"ხელისუფლება ისევ და ისევ ძალის დემონსტრირებას ახდენს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება ისევ და ისევ ძალის დემონსტრირებას ახდენს"

"ფაქტია, რომ არა ვარ მერობის კანდიდატი"

შარშანდელი "სისხლიანი გიორგობა" ბევრი თბილისელის მეხსიერებას ცუდად შემორჩა. ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი შსს-ს თბილისის სამმართველოს შენობასთან აქციის მონაწილეთა დარბევის გამო მწუხარებას გამოხატავდა. როგორც გაირკვა, წელს 6 მაისი პოლიციის დღედ გამოცხადდა და ამ უწყებაში აღლუმისთვის ემზადებიან.

შიდაუწყებრივი საზეიმო ფაციფუცი თვალთახედვიდან არ გამოჰპარვია ოპოზიციას, რომელიც ვანო მერაბიშვილს "ჯოჯოხეთის მოწყობით" დაემუქრა. "კვირის პალიტრა" ესაუბრა შარშანდელი მოვლენების მთავარ გმირს - გია გაჩეჩილაძეს, რომელმაც 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადების გამო აღშფოთება ვერ დამალა.

- წელიწადში 365 დღეა და მაინცდამაინც 6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება ხალხისთვის სულში ჩაფურთხებას ნიშნავს. თუ ჰგონიათ, თბილისელები ადვილად დაივიწყებენ იმ დანაშაულებს, რაც შარშან ჩაიდინეს, ძალიან ცდებიან. ყოველ 6 მაისს თბილისს "სისხლიანი გიორგობა" გაახსენდება, რასაც პოლიციელთა ვერც ერთი ზეიმი და აღლუმი ვერ გადაფარავს. ხელისუფლება ისევ და ისევ ძალის დემონსტრირებას ახდენს. აუცილებლად დადგება დრო, როცა ყველაფრისთვის პასუხს მოსთხოვენ.

KvirisPalitra.Geახლა კი რიგით პოლიციელებს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცუდ პოლიტიკურ თამაშში არიან ჩათრეული, ვანო მერაბიშვილს ეს არ შერჩება.

შარშან, 6 მაისს (ოპოზიციის წარმომადგენელთა დაღვრილ სისხლზე არაფერს ვამბობ) აქციის რიგითმა მონაწილემ მხედველობა დაკარგა რეზინის ტყვიების "წყალობით". ეს ბრმა კაცი ახლაც ჩვენს აქციებზე დადის. პირველად თქვენ გეუბნებით:

ხელისუფლებამ მას ბევრი რამ შესთავაზა, საზღვარგარეთ მკურნალობა თუ სხვა დახმარება, მაგრამ არც ერთ წინადადებას არ დათანხმდა, რადგან მის პროტესტს ვერაფერი შეცვლის.

- შარშან, 6 მაისს თქვენც დაზარალდით...

- ჩემს ჯანმრთელობაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ყოველ შემთხვევაში, არაფერს ვნანობ,  თუნდაც იმიტომ, რომ იმ აქციით შედეგი მივიღეთ - ის სამი ახალგაზრდა, რომლებიც შსს-ს იზოლატორში იყვნენ, გაათავისუფლეს.

- როგორც მაშინ ამბობდნენ, სამმართველოს შენობაში ნემსი გაგიკეთეს. ხომ არ ეჭვობთ, რომ ამით ჯანმრთელობა დაგიზიანეს?

- იმ დღის შემდეგ ჯანმრთელობა ნამდვილად გამიუარესდა. ისეთ ქვეყანაში, სადაც საღ-სალამათი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი გაოპოზიციონერების შემდეგ მოულოდნელად დაიღუპა, ჯანმრთელი ლევან მიქელაძე რეჟიმთან დაპირისპირების შემდეგ უცბად გარდაიცვალა, ეჭვი ყოველთვის იარსებებს. ნამდვილად არ მინდა ვინმეს ხელი დავადო. ეს მე მეხება და ეჭვის გამო ამაზე ლაპარაკის უფლებას თავს ვერ მივცემ.

- ახლახან ოპოზიციის აქციაზე თქვენი ძმა მერაბიშვილს ჯოჯოხეთის მოწყობით დაემუქრა. რა გეგმები გაქვთ?

- ამას ნამდვილად ვერ დაგიზუსტებთ, თუნდაც იმიტომ, რომ ვანოს "ყველაფერი ესმის". ჯოჯოხეთში კი უფრო "პოლიტიკური ჯოჯოხეთი" იგულისხმება.

- მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებდით, რაც შოუს უნდა დამსგავსებოდა. რატომ გადაიფიქრეთ?

- ფაქტია, რომ არა ვარ მერობის კანდიდატი. შოუს ისევ ვგეგმავ, მაგრამ რა როგორ იქნება, ჯერჯერობით ამაზე საუბარს არ ვაპირებ.