ვაჟას შთამომავალი მამაპაპისეულ მიწაზე დაფუძნდა - კვირის პალიტრა

ვაჟას შთამომავალი მამაპაპისეულ მიწაზე დაფუძნდა

ნინო რაზიკაშვილი: "შვილი მეუბნება, - დედა, რა გინდა ამ სიცივესა და სიმარტოვეში, შინ დაბრუნდიო. ვეუბნები, - ჩემი სახლი აქ არის, შენი ფესვიც ამ მიწაშია და ამაზე აუცილებლად დაფიქრდები-მეთქი"

"ორი წელიწადია, რაც ჩარგალში ქალბატონი დასახლდა და ამ ნახევრად დაცარიელებული სოფლის იმედად იქცა. ისე თავდადებით შრომობს და დაფუსფუსებს, რომ მისი მიბაძვაც მოგინდება. გასაკვირი რაა, - ქალბატონი ვაჟა-ფშაველას შთამომავალია. ალბათ ვაჟას ოჯახის ისტორიაც გახსოვთ, - მას პირველი ცოლისაგან სამი ქალი და ერთადერთი ვაჟი, ლევანი დარჩა. შემდეგ ვაჟა მეორედ დაქორწინდა. შთამომავლობა მხოლოდ ლევანისაგან დარჩა - ვაჟას ქალიშვილები უშვილოდ გადაეგნენ. არც ლევანი ყოფილა ბედნიერი - საბჭოთა მთავრობამ ის ფშავის პოლიციის უფროსად დანიშნა. ლევანს ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაჭერა დაავალეს. ქაქუცა მისი მეგობარი იყო და დაჭერის ნაცვლად გაქცევაში შეუწყო ხელი. ამ დროს ვაჟა დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. ვაჟას მეორე ცოლმა, რომელსაც ლევანი არ უყვარდა, მისი ქვრივ-ობლები სახლიდან გამოყარა. მათ წამოსაყვანად ლევან რაზიკაშვილის ცოლისძმა ავიდა - ლევანის 6 წლის ვაჟი, ლუკა ცხენზე შემოისვა, პატარა გოგონები - ქეთევანი და ეკატერინე კი ხურჯინის თვლებში ჩასვა, ცხენს გადაჰკიდა და ასე ჩაიყვანა გორში, სადაც სასტიკი ცხოვრება ელოდათ - ათეულწლობით ვერ ბედავდნენ გამხელას - ვაჟას შვილიშვილები ვართო.

დრო გავიდა. ლევან რაზიკაშვილის შვილიშვილი - ლუკას ქალიშვილი ნათელა მამაპაპისეულ მიწაზე დაფუძნდა. ძალიან მინდა, რომ ამ მშვენიერ ქალბატონზე დაწეროთ, ისეთი სავსეა სიცოცხლით, ჩარგალში მასთან ახლოს თითქოს ბუნებაც კი ხარობს".

მანანა ლომინეიშვილი

ამ წერილმა ჩვენც გაგვახარა და ქალბატონ ნინო რაზიკაშვილთანაც შეგვახვედრა.

ნინო რაზიკაშვილი: - მამა-პაპის ისტორია გულში ჭრილობასავით მაქვს ჩარჩენილი, მაგრამ ბედისწერამ ჩვენთვის მარტო ეს გაიმეტა და რა გვექნა! ბებიაჩემის ძმას დისა და დისშვილებისთვის საკუთარი სახლის გვერდით ხუხულა გაუკეთებია - ცოტა ხანს აქ იყავით. სახლში რომ შეგიყვანოთ, ბოლშევიკები დამხვრეტენო. ამასობაში დაზამთრებულა. ქვრივ-ობლებისთვის თავზე დაუთოვია. ჩამოუვლია მათ მეზობელ გოზალოვს და მათი ცოდვით გულმოწურულს უთქვამს, - არა გრცხვენია, საქართველო, ვაჟას შვილიშვილები რომ ამ დღეში არიანო?! აუკრეფია გროშები მეზობლებისაგან, ერთი ამდენი თავადაც დაუმატებია და ობლებისთვის პატარა ოთახი აუშენებია. ასე დაიზარდნენ მამაჩემი და მამიდაჩემები. ბებია გვაფრთხილებდა ხოლმე, - არ თქვათ, რომ ვაჟას შთამომავლები ხართ, თორემ თქვენც დაგხვრეტენო. იმიტომაც ხალხმა დიდხანს არაფერი იცოდა ჩვენზე. თხუთმეტი წლის ვიყავი, როცა პირველად ავედი ჩარგალში. 1961 წელი იყო, ვაჟას 100 წლის იუბილე. ჩვენი ოჯახის მცოდნე მეზობლები შემოგვიჩნდნენ - წადით ჩარგალში, ახლა აღარავინ დაგიჭერთო. ჩვენც წავედით. მახსოვს, როგორ ამიჩუყდა გული ვაჟა-ფშაველას ნაფუძრის დანახვაზე, თითქოს პაპა ლევანი და ვაჟა-ფშაველა დამხვედროდნენ - სისხლის ყივილი უცნაური რამ არის! მას მერე ჩარგალი სულ "მეძახდა". იმიტომაც შევუჩნდი მამაჩემს, - როგორ შეიძლება, ჩვენ ჩარგალში სახლი არ გვქონდეს, უნდა ააშენო-მეთქი. მეუბნებოდა, - შვილო, ჩვენ იქ მიწას არავინ მოგვცემს, უნებართვოდ კიდევ სახლს ვინ დამადგმევინებსო! მოვიდა გამსახურდიას მთავრობა და ვუთხარი, - ვაჟას შთამომავალს ჩარგალში ეს მთავრობა სახლს არ დაუნგრევს-მეთქი! მამაჩემმაც ამოზიდა მანქანით მასალა და პატარა სახლი ორ თვეში ააშენა.

- ქმარ-შვილი დათმეთ და აქ ამოხვედით მარტო...

- შვილები პატარები აღარ არიან, მყარად დგანან ფეხზე თავიანთი ოჯახებით. ამოვა ხოლმე ჩემი ვაჟი ჩარგალში, დამხედავს, ჩემი ხელით ტყიდან ჩამოზიდულ მორებს დამიჩეხს და მეტყვის, - დედა, რა გინდა ამ სიცივესა და სიმარტოვეში, შინ დაბრუნდიო. ვეუბნები, - ჩემი სახლი აქ არის, შენი ფესვიც ამ მიწაშია და ამაზე აუცილებლად დაფიქრდები-მეთქი. მერე წავა, მე კი დავჯდები აივანზე, გავცქერი თოვლიან მთებს და გული შვებით და სიამით მიცემს, - უფლის ფუნჯით არის აქაურობა დახატული, გამთენიისას ხეებში მზის სხივები რომ გაიხლართება, თითქოს ანგელოზები სხდებიან ტოტებზე... განა აქაურობის დატოვება შესაძლებელია, ეგ ხომ ვაჟასაც შეეძლოა, მაგრამ არა ქნა. ჰოდა, მეც აქ უნდა ვიყო!