"მე ვარ მასწავლებელი, რომელსაც ენატრება ის მოსწავლე, დღეს სკოლა რომ გააცდინა" - კვირის პალიტრა

"მე ვარ მასწავლებელი, რომელსაც ენატრება ის მოსწავლე, დღეს სკოლა რომ გააცდინა"

"კოპწია სოფლის კოპწია სკოლაში სულ 12 მოსწავლეა. მათ განსხვავებული ოცნებები აქვთ. არ ფიქრობენ აიფონებსა და ლეგოებზე, მათთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ბედნიერება..."

"მივემგზავრები სვანეთში ხალისით. იქ, სადაც ბევრი ჟანგბადია და მზეს ფოთოლთა ჩრდილი ფარავს. მთების თავს ხელისგულივით უმზერ და გგონია, ეს ყველაფერი იმიტომ შეიქმნა, რომ ადამიანებმა უყურონ. მივდივარ იქ, სადაც მელოდება ციმციმა თვალები, "ფისო-ფასოები", რომელშიც სიყვარული იკითხება. ვიცხოვრებ მთებში, ცასთან ახლოს, სადაც ქათქათა თოვლი მოვა... ვიცხოვრებ იქ, სადაც თავისუფლება, სილაღე, სიმშვიდე და სიყვარულია..." - ეს სიტყვები 28 წლის ნინო ჭიჭინაძეს ეკუთვნის, რომელსაც 7 წლის წინ სვანეთში მოუწია ახალი ცხოვრების დაწყებამ. ის განათლების სამინისტროს პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" კონკურსის მონაწილეა და დედაქალაქიდან პირდაპირ მესტიის რაიონის სოფელ იელში მოხვდა. სვანეთის რთულ პირობებს მხოლოდ მთაზე შეყვარებული ადამიანი თუ შეეგუებოდა. ნინოც ასეთია - ძალიან უყვარს მთა და იქაური ხალხი.

ნინო ჭიჭინაძე თავის ცხოვრებაზე სვანეთიდან გვიამბობს: - ფანგანებმა ოჯახის წევრივით მიმიღეს და დიდი სიყვარულით შემიფარეს. ასე გავხდი მათი ოჯახის მერვე წევრი. სამი თაობის ადამიანები ჰარმონიულად ვცხოვრობთ. პატარა გოგონები ფერიები არიან, გვიფერადებენ ცხოვრებას. უფროსი, ბრძენი თაობა კი ყველაზე პატივსაცემია ოჯახში. გულსეინ ფანგანის ტრადიციულ სვანურ ოჯახში სტუმარი ღვთისაა. ჩვენ სიხარულსა თუ პრობლემას ერთად ვინაწილებთ. დაკვირვებით ვეცნობი აქაურ წესებს, რელიგიურ დღესასწაულებსა და მამა-პაპათაგან გადმოცემულ რიტუალებს. ჩემთვის ბედნიერებაა ამ ოჯახში ცხოვრება.

აქ მთების თავზე ვცხოვრობ - იქ, სადაც ნისლი შორეული ხევიდან ამოდის და არწივები დაფრინავენ. აქ ყველა პრობლემა ღრუბლებთან ერთად იფანტება და კაშკაშა ცის დანახვა ბევრად მარტივია, ვიდრე ბარში... პატარა სოფელია იელი. კოპწია სოფლის კოპწია სკოლაში ვმუშაობ. სკოლაში სულ 12 მოსწავლეა. მათ განსხვავებული ოცნებები აქვთ. არ ფიქრობენ აიფონებსა და ლეგოებზე, ამ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ბედნიერება... მოუთმენლად ელოდებიან გაზაფხულს, რომ თავიანთი პატარა ხელებით დაკრეფილი ყვავილები მიართვან მასწავლებელს...

ნინო ერთ-ერთ წერილში ბავშვებს სწერს: "მე ვარ მასწავლებელი, რომელსაც ენატრება ის მოსწავლე, დღეს სკოლა რომ გააცდინა... ვარ მასწავლებელი, რომელსაც უყვარს თითოეული ბავშვის თვალები, კარგად ჩაბარებული გაკვეთილის შემდეგ მიღებული ვარსკვლავის გამო რომ აუციმციმდათ... მიყვარხართ და მიხარია, რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში. ყველა თქვენგანში ვხედავ ადამიანს, პიროვნებას და თქვენი ფრთების გაძლიერებას ხელი მინდა შევუწყო... ჩვენი საუბრები საზოგადოებაზე, განვითარებაზე, ზრდილობაზე, განათლებასა თუ ცხოვრების მთავარ პრინციპებზე წინა პირობა იქნება იმისა, იფრინოთ მაღალ ჰორიზონტზე, საიდანაც არა მხოლოდ ადამიანს დაინახავთ, არამედ მის გულშიც წაიკითხავთ დაფარულ სათქმელს".

ახალგაზრდები ტოვებენ იელს. ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ მათ, ვისაც ეხება, მიხედოს სოფელს. არ გვინდა, ჩვენმა მოსწავლეებმა სწავლა განაგრძონ იქ, სადაც ზუსტად ვიცით, რომ წასვლა არ უნდათ.

ნინო ჩიქოვანი