"სიყვარულზე დამოკიდებულება" - საშიში სინდრომი
13-03-2017
"სიყვარულზე დამოკიდებულება" - საშიში სინდრომი
"თუ ამ სინდრომით­ შეპყრობილი ადამიანი სიყვარულზე დამოკიდებულებას მაინც სიყვარულს უწოდებს, არასწორად "იბრძვის"

"გისურვებთ ჯანმრთელ სიყვარულს" - შევესწარი, როგორ უსურვა ერთმა ფსიქოლოგმა ახალგაზრდებს... ნუთუ არაჯანმრთელი სიყვარულიც არსებობს? ჩემმა რესპონდენტმა, ფსიქოლოგმა ნინო კომახიძემ მითხრა, რომ არსებობს ტერმინი - "სიყვარულზე დამოკიდებულება", რომლისგან თავის დასაღწევადაც საკმაოდ ხშირად აკითხავენ ფსიქოლოგებს.

- ეს ისეთივე სინდრომია, როგორიც ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. სიყვარულზე დამოკიდებულება სხვა ადამიანზე დამოკიდებულებას ნიშნავს.

- რა იწვევს ამას?

- ამ სინდრომის მქონეთა
დიდ ნაწილს ბავშვობაში ნაკლები სიყვარული, სითბო და ყურადღება ერგო. ამიტომ განიცდის დეფიციტს, რაც დაბალ თვითშეფასებას უყალიბებს. ჰგონია, რომ იმდენად ცუდია, მისი მიტოვება ადვილია.
სწორედ ფსიქიკური პროცესების ეს ჯაჭვი შეიძლება გახდეს სიყვარულზე დამოკიდებულების აღმოცენების მიზეზი.

- როგორ გამოიხატება ეს?

- თავდაპირველად განვსაზღვროთ სიყვარულსა და სიყვარულზე დამოკიდებულებას
შორის განსხვავება. ჯანსაღი სიყვარული ადამიანს აბედნიერებს, სიხარული მოაქვს. სიყვარულზე დამოკიდებულებს კი პირიქით, ნეგატიური ფიქრები სდევთ,­ შიში და ტანჯვაც კი. თავდაპირველად, ბედნიერი მხოლოდ მაშინ არის, როდესაც "სიყვარულის ობიექტი გვერდით ჰყავს, მის გარეშე კი უბედურია. მერე ნელ-ნელა ეს განწყობაც იცვლება და საყვარელ ადამიანთანაც დისკომფორტს განიცდის.

არსებობს სიყვარულზე დამოკიდებულების სხვადასხვა ფორმა. მაგალითად, როდესაც წყვილს მშობლისა და ჩვილის როლები აქვთ გადანაწილებული. ხშირად სიყვარულზე დამოკიდებული ჩვილის როლშია, რომელსაც არ შეუძლია "მშობლის" გარეშე არსებობა და მთლიანად მას არის მინდობილი. ზოგჯერ სიყვარულზე დამოკიდებული ავტორი­ტარული მშობლის როლშია, რომელსაც უნდა, რომ სრულიად დაიმორჩილოს ჩვილი.

როდესაც ასეთი წყვილები შორდებიან, სიყვარულზე დამოკიდებული პირი ყველანაირად ცდილობს, შეირიგოს პარტნიორი, მიზნის მისაღწევად იგონებს ათასგვარ მიზეზს, მანიპულირებასაც კი მიმართავს...

ამ სინდრომით შეპყრობილი ადამიანი ფსიქოლოგთან შეიძლება მივიდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკვე აღიარებული ექნება საკუთარ თავთან, რომ პრობლემა აქვს. ან მივიდეს სხვა მიზეზით, მაგალითად, დეპრესიით, შფოთვით, უძილობით და მხოლოდ თერაპიული მუშაობის პროცესში გაირკვეს, რომ ამ ყველაფრის მიზეზი სიყვარულზე დამოკიდებულებაა.

- თუ ვერ აცნობიერებს, რომ სიყვარულზე დამოკიდებულია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

- შესაძლოა, სიყვარულზე დამოკიდებულება გადაიზარდოს ბოდვით აზრებში, აკვიატებაში. ეს შორს წასული ფორმაა.

- ჩვენთან სიყვარულზე­ დამოკიდებულების შემთხვევა ხშირია?

- იშვიათია-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ არც ყოველ მეორეს სჭირს.

- შესაძლოა, რომ პიროვნებამ თვითონ დასძლიოს სიტუაცია და გათავისუფლდეს?

- რა თქმა უნდა, თუ გააცნობიერებს,­ რომ სიყვარულზე დამოკიდებულია და სწორად აღიქვამს სიტუაციას. ასეთ დროს პრობლემის გადაჭრის გზებსაც მოიძიებს­ - წაიკითხავს ლიტერატურას, ეწვევა სპეციალისტს. მაგრამ თუ ამ სინდრომით­ შეპყრობილი ადამიანი სიყვარულზე დამოკიდებულებას მაინც სიყვარულს უწოდებს,­ არასწორად "იბრძვის".

სიყვარულზე, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას, ბევრი ლექსი, სიმღერა თუ ფილმია შექმნილი და ესეც უწყობს ხელს, რომ ამ გრძნობისადმი არაჯანმრთელი დამოკიდებულება ცნობიერებაში სიყვარულის სახელით ფორმდება. როცა აქცენტები დასმულია - "მე შენ ისე მიყვარხარ, რომ უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლია", "თუ ჩემთან არ იქნები, მოვკვდები" - იკარგები, ანუ შენი "მე" აღარ არსებობს და ათქვეფილია სხვის "მესთან".

- სიყვარულზე დამოკიდებულების უკიდურესი ფორმა რა შეიძლება იყოს?

- ყველანაირი დამოკიდებულების უკიდურესი ფორმა არის სუიციდი, მაგრამ სანამ ადამიანი იქამდე მივა, უამრავი სიმპტომია, რომლებზეც დროული რეაგირება გამორიცხავს უკიდურეს ფორმას. ადამიანი უნდა დაფიქრდეს სიყვარულის არსზე, მის დანიშნულებაზე. ყველას გისურვებთ ჯანმრთელ სიყვარულს!

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით