"მალადჩინა, თეია"
20-03-2017
"მალადჩინა, თეია"
"წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის დედა იქნებიო, სიცილით მოვკვდებოდი. ანსამბლში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ელგუჯა­ მათიაშვილი და უკვე 27 წელია ერთად ვართ"

"პირველი და მეორე მშობიარობიდან 40 დღეში უკვე სარეპეტიციო დარბაზში ვიდექი და 55 კილოგრამს ვიწონიდი"


ველას არ ძალუძს, თანაბრად წარმატებული იყოს კარიერაშიც და ოჯახშიც. იშვიათ გამონაკლისთა შორისაა 4 შვილის დედა თეა დარჩია. ის 30 წლის განმავლობაში ცეკვავდა "სუხიშვილების" ანსამბლში. უფროს ქალიშვილთან ერთადაც იდგა სცენაზე. ცოტამ თუ იცის,
რომ თეა ერთხანს კარატეთი იყო გატაცებული­ და შავი ქამრის მფლობელიც გახდა. თეა დღეს ჩვენი რესპონდენტია.

- ერთხანს სიგარეტს თავი დავანებე და ბევრი ენერგია გამომითავისუფლდა.­ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არაჩვეულებრივი საშუალებაა კარატე, რომ სწორად დახა­რჯო ენერგია. გარდა ამისა, სპორტის ეს სახეობა მოძრაობებით ცეკვას ჰგავს. ეს მესამე მშობიარობამდე
იყო, სანამ იოანას გავაჩენდი.

- შავი ქამრის მოპოვება კი მოგისწრიათ...

- როცა მოცეკვავე ხარ, ძალიან ადვილად ითვისებ იმ მოძრაობებს, რომელთაც კარატეზე გასწავლიან. შვიდი კლასის გავლის შემდეგ შავ ქამარს მოიპოვებ. მე შვიდი კლასი მალე გავიარე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მაგარი კარატისტი ვარ.

მთელი ცხოვრება "სუხიშვილებში" ვცეკვავდი, მანამდე ბალეტითაც ვიყავი დაკავებული. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებელში წამიყვანეს. მალე გადაწყდა, რომ მოსკოვში უნდა გამეგრძელებინა ქორეოგრაფიული განათლება, მაგრამ დედა სასტიკი წინააღმდეგი იყო. ამიტომ სასწრაფოდ გამომიყვანა ბალეტიდან და იამზე დოლაბერიძის სტუდიაში შემიყვანა. ძალიან გამიჭირდა პუანტებიდან ცერებზე ჩამოსვლა. ქალბატონ იამზესთან სამწლიანი მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, თუ მაინცდამაინც ქართულ ცეკვებს უნდა დავუფლებოდი, მაშინ იმ ანსამბლში, რომელიც საუკეთესოა. ეს იყო "სუხიშვილები".

- სადაც ძალიან ძნელი იყო მოხვედრა...

- პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ნინო რამიშვილმა გამსინჯა და დამტოვა. 1 წელი სტაჟიორად ვითვლებოდი და როდესაც 16 წლის გავხდი, ანსამბლის სრულუფლებიანი წევრი გავხდი.

- რას გაიხსენებთ ქალბატონ ნინო რამიშვილთან ურთიერთობიდან?

- თუ რამე კარგი ვიცი, თუ რაღაცას წარმოვადგენ და თუ ვინმეს დღეს ჩემი ცეკვა სიამოვნებას ჰგვრის, ეს ნინო რამიშვილის დამსახურებაა. მასთან ათწლიანი განუმეორებელი სკოლა გავიარე. ხშირად გვეუბნებოდა, რომ უცხოეთში ჩვენ ვართ საქართველოს სახე და საუზმეზეც კი, დილის 7 საათზე, მოუწესრიგებელი, მაკიაჟის გარეშე ჩასვლის უფლება არ გვქონდა. საოცრად გემოვნებით იცვამდა, მის თავის დაკვრას კი კონცერტის მესამე განყოფილებად აღიქვამდა მაყურებელი - ეს იყო ცალკე ნომერი. კონცერტების მსვლელობას ნინო კულისებიდან აბრეშუმის ვარდისფერ კიმონოში გამოწყობილი ადევნებდა თვალს. ბოლოს ადგებოდა, კიმონოს გაიძრობდა, ძირს დააგდებდა და ლამაზ-ლამაზი კაბებით გამოსრიალდებოდა სცენაზე. წინასწარ არავინ იცოდა, რა ეცვა კიმონოს ქვეშ. მერე "პაკლონზე" ისე ლამაზად შლიდა ხელებს, ცალკე სანახაობა იყო... უკანასკნელ რიგში მჯდომი მაყურებელიც კი დარწმუნებული იყო, რომ კონკრეტულად მას უხდიდა მადლობას.

- გაბრაზებული როგორი იყო?

- ისე გამოგხედავდა თავისი სასწაული ფერის თვალებით, ჯობდა, ან გაელანძღე, ან გაეგდე... როცა, კარგად ვიქცეოდი, "თეია" ვიყავი და როცა რაღაცას დავაშავებდი, "დარჩია". თუ დარჩიას დამიძახებდა, მერჩივნა, იქვე გამხეთქოდა მიწა, თვითონვე წამეყარა ზემოდან, სანამ გავიგებდი, რაში იყო საქმე... თუმცა ლმობიერიც იყო და უზომოდ სამართლიანიც.

ჩემთვის არ არსებობს იმაზე დიდი ჯილდო, ვიდრე ნინო რამიშვილი რომ გამიღიმებდა და მეტყოდა: "მალადჩინა, თეონა"...
სამწუხაროდ, დიდ ილიკოს ვერ მოვესწარი, უკვე 3 წლის გარდაცვლილი იყო. ნინო რამიშვილის პერიოდი იყო რენესანსი, შემდეგ იყო კლასიკა, - თენგიზ სუხიშვილისა და ინგა თევზაძის ხელმძღვანელობით და ბოლოს სუპერმოდერნი. ამიტომ ჩემთვის საინტერესო იყო სამივე ეპოქა.

- ანსამბლის გოგოების გათხოვებას როგორ ეგუებოდა ქალბატონი ნინო?

- კარგა ხანს ვერ ინელებდა. "შას ტი პაპრავიშსია! პოტერიაეშ ფორმუ! რა გეჩქარებოდა!" ისე, მართალი იყო. თუმცა, პირველი და მეორე მშობიარობიდან 40 დღეში უკვე სარეპეტიციო დარბაზში ვიდექი და 55 კილოგრამს ვიწონიდი.
19 წლის გავთხოვდი, 20 წლისას მარიამი მყავდა. წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, 4 შვილის დედა იქნებიო, სიცილით მოვკვდებოდი. ანსამბლში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ელგუჯა­ მათიაშვილი და უკვე 27 წელია ერთად ვართ. მარიამი ჩემთან სტუდიაში ცეკვავდა და 14 წლის ასაკში გამომიცხადა, "სუხიშვილებში" შემიყვანეო. ისე მოინდომა, რომ დასძლია პროგრამა. 1 წლის შემდეგ ნინომ და ილიკომ ჩასვეს ანსამბლში.

- დედა-შვილს ერთმანეთს გადარებენ?

- გრიმით და მანერით სცენაზე ძალიან ვგავართ. დეკრეტში რომ გავედი მესამე ბავშვზე, არაერთმა მითხრა, რატომ იტყუები, სცენაზე გნახეთო. მარიამი ვეგონე ყველას.

ბევრი კარგი რამ ვნახე ცხოვრებაში. თითქმის ყველა ამქვეყნიური სიკეთე გამოვცადე და ერთ დღეს მივხვდი, რომ დავიღალე. 38 წლის ასაკიდან ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. ყველაფერი თავისთავად მოხდა. აღდგომის წინა დღეები იყო, გასტროლიდან ჩამოვედით. ჩემი ოჯახი ტაძარში მიდიოდა, მე წამოვწექი, დავისვენებ-მეთქი. ჩემმა მეორე შვილმა, მირიანმა მკითხა, დედა, შენ ღმერთი არ გწამსო? შევცბი, როგორ არა-მეთქი. თუ ასეა, რატომ არ მოდიხარ ჩვენთან ერთად ეკლესიაშიო? ავდექი და წავყევი. იმ დღიდან დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება.

- ანსამბლიდან როდის წამოხვედით?

- მეოთხე შვილის, გაბრიელის დაბადების შემდეგ პენსიაზე გავედი. დღეს სტუდიაში ვმუშაობ ბავშვებთან. ახლა მარიამია "სუხიშვილების" მოცეკვავე. მირიანს მაინცდამაინც არ ხიბლავს ცეკვა, მანქანების დიზაინი აინტერესებს. ჯერ არ ვიცი, პატარები რა გზას დაადგებიან, მაგრამ აშკარად შემოქმედებითი ბავშვები არიან.

- როგორ ახერხებთ, იყოთ საქმიანი ქალი და სამაგალითო დედა?

- ძიძა და დამხმარე არასდროს გვყო­ლია. გადანაწილებული გვაქვს დრო. მეუღლე­ ტოროლაა ბუნებით, მე - ბუ, - დილის 5 საათამდე არ მძინავს, ღამით ვამზადებ სადილს, ვრეცხავ, ვაუთოებ. მე დილის ძილი მჭირდება, რომ მეორე დღეს ქმედითი ვიყო. ამიტომ დილით მეუღლე აცილებს ბავშვებს ბაღშიც, სკოლაშიც.
"დე, მიყვარხარ" - ეს ის ფრაზაა, რომელსაც ხშირად მიმეორებენ ჩემი შვილები. ამის მოსმენა ქალისთვის ბედნიერებაა.

ეკა სალაღაია
lia
18 აპრილი 2017 10:45
ai qali gaixare
ნინო
18 აპრილი 2017 01:30
მიყვარს ეს ადამიანი და რა გავაკეთო?მალადჩინა თეონააა.წარმატებები სულ სულ.
n.j.
28 მარტი 2017 23:39
ბედნიერ დედობას გისურვებ გმირო დედიკო

რედაქტორის რჩევით