"უარს ვერ ვიტყვით ობიექტზე, რომელიც ადასტურებს, რომ ქრისტიანობის ისტორია აზერბაიჯანსაც შეეხო" - რა ელის დავითგარეჯის სადავო ტერიტორიას?! - კვირის პალიტრა

"უარს ვერ ვიტყვით ობიექტზე, რომელიც ადასტურებს, რომ ქრისტიანობის ისტორია აზერბაიჯანსაც შეეხო" - რა ელის დავითგარეჯის სადავო ტერიტორიას?!

გასულ წელს აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაციის დასრულებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორი დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკება თუ ვის საკუთრებაში უნდა შევიდეს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ტერიტორია. რამდენიმე დღის წინ კი Echo.AZ- თან ინტერვიუში აზერბაიჯანელმა სამხედრო ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა ისაუბრა:

”საქართველოს ესმის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ზონა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამის გარდა იურიდიულად აზერბაიჯანს მასზე უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე საქართველოს... აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არასდროს დამდგარა მწვავე საკითხები, მათ შორის ტერიტორიული, გარდა ქეშიშ-დაღასი, ანუ, როგორც მას საქართველოში უწოდებენ - დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის. ორივე ქვეყნისთვის ეს საკითხი დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს. 25 წლის განმავლობაში აზერბაიჯანსა და საქართველოს თბილი, კეთილმეზობლური დამოკიდებულება აქვთ... საქართველო დათანხმდება, რომ აზერბაიჯანს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზე უფრო მეტი მორალური და იურიდიული უფლება აქვს. ამის გარდა, ეს ზონა სტრატეგიულ სიმაღლეს წარმოადგენს და მასზე უარს ვერ ვიტყვით. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს, სომხეთის ან სხვა მეზობელი ქვეყნის მიწებზე, მაგრამ რაც ჩვენია, არავის დავუთმობთ”, - აღნიშნავს ჯაფაროვი.

პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის მუბარიზ აჰმედოღლუს ჯუს თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს შეთავაზებას ვერ მიიღებს.

”ქართული მხარე ბაქოს სთავაზობს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს დავითგარეჯის არქიტექტურული კომპლექსის სანაცვლოდ. აზერბაიჯანის მთავრობა ამ პირობას არ დათანხმდება, რადგან საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაზე და ისტორიულ მემკვიდრეობაზე.

ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც მოსახლეობის ნაწილი ზოროასტრიზმის აღმსარებელი იყო, ნაწილი კი - ქრისტიანობის. ჩვენ ვერ შევძლებთ უარი ვთქვათ ისტორიულ ობიექტზე, რომელიც ადასტურებს, რომ ქრისტიანობის ისტორია აზერბაიჯანსაც შეეხო.

სწორი იქნება, რომ საქართველომ უარი თქვას თავის პრეტენზიებზე და ამით აჩვენოს, თუ როგორ სცემს პატივს აზერბაიჯანში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიას. ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია, რომ ამ მოლაპარაკებებს პოლიტიკური ელფერი არ მიეცეს და კონფლიქტურ მდგომარეობამდე არ მივიდეს”, - განაცხადა აჰმედოღლუმ. (წყარო)

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ:

- როგორც ვიცით, 2017 წელს დაგეგმილია საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის დასრულება, გვაინტერესებს რა ეტაპზეა მოლაპარაკებები? ვინ აწარმოებს და დაახლოებით როდის შეიძლება დასრულდეს?

- საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მიმდინარეობს ხანგრძლივი პერიოდი, კერძოდ 1995 წლიდან. ამ პერიოდის განმავლობაში ორი მხარის შესაბამისი კომისიების მიერ შეთანხმდა საზღვრის (458 კმ) დაახლოებით 66%, ხოლო დანარჩენ შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები.

ორივე მხარემ გამოხატეს მზაობა პროცესის გააქტიურების თაობაზე 2017 წლის განმავლობაში, თუმცა წინასწარ იმის აღნიშვნა, რომ მოლაპარაკებები დასრულდება წარმატებით, ნაადრევად მიგვაჩნია.

მოლაპარაკებებს ორივე მხრიდან აწარმოებს სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო კომისიები, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების თავმჯდომარეობით, თუმცა ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოს მხარის კომისიის შემადგენლობის განახლება, რის შემდეგ მუშაობის პროცესი განახლდება.

- აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზე უფრო მეტი მორალური და იურიდიული უფლება აქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავითგარეჯის სადაო ტერიტორიის სანაცვლოდ საქართველო სხვა ტერიტორიას სთავაზობს აზერბაიჯანს. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს და რა ტერიტორიაზეა საუბარი?

- ვერ შევაფასებთ აზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტების განცხადებებს, ვინაიდან არ გაგვაჩნია მონაცემები ინფორმაციის წყაროზე. აქვე დავძენთ, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის სეგმენტის თუ საზღვრის სხვა მონაკვეთის გამავლობა/გეოგრაფიული მდებარეობა არ განეკუთვნება არცერთი მხარის სამხედრო ექსპერტების კომპეტენციას და მათზე საბოლოო შეთანხმების პრეროგატივა ან უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო კომისიებს.

რაც შეეხება ტერიტორიების მოცვლის საკითხს, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ეს მიღებული ფორმაა, თუმცაღა ამ ეტაპზე დღის წესრიგში მსგავსი მოცვლის საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს.

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადაო ტერიტორიასთან დაკავშრებით ჩვენ ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ:

- ეს ძალიან ფაქიზი საკითხია. სამწუხაროდ, აზერბაიჯანის რუკები საქართველოს რუკებისგან განსხვავდება. ეს სწორედ ის რუკებია, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში შეადგინეს. სადაო დავითგარეჯის მხოლოდ ერთი მონაკევთია - ბერთუბანი. ამ დავას აქვს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. ზუსტად იმიტომაც სთავაზობს საქართველო აზერბაიჯანს სხვა ტერიტორიას. აქაც ჩვენმა წინაპრებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, ისეთივე, როგორც სჩვეოდათ ქართველ ბოლშევიკებს, როცა არიგებდნენ ქართულ მიწებს - ლორე-ტაშირსა და საინგილოს. საქართველოს მენშევიკური მთავრობის დროს ეს ტერიტორია, ყარაიას ველის ჩათვლით, იყო საქართველოს ტერიტორია. მაგრამ შემდეგ საქონლის გადადენის მიზეზით, როგორც საძოვარი ისე  გახსნეს, საბოლოოდ კი სამეურნეო თვალსაზრისით გახსნილი ტერიტორია გამოაცხადეს ჯერ ადმინისტრაციულ, შემდეგ კი უკვე სახელმწიფო საზღვრად.

ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას აქვს არგუმენტები და ამან თავისი როლი უნდა შეასრულოს. თუ ჩვენს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობაა, მაშინ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩვენს არგუმენტებს ანგარიში უნდა გაუწიოს.

საერთოდ პოლიტიკა ვაჭრობაა. თუ ამ საკითხში არ გაგვიწიეს ანგარიში, საბოლოო ჯამში ჩვენც იძულებული ვქნებით უკვე სხვა თემაზე მათი არგუმენტები არ გავიზიაროთ.

ვფიქრობ, გარკვეული კომპრომისის გამოძებნა შეიძლება. მაგრამ აქ არის ერთი საკითხიც. სადემარკაციო-სადელიმილიტაციო სამუშაოებში აზერბაიჯანის მხრიდან ამდენი წლის განმავლობაში მონაწილეობს თითქმის ერთი და იგივე გუნდი, რომელთაც ყველა ადგილი კარგად აქვთ შესწავლილი. საქართველოს მხრიდან კი განუწყვეტლივ იცვლებიან წარმომადგენლები, მით უმეტეს მინისტრის მოადგილეები, პოფესიონალების გამოყენება ამ კომისიის მუშაობაში ნაკლებად ხდება. ვფიქრობ, საქართველოშო არიან ის კომპეტენტური პირები, რომელთაც კარგად იციან ისტორია და სწორედ ეს ხალხი უნდა ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში. პოლიტიკური გადაწყვეტილება კი არა, უპირველესად სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ცნობისთვის: შეგახსენებთ, რომ ისტორიული წყაროების მიხედვით, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ დაარსდა. ის თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად გარეჯის უდაბნოში მოვიდა და პატარა, ბუნებრივ მღვიმეში დაიდო ბინა. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)