"როდესაც მიუთითებდნენ, ბატონო ავლიპ, თქვენი ადგილი პრეზიდიუმშია, ამობრძანდითო, პასუხობდა, აქედან უკეთესად გაკვირდებითო" - კვირის პალიტრა

"როდესაც მიუთითებდნენ, ბატონო ავლიპ, თქვენი ადგილი პრეზიდიუმშია, ამობრძანდითო, პასუხობდა, აქედან უკეთესად გაკვირდებითო"

"პაპა ამბობდა, ხვალ ეს პრობლემა მსოფლიოს მწვავედ დაუდგებაო. მართალი გამოდგა..."

ამბობენ, რომ როდესაც გასულ სუკუნეში მამა გაბრიელმა 1-ლი მაისის დემონსტრაციაზე ლენინის უზარმაზარი პორტრეტი დაწვა, ბევრი ფიქრის შემდეგ, დასჯის მიზნით საბჭოთა მთავრობამ ფისქიატრიულში გამოკეტა, საიდანაც ცნობილი ქართველი ფსიქიატრის ავლიპ ზურაბაშვილის დახმარებით, 7 თვეში მოახერხა თავის დაღწევა.

ავლიპი დავითის ძე ზურაბაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევიში დაიბადა გასული საუკუნის გარიჟრაჟზე, შეიძლება ითქვას, რომ ის საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. მისმა ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა, თავის ტვინის ნატიფი აღნაგობის, ნერვულ უჯრედთა აღდგენადი დაზიანების, პათოფსიქოლოგიის, პერსონოლოგიისა და პათოპერსონოლოგიის შესახებ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

მოგეხსენებათ, თბილისის ფსიქიატრიული კლინიკა 1925 წელს ჩამოყალიბდა. მისი დამფუძნებელი ცნობილი ქართველი მეცნიერი მიხეილ ასათიანია, რომლის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკის ხელმძღვანელად იმჟამინდელი ლენინგრადიდან მისი მოწაფე და ასპირანტი ავლიპ ზურაბაშვილი მოიწვიეს.

მარცხნიდან მარჯვნივ: გოგი ცაბაძე, ირაკლი აბაშიძე, ავლიპ ზურაბაშვილი

ამბობენ, რომ თანამშრომლები სიყვარულით პაპას ეძახდნენ. ის ავადმყოფთან ურთიერთობაშიც საოცრად თბილი და უშუალო იყო. პაციენტები თურმე მოუთმენლად ელოდნენ ყოველ ორშაბათს, როდესაც საავადმყოფოში შემოვლას "პაპა" ავლიპი ატარებდა.

მასზე საბჭოთა საქართველოში ლეგენდები დადიოდა. იუმორის კარგის გრძნობა ჰქონდა და ხშირად იმჟამინდელ მაღალჩინოსნებს სიმართელეს პირში სწორედ ხუმრობით ახლიდა და პასუხსაც ვერავინ სთხოვდა. მასზე ანეკდოტებსაც ბევრს იგონებდნენ, რაზეც თურმე ძალიან ხალისობდა.

ცნობილია, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც იყო და ხშირად ესწრებოდა პარტიულ კრებებს. ერთ-ერთ შეკრებაზე უთქვამს, - ჩვენი პარტია ბოლოკს მაგონებსო. ჰკითხეს, - რატომო? - გარედან წითელია და, რომ გაჭრა, შიგნიდან სულ თეთრიაო. ფსიქიატრიაო, იფიქრეს და ყველას გაეცინა...

ამბობენ, რომ ავლიპ ზურაბაშვილი კრემლის არაოფიციალურ კონსულტანტ-ფსიქიატრიც იყო.

თურმე მის პაციენტთა შორის იმჟამინდელი საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვიც ყოფილა, რომელიც ალკოჰოლური ფსიქოზით იტანჯებოდა. ხურუშჩოვს ავლიპ ზურაბაშვილის ულვაშები სასტიკად არ მოსწონდა, რადგან სტალინს აგონებდა და ფსიქიატრისთვის მათი გაპარსვა მოუთხოვია, რაზეც კატეგორიული უარი მიუღია...

დღეს ფსიქიატრია მისი შვილიშვილი, დავით ზურაბაშვილიც:

- ჩვენი ოჯახი ფსიქიატრიასთან გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან არის დაკავშირებული. პირველი ფსიქიატრი ავლიპ ზურაბაშვილი გვყავდა. მისი ორი შვილიც ამ პროფესიას გაჰყვა. შვილიშვილებიდან ამ საქმის გამგრძელებლები მე და აპი ზურაბაშვილი ვართ. აპი უკვე 10 წელია, ევროპაში მოღვაწეობს. მე თავდაპირველად ბავშვთა რეანიმაციაში ვმუშაობდი, მერე მივხვდი, რომ ფსიქიატრიაში მუშაობა ჩემთვის უფრო კომფორტული იქნებოდა და არც შევმცდარვარ... თუმცა მას შემდეგ სულ პაპის ჩრდილში ვარ. ეს, ერთი მხრივ, საამაყოა, თუმცა დამღლელიც არის - ყველა ცდილობს, მას შემადაროს და მეც ყველაფერს ვაკეთებ, რომ მისი სახელი არ შევარცხვინო. სულ მდევს ფიქრები, ფრაზები და მოგონებები ჩემი და ავლიპ ზურაბაშვილისა - აი, ამ სიტუაციაში რას მეტყოდა, მირჩევდა... უწინ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფსიქიატრიას, მისი დარგი კი, ნარკოლოგია, იმხანად ნაკლებად აქტუალური იყო, თუმცა ჯერ კიდევ 60-იან წლებში პაპა ამბობდა, ხვალ ეს პრობლემა მსოფლიოს მწვავედ დაუდგებაო. მართალი გამოდგა...

"მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, განსაკუთრებით, დედა და მამა", - პაპას ამ ცნობილ ფრაზაზე ყველას ეცინებოდა, რადგან არ იციან, რას გულისხმობდა... მაშინ ხომ იყო მშობლიური პარტია, მშობლიური ლენინი და ასე შემდეგ, აი, ამდენი მშობლებიდან მე ყველაზე მეტად დედ-მამა მიყვარსო, - ასე ირონიულად ამბობდა სიმართლეს. ავლიპი პარტიის წევრიც იყო. ყოველთვის ესწრებოდა ყრილობებს და სტატუსის მიხედვით პრეზიდიუმში ეკუთვნოდა ადგილი, თუმცა ყოველთვის იგვიანებდა და პირველ რიგში ჯდებოდა, ჩვეულებრივ პარტიულ მუშაკთა შორის. როდესაც მიუთითებდნენ, ბატონო ავლიპ, თქვენი ადგილი ხომ პრეზიდიუმშია, ამობრძანდით ჩვენთანო, პასუხობდა, აქედან უკეთესად გაკვირდებითო (წყარო).

იხილეთ ასევე: "ნეტა მეც არ გამაგიჟებდეთ თქვენა და..." - ავლიპ ზურაბაშვილის მხიარული ისტორიები