"გონიერმა ქალმა თავისი­ ჩაცმულობით უნდა გვითხრას ე.წ. ვიზუალური ტყუილი"
27-03-2017
"გონიერმა ქალმა თავისი­ ჩაცმულობით უნდა გვითხრას ე.წ. ვიზუალური ტყუილი"
"თუ ძალიან განიერი­ შარვალი გაცვიათ, სასურველია, ზემოთ ტოპი მოირგოთ, რათა წელი გამოჩნდეს და სილუეტიც შემსუბუქდეს"

თითოეული ქალი ცდილობს, თავისი ჩაცმულობით ხაზი გაუსვას საკუთარ ინდივიდუალურობას. ამ პროცესში გზამკვლევის როლს ასრულებს თანამედროვე მოდის ტენდენციები, რომელთაც მსოფლიო მოდის შემოქმედნი თავიანთი კოლექციებით გვკარნახობენ. როგორც იქნა, გავაცილეთ ზამთარი, გაფერადდა ბუნებაც და ადამიანთა განწყობაც. ასეთ დროს ყველა ქალს სურს, რაც შეიძლება მოხდენილად და მოდურად გამოიყურებოდეს. სწორედ მათთვის ავთანდილ ცქვი­ტინიძე 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის ტენდენციებზე გვესაუბრება.

-
2017 წლის გაზაფხული-ზაფხულისთვის მოდურია ჭუჭყიანი ვარდისფერი, ბაცი ცისფერი... მოდის მიმდევარ ქალებს ნათელი ფერები იპყრობს. ბედნიერების სხივებს­ შემატებთ, თუ ამ ფერის სამოსზე ჭრელ აქსესუარებსა და სპორტულ ფეხსაცმელს მოირგებთ. ნათელი ფერები ხომ კარგ ხასიათთან ასოცირდება. რა თქმა უნდა, შავი ტონალობა არასდროს გადადის მოდიდან, მაგრამ თუ მას შეუხამებთ
სეზონზე ყველაზე მოდურ ფერთა გამის აქსესუარებს, დაუმატებთ თბილ ტონალობებს, უფრო თანამედროვე ელფერს შესძენთ.

2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში ისევ და ისევ სპორტული შიკია აქტუალური - ისევ მარტივად სატარებელი ტანსაცმელი, ისევ დიდი ზომები, თუმცა ლამაზი სხეულით დაჯილდოებულ ქალებს შეუძლიათ გამოყვანილი კაბებიც ატარონ. ასეთ შემთხვევაში, არავინ დაძრახავს, რომ მოდურად არ აცვიათ, პირიქით, კაბა-ფანქრები ამ სეზონზე ძალიან მოდურია.

მნიშვნელოვანია სამოსის შეხამებაც. თუ ვთქვათ, ძალიან განიერი ზედატანი გაცვიათ, კარგი იქნება, ტანზე მომდგარი მინიქვედაკაბა მოირგოთ, რათა სილუეტი არ დაიკარგოს. ამ ტიპის სილუეტებს სწორად განაწილება სჭირდება - სხეულის რომელიღაც ნაწილი ვიწრო უნდა გამოჩნდეს, რადგან მთლიანად თავისუფალ მოდელში ქალი იკარგება. გრძ­ელი ლაბადის ქვემოთ მოკლე ქვედაკაბა და მასში ჩატანებული ზედატანი კარგად გამოიყურება. ან თუ ძალიან განიერი­ შარვალი გაცვიათ, სასურველია, ზემოთ ტოპი მოირგოთ, რათა წელი გამოჩნდეს და სილუეტიც შემსუბუქდეს.

- გასულ სეზონზე ძალიან მოდური იყო კაბა-ხალათი...

- ამჯერად კაბა-ხალათი კაბა-პერანგმა ჩაანაცვლა. უფრო სწორად, ყველაზე აქტუალური კაბა ამ სეზონზე მამაკაცის დაგრძელებული პერანგია.
რაც შეეხება ფეხსაცმელს, ისევ და ისევ სპორტულია მოდური და მომავალი 2-3 სეზონი ასე გაგრძელდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წვეულებაზე წვრილქუსლიანი კლასიკური ფეხსაცმელი არ უნდა ჩავიცვათ.

- მოდური ტენდენციების გავლენით პატარძლებმაც მოირგეს საქორწილო კაბებზე კედები ან თვლებით გაწყობილი ბოტასები.

- ეს მაშინ არის გამართლებული­, თუ ძალიან დაიღლებიან და ცეკვის დროს ქუსლიდან კედზე ჩამოვლენ. სხვა შემთხვევაში, ქუსლიან ფეხსაცმელს კედები ვერასდროს შეცვლის, მით უმეტეს, საქორწილო კაბაზე.

- როგორი ვარცხნილობაა მოდური?

- თმა, რაც შეიძლება, ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. ხელოვნური ვარცხნილობა აღარ არის აქტუალური და ძალიანაც კარგი, რომ ასეა... მოდურია ბუნებრივი მაკიაჟიც...

- მკვეთრი პომადა აღარ არის აქტუა­ლური?

- მხოლოდ ერთი აქცენტი - თუ თვალი იხატება მუქად, ტუჩი ნატურალურ ფერზე უნდა და­რჩეს­ და პირიქით - მკვეთრი ტუჩის შემთხვევაში, თვალზე უნდა გაკეთდეს ნატურალური და სადა მაკიაჟი.

ყველა გოგონა კარგად უნდა დააკვირდეს თავის ფიგურას, შეისწავლოს ნაკლოვა­ნებები და სამოსის მორგებისას მათზე არასოდეს გააკეთოს აქცენტი. თავისი­ ჩაცმულობით ე. წ. ვიზუალური ტყუილი უნდა გვითხრას. ეს რთული ამოცანაა, რომელსაც გემოვნებიანი ქალები ყოველთვის ართმევენ თავს.
და ბოლოს, უნდა გახსოვდეთ, რომ კლასიკური სამოსი არასდროს გადადის მოდიდან. გამოყვანილი შავი კაბა ან წვრილცხვირიანი ქუსლიანი ფეხსაცმელი ყოველთვის აქტუალურია. ეს ის ნივთებია, ყველა მოდის მიმდევრის გარდერობში აუცილებლად რომ უნდა ინახებოდეს.

ეკა სალაღაია
nino
30 მაისი 2017 14:27
კარგი რჩევებია, სამსახურისთვის მიყვარს კლასიკური ტანსაცმელი, არ უნდა ვიფიქრო რამდენად აქტუალურია და სერიოზულ შთაბეჭდილებასაც ტოვებს.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები