"მოითხოვეთ ქვითარი!" - კვირის პალიტრა

"მოითხოვეთ ქვითარი!"

ბოლო დროს "სადეზინფექციო სამსახურის" წარმომადგენლები დადიან და მოქალაქეებისგან სადარბაზოებში დეზინფიცირების სანაცვლოდ თითო ოჯახისგან 2 ლარს ითხოვენ. თუმცა სოციალურ ქსელებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ დოლარის კურსის გაძვირების შემდეგ "სადეზინფექციო სამსახურის" წარმომადგენლებმა 5 ლარის მოთხოვნა დაიწყეს. ასეა თუ ისე, გასულ კვირას თბილისის მერიამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ფული არავის გადაუხადონ, რადგან ისინი მერიის თანამშრომლები არ არიან.

"სადეზინფექციო სამსახურის" წარმომადგენლები ხშირად არა მერიის თანამშრომლებად, არამედ შპს-ს წარმომადგენლებად გვეცნობიან. სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კი ირკვევა, რომ ამ საქმიანობას არაერთი შპს ეწევა.

ქეთევან ტიღაშვილი, შპს "სადეზინფექციო სამსახურის" ხელმძღვანელი: - ვიცით, ბევრი თაღლითი ატყუებს მოსახლეობას, რაც ჩვენს საქმიანობას ჩირქს სცხებს. ჩვენ უმაღლესი ხარისხის ხსნარები გვაქვს, შეუძლიათ ამის გადამოწმება. ვაკეთებთ დეზინფექციას, დერატიზაციას ან დეზინსექციას. პირველი ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოა, მეორე - მღრღნელების (ვირთაგვების) და მესამე - მკბენარი მწერების. ჩვენი წარმომადგენლები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ შეწამვლიდან 15-20 წუთის განმავლობაში გარეთ არ გამოიყვანონ ბავშვები და ძაღლები.

- მოქალაქემ როგორ უნდა განასხვაოს თაღლითი არათაღლითისგან?

- დახედონ ქვითარს, რომელშიც ყველა გრაფა უნდა იყოს შევსებული. ბეჭდის ადგილას იკითხება კომპანიის სახელწოდება და მისი საიდენტიფიკაციო კოდი, ზემოთ მითითებულია სათავო ოფისის მისამართი და ტელეფონი. თაღლითები ასეთ ქვითრებს არ ტოვებენ და შესაბამისად, ძნელია მათი იდენტიფიკაცია. ზოგიერთი რაღაც ქაღალდს კი ტოვებს, მაგრამ ზედ არც ერთი გრაფა არ არის შევსებული, არა აქვს ბეჭედი და შესაბამისად, ის დოკუმენტს არც წარმოადგენს.

ხშირად ჩვენს წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ მათთან უკვე იყვნენ სადეზინფექციო სამსახურიდან და არავითარი ქვითარი არ დაუტოვებიათ, ესე იგი, ისინი თაღლითები ყოფილან.

ტუხია ვეფხვიაშვილი, "სადეზინფექციო სამსახურის" ხელმძღვანელი: - ორი დღეა, რაც დავრეგისტრირდით და სადარბაზოების შეწამვლაზე მუშაობას არ ვგეგმავთ. ჩვენ მომსახურებას კვების ობიექტებსა და სილამაზის სალონებს შევთავაზებთ.

პ. ს. რამდენიმე შპს, რომელთა სახელწოდებაშიც მითითებულია, რომ "სადეზინფექციო სამსახურია", რეგიონებშიც არის დარეგისტრირებული.

თბილისში გავრცელებული თაღლითობის სქემები

სოციალურ ქსელებში ხშირად იწერება, რომ საცხოვრებელ კორპუსებში ხშირად დადიან უცნობი პირები და მოქალაქეებს "ავადმყოფი ბავშვის" დასახმარებლად ფულს სთხოვენ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, მათ ძალიან უჭირთ ავადმყოფი ბავშვის დასახელება, მერე ვიგებთ, რომ არა აქვთ გახსნილი ანგარიშის ნომერი, "დახმარების მსურველები" ვერც ბავშვის ოჯახის წევრების რეკვიზიტებს გვაძლევენ. გაურკვეველ საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართული პირები ზედმეტი შეკითხვებით ძალიან იბნევიან და ამბობენ, რომ "ავადმყოფ ბავშვს" ფეისბუქზე აქვს გვერდი, რისი შექმნაც თაღლითებისთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს.

არცთუ დიდი ხნის წინ თბილისში თაღლითობის სხვა ფაქტიც დაფიქსირდა. დაირხა ჭორი, რომ ოქროსფერი ლითონის პატარა 50-თეთრიანების გაყიდვა სარფიანად შეიძლებოდა. ამის შესახებ სოციალური ქსელებითაც ხშირად იწერებოდა. პარლამენტარმა რომან გოცირიძემ გაავრცელა განცხადება: "50-თეთრიანი არის ყველაზე იაფი შენადნობებისგან, სპილენძისა და თუთიისგან დამზადებული მონეტა. მას არა აქვს რამე განსაკუთრებული დამცავი ნიშანი, გარდა მასზე ამოტვიფრული ნახატებისა. შეიძლება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ რადგან ვიღაც თაღლითები ხალხს ატყუებენ, მინდა დროზე გამოვხატო ჩემი პოზიცია. ადრე 50-თეთრიანების გაყალბება იოლი იყო, ამიტომ ათასობით ყალბი ფული გაჩნდა მიმოქცევაში. ნამდვილისაგან მისი გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო. მისი ამოცნობა ყველაზე კარგად სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს შეეძლოთ, ხელში დაჭერისას წონის მიხედვით გრძნობდნენ სხვაობას ორიგინალსა და თვითნაკეთს შორის. ამიტომ გადავწყვიტეთ, პარალელურ ბრუნვაში გაგვეშვა ახალი, ყოველმხრივ დაცული 50-თეთრიანი და მიმოქცევიდან ძველის ამოღების შემდეგ ისინი კვლავ არ ჩაგვებრუნებინა უკან. დღეისთვის უდიდესი ნაწილი ამოღებულია. ამიტომ მისმა იშვიათობამ თაღლითებში გააჩინა იდეა, რომ შეექმნათ აჟიოტაჟური მოთხოვნა და შემდეგ საკუთარ მარაგებში არსებული ყალბი მონეტები ათმაგად და ასმაგად გაეყიდათ. სწორედ ამ პროცესის საწყისი ეტაპის მომსწრენი გავხდით".

ეკა ასათიანი