"მეუფე პეტრემ ან მეორედ მოსვლა გამოაცხადა ან ავტოკეფალიის დაკარგვა" - კვირის პალიტრა

"მეუფე პეტრემ ან მეორედ მოსვლა გამოაცხადა ან ავტოკეფალიის დაკარგვა"

"თუ ეკლესიაში ქაოსი გაგრძელდა, სხვა ქვეყნის ეკლესიები შიდა საქმეებში ჩარევას შეეცდებიან, თუ ასეთ ვითარებაში ძლიერი პატრიარქი არ გვეყოლება, პროცესი დიდი ალბათობით, ფატალურად დასრულდება"

მეუფე პეტრეს განცხადებამ - "ილია II იქნება საქართველოს ბოლო პატრიარქი"  საზოგადოებასა და სასულიერო პირებში გაურკვევლობა გამოიწვია. მამა ალექსანდრე გალდავას შეფასებით, ეს "საშინელი სიტყვებია, რადგან თუ უწმინდესის შემდეგ პატრიარქი არ გვეყოლება, სამი ერთმანეთზე უარესი ვარიანტი არსებობს: - პირველი, საქართველოში იქნება სინოდური მმართველობა და გაუქმდება პატრიარქობა, ყველა ეპისკოპოსი იქნება ავტონომიური მმართველი თავისი ეპარქიისა. ასეა, მაგალითად, საბერძნეთის ეკლესიაში და საშინელი მდგომარეობაა. მეორე - რუსეთი შემოვა და გააუქმებს საქართველოში პატრიარქობას, რაც ასევე საშინელებაა. მესამე - ანტიქრისტე მოვა და ყველას ერთად გვაცხონებს და გვაწამებს.

"კვირის პალიტრასთან" საუბრისას მეუფე პეტრე განმარტავს, რომ მისი სიტყვები სასულიერო პირების ნაწილმა არასწორად შეაფასა:

- მას შემდეგ, რაც სასულიერო პირად აღვიკვეცე, მაქვს რწმენა და განცდა, რომ უწმინდესი საქართველოს ბოლო პატრიარქია. ღმერთმა მაჯისცემა დიდხანს არ მოუშალოს პატრიარქს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მამა ალექსანდრეს მიერ განხილულ სამ ვარიანტს ვგულისხმობდი. არავითარ შემთხვევაში, ეს მიზანმიმართული არასწორი ინტერპრეტაციაა და ღმერთმა მიუტევოს... პატრიარქმა 1977 წელს წმინდა სინოდის ერთ-ერთ შეხვედრაზე აღნიშნა, როდესაც სრულიად საქართველოს პატრიარქად მაკურთხეს, მაშინაც პატრიარქობის სურვილი ბევრს ჰქონდა, თუმცა ისინი ბევრად მალე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, მე კი უფლის ნებით აქ ვარო.

მძიმე ცოდვად მიმაჩნია იმაზე ფიქრიც კი, რომ პატრიარქი არ იქნება და ცოცხალი ადამიანის შემცვლელზე "ზრუნვა" დაიწყოს. მამა ალექსანდრემ, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს, არაადეკვატურად შეაფასა ჩემი დამოკიდებულება. თუ ეს შეგნებულად გააკეთა, ეს უდიდესი ბოროტებაა.

- მაინც რას გულისხმობთ, როცა "ბოლო პატრიარქზე" საუბრობთ?

გული მწყდება, რომ სასულიერო პირების ნაწილს ელემენტარული ანალიზის უნარი არ აღმოაჩნდა. ვფიქრობ, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს წმინდა სინოდის შეკრებაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი.

- რა საკითხების განხილვა იგეგმება წმინდა სინოდის კრებაზე?

- საკითხები წინასწარ არავის შეუტყობინებია, თუმცა იოლი მისახვედრია, რომ მთავარი განხილვის თემა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება იქნება. არც იმას გამოვრიცხავ, სინოდს ჩემთანაც ჰქონდეს შეკითხვები, თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ - აუცილებელია ჩამოვყალიბდეთ, როგორ უნდა გამოვიდეთ ღირსეულად იმ განსაცდელისგან, როგორშიც ყველანი აღმოვჩნდით. ამ შემთხვევაში როგორც საპატრიარქოს, ისე ხელისუფლებასაც ვგულისხმობ. შესაძლოა, ჩემ გარდა, სხვა იერარქიის სასულიერო პირებთანაც არსებობდეს კითხვები, თუმცა მე ყოველთვის საეკლესიო სამართლის აღსრულების მომხრე ვარ - ყველაზე მკაცრად მომეთხოვოს მე და დაიწყოს ამ სამართლის აღსრულება ჩემგან. მთავარია, რომ სიმართლე მიკერძოებული ვერასოდეს იქნება.

გიორგი ანდრიაძე, საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

- მეუფე პეტრემ როგორც უნდა აგვიხსნას, ფაქტია, მან განაცხადა, რომ სურვილი აქვს, ილია II ქვეყნის ბოლო პატრიარქი იყოს. ეს კი ორ ერთმანეთზე უარეს ინფორმაციას გულისხმობს: მეუფე პეტრემ ან მეორედ მოსვლა გამოაცხადა, ან ქართული ეკლესიის დაშლა და ავტოკეფალიის დაკარგვა დააანონსა. ან მესამე ვარიანტია - უბრალოდ, წამოსცდა ემოციურ ფონზე.

არ გამოვრიცხავ, რომ საპატრიარქოსა და სრულიად მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ დაგეგმილი მთელი ეს პროცესი ერთ მიზანს ემსახურებოდეს - საქართველოს ავტოკეფალიის დაკარგვას, ამის სურვილი კი უამრავ გარე ძალას აქვს და ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსეთს არ ვგულისხმობ. ქართული ეკლესიის დისკრედიტაციის მომხრე არაერთი ძალა არსებობს. მათ ინტერესებში ავტოკეფალიის გაუქმებაც შედის. თუ ეკლესიაში ქაოსი გაგრძელდა, სხვა ქვეყნის ეკლესიები შიდა საქმეებში ჩარევას აუცილებლად შეეცდებიან, მით უმეტეს, თუ ასეთ ვითარებაში ძლიერი პატრიარქი არ გვეყოლება, პროცესი დიდი ალბათობით, ფატალურად დასრულდება. მაგალითად, იგივე სცენარი შეიძლება განმეორდეს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალში მოხდა, როდესაც რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებში ე.წ. სამშვიდობო მისიით შევიდა.

- არ არსებობს მექანიზმი, რაც ამ შესაძლო სცენარს შეაფერხებს?

- მიზანი გარკვეულწილად მიღწეულია - საქართველოს საპატრიარქოს სახელი სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. დიახ, ეს, შესაძლოა, პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც კიდევ უფრო შორს მიმავალი მიზნები აქვს. უფრო კონკრეტულად: თუ ისე მოხდა, რომ საპატრიარქოში მოვლენები უფრო გამწვავდა, სხვადასხვა ეპარქიამ, შესაძლოა, სხვადასხვა ჯგუფის ძიება დაიწყოს მხარდაჭერისთვის. პარალელურად, აფხაზეთის თვითმარქვია ეკლესია თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს და, შესაძლოა, მანაც სცადოს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე თანამოაზრეების ძიება.

- შესაძლოა, ყველა ეპარქიამ დამოუკიდებელ ინსტიტუტად გამოაცხადოს თავი?

- შესაძლებელია. სწორედ ამიტომ იყო მეუფე პეტრეს განცხადება შემაშფოთებელი გზავნილი როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეს ვის თავში რა ტიპის გეგმა იხარშება, ძნელი სათქმელია. სწორედ ამიტომ ხშირად მიწევს თქმა - მძიმე განსაცდელში ვართ, რთული პერიოდი გვიდგას და ნებისმიერმა მოქალაქემ, და მით უმეტეს, სასულიერო პირმა, განცხადება მეტი სიფრთხილით უნდა გაახმოვანოს.

წმინდა სინოდზე განსახილველი საკითხები ჯერ მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებისთვისა და პატრიარქისთვისაა ცნობილი, თუმცა ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ წმინდა სინოდი აუცილებლად იმსჯელებს ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.

- რა კითხვები აქვს წმინდა სინოდს მეუფე პეტრესთან?

- მისმა განცხადებებმა საპატრიარქოში გაურკვევლობა და დაპირისპირება გამოიწვია. ვერავინ იტყვის, მიიღებს თუ არა წმინდა სინოდი მკაცრ გადაწყვეტილებას, მათ შორის, მეუფე პეტრეს თაობაზე.

- ეკლესიიდან განკვეთას გულისხმობთ?

- მათ შორის, ამასაც, თუმცა პატრიარქის შემწყნარებელი ბუნებიდან გამომდინარე, არავინ იცის, რა მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, მოვლენები რა სცენარითაც უნდა განვითარდეს, ის საბოლოოდ, აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს. მთელ ამ ქაოსს დადებითი მხარეც აქვს - ყველა თავის ადგილს თავად იპოვის.

ვაჟა ვარდიძე, თეოლოგი: - ძნელი სათქმელია, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე, თუმცა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს პატრიარქი აღარ ეყოლება, დაუშვებელია. ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც საქართველო ავტოკეფალიას კარგავს. მოვლენების ამ სცენარით განვითარება მხოლოდ ოკუპაციის პირობებში ან ეპარქიების დაშლისას ხდება, რაც მეცხრამეტე საუკუნეში უკვე ვიხილეთ. დღეს ასეთი საფუძველი არ არსებობს, ასე რომ, მსგავსი განცხადებების გაჟღერება დაუშვებელია.

რუსუდან შელია