"ძეგლის დაკარგვას სახელმწიფო ვერ დაუშვებს" - კვირის პალიტრა

"ძეგლის დაკარგვას სახელმწიფო ვერ დაუშვებს"

გადაუღებელი წვიმა მცხეთის უძველეს ნაგებობებს აზიანებს. სტიქიის ზემოქმედებით რამდენიმე დღის წინ ნაწილობრივ ჩამორღვეული ბებრისციხე შესაძლოა სულ დაინგრეს, მაგრამ სპეციალისტები ფიქრობენ, რომ უახლესი ტექნიკის მეშვეობით ნგრევის შეჩერება შეიძლება.

გიორგი გაგოშიძე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა ატრიბუციის ხელმძღვანელი: "ბებრის, იმავე ბელტასციხეს, ბოლოს 80-იან წლებში ჩაუტარდა  რესტავრაცია, მანამდე ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი. რესტავრაცია არქიტექტორმა  მერაბ ბოჭორიძემ გააკეთა, მან ფრაგმენტული ფორმები დაასრულა და ასე მივიღეთ ციხის დღევანდელი სახე. სამწუხაროდ, ახლა ბებრისციხე ინგრევა, სტიქიამ დააზიანა მისი ჩრდილო-დასავლეთის ნაწილი. შუაში გაიყო ერთი კედელი და მისმა ნაწილმა დაბლა ჩაიწია. მეწყერმა ძეგლის ჩრდილო-აღმოსავლეთი კედელიც მთლიანად ჩამოშალა".

გიგოლა ჭანუყვაძე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინატორი: "პრობლემის გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი უნდა იყოს: ფუძის გრუნტი და ძეგლის შიგნით გრუნტი გათხიერდა. ფერდობი, რომელზეც ციხე დგას, ქართლის ქედის მტკვრისპირა განშტოებაა, არაგვის ხეობას ეკვრის და კარგა ხანია ჩარეცხილია. უკვე წლებია იქაურობა მეწყერსაშიშად ითვლება.

საქართველოში ბოლო 20 წელია, გააქტიურდა სეისმური ზემოქმედება, ამიტომაც, შესაძლოა, ძველ ადგილზე მოძრავმა მასამ, რომელსაც მეწყერს ვეძახით, შეიცვალა ადგილმდებარეობა. სავარაუდოდ, ჩაიძირა გრუნტის მასა, რაზეც ძეგლია აგებული და ამას მოჰყვა კატასტროფული შედეგი. შესაძლოა, სხვა ცვლილებებიც იყოს პრობლემის გამომწვევი, მაგრამ სანამ გეოლოგიური გამოკვლევა არ ჩატარდება, ძნელია რაიმეს გადაჭრით თქმა.

- გამოსავალი არის?

- დიახ, მაგრამ მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეების ჩარევის შემდეგ. ასეთ დროს ისინი ძალიან ჭირვეულობენ, ამბობენ, რომ გამაგრებითი სამუშაოები ზოგჯერ სიძველის იერს უკარგავს ძეგლებს. არადა, მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს: საძირკვლის გამაგრების შემდეგ ძეგლის დარღვეული კედელი თავიდან უნდა აშენდეს, კედლის ვერტიკალურად გრუნტში ჩაწოლილი ნაწილი უნდა გამოვიყენოთ გასამაგრებლად, მივცეთ მას სარდაფის დანიშნულება და ზევიდან დავაშენოთ პირვანდელი სახის კედელი.

- წვიმა რომ არ ყოფილიყო, ამდენი პრობლემა ერთად თავს იჩენდა?

- არა, ამ გაუთავებელმა წვიმამ მაპროვოცირებელი ზეგავლენა იქონია. საბედნიეროდ, გამოსავალი მოძებნილია, ახლა იმაზე ვმსჯელობთ, თუ რომელ მიმართულებას ავირჩევთ. ერთი რამ უდავოა, ციხე რომ გადავარჩინოთ და შემდგომი ექსცესებიც გამოვრიცხოთ, კედელი ახალ სიმაგრეზე უნდა დავსვათ.

თუ საჭირო თანხა დროულად გამოიყო და წინასწარი სამუშაოების დაწყებაც გვაცალა ამინდმა, პრობლემის მოგვარებას სამი თვე დასჭირდება.

- ამდენ ხანს გაუძლებს ციხე?

- ღვთის იმედად უნდა ვიყოთ. წინასწარ სამუშაოებს ჩავატარებთ, ხიმინჯებსა და სხვა სამაგრებს დავაყენებთ.”

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ვაჩეიშვილის განცხადებით, ძეგლის გადარჩენისთვის პრევენციული ღონისძიებები უკვე დაისახა: "მოწყვეტილ მიწას ხელოვნურად გაამაგრებენ. ციხის გარშემო ჩატარდება გაბურღვითი სამუშაოები, ამოივსება სპეციალური რკინა-ბეტონით, გაკეთდება ბეტონის სარტყელი, რითაც მთა გამაგრდება და წვიმის შემთხვევაში მისი მოწყვეტის საფრთხე აღარ იარსებებს".

"ეს იქნება ძალიან ძვირად ღირებული  პროექტი, ძეგლის დაკარგვას სახელმწიფო ვერ დაუშვებს", - განაცხადა სპორტის, ძეგლთა დაცვისა და კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ.

ვაჩეიშვილის თქმით, ანალოგიური ღონისძიებები გატარდა ზუგდიდთან ახლოს მდებარე კორცხელის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გადასარჩენად. ტაძარი მეწყრის გამო ინგრეოდა.

KvirisPalitra.Geბებრისციხე

ბებრისციხე ქალაქ მცხეთის ჩრდილოეთით, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროს კლდის თავზეა აღმართული. მას უძველეს დროს ბელტა ერქვა და სავარაუდოდ, ანტიკურ ხანაშია აგებული. ციხესიმაგრის საერთო ფართობი დაახლოებით 1500 კვმ-ია. ოდესღაც ის არაგვის ხეობის მხრიდან მცხეთის კარს კეტავდა და დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.  ციხე აგებულია შემაღლებულ ადგილას.

იგი რამდენიმე სართულისაგან შედგება, რაც მის არა მარტო თავდაცვით, არამედ საცხოვრებელ დანიშნულებაზეც მიუთითებს. კედელში საინტერესო დეტალებია შემორჩენილი - ღრმა ნიშებში განლაგებული საბრძოლო ხვრელები. ამ ციხის აგებისას სასროლი იარაღი მშვილდ-ისარი იყო და ციხეს სწორედ ასეთი განიერი და ღრმა ნიშები ესაჭიროებოდა, რომ მეომრებს მარჯვედ სროლა შესძლებოდათ.

ბებრისციხის მიდამოებში დადასტურებულია ანტიკური ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ფენები. სამწუხაროდ, ციხე სრული სახით დიდი ხანია აღარ არსებობს. ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტისციხეს უწოდებს. ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა ატრიბუციის ხელმძღვანელის, გიორგი გაგოშიძის თქმით, შემორჩენილია ცნობა, რომლის თანახმად ბელტისციხეში გარდაცვლილა დემეტრე პირველი.

სავარაუდოდ, ის აქედან გადაასვენეს გელათში, უფრო ხშირად ამ სტრატეგიულ სიმაგრეს ბებრისციხის სახელით მოიხსენიებენ. ლეგენდის თანახმად, ოდესღაც ეს მიწა ეკუთვნოდა ვინმე თავად სიმონს, რომელსაც ხეობის ვიწროში აუგია სიმაგრე და შიგ გზის მცველი ჩაუყენებია. სიმონს ორი შვილი ჰყოლია: ლამაზი მაკრინე და გულქვა მამუკა. მამის გარდაცვალების შემდეგ ვაჟს დიდძალი გადასახადი დაუკისრებია ქვეშევრდომთათვის. მაკრინეს შებრალებია ხალხი და ძმისთვის მათი გათავისუფლება უთხოვია.

გამძვინვარებულ მამუკას მაკრინე კოშკში გამოუმწყვდევია. ერთ დღეს, როდესაც ყმებისათვის წყალწყალა საჭმელი მზადდებოდა, ქვაბში ყვავები ჩაცვენილან. ყმებს საჭმელი გადაუსხამთ, მამუკა გაბრაზებულა და გლეხებს დასაჭერად დასდევნებია. უეცრად ქვაბიდან გველები ამოსრიალებულან და მამუკას შემოხვევიან.

სასოწარკვეთილი ღმერთს შევედრებია, ოღონდ მიხსენი და ეკლესიას აგიგებო. მაკრინე მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს ძმის გადარჩენას.

უფალს შეუსმენია მათი ვედრება და ამის შემდეგ და-ძმა ბერ-მონაზვნად აღკვეცილან. მაკრინე 70 წლისა გარდაცვლილა. მისი დასაფლავების დღეს მისულა ერთი თეთრწვერა მოხუცი, მიცვალებულს  თურმე შუბლზე ეამბორა და უთქვამს: ,,დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა" და ამ სიტყვების დასრულებისთანავე სული განუტევებია. ამიტომ ეწოდება ციხეს ,,ბებრისციხე".