ჩოხატაურის მუზეუმში დაცული უნიკალური პოლიფონი
13-03-2017
ჩოხატაურის მუზეუმში დაცული უნიკალური პოლიფონი
ადამიანებისაგან განსხვავებით, ნივთებს დრო მეტ ხიბლსა და ფასს მატებს, რადგანაც ის მათ ისტორიას უქმნის, მისტიკურობასაც ანიჭებს, რის გამოც უცნაურად გიზიდავენ. ეს ამბავი გაგვახსენა ჩოხატაურიდან მიღებულმა წერილმა.

"ხანდახან ისეთი უმნიშვნელო ფაქტი დააჩნდება სულს, გიკვირს კიდეც. ზუსტად ასე იქცა ჩემთვის მნიშვნელოვნად 60-იან წლებში გლეხი ურუშაძისგან მუზეუმისათვის გადაცემული ძვირფასი პოლიფონის ამბავი. ამ ულამაზესი ინსტრუმენტის დამზადება გერმანიაში XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყეს. თავდაპირველად კარადის ფორმა ჰქონდა, რომელსაც უძვირფასესი წითელი ხისაგან ამზადებდნენ და შიგ ლითონის უზარმაზარ
ფირფიტებს ათავსებდნენ, რომლებზეც მელოდიები იყო "ამოკაწრული". შემდეგ ფირფიტაზე საკრავ ნემსს დაადებდნენ, პოლიფონს არღანივით მექანიკურად მართავდნენ და ფირფიტაც ულამაზეს მელოდიას გამოსცემდა.

მართლაც ღვთაებრივი იყო მელოდია, რომელიც პირველად ჩოხატაურის მუზეუმში მოთავსებული პოლიფონიდან მოვისმინე. შემდგომში პოლიფონმა ყუთის ფორმა მიიღო, ბევრი მათგანი ცნობილი მხატვრების მოხატულიც კია.

ჩოხატაურის მუზეუმისთვის პოლიფონი
60-იან წლებში ჩოხატაურელ ურუშაძეს გადაუცია - ჩემი დიდი ბაბუა ვაჭარი იყო, მისი ქონებიდან ამის გარდა არაფერი დამრჩა, წაიღეთ და მოუარეთო!

მუზეუმში დამთვალიერებლებს­ დღესაც შეუძლიათ პოლიფონის ღვთაებრივ მელოდიას მოუსმინოს. ამ მუსიკიდან კი ეს შეგრძნება წამოგყვებათ - არა პურითა ერთით ცოცხლობს კაცი. გულს მხოლოდ სული ათბობს, ურომლისოდ ვერ ვიცოცხლებთ!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით