გაზრდიან თუ არა ფასს ავტოინსტრუქტორები?! - კვირის პალიტრა

გაზრდიან თუ არა ფასს ავტოინსტრუქტორები?!

აქამდე რასაც აბარებდნენ, გამოცდას ვერ ვუწოდებ - ის რამდენიმე ამოცანა, რომელსაც მოედანზე მეტ-ნაკლებად ართმევენ თავს, მართვის მოწმობის გასაცემად საკმარისი არ არის!

მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდის ჩაბარება ქალაქში, რეალურ მოძრაობაში, სავარაუდოდ, შემოდგომიდან მოუწევთ. საზოგადოება ამ სიახლეს დადებითად აფასებს.

ჯურხა ჯაჯანიძე, ავტოინსტრუქტორი: - კარგია, გამოცდის ჩაბარების ახალი სისტემა თუ შემოვა, რადგან ახლა რაც ბარდება, ეს გამოცდა არ არის. აქამდე რასაც აბარებდნენ, გამოცდას ვერ ვუწოდებ - ის რამდენიმე ამოცანა, რომელსაც მოედანზე მეტ-ნაკლებად ართმევენ თავს, მართვის მოწმობის გასაცემად საკმარისი არ არის! საჭიროა, რეალურ სივრცეში გამოცდის ჩაბარება. როგორ წესი, მომავალ მძღოლებს პრაქტიკული მეცადინეობის გავლა არ სურთ, მართვის მოწმობა კი უნდათ. ასე არ შეიძლება.

- ფიქრობთ, რომ ასეთ პირობებში აღებული მართვის მოწმობა შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს?

- დიახ. მართვის მოწმობის რეალურ სივრცეში მიღებისას ავტოინსტრუქტორებს საქმე მოგვემატება. ახლა გაკვეთილი 20 ლარი ღირს, ახალი გამოცდისთვის მოსამზადებლად საფასური მეტი იქნება, რადგან ინსტრუქტორები უფრო დაიტვირთებიან, ალბათ საგამოცდო მანქანებსაც მიექცევა ყურადღება, საწვავიც მეტი დაიხარჯება.

სამწუხაროდ, ზოგიერთ ავტოინსტრუქტორსაც არა აქვს სათანადო ცოდნა, ზოგიერთი დახურულ სივრცეში კი ატარებს გაკვეთილებს, მაგრამ მოსწავლის ქუჩაში გამოყვანისა ეშინია, ისეთებსაც ვიცნობ, თვითონაც რომ არ აქვთ მართვის მოწმობა...

- მათ საქმიანობას არავინ აკონტროლებს?

- არა, ქაოსია. იმედია, ყველაფერს მიექცევა ყურადღება. ზოგიერთი ინსტრუქტორი ოჯახის წევრს დაისვამს გვერდით და მოედანზე მოსულ მოსწავლეს აჩვენებს - აი, როგორი დაკავებული და მოთხოვნადი ვარო. ამ სფეროში 15 წელია, ვმუშაობ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოსწავლე 20-30 გაკვეთილის შემდეგ მოსულა ჩემთან, რადგან ვერ ჩაუბარებია გამოცდა. აჭიანურებენ დროს და გაკვეთილების რაოდენობის ხარჯზე ხელს ითბობენ...

- სად ჯობია ჩატარდეს გამოცდა?

- სადაც უფრო დატვირთული და ინტენსიური მოძრაობაა. რასაც ახლა აბარებენ, პრაქტიკულ გამოცდაზე ისიც უნდა დარჩეს და ქალაქის მოძრაობაში სვლაც ჩაბარდეს.

ლაშა სხირტლაძე, ავტოინსტრუქტორი: - ალბათ, ღია სივრცეში გამოცდის ჩასაბარებლად დამატებით 10-15 გაკვეთილი მაინც დასჭირდებათ. მოედანზე მოძრაობის პრაქტიკას გაივლიან და მერე დამატებით ქალაქში საცობებსა და ნაკლებად ინტენსიურ მოძრაობაშიც შეეცდებიან მოძრაობის სრულყოფას.

ავტოსკოლების ლიცენზირებაც უნდა მოხდეს. ლამის მიწისქვეშა გადასასვლელებშიც გახსნან ავტოსკოლები, უგულებელყოფილია სტანდარტი... ჩვენ ავტოსკოლაში კამერები გვიყენია და შეიძლება დავადასტურო, რომ ესა თუ ის მოსწავლე ნამდვილად გადიოდა თეორიულ კურსს.

- ინსტრუქტორების მომზადება სად ხდება?

- ამაზე არაფერი მსმენია.

- ქალაქის რომელ ნაწილში უნდა მოხდეს გამოცდის ჩატარება?

- ვფიქრობ, მერიამ უნდა გამოყოს ტერიტორია, სადაც ნაკლებად ინტენსიური მოძრაობაა და იქიდან გადაინაცვლოს საცობებში.

დავით მესხიშვილი, ექსპერტი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია: - ევროდირექტივით - მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა უნდა ჩაბარდეს ქალაქის პირობებში და არა დახურულ მოედანზე. ეს კარგია. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ წინასწარ არ უნდა გახდეს ცნობილი, თუ რა ადგილებში მოხდება გამოცდის ჩაბარება, რადგან შესაძლებელია, მოსწავლე და გამომცდელი ინსტრუქტორი შეთანხმდნენ ჩაბარების ადგილზე, ან მოსწავლემ კარგად დაისწავლოს ერთი რომელიმე ადგილი.

მხოლოდ 1 წელიწადში, ავტოსაგზაო შემთხვევებს 600-ზე მეტი კაცი ემსხვერპლა და 10 ათასზე მეტი დაშავდა, ამიტომ მართვის მოწმობა უფრო რთული გამოცდის შედეგად უნდა გაიცემოდეს. მომხრე ვარ გერმანული და ლატვიური მეთოდისა, სადაც ავტოსკოლის კურსის გავლა სავალდებულოა. პრობლემაა ისიც, რომ ავტოსკოლების ნაწილი ასწავლის თაღლითურად, ანუ კოდირებით - საკითხის პასუხი არა გააზრებულად, არამედ კოდირების გზით ისწავლება, მაგალითად, ხე თუ ასე დგას, ან მანქანა თუ ეს ფერია, მაშინ უნდა მოხაზო `ბ~"პასუხი და ა.შ... დაუშვებელია ისიც, რომ ზოგი ავტოსკოლა შინ გამოძახებით ამზადებს. კარგია, რომ მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდის ჩაბარება მოხდება ქალაქის პირობებში, მართებული იქნება, რომ ამ პროცესს მოჰყვეს ავტოსკოლების ლიცენზირება, რათა ვიცოდეთ, ვინ ასწავლის იქ.

- როგორც ვიცი, 10 წელზე მეტია, არ არსებობს ავტოსკოლის ინსტრუქტორების მოსამზადებელი სპეციალური უწყება. გამოდის, რომ ნებისმიერ მძღოლს შეუძლია მოაწყოს მოედანი, ჩაარჭოს ჯოხები და მიიღოს მოსწავლეები.

- სამწუხაროდ, ასეა... გვაქვს სხვა პრობლემაც: საჯარო სკოლების მე-11 კლასელებს აძლევენ ცნობას, რომლის საფუძველზეც შეუძლიათ გამოცდაზე გასვლა მართვის მოწმობის ასაღებად. არადა, პრაქტიკულად მოუმზადებლები არიან. ასევე საჭოჭმანოა ამ მხრივ მანდატურების კვალიფიკაციაც. ვიცით - თბილისში მანდატურები, ხოლო რეგიონებში ფიზკულტურის მასწავლებლები ასწავლიან საგამოცდო თეორიულ საკითხებს. საბოლოოდ, სრულიად მოუმზადებელ ბავშვებს ვუშვებთ მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდებზე და ისინი ხდებიან პოტენციური მკვლელები.

როგორც ცნობილია, პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება სავალდებულო ხდება. მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლა. თუ პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება სავალდებულო ხდება, თეორიული ნაწილის მომზადებაც რატომ არ უნდა გახდეს სავალდებულო?! საზღვარგარეთ თუ ერთი ავტოსკოლიდან გასული მოსწავლეების დიდი რაოდენობა იჭრება გამოცდაზე, დგება ამ ავტოსკოლის პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენ ვითხოვთ მის დანერგვას საქართველოშიც.

- როდის გახდება შესაძლებელი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩაბარება?

- სავარაუდოდ, შემოდგომისთვის. რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. გვქონდა შეხვედრები განათლების სამინისტროს, მომსახურების სააგენტოს, შსს-ს წარმომადგენლებთან. ძვრები ნელა და მძიმედ მიმდინარეობს. ჩვენ ხომ არ ვიგონებთ ველოსიპედს, ვითხოვთ აპრობირებული მეთოდის დანერგვას, რომელსაც ევროპაში კარგა ხანია, შედეგი აქვს და იმედია, ჩვენშიც ექნება.

ეკა სალაღაია