"საცხა გული არ იდება, იქინე ტყუილია ყოლიფერი!" - 89 წლის ქალი ნებისმიერ მელოდიას "ჰაერში იჭერს
02-04-2017
"საცხა გული არ იდება, იქინე ტყუილია ყოლიფერი!" - 89 წლის ქალი ნებისმიერ მელოდიას "ჰაერში იჭერს
"ჩემთვის დაუძლეველი ინსტრუმენტი არ არსებობს, საკრავი გინდა ოკეანისგაღმიდან მომიტანე, 10-20 წუთში ავითვისებ და დავაბულბულებ! ახლა კულტურის ცენტრში მყავს გუნდი და იქინე ტამტამზე ვუკრავ"

ჩოხატაურის განუმეორებელი კოლორიტი ვარდო თოდრია უნდა გაგაცნოთ... 89 წლის ქალი ნებისმიერ მელოდიას "ჰაერში იჭერს", მუსიკას წერს, არაერთ ინსტრუმენტზე უკრავს, კულტურის ცენტრში მუშაობს, საკუთარი ხელით ამუშავებს მიწას, მონაწილეობს სხვადასხვა კონკურსში და ყველა მამაკაცზე უკეთ მართავს მანქანას - ის პირველი ქალი-მძღოლი იყო ჩოხატაურში. ამიტომაც არის, რომ ცივ ნიავს არ
აკარებენ, - შენი სამსახურიდან გამშვები არა ვართ, 100 წლის შემდეგ თუ უფალი წაგიყვანთ, რაღას ვიზამთო!

ვარდო თოდრია: -
ადამიანი ყოლიფერს იქიდან იწყებს, სადაც გაჩნდა. მეც თხრობა ჩემი ლამაზი სოფლიდან უნდა დევიწყო - ეს ერკეთია. იმფერი ლამაზი დედ-მამა მყავდა, თვალი რომ ვერ ნახავს უკეთესს. ხმაც იმფერი
ჰქონდათ, სიმღერას რომ დეიწყებდნენ, ხეებზე ჩიტები ჩუმდებოდნენ. რაზე აღარ იცოდნენ დაკვრა, ერთი კუხნასახლი გვქონდა სავსე ნაირფერი ინსტრუმენტით: გიტარა, ფანდური, ჩონგური, დაირა, ჭიბონი, გარმონი, დოლი... საბოლოოდ იმფერი ოჯახური ანსამბლი გავმართეთ - ჩემი ძმა გერონტი და დები: კატუშა, ტატიანა და ჟუჟუნა ისთე მღეროდნენ, მთელი სოფელი გვეფერებოდა, თქვენ გეიხარეთო. მერე საბჭოთა მთავრობა გვამღერებდა არჩევნებზე, იმისთანას შემოვძახებდით, ჩოხატაურის მთები ექოს გვეუბნებოდა.

- ესე იგი, პირველი სერიოზული კონცერტები არჩევნებზე გქონიათ?

- რაიზა არ უნდა გვქონოდა? ჩოხატაურს 151-კაციანი ანსამბლი ჰქონდა. ვლადიმერ ერქომაიშვილი გვხელმძღვანელობდა, სასწაული კაცი!

- სასწაულებს ჰყვებიან, ერთდროულად რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა, პარალელურად 4 სკოლასა და 3 საწარმოში ხელმძღვანელობდა სიმღერის გუნდს, 15-20 ინსტრუმენტზე მაინც ასწავლიდა­ დაკვრასო!

- კი, მასე იყო! ჩემთვის დაუძლეველი ინსტრუმენტი არ არსებობს, საკრავი გინდა ოკეანისგაღმიდან მომიტანე, 10-20 წუთში ავითვისებ და დავაბულბულებ! ახლა კულტურის ცენტრში მყავს გუნდი და იქინე ტამტამზე ვუკრავ. ადრეც სულ ვმუშაობდი, გაუთავებლად. თუ შAევატყობდი, რომ ბაღანას სმენა ჰქონდა, ვერაფრით დამისხლტებოდა ხელიდან.

- ამდენ რამეს როგორ ასწრებდით?

- მანქანა მყავდა და დავქროდი, 1970 წელს მომცეს. მაშვინ კაცებსაც კი არ ჰყავდათ მანქანა. ისე მჭირდებოდა, ავდექი და განცხადება შევიტანე, მანქანა მომეცით-მეთქი! "01" ჩამომიყვანეს რუსეთიდან, შინდისფერი. დადგებოდა ხალხი და მომშტერებოდა, აგი ვინ არისო. ჩავპრესავდი ხალხს მანქანაში და დამყავდა აქეთ-იქით.

- მანქანით ახლაც დადიხართ?

- რომ მყავდეს, რაიზა არ ვივლიდი! ორი მანქანა რომ მედგა სახლში, შვილმა მითხრა, დედა, ვინმეს მდიდრები ვეგონებით და გავყიდოთო. თავისი გაყიდა, მაგრამ თბილისში ცხოვრობს და მანქანა რომ სჭირდებოდა, ჩემი გავატანე. მერე ჩემი რომ დაძველდა, ახალი იყიდა, ჩემი მანქანა კი ვინცხას აჩუქა. რაღას ვიზამდი, - კაი შვილები მყავს ნამდვილად და თავზე შემოევლოს მაგი მანქანა.

- შვილთაშვილებიც გეყოლებათ.

- მაგენს ვენაცვალე, ჩემი შვილებიც, შვილიშვილებიც და შვილთაშვილებიც მუსიკაში პროფესიონალები არიან. მე კიდევ სუპერბებია ვარ, კონკურსში გევიმარჯვე ამას წინათ თბილისში და პრიზი მომცენ.

- სად გაიმარჯვეთ?

- ვინც სუპერბებიის კონკურსი ჩაატარა, იმან ჩოხატაურის გამგეობაში დარეკა, ამფერი და ამფერი მოხუცი თუ გყავთო. გამგეობამ ჩემი სახელი უთხრა, აღარ მომეშვნენ და გავემგზავრე თბილისში. არ იყო ცუდი ამბავი, ჩემი სახელი რომ წარმოთქვეს, ისე განათდა იქაურობა, თვალებმა ბრჭყვიალი დეიწყო!

- თქვენც გაიხარეთ, თქვენისთანა ხალისიანი ადამიანის გვერდით მეც ვისიამოვნე.

- ეგ არ ვიცი, მარა ყველას ვუყვა­რვარ. ეს სიყვარული იმისთანა ძალას მაძლევს,­ მიწასაც კი ჩემი ხელით ვთოხნი. ძროხა რომ მყავდეს, იმასაც მოვუვლიდი, მაგრამ ამაზეც ჩემი ბაღნები შემიჩნდნენ, გაყიდეო. შვილი ბატონია და რას იზამ. თუ დამჭირდა, ამაზე ორჯერ მეტ საქმესაც გავაკეთებ! ვერ გამიგია, აი ხალხი რომ გაიძახის, დაღლილი ვარო, მეც რომ შემომჩივლებენ სამსახურში ახალგაზრდები, დევიღალეთო, გამიკვირდება ხოლმე.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და ოუცილებლად დაწერე, - ადამიანი ყოლიფერს შეძლებს, რასაც მოინდომებს! მარა გულით უნდა მოინდომოს - საცხა გული არ იდება, იქინე ტყუილია ყოლიფერი!

ეთერ ერაძე
datiko48
05 აპრილი 2017 05:28
ღმერთმა დაგლოცოს ბებო და დიდხანს გაცოცხლოს ამ ქვეყანაზე შენს ნაგრამთან ერთად!!!
დარია
04 აპრილი 2017 15:44
ქალიც ამას ჰქვია,გაიხარე
ია
03 აპრილი 2017 23:06
ასეთი გურული დიალექტით ნამდვილად არ საუბრობს ქალბატონი ვარდო აზრი ნამდვილად დედანთანაა ერთი ერთში.

რედაქტორის რჩევით