ირმა შიოლაშვილის "სარკმელი საქართველოსკენ" - კვირის პალიტრა

ირმა შიოლაშვილის "სარკმელი საქართველოსკენ"

როცა უცხოეთში ქართულ საქმეს აკეთებ, ეს, უპირველესად, შენი იქ ყოფნის გამართლებაა და არ ფიქრობ ჯილდოებზე... თუმცა, გამოგიტყდებით - მაინც ძალიან ტკბილია სამშობლოსგან მადლობა

გასულ კვირას, გერმანიის სამოქალაქო რადიო და Medienakadenia LOCOM -ის ყოველთვიური ქართულ-გერმანული რადიოპროგრამის ავტორი და რედაქტორი, ირმა შიოლაშვილი საქართველოს ეწვია. ის "გარდენ ჰოლში" წარმატებული ემიგრანტი ქალებისთვის სპეციალურად მოწყობილ ღონისძიებაზე დააჯილდოეს. მიზეზი ქვეყნის გარეთ საქართველოს კულტურის პროპაგანდა და პოპულარიზაცია გახდა. როგორ დაიწყო მისი წარმატების გზა საზღვარგარეთ, რას ეუბნება 840 000 მსმენელს, ამაზე "კვირის პალიტრას" თავად ირმა შიოლაშვილი ესაუბრა.

- გერმანიის ქალაქ ბონში სასწავლებლად 1999 წელს ჩამოვედი. ამ დროს საქართველოს დასავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ რუსეთს უწოდებდნენ. მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის კულტურის და ისტორიის პოპულარიზებისთვის საუკეთესო საშუალება იყო გერმანული ეთერის გამოყენება. სამწუხაროდ, მაშინ (და დღესაც) გერმანიის მასშტაბით არ არსებობდა ქართული რადიოგადაცემა, ერთადერთი საშუალება იყო სამოქალაქო რადიოში საკუთარი ინიციატივით გერმანულენოვანი გადაცემების გაკეთება.

გერმანიაში, განსაკუთრებით რაინის მხარეში, სამოქალაქო რადიოების დიდი კულტურაა, ბონის სამოქალაქო რადიოებს საეთერო დრო აქვთ აღებული ბონის რეგიონალური "Radio Bonn Rhein-Sieg"- ის ეთერში, რომელიც ძალიან პოპულარულია ქალაქსა და მის შემოგარენში.

"Radio Bonn Rhein-Sieg"-ს საშუალოდ დღეში 840 000 მსმენელი ჰყავს.

1999 წელს მივიტანე ქართული გადაცემის პროექტი სამოქალაქო რადიო LOCOM-ში, თან მქონდა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოადგილის დადებითი დახასიათება, რომ საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი ვიყავი. გამიმართლა და "ლოკომის" საინტერესო ინტერნაციონალურ ოჯახში მიმიღეს. დღეს უკვე არა მხოლოდ "ლოკომის" ჟურნალისტი, არამედ ამ ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრი ვარ.

ეთერში პირველად 1999 წლის 30 სექტემბერს გავედი. ყოველთვიური პროგრამის "ლორა ინტერნაციონალ"-ის ფარგლებში ვაკეთებდი 10-15-წუთიან გადაცემებს საქართველოზე. გადაცემის ფორმატი ორენოვანი იყო და ვცდილობდი, ორივე ენაზე მიმეტანა სათქმელი მსმენელისათვის. პირველი პერიოდის გადაცემები ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოდ ამაღელვებელია, მაინც გამორჩეული მოვლენა იყო ჩემთვის რეპორტაჟი ექსპო-2000-იდან, რომელიც 2000 წლის სექტემბერში გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ჩატარდა. ამ გადაცემაში ჩემი რესპონდენტი ბატონი ზურაბ ჟვანიაც იყო.

ჩემს გადაცემაში ხშირად მონაწილეობდნენ საქართველოზე შეყვარებული გერმანელები და გერმანიაში მოღვაწე ქართველები.

- ასეთები ბევრნი არიან?

- საქართველოსნაირი ქვეყნები ძირითადად წიგნიერ, სიძველის მოყვარულ ადამიანებს მოსწონთ, ჩვენს სამშობლოზე შეყვარებული ბევრი გერმანელი შემხვედრია.

- ვინმეს გამოარჩევთ?

- გამოვარჩევ ბერლინში მცხოვრებ მთარგმნელს, ქრისტიანე ლიხთენფელდს, რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარი 2001 წელს იყო. ამ წელს გერმანულ ენაზე გამოიცა მის მიერ ნათარგმნი ოთარ ჭილაძის "აველუმი". სტუმრობის საბაბიც ეს გახლდათ.

დღემდე სიამოვნებით ვიხსენებ ქალბატონი ლიხთენფელდის მიმართვას ევროპაში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდებისადმი. ის მათ ქართულ ენაზე მოუწოდებდა და სთხოვდა, განათლება მიეღოთ ევროპაში და დაბრუნებულიყვნენ საქართველოში.

ამ მიმართვამ სტუდიაში არაჩვეულებრივი განწყობა შექმნა. ასევე გამოვარჩევდი გადაცემას მერაბ ნინიძეზე, რომელიც 2002 წელს ტელეფონის საშუალებით ჩავწერეთ ქალაქ ვენაში. გადაცემის საბაბი კაროლინე ლინკის ოსკაროსანი ფილმი "არსად აფრიკაში" გახლდათ, სადაც ის მთავარ როლს თამაშობდა. ეს გადაცემა განსაკუთრებით მიყვარს, რადგან პირველი ქართველი ჟურნალისტი ვიყავი, რომელმაც ფილმის გამოსვლისთანავე ცნობილი მსახიობი თავის გადაცემაში მოიწვია.

საგულისხმოა, რომ 2002 წლიდან ქართულ გადაცემას ყოველი თვის ბოლო შაბათს ნახევარსაათიანი საეთერო დრო დაეთმო და "ქართულ-გერმანული კულტურული ჟურნალი" დაერქვა. 2015 წელს გადაცემას სახელწოდება შევუცვალე, ახალი ქუდი და მუსიკა მოვარგე და "სარკმელი საქართველოსკენ" დავარქვი. ამჟამად მხოლოდ გერმანულ ენაზე მიწევს გადაცემის გაკეთება, ფორმატმა ამგვარი ცვლილება მოითხოვა, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, რომ ყოველთვის ქართული "გამარჯობით" მივესალმო მსმენელს და ქართული მუსიკით და განწყობით წარმოვაჩინო საქართველო.

2012 წლიდან ვუძღვები ქართულ საკვირაო სკოლას ბონში, ვაკეთებ მოხსენებებს საქართველოზე, მაგრამ მთავარი მაინც რადიოგადაცემებია, რომლებსაც 18 წელია, დიდი სიყვარულით ვძერწავ.

- განსხვავებული ენა, ეროვნება, იდენტობა უცხოელი მეგობრების შეძენისას უფრო გეხმარებათ თუ პირიქით?

- უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ არ არსებობს ენობრივი და მენტალური საზღვრები, როცა ყველა ერთ საქმეს ემსახურება. ჩემი მეგობრები ძირითადად უცხოელი კოლეგები - ჟურნალისტები და მწერლები არიან. ჩვენ ერთი დიდი ინტერნაციონალური ოჯახი გვაქვს.

- რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაცია-პროპაგანდისთვის გადმოგეცათ?

- როცა უცხოეთში ქართულ საქმეს აკეთებ, ეს, უპირველესად, შენი იქ ყოფნის გამართლებაა და არ ფიქრობ ჯილდოებზე... თუმცა, გამოგიტყდებით - მაინც ძალიან ტკბილია სამშობლოსგან მადლობა.

ჰაერივით მჭირდება ქართულ ენობრივ გარემოში ტრიალი, სწორედ ამიტომ აუცილებლად უნდა დავბრუნდე.

ეკა ასათიანი