როგორ ლოცულობდნენ დოდო ჭიჭინაძის ფოტოზე - მოგონებები უმშვენიერეს ქართველ ქალ მსახიობებზე - კვირის პალიტრა

როგორ ლოცულობდნენ დოდო ჭიჭინაძის ფოტოზე - მოგონებები უმშვენიერეს ქართველ ქალ მსახიობებზე

გადავწყვიტეთ ის ქართველი ქალი მსახიობები გავიხსენოთ, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაში დიდი წვლილი შეიტანეს.

ფოტოგალერეა

დოდო ჭიჭინაძის შესახებ, თავად უმშვენიერესი მსახიობი ლეილა აბაშიძე ყვებოდა:

"იტალიაში ერთ დრამატურგთან მიგვიწვიეს. ოთახში, სადაც სუფრა იყო გაშლილი, ხატების კუთხე ჰქონდათ. ღვთისმშობლის ხატთან ერთად დოდო ჭიჭინაძის სურათი მოეთავსებინათ - ისიც ღვთისმშობლის ხატად აღეთქვათ. როცა ჩვენს უცხოელ მასპინძელს ვუთხარი, რომ ეს ჩვენი მსახიობის, დოდო ჭიჭინაძის სურათი იყო და მისი ხატად აღიარება მკრეხელობად ჩაითვლებოდა, მან კატეგორიულად იუარა, არა, ეს მარიამ ღვთისმშობლის სახეაო. შევეშვი, რაკი ასე ძალიან სურთ, დაე, დოდოშკას სურათზე ილოცონ-მეთქი".

რეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი იგონებდა:

"მოსკოვში ყოფნისას მსახიობ მიხეილ გელოვანს ვთხოვე, დოდო ჭიჭინაძე ეტარებინა მოსკოვის თეატრების წარმოდგენებზე. ერთხელ მიშა გელოვანი მოვიდა და მითხრა, მე ვეღარ წავიყვან დოდოს თეატრში. რა გინდა, ვიდრე არ მომტაცებენ ბავშვს, არ მომეშვებიო?! თურმე, მოსკოვის სამხატვრო თეატრში ყოფილან. "მესამე რიგში ვსხედვართ და ვუყურებთ წარმოდგენას, - ყვებოდა მიშა, - ჩვენს გვერდით ზის მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა პოლკოვნიკი. წარმოდგენის ნაცვლად ეს ოფიცერი მთელი საღამო დოდოს მისჩერებოდა. შესვენებისას იხელთა დრო და მკითხა, ვინ არის ეს ქალიშვილი? არ მესიამოვნა შეკითხვა, მაგრამ მაინც ვუპასუხე, ჩემი დისწულია-მეთქი. "გათხოვილია?" - ჩამეძია ოფიცერი. არა-მეთქი.

მე გახლავართ აშშ-ის სამხედრო ატაშე. რამდენიმე დღის შემდეგ ვამთავრებ სამსახურს და სამშობლოში მივემგზავრები. თუ ნებას დამრთავთ და ქალიშვილიც ისურვებს, სიამოვნებით წავიყვანდი ამერიკაში". დოდო სამხედრო ატაშეს, რა თქმა უნდა, არ გაჰყვა და გაემგზავრა ლენინგრადში, სადაც "დავით გურამიშვილის" გადაღება დასასრულს უახლოვდებოდა".

ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძეს თეატრი ბავშვობიდან იტაცებდა, განსაკუთრებით ტრაგიკული ვითარების წარმოდგენა ხიბლავდა. იმ პერიოდს შემდეგნაირად იგონებდა:

"ძილის წინ ხელებს გულზე დავიკრეფდი და წარმოვიდგენდი, ვითომ მოვკვდი. სასტუმრო ოთახის კედელზე დიდი ხალიჩა გვეკიდა, მის უკან თახჩა იყო. იქ შევძვრებოდი ხოლმე, საათობით ვიჯექი სიბნელეში, რაღაც საშინელებას წარმოვიდგენდი, და როცა მართლა შემეშინდებოდა, კივილით გამოვვარდებოდი ხოლმე იქიდან. მსიამოვნებდა, თუ გარშემომყოფთ ვებრალებოდი, სამგლოვიარო მარშს ვუკრავდი, ვტიროდი და მინდოდა, რომ ჩემთან ერთად სხვებსაც ეტირათ".

შეშფოთებულ მშობლებს ვერიკოს ამგვარი განწყობის მიზეზი ვერაფრით აღმოეჩინათ. ბოლოს თავადვე გამოტყდა: რადგან ულამაზო ვიყავი, თავს აყვანილ ბავშვად ვთვლიდიო.

ეს "ულამაზო ბავშვი" სცენის დედოფალი გახდა, ტრაგიკული როლების უბადლო შემსრულებელი. სამოც წელს იყო მიტანებული, მარია სტიუარტი რომ ითამაშა, სამოცდახუთი წლისამ კი - კოლხი მედეა.

ქართველ რეჟისორებს არაერთხელ უთქვამთ, თუ გინდა, რომ სპექტაკლში ან ფილმში სიყალბეს გადაურჩე, სესილია თაყაიშვილი უნდა ათამაშოო. მართლაც, როცა ბუნებრიობისა და უშუალობის განსახიერება, სესილია თაყაიშვილი, სცენაზე ან კადრში გამოჩნდებოდა, თამაშისა თუ ხელოვნურობის განცდისგან ყველაფერი თავისუფლდებოდა.

ცნობილი დირიჟორი, დიდიმ მირცხულავა სესილია თაყაიშვილთან ახლოს ცხოვრობდა. კუს ტბიდან როდესაც ბრუნდებოდა, სესილიას სახლისთვის უნდა ჩაევლო. მსახიობს ფანჯარა ყოველთვის ღია ჰქონდა. ბატონი დიდიმიც რამდენჯერაც ჩაივლიდა, იმდენჯერ კუს ტბაზე დაკრეფილ იებს იქ ყრიდა.

ერთხელაც, გაბრაზებულმა თაყაიშვილმა დიდიმის ცოლს დაურეკა - ნატა, გადაეცით თქვენს მეუღლეს, რომ თავი დაანებოს ჩემს ფანჯარაში იების შემოყრას. ამდენი ნაგვის ხვეტით დავიღალეო.

დიდიმმა სესილიას მოთხოვნა შეასრულა და, აი, ერთი კვირის შემდეგ, სესილიამ მირცხულავებთან კვლავ დარეკა: "ნატა, დიდიმს გადაეცით, ისევ შემომიყაროს იები ფანჯრიდან, თავს მოხუცად ვგრძნობ".

"აბეზარაზე" მუშაობისას ლეილა აბაშიძემ კარგად ისწავლა მანქანის მართვა. "მაია წყნეთელის" გადაღებისას ცურვა, ფარიკაობა, ცხენოსნობა, სროლა და სპორტის სხვა სახეობები აითვისა. ასე რომ, მას ყოველთვის დუბლიორის გარეშე იღებდნენ. სახიფათო ტრიუკების შესრულებისას, მის ცხოვრებაში ბევრი საინტერესო შემთხვევა ყოფილა.

"მაია წყნეთელში" ბატალური სცენების გადაღებისას მსახიობს არავინ ცვლიდა. მოძრაობის ტრაექტორია წინასწარ მონიშნული ყოფილა, მაგრამ ვიღაცას უცაბედად ცხენი ნაღმზე გადაუტარებია და აფეთქების ხმას "მაიას" ცხენი დაუფრთხია. არტახები გამწყდარა და მსახიობი უნაგირიანად ცხენის მუცლის ქვემოთ მოქცეულა. ფაფარს ჩაჭიდებულს უქროლია მცირე ხანს და უზანგში ჩაჭედილი ფეხის გათავისუფლებას ლამობდა, მაგრამ ახლა მეორე საფრთხე დაემუქრა. ცხენიდან გადმომხტარი შეიძლება სხვა მხედრებს გაეთელათ.

თავს იწყნარებდა, რომ გაწვრთნილი ცხენი არასოდეს გაგთელავს. როგორც იქნა, გაითავისუფლა თავი და ცხენიდან გადმოხტა. უკან მთელი ამალა მოჰყვებოდა. თუმცა, ლეილა აბაშიძეს არაფერი ახსოვს. როდესაც გონს მოვიდა, ნაბადში გახვეულს "მოასვენებდნენ". ერთი კი გაუფიქრია, "თურმე როგორი ყოფილა სიკვდილიო?!"

ამ ამბავს კი ქალბატონი მედეა ჩახავა იხსენებდა:

"მიხეილ თუმანიშვილი დგამდა სპექტაკლს "როცა ასეთი სიყვარულია". მე ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ქალის როლს ვთამაშობ. ეპიზოდს ვერ მოვერგე, რაღაც არ გამომდიოდა.

"მედეა, - მირჩია ბატონმა მიშამ, - წადი ახლა, სადაც გინდა, ტლაპო მოძებნე, გადაგორდი ტანსაცმლიანად იმ ტლაპოში, ამოიგანგლე კარგად და როცა ამოხვალ იქიდან, აი ის განწყობილება დაიმახსოვრე, გაითავისე და გამოიტანე სცენაზე".

მაშინ ბარნოვზე ვცხოვრობდი. სახლის ეზოში ისეთი ტალახი იყო, ტრაქტორს უჭირდა გავლა. გავათბე წყალი, მოვამზადე აბაზანა, გამოვედი ეზოში, გავშალე ხელები და გავითხლაშე ტლაპოში ტანსაცმლიანად. კორპუსის წინ მაღაზია იყო, სადაც მტვირთავად ქურთი აზიზა მუშაობდა. დამინახა აზიზამ და მორთო ყვირილი: "ვაიმეეე, ცოცხალი, ტანსაცმლიანი ქალი ტალახში იხრჩობა!!!" - თან თავის ტანსაცმელს იხდის, რათა საშველად გადმოხტეს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს. "ვააიი! - მოუმატა ყვირილს, - ცოცხალი ქალი ტლაპოში ჩაწვა და ისე იხრჩობააა!"

მოგროვდა ხალხი, თვალებს არ უჯერებენ, ამასობაში ერთმა სარეცხის თოკიც მოარბენინა. კარგად რომ ამოვიგანგლე და ვიჯერე გული, ნელ-ნელა ავდექი და წავლასლასდი ჩემი ბინისკენ. თან უშველებელი ოთხკუთხა ჩემოდანი მიჭირავს ( ასე იყო ნაბრძანები ), ის ქურთი ყარაული კი ხალხს არწმუნებდა, მე გადავარჩინეო".

ლია ელიავას საოცარი შარმი ჰქონდა. მისი სინატიფე, კდემამოსილება და სილამაზე გულგრილს არავის ტოვებდა.

მსახიობი ოთარ კობერიძე "ბაში - აჩუკის" გადაღებისას მომავალ მეუღლესთან პირველ შეხვედრას ასე იხსენებდა: "მშვენიერი დარი იდგა. მე უკვე ბაში-აჩუკის ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი და ველოდებოდი სხვა მსახიობების გამოჩენას. ლია რომ დავინახე, დავმუნჯდი,

თითქოს მუცელში ჩამივარდა ენა. იგი ისეთი მშვენიერი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე, მზესავით ანათებდა..."

ფოტოგალერეა: ქართველი მსახიობი ქალები

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)