ქურთი ბიჭის წერილები… დედას - კვირის პალიტრა

ქურთი ბიჭის წერილები… დედას

ნინო ანანიაშვილის მამა, დიდებული ქართველი და თბილისელი ბატონი ვახტანგი "გაზეთ "კვირის პალიტრასთან" რამდენიმე წლის წინ მეტად საინტერესო ისტორიებს მოჰყვა, მათ შორის იყო მე-2 მსოფლიო ომის დროს მომხდარი, მთაწმინდელი ქურთი ბიჭის ამბავიც:

"მთაწმინდაზე ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა. ერთი მთაწმინდელი ქურთი ბიჭი ნაჩხუბარი იყო მთაწმინდელ ქართველთან... მერე ორივე ჯარში ერთ ბატალიონში აღმოჩნდნენ. ისე გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა, არც კი გახსენებიათ ნაწყენობა.

მთაწმინდამ უცხო მიწაზე თავისი ქნა... საუბედუროდ, ქართველს მტრის ტყვიამ უწია... ქურთმა იცოდა, თბილისში, უკაცოდ დარჩენილ ოჯახში, დედა ელოდა მის მეგობარს. დაენანა ქალი ამ საშინელი ამბის სათქმელად, ამიტომაც - ცოტა ხანს მაინც ელოდოს შვილსო, აიღო ქიმიური ფანქარი და ოკრობოკრო ასოებით გამოიყვანა: "გამარჯობა, დედა! მარჯვენა ხელში დავიჭერი, ამიტომაც მარცხენა ხელით ცუდად გწერ, მაგრამ მაინც გწერ. კარგად ვარ!"

მერე ბარათი სამკუთხად დაკეცა და თბილისში გამოგზავნა. პასუხიც მიიღო, ცხადია, ისევ მისწერა, ისევ მიიღო პასუხი... დაიჭრა, ომიდან დაბრუნება მოუწია, აქ უკვე ფოსტალიონს გაურიგდა და წერილებს ატანდა დედასთან. ფოსტალიონი ქვაზე მაგარი კაცი იყო, ვერავინ გამოტეხდა!

და ერთ დღესაც, როცა ახლო ქუჩაზე ვიღაცამ ცნობა მიიღო და კივილით ქალაქი შეძრა, მომლოდინე დედამ, შვილის მეგობარი ქურთი რომ სწერდა წერილებს, ამოოხვრით თქვა: რა იყო, ვინმეს მიეწერა წერილები ამ ქალისთვისაც, ვითომ ცოცხალია მისი შვილიო... ეს იყო და ეს. ამ თემაზე სხვა აღარაფერი უთქვამს. ყველაფერი ჩაატია: ისიც, რაც იცოდა, და ისიც, რასაც უგრძნობდა გული".

იხილეთ სრულად