ეს მარკეტინგული ხერხი აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე, თუ კილოს მაგივრად ხალხს კილო-ნახევარს აუწონი, კლიენტების ცვენა გექნება! - კვირის პალიტრა

ეს მარკეტინგული ხერხი აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე, თუ კილოს მაგივრად ხალხს კილო-ნახევარს აუწონი, კლიენტების ცვენა გექნება!

(ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მოდელირებული ვარიანტიდან)

თამადა ფეხზე წამოდგა:

- ჩემო გიგილო... ჩემთვის ყოველთვის გიგილო იქნები, პრეზიდენტიც რომ გახდე (ჩურჩული სუფრაზე: "ღმერთმა გისმინოს, ღმერთმა გისმინოს"), არადა, უკვე ქალაქის მერი ხარ. იმ ქალაქის, სადაც დაიბადე და გაიზარდე, სადაც ფეხი აიდგი, ისწავლე, დავაჟკაცდი, ამ ქალაქმა გშვა შენ და შენც პირნათლად ემსახურები მას. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ვახტანგ გორგასალმა ეს ქალაქი იმისთვის დააარსა, მისი მერი შენ გამხდარიყავი. რა იყო ეს ქალაქი შენს მოსვლამდე? ერთი უღიმღამო ნაცრისფერი დასახლება. სწორედ შენ ააელვარე იგი ათასფრად - წითლად, ყვითლად, მწვანედ... რა ვიცი კიდევ, ყველა ფერის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს... სიცოცხლე შთაბერე, შადრევნები ააცეკვე, ესტაკადები გადაჭიმე, მოკლედ, ქალაქი ქალაქს დაამსგავსე.

ვინც ამას ვერ ხედავს, დაუბრმავდეს თვალი (შეძახილი სუფრაზე: "დაუბრმავდეს, დაუბრმავდეს")! მართალია, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ქალაქი სიღარიბეში იხრჩობა, ხალხს სამსახური არა აქვს, პურის ფულს ვერ შოულობს, ექიმთან ვერ მისულა (ღრენა სუფრაზე: "ე, ე, ე!"), მაგრამ მერე რა? სამაგიეროდ, დაიგო გზები, გამწვანდა ბუჩქები, გაიფოთლა ხეები... იმიტომ, რომ ქალაქს მზესავით მერი ჰყავს. მერი მზესავით თუ ვერ ანათებს, იმ ქალაქში არც ბუჩქები მწვანდება და არც ხეები იფოთლება. მერი მზესავით უნდა იყოს და მისი წყალობა ვარდთა და ნეხვთა თანაბრად მოეფინოს (ჩურჩული სუფრაზე: "ნეტა ჩვენ ვარდები ვართ თუ ნეხვი?")! ასეთი უნდა იყოს ქალაქის მერი და ასეთი ხარ შენ, ჩემო გიგილო! ალავერდი შენთან ვარ, ჩემო ბესარიონ.

- ხხხ, - ჩაახველა ბესარიონმა და განსხვავებული, საარჩევნო ყუთის ფორმის სასმისი მოიმარჯვა, - მე იმ თონის დირექტორი ვარ, სადაც გუშინ დილით ბატონმა გიგილომ პური ჩააკრა. ჯერ არ ჰყოლია ჩვენს ქალაქს მერი, რომელიც პურს ასე მარჯვედ ჩააკრავდა. ჩაეყუდა და ჩააკრა. თქვენ ფიქრობთ, თონეში ჩაყუდებას ვაჟკაცობა არ უნდა? ასე მარტივი კი არ არის. ფეხი რომ დაგიცდეს და ჩავარდე? გაუმარჯოს ვაჟკაც გიგილოს (შეძახილი სუფრაზე: "გაუმარჯოს, გაუმარჯოს!")!

- მე იმ ავტოგასამართი სადგურის დირექტორი ვარ, - დაიწყო მეორემ, - სადაც დღეს დილით ბატონმა გიგილომ თავისი სათუთი თითებით ბენზინი ასხა, ასხა და ასხა, ვიდრე ერთი უზრდელი და უგვანი ოპოზიციონერი არ მოვარდა და რაღაცების გახსენება არ დაუწყო:

შენ არ წაართვი ხალხს საკუთრებაო, შენ არ მოუწყვე ხალხს 7 ნოემბერიო, რით ვერ დაივიწყეს ამათ კიდევ ეს 7 ნოემბერი... მანამდე ისე ტკბილად ვაჩუხჩუხებდით ორმაგი ფასის მქონე ბენზინს. მადლობა თქვენ და მთავრობას, რომ გვაძლევთ საშუალებას, ბენზინი ორმაგ ფასად გავყიდოთ. გაუმარჯოს მოწყალე ხელისუფლებას (შეძახილი სუფრაზე: "გაუმარჯოს, გაუმარჯოს!")!

- მე იმ მაღაზიის დირექტორი ვარ, - დაიწყო კიდევ ერთმა, - სადაც დღეს გიგილომ ხორცი გაყიდა. ასეთი ვაჭრობა ჩემს დღეში არ მქონია. დაესია ხალხი მაღაზიას. ბატონი გიგილო ერთ კილოში ყველას კილო-ნახევარს უწონიდა. ეს მარკეტინგული ხერხი აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე! როგორ ვერ მივხვდი, თუ კილოს მაგივრად ხალხს კილო-ნახევარს აუწონი, კლიენტების ცვენა გექნება. აი, რას ნიშნავს სახელმწიფო მოღვაწის გონება. გაუმარჯოს გიგილოს (შეძახილი სუფრაზე: "გაუმარჯოს, გაუმარჯოს!")!

- ჰოდა, - წამოხტა ისევ თამადა, - ვინც ეს ვერ დააფასოს და საარჩევნო ბიულეტენში სხვა კანდიდატი შემოხაზოს, მოსტყდეს მარჯვენა (შეძახილი სუფრაზე: "მოსტყდეს, მოსტყდეს!" ჩურჩული: "ცაცია თუა?"). მოსტყდეს ცაციაც!

მიკლუხო-მაკლაის მოგზაურობა

საქართველოს პრეზიდენტი, ეტყობა, ძალიან დაინტერესდა ნატურალისტიკით. განსაკუთრებით ამერიკის კონტინენტის შესწავლამ გაიტაცა. არ ვიცი, სხვას რას მივაწერო ქვეყნიდან მისი ამდენი ხნით გაუჩინარება. ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, ალბათ, ექსპედიციაში იმყოფება. სხვა მიზეზი სამშობლოდან ასე დიდი ხნით მის გადასახვეწად არ არსებობს. კონკრეტულად რას სწავლობს, ვერ გეტყვით. ალბათ, რომ ჩამოვა, ნაშრომს გამოაქვეყნებს და გავიგებთ. ბოლოს ვაშინგტონში უნახავთ. იქ კალიფორნიიდან ჩასულა, სადაც რაღაც ღონისძიებას დასწრებია. ყოფილ პრეზიდენტებსა და მოქმედ ვარსკვლავებში გარეულა. მერე მისი კვალი იკარგება.

თუ მართლაც ასეა და პრეზიდენტი ექსპედიციაშია, პირადად მე ამ ამბავს მივესალმები. ქართველებს ერთი კარგი ნატურალისტი და პირველაღმომჩენი არ უნდა გვყავდეს? რუსებს თუ ჰყავთ მიკლუხო-მაკლაი, ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენც გვჭირდება ჩვენი მიკლუხო. სხვაგვარად ცივილიზებული ერის სახელს ვერ მოვიპოვებთ. საწყენი ისაა, ჩვენს ბედკრულ ქვეყანაში ყველაფრის საკუთარ თავზე აღება პრეზიდენტს რომ უწევს.

ერთი სურათის ისტორია

(ამონარიდი "კვირის პალიტრის" 2078 წლის 02-09 აპრილის ნომრიდან)

კობა დავითაშვილი (დიდი კობა დავითაშვილის შვილიშვილი): - ეს ფოტო თქვენ საიდან გაქვთ? ბაბუაჩემმა კობამ თავის დროზე დაწვა და გაანადგურა, თქვენ ვინ მოგცათ? ეს ფოტო ყოველთვის ცუდ ხასიათზე აყენებდა, განსაკუთრებით სიბერეში ტანჯავდა ძალიან. ამ ფოტომ გაუმწარა სიბერე. ბოლოს ადგა და ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ არ იფიქროთ, ამ ფოტოზე ბაბუაჩემის რაიმე სამარცხვინო საქციელია აღბეჭდილი. არა, ბატონო! ბაბუაჩემი პატრიოტი კაცი იყო. უბრალოდ, მტრებმა და პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხმა დაუყარეს, სამშობლოს მტერს შეხვდაო და... აი, იმ კაცს გულისხმობდნენ, ბაბუაჩემის გვერდით რომ დგას მარცხნიდან მესამე, ღია ფერის პიჯაკში. თან იმ სამშობლოს მტერმა დაამცირა კიდეც, ხელიც კი არ ჩამოართვა შეხვედრის დროსო.

როგორ ფიქრობთ ახლა, ბაბუაჩემი ის კაცი იყო, სამშობლოს მტერს შეხვედროდა? თუ შეხვდებოდა, მასთან ასე კმაყოფილი და გაღიმებული  სახით სურათს გადაიღებდა ან ხელს ჩამოართმევდა? ბაბუაჩემი კობა ისეთი კაცი იყო, სამშობლოს მტერს სადმე რომ გადაჰყროდა, ძვალსა და რბილს გაუერთიანებდა. მტერს მოხვედროდა მაგის მუშტი. სურათზეც ჩანს, რამხელა იყო, ერთ ჭამაზე მთელ "ასეტრინას" ჭამდა; "ნა ვერტელე" თუ იყო, ხომ საერთოდ. ამ სურათზე ბაბუაჩემს კმაყოფილი სახე რომ აქვს, სწორედ ეს მოწმობს, რომ ის კაცი ჩვენი სამშობლოს მტერი არ ყოფილა. ბაბუაჩემი მეუბნებოდა, ეგ კაცი, ბაბუა, ჩვენი მოყვარე და კეთილისმყოფელი იყო, ქართველებმა კი ვერ დავაფასეთ კარგადო.

მაგ კაცის გამოყენება მარტივად შეიძლებოდაო. უნდა დაგვეპატიჟებინა თბილისში, ერთი-ორი ჩაფი ქართული ღვინო დაგველევინებინა, სამი ქვაბი საცივი გვეჭმია და სულ ეს იყო, ჩვენს სამსახურში ჩადგებოდაო. არ მოინდომეს სხვებმა, არ უნდოდათ, ეს წარმატება და რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ბაბუაჩემის სახელს დაჰკავშირებოდა. ამიტომაც ჩაუშალეს თურმე საცივით სამშობლოს გაერთიანების პროექტი. მერე კიდევ ეს საზიზღარი ხმა დაუყარეს და... სწორედ ამ ცილისწამებამ მოინელა საცოდავი, თორემ ასი წელი ხომ იცოცხლა, კიდევ ას წელიწადს იცოცხლებდა... აი, ის, სულ მარჯვნივ რომ დგას, სათვალიანი, ეგეც ქართველია, კახა კუკავა, გაგონილი გექნებათ, ბაბუაჩემის თანამებრძოლი იყო. მაგი ჯერ კიდევ ცოცხალია, ძალიან "ჟივუჩი" გამოდგა და შეგიძლიათ იმას ჰკითხოთ, თუ მართალს არ ვყვები მე.

KvirisPalitra.Ge