"ვარნაში ხშირად ვხვდები მანქანებს წარწერით "სოხუმი საქართველოა" - კვირის პალიტრა

"ვარნაში ხშირად ვხვდები მანქანებს წარწერით "სოხუმი საქართველოა"

"მე ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს ვუძღვნი"

რამდენიმე დღის წინ ფოტომ სახელწოდებით "სოხუმი საქართველოა" სოციალური ქსელი მოიცვა. ფოტოზე რალიში ბულგარეთის ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ადგილის მფლობელი, სოხუმელი დავით კვარაცხელიაა. გამარჯვებულმა ქართველმა და მისმა 20-მა ბულგარელმა კოლეგამ ავტოზე წარწერა SOKHUMI-GEORGIA განათავსეს. როგორ მოხვდა აფხაზეთიდან ბულგარეთში დავით კვარაცხელია, თავად გიამბობთ:

- აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ და მესამე ბატალიონის ერთ-ერთი შემქმნელი - ბიზნესმენი ვიყავი და ბირჟის აქციონერებმა შევქმენით სოხუმის მესამე ბატალიონი. შემდეგ იყო ომი, დამარცხება და ემიგრაცია. ბულგარეთში პირველად სამი სოხუმელი მეგობარი ჩამოვედით. უფულობა, შიმშილობა და ყველა ის სირთულე გავიარეთ, რაც ემიგრანტს ხვდება პირველ ეტაპზე.

- თქვენ ბულგარეთის მოქალაქეობა გაქვთ და ხართ პროფესიონალი ავტომრბოლელი - 2016 წლის ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონი და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ვიცე-ჩემპიონი რალიში.

- რალი ბავშვობიდან მიტაცებდა, მაგრამ კომუნისტების დროს ამ სპორტის პროფესიონალურ დონეზე შესწავლის პირობები არ იყო. როდესაც ბულგარეთში ჩამოვედი, თავიდან არალეგალურ შეჯიბრებებს ვაწყობდი და ამით გამიცნეს ბულგარელებმა, შემდეგ ავტომრბოლელები გავიცანი. 2006 წელს ჩემი მეგობრის შვილს უნდოდა გასვლა შეჯიბრებაზე და მთხოვა, მე ვყოფილიყავი მისი მენეჯერი. სოხუმში სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი დავამთავრე და ეს პროფილი უფრო განვავითარე სპორტული მანქანების აწყობით ბულგარეთში, ამიტომაც უნდოდა ჩემი კონსულტაცია. ასე რომ, პირველივე წელს გახდა ბულგარეთის ჩემპიონი და ეს ჩემი დამსახურებაცაა.

- თქვენ და თქვენმა ოცმა ბულგარელმა კოლეგამ სარბოლო მანქანაზე განათავსეთ წარწერა "სოხუმი-საქართველოა", თქვენმა კოლეგებმა იციან სოხუმის შესახებ?

- მინდოდა, მეჩვენებინა ევროპისთვის, რომ მე სოხუმელი და ქართველი ვარ. შემთხვევით ვნახე ფოტო, თენგიზ პაჭკორიამ რომ ასწია ტრანსპარანტი სოჭის ოლიმპიადაზე "სოხუმი-საქართველოა" და ეს იდეა ძალიან მომეწონა. ჩემმა კოლეგებმა, ცნობილმა პილოტებმა გადაწყვიტეს, სოლიდარობის ნიშნად შეჯიბრებაზე მანქანებისთვის "სოხუმი-საქართველოა" მიეწერათ. დღეს უკვე ბულგარეთში ბევრ მანქანას აწერია, არა მარტო სარბოლოს, არამედ მსუბუქ მანქანებსაც. ზოგჯერ ქუჩაში მანქანით რომ მივდივარ, ვხვდები მანქანას, რომელსაც აწერია "სოხუმი-საქართველოა".

- 2017 წელს აპირებთ ევროპის ჩემპიონატში საქართველოს სახელით ასპარეზობას?

- ჩემი პილოტი, პლამენ სტაიკოვი, უკვე ლეგენდარული პილოტია ბალკანეთში. მე და პლამენი ყველაზე მაღალ კატეგორიაში - RC-2 გამოვდივართ. მან კარგად იცის ჩემი ისტორია და რადგან ერთი ეკიპაჟის წევრები ვართ, საქართველოს სახელით ვიასპარეზებთ. მე ყველა გამარჯვებას სოხუმსა და სოხუმელებს ვუძღვნი.

სანამ აქტიურ სპორტს თავს დავანებებ, მინდა სოხუმელებს ევროპის თასი ვაჩუქო. შეჯიბრება მაისში იწყება, რამდენიმე შესარჩევი ეტაპია, რომელთა გავლის შემდეგ გამარჯვებული გამოვლინდება. საქართველოში სპორტული კლუბი "სტაიკოვ რეისინგ ჯორჯია" გავხსენით" და ამ სახელით გამოვალთ.

პლამენ სტაიკოვი: - ბატონმა დავითმა შემომთავაზა, რომ ჩემი შტურმანი ყოფილიყო. მაშინ ვკითხე, მზად ხარ, რომ ერთად გამოვიდეთ-მეთქი? მიპასუხა, მე ომგამოვლილი კაცი ვარ, ტყვიამ თუ ვერ შემაშინა, შენ მით უმეტეს ვერ შემაშინებო. ასე დავიწყეთ და პირველივე შეჯიბრებაზე პირველი ადგილი ავიღეთ.

ნინო წიფურია