"დაანახეთ სამყაროს, რომ ძლიერები ხართ" - კვირის პალიტრა

"დაანახეთ სამყაროს, რომ ძლიერები ხართ"

"საშინლად მახსენდება შემთხვევა, როცა დამსაქმებელმა მითხრა, თქვენი ვიზუალით ვერ მიგიღებთო"

გავიგე, რომ არსებობს პარასპორტი და ფიტნესი ავირჩიე. მეოთხე თვეა, რაც დავდივარ. მკლავჭიდის წრეშიც ჩავეწერე, კარგი შედეგები მაქვს, მწვრთნელი კმაყოფილია. ახლა მთავარია, ჩემს წონით კატეგორიაში მემარცხენე ვიპოვოთ, რათა შეჯიბრება გაიმართოს

17 აგვისტო, 2015 წელი. სამსახურიდან გამოსული სალომე, ავტომობილით აგარაკზე მიემართება, იქ შვილები ელოდებიან... ფიქრებში გართულს მუხრუჭების ხმა აფხიზლებს, რამდენიმე წუთის შემდეგ გონზე მოსული ფეხებთან სიმძიმეს გრძნობს. იქ საკუთარ მარჯვენა მკლავს ხედავს... გონებას რეანიმობილში კარგავს... მერე იყო დეპრესია, საკუთარ მდგომარეობასთან შეგუება და სუიციდის მცდელობა. დღეს ის იმაზე ძლიერია, ვიდრე გუშინ ან მანამდე იყო. სალომე გოგეშვილი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფს განეკუთვნება, რომლებსაც სულით ხორცამდე აქვთ გაცნობიერებული გამოთქმა: "რაც არ გკლავს, გაძლიერებს".

- ამ შემთხვევამ დამანახა ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი, ვერ ვგრძნობდი და ვერ ვაკეთებდი - ჭუპრიდან პეპელა გამოფრინდა, ცალი ფრთა მოტეხილი აქვს, მაგრამ უზომოდ მადლიერია შემოქმედის, რომ შესაძლებლობა აქვს, სიცოცხლით დატკბეს. უყვარდეს ყველა და ყველაფერი და თავისი მაგალითით სხვებს დაანახოს, რომ შეუძლებელი არაფერია... 33 წლის ვარ. პროფესიით ვოკალისტი, კონსერვატორია დავამთავრე. ვზრდიდი შვილებს, ვუვლიდი მეუღლეს და ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიაში საპასუხისმგებლო პოზიციებზე. მყავს 17 წლის მარიამი და 11 წლის სოფიო.

საბედისწერო მგზავრობა...

2015 წლის 17 აგვისტოს სამსახურიდან მოვდიოდი. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაწვიმარ გზაზე, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა მოსრიალდა. რკინის ჯებირს შევეჯახეთ. როცა მივხვდი, რომ გარდაუვალი იყო ავარია, მარჯვენა ხელი ინსტინქტურად სახეზე ავიფარე. სახე ავტომობილის "ტორპედოს" ჩამოვარტყი და გონება დავკარგე. როცა გამოვფხიზლდი, ფეხებთან სიმძიმე ვიგრძენი. დავიხედე და ჩემი მოწყვეტილი მკლავი დავინახე. ახლაც მახსოვს ადამიანი, რომელმაც მაისური შემოიხია და მოწყვეტილ მკლავზე გადამიჭირა. ნუგეშად ჩამესმოდა მისი ხმა, ნუ გეშინიაო... მოგვიანებით მოვძებნე ის ბიჭი, ვინც ყველაზე მძიმე წუთებში დამეხმარა. ხელის ამპუტაცია დამჭირდა. როდესაც ოპერაცია დასრულდა, მაშინღა გავაცნობიერე, რაც დამემართა. ვის დავჭირდებოდი ცალი ხელით, რის გაკეთებას შევძლებდი და როგორ? - ეს ის კითხვები იყო, რომელსაც ვერ ვპასუხობდი.

თბილისში ბინა არა მაქვს. ჩემი ოჯახის წევრები ანთალიაში ცხოვრობენ და მეც იქ წავედი. საშინელი ტკივილი მტანჯავდა სხეულის ერთ არასწორ შერხევაზეც კი. დეპრესია დამეწყო, თურქეთში ცხოვრებამ უფრო დამთრგუნა. რამდენჯერმე თვითმკვლელობაც ვცადე, თუმცა იმ ადამიანების სიყვარულმა, ვისაც ვჭირდები, გადამაფიქრებინა ამის გაკეთება. ამ დროს ბავშვები მამასთან ცხოვრობდნენ. უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ისინი სკოლას არ უნდა მომეწყვიტა, არ უნდა ეგრძნოთ, როგორ ვიტანჯებოდი. მერჩივნა, ჩემგან შორს ყოფილიყვნენ მათივე სიმშვიდის გამო."

დაბრუნება

"მერე მივხვდი, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. თბილისში ორი ჩანთით, ღია ცის ქვეშ დავბრუნდი. მეორე ოპერაციაც დამჭირდა, კიდურის რეამპუტაცია. პროთეზი, რომელიც მჭირდება, მხოლოდ გერმანიაში მზადდება. 28.000 ლარი ჯდება. წარმოუდგენელია ამხელა თანხის შეგროვება, უკვე აღარც ვფიქრობ ამაზე. დღისით გარეთ გასვლის მრცხვენოდა, მოკვეთილ ხელზე რამეს მოვიფარებდი, ხან ღამე გავდიოდი... როცა ამანაც გაიარა და თავი ძლიერად ვიგრძენი, ბინა ვიქირავე და შვილები ჩემთან გადმოვიყვანე.

ჩემი შემოსავალი მხოლოდ შშმ პირთა დახმარება, 100 ლარი იყო. დედა კი მეხმარებოდა, მაგრამ მასაც მცირე შემოსავალი ჰქონდა.

დავიწყე სამსახურის ძებნა. სად არ ვგზავნიდი CV-ს, არ ვმალავდი ჩემს მდგომარეობას, მაგრამ არც ერთ კომპანიას არ გამოუთქვამს მზაობა, დავესაქმებინე. ერთ დაწესებულებაში სააპლიკაციო ფორმა შევავსე, მეორე ტურში გადავედი და დაინიშნა გასაუბრება. როცა დამიკავშირდა დამსაქმებელი, ვუთხარი, მარჯვენა ხელი ამპუტირებული მაქვს-მეთქი და უარი მითხრა. შშმ პირების დასაქმების ფორუმზეც დავტოვე ანკეტა და ერთმა დამსაქმებელმა დამირეკა. აზრი არ ჰქონდა, ხელფასი მხოლოდ გადაადგილების ხარჯებს ანაზღაურებდა.

ბოლო შემთხვევა კი საშინლად მახსენდება. რესტორანი მენეჯერს ეძებდა, დავრეკე, მოვუყევი ჩემი სამუშაო გამოცდილებისა და, რა თქმა უნდა, ფიზიკური შეზღუდვის შესახებაც. მითხრა, გამომდინარე თქვენი ვიზუალიდან, ჩვენთან დასაქმება არ გამოვაო. ვიჯექი და ვტიროდი. ეს იყო ჩემი დასაქმების უკანასკნელი მცდელობა.

პარასპორტი

"გავიგე, რომ შშმ პირებისთვის არსებობდა საცეკვაო ინკლუზიური დასი, სადაც სხვადასხვა დიაგნოზისა და ფიზიკური შეზღუდვის პირები ცეკვავენ. სხეულით გამოვხატავთ იმ სიტყვებსა და ემოციებს, რისი თქმაც გვსურს. ძალიან საინტერესო და ლამაზი სანახაობაა. არც დარბაზი გვაქვს და არც სხვა პირობები. თუმცა ჩვენი ქორეოგრაფი იბრძვის დასის არსებობისთვის. შემდეგ გავიგე, რომ არსებობს პარასპორტი და ფიტნესი ავირჩიე. მეოთხე თვეა, რაც დავდივარ. მკლავჭიდის წრეშიც ჩავეწერე, კარგი შედეგები მაქვს, მწვრთნელი კმაყოფილია. ახლა მთავარია, ჩემს წონით კატეგორიაში მემარცხენე ვიპოვოთ, რათა შეჯიბრება გაიმართოს. დილით ბავშვებს სკოლაში წასასვლელად ვამზადებ, ვალაგებ სახლს, ვაგვარებ საოჯახო საქმეებს, მერე მივდივარ ცეკვაზე, სპორტზე. იმედი მაქვს, ვიასპარეზებ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

მწარედ მახსენდება ის დღე, როცა ავტობუსში ასულმა აღმოვაჩინე, რომ სამგზავრო ბარათი გატეხილი იყო, რომელზეც უკანასკნელი კაპიკები მქონდა ჩარიცხული. არის დღეები, როცა არ ვიცი, როგორ გადავიხდი ბინის ქირას, კომუნალურ დავალიანებებს, რას ვაჭმევ შვილებს, როგორ გავალ გარეთ. ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ, მხოლოდ კერძებს ვერ ვამზადებ სხვისი დახმარების გარეშე.

ფიზიკური შეზღუდვა განაჩენი არ არის. არ ჩაიკეტოთ სახლში, გამოდით და დაანახეთ სამყაროს, რომ ძლიერები ხართ. ცხოვრება საოცარი, ლამაზი და საინტერესოა. მეგონა, ძალიან სუსტი ვიყავი, თურმე ასე არაა. უამრავი შესაძლებლობა აღმოვაჩინე ჩემს თავში. ყოველი დილა მაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ ვნახო საყვარელი ადამიანები, აღვიქვა სამყაროს სილამაზე.

"მახსოვს, როგორ გაჩერდა გული"

ქალი, რომელმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, დღეს World Run-ის გამარჯვებულია. თეა ბოლქვაძემ 7300 მეტრი ეტლით გაირბინა და 2016 წლის "ქალი - ეტლით მოსარგებლეს" გამარჯვებული გახდა. ცხოვრებას მაშინაც არ შეუშინდა, როცა მშობიარობისას კლინიკური სიკვდილი გამოცადა. კიდევ ბევრი შვილის გაჩენას გეგმავდა, რომ არა უბედური შემთხვევა, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ხერხემლის მძიმე დაზიანებით.

თეა ბოლქვაძე: "მთელი ცხოვრება დაბრკოლებების გადალახვა მიწევს. პირველი იყო, როცა ჩემი ძმა გარდაიცვალა, მერე სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე, მინდოდა, თბილისში, "სასწრაფოში" მემუშავა, მაგრამ არ გამოვიდა და გარდაბანში დავიწყე მუშაობა. ადამიანების დახმარება დიდ სტიმულს გაძლევს. მერე იყო კლინიკური სიკვდილი... გავიგონე ექიმის ყვირილი, სასწრაფოდ საოპერაციოაო და გავითიშე. სამაგიეროდ, მახსოვს, როგორ გაჩერდა გული, თითქოს სადღაც ქვემოთ ჩავვარდი. ზურგს უკან კაპიუშონიან ნაცრისფერ მოსასხამში უსახო არსება დავინახე და ვიფიქრე, ეს ჩემი მფარველი ანგელოზია-მეთქი. შემდეგ მივხვდი, რომ ეს სიკვდილი იყო. ოპერაციის მიმდინარეობას ზემოდან დავყურებდი... სანამ გონს მოვიდოდი, ჩემი მოძღვარი 50-ე ფსალმუნს მიკითხავდა. აი, ამ მომენტში მოვედი გონს. ყველა ქალს ვურჩევ, არასოდეს დაკარგონ იმედი".

თორნიკე ყაჯრიშვილი

ნინო წიფურია