"მშობლები მარიხუანას პამპერსში მალავდნენ" - კვირის პალიტრა

"მშობლები მარიხუანას პამპერსში მალავდნენ"

კინოლოგიურმა სამსახურმა ძაღლებიც გადაამზადა... ადრე თუ მათ მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენა შეეძლოთ, ახლა საგულდაგულოდ გადამალული სიგარეტების აღმოჩენაც შეუძლიათ

2015 წელს ცარიელი სატვირთო გადაადგილდებოდა სომხეთიდან გერმანიის მიმართულებით, რამაც ჩვენი თანამშრომლები დააეჭვა, ამიტომ ის საგულდაგულოდ დაათვალიერეს. მანქანის შიდა კედლები და ჭერი ახალი შეღებილი იყო, რამაც ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა. სამალავი სწორედ ორმაგი კედლებისა და ჭერის შუაში იყო მოწყობილი, სადაც მილიონი ღერი უაქციზო სიგარეტი ვიპოვეთ! მეორე შემთხვევაც მსგავსი გახლდათ, სატვირთო მანქანა სომხეთიდან საფრანგეთისკენ მიემართებოდა, სიმბოლურად გადაჰქონდა საბილიარდო მაგიდა. მასშიც აღმოჩნდა სამალავი და თითქმის მილიონ ღერამდე სიგარეტი

"ბოლო 5 წლის სტატისტიკით ჩვენთან თითქმის ყველა სახეობის კონტრაბანდული საქონლის შემოტანის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა"

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საბაჟო დეპარტამენტმა საქართველოს ტერიტორიაზე კონტრაბანდული საქონლის მოხვედრის საწინააღმდეგო ზომები მაქსიმალურად გაამკაცრა. რას უკავშირდება ეს ღონისძიებები და განსაკუთრებით რომელ ქვეყნებს მივიჩნევთ სახიფათოდ, "კვირის პალიტრას" საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი მუხრან ღამბაშიძე ესაუბრა.

- მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია უაქციზო სიგარეტის, ძვირფასეულობის ან ნარკოტიკული ნივთიერების კონტრაბანდა. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ბოლო 5 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ჩვენთან თითქმის ყველა სახეობის კონტრაბანდული საქონლის შემოტანის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

- ექსპერტები კონტრაბანდული სიგარეტის შემოდინების მატებას ისედაც ვარაუდობდნენ...

- დიახ, ასეა. მოგეხსენებათ, 2017 წლის პირველი იანვრიდან სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა და ამან რისკი გააჩინა, რომ ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანა გახშირდებოდა. მით უფრო, როცა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, გაცილებით იაფი ღირს ერთი კოლოფი სიგარეტი, თითქმის ერთი ლარით ნაკლები. ამიტომ სომხეთიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტებმა იმატა. უჩვეულო შემთხვევებთანაც გვქონდა საქმე - ადამიანებს ტანზე წებოვანი ლენტით შემოხვეული სიგარეტის ბლოკები გადმოჰქონდათ. ადრე ამ მეთოდიYთ ძვირფასეულობა ან ნარკოტიკული ნივთიერება შემოჰქონდათ. დღეს ჩვენ გვაქვს კარგად აღჭურვილი საბაჟო-გამშვები პუნქტები და სკანერმა მსგავსი შემთხვევები იოლად აღმოაჩინა.

- ამ მეთოდით რამდენი სიგარეტის გადმოტანა შეუძლია ადამიანს?

- 8-10 ბლოკის...

- ესე იგი, დიდი რაოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის გადმოტანის ფაქტი წელს არ დაფიქსირებულა?

- ჯერჯერობით არა, რადგან კონტროლი გავაძლიერეთ. მომატებულ რისკებს მომზადებული შევხვდით. თანამშრომლებს ჩაუტარდათ სპეციალური ინსტრუქტაჟი, თუ რისთვის უნდა მიექციათ ყურადღება. მათ იციან ის საეჭვო ქვეყნები და საზღვრები, საიდანაც, შესაძლოა, კონტრაბანდული სიგარეტი შემოვიდეს. ევროკავშირის ქვეყნებში სიგარეტი ძალიან ძვირია. ამიტომ უაქციზო სიგარეტის შედინება ამ ქვეყნებში არაწევრი ქვეყნებიდან ხდება, მაგალითად, რუსეთის ფედერაციიდან, უკრაინიდან და ა.შ. ხშირად საზღვაო გადაზიდვებით ხვდება კონტრაბანდული საქონელი ევროკავშირის ქვეყნებში. ასევე იყენებენ მსუბუქ ავტომობილებს, მიკროავტობუსებს, სატვირთოებსაც კი... მეტწილად კონტრაბანდული საქონელი საბაჟო ლიუკის ქვეშ, ტვირთის შუაგულში იმალება. მაგალითად, შესაძლებელია დეკლარირებული იყოს ერთი ტონა მანდარინი, ამ ტვირთის შუაგულში კი კონტრაბანდული საქონელი იმალებოდეს. ზოგიერთ ავტომობილს ორმაგი კედლები და ჭერი აქვს, შუაში კი დამალულია კონტრაბანდული საქონელი. კონტრაბანდა ფურგონ-მაცივრებითაც შემოაქვთ. მოგეხსენებათ, ბევრი ავტომობილი საწვავად გაზს მოიხმარს და ხშირად სწორედ ბალონშია კონტრაბანდული საქონელი. შეიძლება იყოს საწვავის ბაკშიც. მოკლედ, მსოფლიოში აპრობირებული შემთხვევები განვიხილეთ და ჩვენს თანამშრომლებს გავაცანით, ამასთან, დამატებითი ტექნიკით აღვჭურვეთ საბაჟო-გამშვები პუნქტები. კინოლოგიურმა სამსახურმა ძაღლებიც გადაამზადა... ადრე თუ მათ მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენა შეეძლოთ, ახლა საგულდაგულოდ გადამალული სიგარეტების აღმოჩენაც შეუძლიათ.

- ძაღლებს ეს როგორ შეასწავლეს?

- სპეციალური თამაშებით. ძაღლს დამალული სიგარეტის აღმოჩენაც თამაში ჰგონია. თავის დროზე, ეს კინოლოგიური სამსახური ამერიკული მხარის დახმარებით შეიქმნა, ძაღლებიც მათ შემოგვთავაზეს. არაერთი შემთხვევა იყო, როცა ძაღლმა უაქციზო სიგარეტის დიდი რაოდენობა აღმოაჩინა - იპოვა სამალავი ავტომობილში...

- ბოლოს ხუთი წლის განმავლობაში როდის დაფიქსირდა კონტრაბანდული სიგარეტის ყველაზე დიდი რაოდენობა?

- ორჯერ, 2015 და 2016 წლებში. 2015 წელს ცარიელი სატვირთო გადიოდა სომხეთიდან გერმანიაში, რამაც ჩვენი თანამშრომლები დააეჭვა, ამიტომ ის საგულდაგულოდ დაათვალიერეს. მანქანის შიდა კედლები და ჭერი ახალი შეღებილი იყო, რამაც ეჭვი უფრო გაამძაფრა. სამალავი სწორედ ორმაგი კედლებისა და ჭერის შუაში იყო, სადაც მილიონი ღერი უაქციზო სიგარეტი ვიპოვეთ! მეორე შემთხვევაც მსგავსი გახლდათ, სატვირთო მანქანა სომხეთიდან საფრანგეთში მიემართებოდა, სიმბოლურად საბილიარდო მაგიდა მიჰქონდა, არადა, სამალავში თითქმის მილიონ ღერამდე სიგარეტი ვიპოვეთ.

- რის მიხედვით ხდება საეჭვო შემთხვევების ამოცნობა?

- ამაზე მუშაობს რისკების პროგრამა (საეჭვო შემთხვევების საერთაშორისო ბაზიდან მიღებული ინფორმაციითაც ვსარგებლობთ), რაც საზღვარზე გამშვებ პუნქტებს დიდ სამსახურს უწევს. მებაჟე წინასწარი რისკების შესახებ ინფორმაციას იღებს და დამატებით შემოწმებას ატარებს. სხვათა შორის, კიდევ ორი საინტერესო შემთხვევა გვქონდა. ლაგოდეხიდან წითელი ხიდისკენ მიდიოდა ავტომობილი, რომელსაც სიგარეტი დეკლარირებული ჰქონდა, თუმცა მანქანა ცარიელი აღმოჩნდა, ესე იგი, კონტრაბანდული საქონელი საქართველოში დატოვა. იგივე შემთხვევა დაფიქსირდა ყაზბეგის გამშვებ საბაჟო პუნქტზე, ცარიელი ავტომობილი რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა, კონტრაბანდული სიგარეტი კი საქართველოში დატოვა.

- ძვირფასეულობის კონტრაბანდის შემთხვევებმა თუ მოიმატა?

- 2016 წელს ოდნავ დაღმავალი სტატისტიკა იყო. 2015-ში გადაზიდვის მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 2017 წლის ამდროინდელი მონაცემები კი 2015 წლისას ძალიან ჰგავს. შარშანწინ უპრეცედენტო შემთხვევა იყო - ავტომობილის საბარგულსა და უკანა სკამს შორის მოწყობილ სამალავში 19 კგ-მდე ოქროს ზოდი აღმოვაჩინეთ, მანამდე ყოფილა 8, 10, 12 კგ ოქროს გადაზიდვის შემთხვევები.

- საიდან შემოდიოდა ამ რაოდენობის ოქრო?

- ავტომობილი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მას საქართველოს ტერიტორია ტრანზიტულად უნდა გაევლო და ოქრო თურქეთში გაეტანა. არის ოქროს ნაკეთობების გადატანის შემთხვევებიც. ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ქამრის ბალთა მთლიანად ოქროსი ჰქონდა, თუმცა ის სპეციალურად გაშავებულ-დაძველებული იყო... ხშირად ქალები ოქროს ნაკეთობებს სხეულში მალავენ...

- ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდული გზით შემოტანის განსაკუთრებული შემთხვევა როდის დაფიქსირდა?

- უპრეცედენტო იყო 2014 წელს სამ ტონამდე თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტი, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა შსს-ს წარმომადგენლებთან ერთობლივად განახორციელეს. ტვირთი დეკლარირებული იყო როგორც სარეცხი საშუალება. 600 ერთეული პლასტმასის ბიდონიდან 93-ში თხევადი ჰეროინი ესხა. ეს იყო 2 ტონა და 790 კგ თხევადი ჰეროინი. საქონელი თურქეთიდან მოდიოდა, თუმცა ჩვენი საზღვარი აზერბაიჯანის მხრიდან გადმოკვეთა. ჰეროინი მოლდავეთში უნდა გაეტანათ.

2016 წლის ზაფხულში 178 კგ ჰეროინი ამოვიღეთ. მძღოლს ირანიდან ნიდერლანდებში უნდა გაეტანა. ფხვნილი ავტომანქანის მისაბმელში აღმოჩნდა.

ბოლო დროს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე კოკაინის შემოტანის არაერთი შემთხვევაც დაფიქსირდა, დამალული იყო საბავშვო წიგნების ყდებში, კატალოგებში, სპრეი-დეზოდორებში და ა.შ. ზოგჯერ მათ საფოსტო გზავნილებშიც მალავენ. ხშირია ნარკოტიკული ნივთიერების გადაყლაპვის ფაქტებიც, რაც სკანერებით ადვილად ვლინდება. ერთი უჩვეულო შემთხვევის მომსწრეც გავხდით - მშობლები მარიხუანას პამპერსში მალავდნენ. ჩვენი თანამშრომელი დედას მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა, ბავშვი გამოართვა და ამ დროს ხელით რაღაც იგრძნო. ამის შემდეგ გახადეს ბავშვს პამპერსი...

- შეგიძლიათ გამოყოთ ყველაზე სახიფათო გზები, როცა საქართველო ტრანზიტულ ქვეყნად გამოიყენება?

- ცხადია, ნარკოტიკული საშუალებების გადატანის ერთ-ერთი დერეფნის ნაწილი ვართ ჩვენც, რომელსაც მაქსიმალურად ვაკონტროლებთ. ყველამ ვიცით, რომ ჰეროინის მთავარი სამშობლო ავღანეთია. აზიის ქვეყნებიდან წამოსული ტვირთები ევროპის ქვეყნებში მიდის. ჩვენ ამ დიდი დერეფნის ერთ პატარა შტოს წარმოვადგენთ, რომელსაც მაქსიმალურად ვაკონტროლებთ. ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებებშიც არაერთხელ აღინიშნა.

- ექსპერტების თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შანსი მიმზიდველი აღმოჩნდება უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ქართული პასპორტებით სარგებლობას შეეცდებიან. უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა კონტრაბანდის გადატანის რისკს რამდენად გაზრდის?

- მერწმუნეთ, ამ გამოწვევას მომზადებული ვხვდებით. ცხადია, ერთეულ შემთხვევებს ვერ გამოვრიცხავთ, თუმცა ჩვენი ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ მსგავსი პრეცედენტები არ დაფიქსირდეს. ამდენად, განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ვხედავ.

ეკა ასათიანი