"შუხურის" შემთხვევაში დარეკეთ ჩემთან " - ლეგენდად შემორჩენილი თბილისური ამბები
"შუხურის" შემთხვევაში დარეკეთ ჩემთან " - ლეგენდად შემორჩენილი თბილისური ამბები
"გურამი ლევან ასათიანის შვილი გახლდათ, - მამამისზე არანაკლები კრიტიკოსი. ნანი ბრეგვაძე უყვარდა"

ფოტოგალერეა


"თბილისის უკანასკნელი ტრუბადური" შეარქვეს გიზო ნიშნიანიძეს, მან მართლაც საკუთარი შემოქმედებით ძეგლი დაუდგა მისი ყმაწვილკაცობის ვერასა და საყვარელ დედაქალაქს, გადავწყვიტეთ, სწორედ მისი მოგონებებით გაგვეცოცხლებინა ქალაქი, რომელზეც ძველი თაობის თბილისელები ლეგენდებს ჰყვებიან.

თბილისური მეგობრობა

თბილისელობა მეგობრობასა და ერთმანეთის გატანაზე იყო დამყარებული. ამიტომაც, ახალგაზრდობაში, რუსთაველის გამზირზე ჩხუბისა და წაკინკლავების უფლებას არავინ მოგცემდა. სადაც კი ამის უფლება ჰქონა 10-12 წლის ბიჭებს,
რატომღაც "თინეიჯერები" რომ შეარქვით და ადრე არაჩვეულებრივი სიტყვა, "ყმაწვილი" ერქვათ, აფრთხილებდნენ, ჩხუბის დროს ცხვირში არ დაარტყა, თვალში არ დაარტყაო... რაღა რჩებოდა? - მხოლოდ სიყვარული.

თბილისელი ძველი ბიჭი იყო რეზო ბალავაძე - ერთ-ერთი პირველი ყოჩი. მუსკომედიის თეატრის წინ სატელეფონო ჯიხური იდგა. ავტომატზე მიწერილი ჰქონდა: "შუხურის" შემთხვევაში
ჩემთან დარეკეთ" და ნომერი ჰქონდა მითითებული. თუ დაურეკავდნენ, აუცილებლად მივიდოდა და მტყუან-მართალს გაარჩევდა. აქვე მინდა გითხრათ, ყველა ჩხუბი თბილისში დამეგობრებით მთავრდებოდა.

მას შემდეგ იმდენი რამ შეიცვალა... დაუნდობლები გახდნენ ადამიანები... მეგობრის გამო ხშირად გავხვეულვარ შარში. ჩემ გამოც ხშირად შეწუხებულან. ერთხელ, მოსკოვის მეტროში მოვხვდი. ავდიოდი თუ ჩავდიოდი, აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ავარდნილ ბიჭებს შევეჩეხე. მათ ფეხი დამიდეს. მოკლედ, ბევრნი იყვნენ და დამჩაგრეს. ამ დროს ულამაზესი ახალგაზრდა გამოჩნდა.

ჩემი მეგობარი გახლდათ, კარლო იმედაძე. ათივე თავდამსხმელი გალახა და აქეთ-იქით მიყარ-მოყარა. ჩემი უახლოესი მეგობარი?
"პაემანი ვერაზე" დავწერე, ნიაზ დიასამიძის დამსახურებაა. იმდენად ახლო მეგობრები ვიყავით, იმდენად მინდოდა მისი მოგონება, ლექსის გარდა, სხვა ფორმა ვერ მოვიგონე. თემურ ჩირგაძე, ანუ "ჩირგო" მოგვიანებით აღმოვაჩინე. მანამდეც კარგად ვიცნობდი, მაგრამ ნიჭიერება გვიან გამოამჟღავნა. მთელი ღამე თეთრად გავათენე, გული დამწყდა, როცა აღმოვაჩინე, რომ სიტყვა არ მქონდა მასზე დაწერილი.

თბილისური იუმორი
ახლა, სახუმაროა თუ არა, ყველაფერზე ღლაბუცობენ. ასეთი დამოკიდებულებით იუმორს მარილი დაუკარგეს. ახლა ჩვენებურ იუმორს გავიხსენებ: დედაბერი მოდიოდა ქუჩაში. კაბა კი სუფთა ეცვა, მაგრამ ძველი იყო და ალაგ-ალაგ ნაკერები დაედო. გზად თბილისელი კინტო შემოხვდა და ქალს შესძახა: ვაჰ, დედი, ალაგ-ალაგ გაგიმარჯოსო. დედაბერმა კი მიუგო: იცოცხლე, შვილო, დღეგამოშვებითო.

რომელი ერთი გავიხსენო. აკი გითხარით, ყოველი ჩვენგანი რაღაცით ნიჭიერი იყო. მაგალითად, ხშირად ვიხსენებთ ნიაზ დიასამიძეს, რომელიც იუმორით გამოირჩეოდა. ნიაზისნაირი იუმორი ლამის ათ კაცში ერთს ჰქონდა.

თბილისური სიყვარული

იყო დრო, როცა გოგონებისა და ვაჟების კლასი გაყოფილი იყო. ამიტომ, სრულიად სხვა ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენ შორის. საოცარი რიდი გვქონდა ერთმანეთის.

გურამი ლევან ასათიანის შვილი გახლდათ, - მამამისზე არანაკლები კრიტიკოსი. ნანი ბრეგვაძე უყვარდა. უნდოდა, გრძნობა გამოეხატა და ასეთი რამ მოიფიქრა: იყიდა ყვავილები და კოშკურა ამწეს მექანიკოსს მეოთხე სართულამდე აყვანა სთხოვა. ფანჯარაში მიართვა ნანის ყვავილები.

რატომღაც, ხშირად ნიაზ დიასამიძის სიყვარულის ისტორიას ვიხსენებ. მას გულიკო კასაბაშვილი უყვარდა. ნიაზი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ფული რომ არ ჰქონდა, "საჩუქრად" საყვარელ ქალს ცოცხალი გალაკტიონი მიუყვანა.

ყველაზე ლამაზი
ყველაზე ლამაზი? - ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი ქალბატონი ბუბუსია თვალავაძე გახლდათ. თბილისში მას "შავ ბრილიანტს" ეძახდნენ. მისი ღიმილიც კი საკმარისი იყო, რომ მთელი თბილისი კარგ გუნებაზე დამდგარიყო. ბედი ისეთ მამაკაცს დაუკავშირა, ალალი იყო მისთვის. დათკა გამრეკელის ცოლი გახდა. ახლა ერთად განისვენებენ. არ ვიცი, ჰქონდათ თუ არა დიდი სიყვარული... და, საერთოდ, არ ვიცი ლამაზმა ქალმა როგორი სიყვარული იცის. ძალიან ძნელია... არ იცი, ეს სილამაზე და სიყვარული რამდენს გაუნაწილო.

ლამაზი იყო ლია სარიშვილი... ოოოო... ჩვენი თბილისის სექსსიმბოლო გახლდათ. ის რომ მოდიოდა, "ვვაჟკაცდებოდით". ვაჟები ეგზალტირებულები ვხდებოდით. ძალიან ლამაზი, ცისფერი, მიბნედილი თვალები ჰქონდა, სავსე მთვარესავით სახე. ახლა კი სხვა ფორმებია მოდაში, მაგრამ... ქალი ულამაზეს ფერებში იყო გადაწყვეტილი, ისეთში, კარგი მხატვარი აკვარელითაც რომ ვერ მოხატავდა. ჰქონდა ძალიან ლამაზი სხეული, კვიცივით იყო. თვალებით ვაშიშვლებდით, ვერანაირი სამოსი ვერ ფარავდა.

ახლა ასაკოვანი ქალბატონია. ძალიან მინდოდა "პაემანი ვერაზე" მიმეწვია, მაგრამ უარი შემომითვალა. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ფოტოგალერეა


კ ო მ ბ ლ ე
11 ივლისი 2018 01:03
რაღა დროს ეგენია, ეხლა დანა და მაგის ჯანი, ბაც!!! და აღარ არის კაცი, რადგან აღარ არის პრობლემებიც აღარ არის, ვოტ ტაკ!
jemali goridan.
10 ივლისი 2018 18:31
ნამდვილ თბილისლებს შემოგევლეთ, 2008 წელში სამი რეისი გავიყვანე გორიდან, შემოვლითი გზებით. გორელი კაცი ვარ, მოდგმით ქართველი ვარ და კარენნოი თბილისელებისგან, ბევრი კაცური მისწავლია ჩემი ოცნება იყო ბიჭის ქორწილში გურამ საღარაძე დამეყენებინა თამადად, ბიჭს 7 წელი მოხდევინა სიძულველით სავსე მიშამ, გურამისნაირი კოლორიტები კი გააქრო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები