ყვავილების ქვეყანა ცეკვით შემოიარა... - კვირის პალიტრა

ყვავილების ქვეყანა ცეკვით შემოიარა...

თამარ ციციშვილისა და ჯანო ბაგრატიონის "ტანდემი" სცენაზე შეიძლებოდა ციმბირს იქით დასრულებულიყო

გამოჩენილ ქართველ ქორეოგრაფს - ჯანო ბაგრატიონს შარშან 100 წელი შეუსრულდა. ეს საიუბილეო თარიღი ჯერ სათანადოდ ვერ აღნიშნა ქართველმა საზოგადოებამ. არაერთი უცნობი ამბავი შეიძლება გაიხსენო, როგორც ჯანო ბაგრატიონზე, ისე მის შემოქმედებაზე, მაგრამ ამჯერად ვეცდებით რამდენიმე სილუეტი დაგანახოთ მისი რთული და საინტერესო ცხოვრებისა.

შებინდების მერე ნაბიჯების ხმაზე თრთის ქალაქი. მანქანის მუხრუჭი განაჩენივით კვეთს შიშით დამუხტულ ჰაერს. სახლებში შეყუჟული ადამიანები ფეხაკრეფით კართან მიდიან და ელოდებიან. კარზე კაკუნი. მიზეზი ათასნაირია: იდეოლოგიაზე უნებურად წამოცდენილი სარკაზმით დაწყებული, ენების ცოდნითა და უცხოეთში მიღებული განათლებით, ან გვარიშვილობით დამთავრებული... ამიტომაც კეთილშობილთა შტოს განსაკუთრებით უჭირს.

დიდგვაროვნები (განგებ არ ვამბობ ყოფილ დიდგვაროვნებს, რადგან, ნიკო მუსხელიშვილისა არ იყოს, ეს ჯიშია, განა არსებობს ყოფილი დობერმანპინჩერიო, - მოსწრებულად რომ უპასუხა თანამოსაუბრეს. არსებობს რაღაც, რაც სისხლშია და "ძალით არ წაერთმის") სხვადასხვა გზით ცდილობენ თავის გადარჩენას. ახლა ძირითადად ჩრდილში არიან და დუმან.

1938 წელი დგას, ბედთან მებრძოლი. ის 29 წლისაა და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საშიში გვარისა - ბაგრატიონი. ვინ იცის, რამდენჯერ გაუგონია ზურგს უკან მწარე ქირქილი - ხალხის მტერი, არისტოკრატი, მშრომელთა მჩაგვრელი. ოდნავადაც არ მოუბრუნებია თავი, განა რა აქვს სათქმელი. თუ საქართველოს წარსული, მეფეთ მეფე დავითისა და თამარის გვარი ვინმეს შეიძლება ერცხვინებოდეს და სძაგდეს, რა უნდა უთხრა! ეგეც არ იყოს, სიტყვა ტყვიაა, რომლითაც შეიძლება თვითმკვლელობა ჩაიდინო, მას კი სიცოცხლე უნდა, რადგან იცის, ბევრი ქართული საქმე აქვს აღსასრულებელი. ისიც იცის, ამას როგორ გააკეთებს სამშობლოსათვის: დაჟინებით, გაუტეხლად, მაგრამ უსიტყვოდ! ეს კაცი ჯანო ბაგრატიონია...

KvirisPalitra.Geთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ინგლისში დაგეგმილ ფოლკლორის ფესტივალზე მონაწილეობისათვის კონკურსი გამოაცხადა. აუცილებლად უნდა წაეყვანათ ცეკვა "ქართულის" შემსრულებლებიც. ჯანო ბაგრატიონმა პარტნიორობა ალექსანდრა თოიძეს შესთავაზა, მაგრამ ქალბატონმა შურამ უარი უთხრა... მგონი, ახსნა არ სჭირდებოდა იმას, რატომ არჩია სხვასთან ერთად კონკურსზე წარდგომა. შიშს დიდი თვალები აქვს, ვერაფერს გააწყობ.

ჯანო ბაგრატიონმა ფარ-ხმალი არ დაყარა და უმშვენიერეს თამარ ციციშვილს დაუკავშირდა. ეს გამოწვევა იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თამარი ულამაზესი ქალი გახლდათ, სულ რომ არ ეცეკვა და უბრალოდ ქართული კაბით გამოსულიყო სცენაზე, საქართველოს წარსულ დიდებას მაინც გააცოცხლებდა. მეორეც, თავადიშვილი იყო, თანაც მსახიობობის გამოცდილებაც ჰქონდა. ყველაფერი ეს უთუოდ საპროტესტო აქციას დაემსგავსებოდა, ოღონდ მშვენიერ, დასამახსოვრებელ აქციას.

ერთი კვირა ცეკვაში მეცადინეობდნენ. ასმაგად იხარჯებოდა ჯანო, სულს დებდა, რომ მარტო ილეთი კი არა, ქართული ცეკვის მთელი სამყარო გადაეცა მშვენიერი თამარისათვის. არც მომავალ საშიშროებას დაგიდევდათ - ციციშვილისა და ბაგრატიონის "ტანდემი" სცენაზე შეიძლებოდა ციმბირს იქით დასრულებულიყო.

არ ვიცი, რატომ არ ჩაახშვეს ეს იდეა საფუძველშივე ამხანაგმა ხელმძღვანელებმა, იქნებ იმიტომ, რომ ბედს მიანდეს ახალგაზრდები, - გავიდნენ და ნახონ, რასაც მოიგებენო, იქნებ იმიტომაც, რომ თამარ ციციშვილი ძალიან პოპულარული იყო კინოფილმ "დარიკოში" მთავარი როლის შესრულების შემდეგ.

ეს დღეც დადგა. დარბაზში ტევა არ იყო. მთავრობის ლოჟიდან ავისმომასწავებლად ელავდა ბერიას პენსნე.

დიდი ხელოვანის 100 წლისთავისთვის გამოცემულ მოგონებათა წიგნში ბ-მა ოთარ ღვაბერიძემ ასე აღწერა ეს სცენა: "ჯანომ ცეკვისათვის ორიგინალური დასაწყისი მოიგონა... აკომპანემენტის დაწყებისთანავე მარცხენა კულისიდან შემოვიდა ქალბატონი თამარი, ხელებგაშლილმა, მაყურებლისაკენ ნახევრად სახეშებრუნებულმა, ნელი სრიალით გაიარა მთელი სცენა და შეჩერდა მარჯვენა კულისთან. მის გამოჩენაზე იქუხა ტაშმა და მაყურებელს არ შეუწყვეტია ოვაცია მთელი იმ დროის მანძილზე, რაც დასჭირდა სცენის გადაკვეთას. დაწყების ასეთი გადაწყვეტით ჯანომ ქართველ მაყურებელს თამარ ციციშვილისადმი აღტაცების გამოხატვის კიდევ ერთი საშუალება მისცა, თუმცა ამას ნებსით თუ უნებლიეთ თავისებური ინტრიგაც დაჰყვა - მარჯვენა მხარეს გაჩერებისას მოცეკვავე ქალი ზურგშექცეული აღმოჩნდა მთავრობის ლოჟისადმი, არადა იქ ხომ იმ დროს ბერია იჯდა!

ცეკვის დამთავრების შემდეგ ფეხზე მდგარი მაყურებელი დიდხანს არ წყვეტდა აპლოდისმენტებს".

ბერია იძულებული გამხდარა, ლოჟიდან გადმოხრილიყო და დარბაზისათვის გაჩუმების ნიშანი მიეცა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი მკვდარი სიჩუმე ჩამოწვებოდა!

კონცერტის მერე კონსტანტინე ბაგრატიონს - ჯანოს მამას გულშემატკივართა ერთი ჯგუფი რესტორანში დაუპატიჟებია. დილამდე ილხენდნენ "ქართული ცეკვის" გამარჯვებით გულანთებულები. დილით სწორედ იქიდან წასულა აეროპორტში ჯანო. წამსვლელებს სიით იძახებდნენ. ჯანოს სახელი და გვარი არავის ამოუკითხავს. მის ნაცვლად წაიყვანეს სერგო ნონიაშვილი, რომელიც ჯანოს რეზერვად ითვლებოდა.

ოდესამდე თვითმფრინავით ჩაფრინდა შემოქმედებითი ჯგუფი, იქიდან გემით უნდა გაეგრძელებინათ გზა. გემზე თამარიც აღარ აუშვეს...

მაგრამ განა ღირსეული მებრძოლი ბრძოლის ველიდან გარბის? ყველა ცეკვა, რომელიც თვითონ დადგა, იყო ბრძოლა გამარჯვებისათვის. და არა მარტო ეს...

რობერტ სტურუას დაამახსოვრდა, როგორ მიუტანა მამამისმა ლიკანში ჯანო ბაგრატიონის "ჯაზის" ბილეთები.  "შეიძლება გაგეღიმოთ, როდესაც ჯაზს ვამბობ, - გვიამბობს რობერტ სტურუა, - უბრალოდ, ხალისიანი, თავისუფალი მუსიკა იყო, ქართველებს კი ჯაზი თითქმის სისხლში გვაქვს. მეც ძალიან მიყვარდა და კონცერტზე საოცრად გახარებულები წავედით. კონცერტი რომ დაიწყო და ჯანო სცენაზე გამოვიდა, იქაურობა ტაშით დაინგრა... ალბათ ყველას, მთელი ბორჯომიდან, ბორჯომის მიდამოების სანატორიუმებიდან აქ მოეყარა თავი.  ვიგრძენი, რა საოცრად პოპულარული იყო ეს კაცი...

იმღერა თავისი არაჩვეულებრივი "ყვავილების ქვეყანა" და კიდევ ერთხელ დაინგრა იქაურობა ტაშით".

როცა საჭირო იყო, მღეროდა, საჭირო იყო და - ცეკვებს დგამდა, საცირკო წარმოდგენის გასამდიდრებლადაც კი დაუდგამს ცეკვა (ცხადია, სასცენო ცეკვისაგან განსხვავებული), ბაგირზე შეასრულებინა აჭარული მოცეკვავეებს. ხუმრობდა, ლაღობდა და მოდუნებისა და მხრების ჩამოყრის საშუალებას არავის აძლევდა.

მინდა წარმოვიდგინო სცენა, რომელიც მართლაც მოხდა: რესტორანში ცირკის თანამშრომლები და, მათ შორის ცნობილი, ასევე დიდგვაროვანი და გაუტეხელი მებრძოლი - სანდრო დადეშქელიანი, სვამენ ჯანო ბაგრატიონის სადღეგრძელოს. ახლა "ცირკულად" დავლევთო და სანდრო, რომელსაც დაბადებიდან არც ერთი ხელი არ ჰქონდა, ფეხით იღებს ჭიქას. ჯანო ბედნიერი ამბობს სამადლობელს და განა მარტო იმიტომ, რომ ადღეგრძელეს და სიყვარული გამოუმჟღავნეს, იმიტომაც, რომ ქართველი კაცი ძლიერია - თუ ხელი არა აქვს, ფეხს იყენებს, თუ სიტყვას არ ათქმევინებენ - ცეკვავს და ცოცხლობს, ცოცხლობს სამარადისოდ!

"თუ ადამიანის დაბადებას მარტო ერთი აზრი და მიზანი აქვს, მაშინ ჩემი ცხოვრების აზრი ქართული ცეკვა ყოფილა", - ჯანო ბაგრატიონი.

ლელა ჯიყაშვილი

დიდი ჯანო

ფასდაუდებელია ჯანო ბაგრატიონის ღვაწლი ქართული ხალხური ქორეოგრაფიის აღორძინების საქმეში. თავდაუზოგავად იღვწოდა. კუთხე-კუთხე შემოიარა მთელი საქართველო, ადგილზე შეისწავლა ხალხური ცეკვის ილეთები, აღადგინა, დახვეწა, შექმნა მრავალი ცეკვა ხალხურ მოტივებზე - "საქორწილო", "სადარბაზო", "ფარიკაობა", "ძველი თბილისის ფრესკები", "ალვანური", "სიმდი"... სხვათა შორის, ცეკვა "სიმდი", იმ სახით, როგორც მას დღეს ვიცნობთ, ოსებს არ ჰქონიათ. როგორც ოსი ხალხის კლასიკოსი პოეტი კოსტა ხეთაგუროვი წერდა 1939 წელს ცხინვალში გამოცემულ წიგნში "Быт горных осетин" : " Танцами наши предки занимались видимо не особенно охотно, так как дошедшие до нас виды этого развлечения очень несложны, они были скорее выражением экстаза..."

პირველმა საბჭოთა კავშირში, სცენაზე ერთად დააყენა მომღერლები და მოცეკვავეები. ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ საბჭოთა კავშირში უპირველესი ხალხური ცეკვების ანსამბლის, "ბერეზკის" მხატვრულმა ხელმძღვანელმა იგორ მოისეევმა სთხოვა, ასეთივე დადგმა მოსკოვშიც განეხორციელებინა. ჯანომ თავაზიანი უარი უთხრა... სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს ერთ-ერთ პირველ ჯაზურ კოლექტივს, აფხაზეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლს, საქართველოს ფილარმონიის საესტრადო კოლექტივს, იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი,  საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მთავარი ქორეოგრაფი.

დგამდა ცეკვებს ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ცეკვავდა კიდეც  - "აბესალომ და ეთერში", "დაისში", "ქეთო და კოტეში", საბალეტო სპექტაკლებში - ა. ბალანჩივაძის "მთების გულსა" და შ. თაქთაქიშვილის "მალთაყვაში". განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი დადგმული ცეკვა "სამაია", რომელიც  ვახტანგ ჭაბუკიანმა "მთების გულში" გამოიყენა და ალბათ ამიტომაც ამ ცეკვის დადგმასაც ჭაბუკიანს მიაწერდნენ.