნათამაშები.

ზურაბ წერეთელმა პირველმა მოაწერა ხელი, ის მაშინ, ასე ვთქვათ, რუსეთის მთავრობის მხატვარი იყო. მისი მაგალითით ბევრმა მოაწერა ხელი. მერე უკვე 2-3 ჯგუფი აგროვებდა ხელისმოწერებს. აგვისტო იდგა, თბილისი თითქმის დაცარიელებულიყო და მე და ჩემი მეგობარი ნოდარ რჩეულიშვილი, ვინც სად ისვენებდა, იქ ვაკითხავდით. სოფიკო ჭიაურელმა და დედამისმა ქობულეთში მიგვიღეს. ვერიკო ანჯაფარიძის თაოსნობით ცალკე დედების წერილი შეადგინეს, რომელსაც პირველმა თვითონ ქალბატონმა ვერიკომ მოაწერა ხელი.

ამ ყველაფერმა საგონებელში ჩააგდო მთავრობა, უპირველესად რუსეთი. დაინახეს ქართველების ერთიანობა - გაჭირვების ჟამს ხომ ვიცით ხოლმე ერთმანეთის მხარდაჭერა. შემდგომ დაიწყო ზეწოლა მთავრობის მხრიდან. სათითაოდ იბარებდნენ ადამიანებს, რომ ხელმოწერა უკან წაეღოთ. როგორც მსმენია, მხოლოდ რამდენიმემ გააუქმა თავისი ხელმოწერა.

ჩემი აზრით, ბიჭებმა იჩქარეს. არ ეგონათ, რომ ამდენად დაუნდობელი იყო საბჭოთა სისტემა. ეგონათ, რომ მოახერხებდნენ საზღვრის გადაკვეთას - მანამდე ბალტიის რესპუბლიკებიდან მოხდა რამდენიმე გაქცევა. ამ ამბებმა, ეტყობა, აზარტში შეიყვანა - ჩვენ ვისზე ნაკლები ვართო, მაგრამ არ გაითვალისწინეს, რომ იმ გაქცევების მერე ძალიან გააძლიერა უშიშროებამ საზღვრების დაცვა.

ეს ამბავი არ უნდა განიხილო გმირობად თუ ანტიგმირობად. ეს იყო აქტი, აქცია, მტკივნეული პროცესი, რომელსაც არ მოელოდნენ, რომ ასე დასრულდებოდა. ახალგაზრდები იყვნენ, სისხლი უდუღდათ, არ უყვარდათ საბჭოთა კავშირი, რაღაცები ვერ აწონ-დაწონეს... როდესაც დამარცხდები, მერე ყველა გასწავლის ჭკუას. ლაპარაკი ადვილია. აბა, გასულიყვნენ - დღეს გმირები იქნებოდნენ.

იხილეთ ასევე: "ფილმში არ ჩანს პოზიცია ეს ბიჭები გმირები იყვნენ, თუ პირიქით..." - ილიკო სუხიშვილი მამა თეოდორეს როლში და "მძევლები" "ბერლინალეზე"

ეკა სალაღაია