"არ მინდა, ჩემი შვილის პირველი სიტყვა იყოს "დამეხმარეთ"
27-03-2017
"არ მინდა, ჩემი შვილის პირველი სიტყვა იყოს "დამეხმარეთ"
"რამდენჯერმე გამაღვიძებინეს ბავშვი, წამლით ხომ არ მყავდა დაძინებული"

ის მეტროს შესასვლელთან გავიცანი. შვილთან ერთად კიბეზე იჯდა და მოწყალ­ე­ბას ითხოვდა. თამრიკო ჰქვია, პატარას - გიორგი.­

- სომხეთში დავიბადე, 1992 წელს აფხაზეთში მივდიოდი დასთან და... საქა­რ­თველოში დავრჩი... პირველი 6 თვე მეძინა დიდუბის მეტროსთან მუყაოების ხუხულაში. მერე სამუშაო ვიშოვე, საპირფარეშოებს ვალაგებდი, სამარშრუტო ტაქსის სალონებს­ ვწმე­ნდდი, ხანდახან ავტობუსებისთვის ღამეში­ 70 ცალი შალითაც გამირეცხავს.

1998 წელს გოგო გამიჩნდა - 15 წლისა გათხოვდა, კახეთში ცხოვრობს, ახლა
მეორე შვილს ელოდება... მერე მეც გავთხოვდი, მაგრამ 43 წლის ასაკში დამეღ­უპა მეუღლე. ფეხმძიმედ დავრჩი, მაინც ვმუშაობდი. ერთხელაც დიდუბ­იდან დამირეკეს, დროზე მოდი, მანქანები გაწმინდეო. ბავშვი შემეძინა-მეთქი, ვახარე. მძღოლები გადარეულან, სალონის სავარძლების ქვეშ დაძვრებოდა და თურმე­ ორსულად ყოფილაო. სამშობიაროდან რომ გამოვედი, ბანანის ყუთში ვაწვენდი გიორგის, მუშაობისას ისიც
ჩემთან მყავდა. ცოტა რომ წამოიზარდა, მეტი ყურადღება სჭირდებოდა. სხვა გზა არ მქონდა და მოწყალების სათხოვნელად გავედი. მაშინ გიორგი 8 თვის მყავდა, ახლა უკვე 3 წლისაა.

- მას შემდეგ ითხოვთ მოწყალებას?

- თავიდან ნაცნობმა ქალმა ჯვარზე ამიყვანა - იქ ტურისტები, მექორწილეები­ ხშირად დადიან და დაგეხმარებიანო. რომ მივედით, ერთი ამბავი ატეხეს, ხან მე მეჩხ­უბებოდნენ­, ხან იმ ქალს, რატომ მოიყვანეო. თქვენ სახლები გაქვთ, ეს კი ქუჩაში დარჩა ბავშვით ხელში და არ გრცხვენიათო?­ მერე, ერთმა ქალმა დამიცვა, უჭირს და მოვიდესო... შემოსავლიანი ადგილი იყო, ხანდახან 2 საათში 40-50 ლარი ამიღია, ბავშვიანებს მეტად ეხმარებიან, თუმცა ეჭვითაც გიყურებენ - რამდენჯერმე გამაღვიძებინეს ბავშვი, წამლით ხომ არ მყავდა დაძინებული. ერთხელ ტურისტები მოვიდნენ, ისრაელიდან იყვნენ, ქართველი თარჯიმანი ახლდათ. თუ გინდა, შენმა შვილმა­ კარგ პირობებში იცხოვროს, დაგვ­ითმე, სამ­აგიეროდ, ბინას გიყიდით და 30 ათასს გადაგიხდითო. არ დაგიმ­ა­ლავთ, უწმაწური პასუხი გავეცი. კიდევ მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, ბავშვი მოგვყიდეო, მაგრამ შვილს როგორ შეველევი... შორს არის ჯვრის მონასტერი, იქ ასვლა-ჩამოსვლა ძნელია. თანაც მთელი დღე ქარსა და წვიმაში­ ღია ცის ქვეშ გიწევს­ დგომა. ისევ ქალაქში ვარჩიე დარჩენა.

- აქაც შეგქმნიათ პრობლემა?

- თავიდან დაიწყეს ყვირილი, ეს შენი ადგილი არ არისო. ვუთხარი,­ ჩვენი ადგილი კუკიაზეა, აქ კი ვისაც უჭირს, ის დაჯდება-მეთქი! ვცდილობ, მხოლოდ მაშინ ვიმათხოვრო, როცა ბავშვს სძინავს. არ მინდა, უყუროს, როგორ ვითხოვთ მოწყალებას, არც ის მინდა, მისი პირველი სიტყვა იყოს `დამეხმარეთ~.

- რაზე ოცნებობთ?

- ჯვარზე გავიცანი არასამთავრობო­ ო­რგანიზაციის თანამშრომელი, მისი თანა­დ­გომით, ბავშვის საბუთები მოვაწესრიგეთ.
4 საბავშვო ბაღში დავწერე განც­ხადება. მეუბნებიან, ადგილი არ არისო. არადა, ბავშვი თუ ბაღში ივლის, მე ვიმუშავებ და კვებისა და ქირის თანხასაც მოვაგროვებ.

- ქირაში რამდენს იხდით?

- ავჭალაში პატარა ოთახი მაქვს ნაქ­ირავები 200 ლარად.

- რამდენი წლის ხართ?

- 46 წლის. ამას წინათ გავიგონე,­ ერთი ეკით­ხებოდა მეორეს, როგორი წარმოგიდგენია­ შენი ცხოვ­რება 10 წლის შემდეგო... მე ჩემს თავს ვკითხე იგივე და პასუხზე რომ დავფიქრდი, სიმწრისგან გული გამიჩერდა - ვიცოცხლებ კი მაგდენ ხანს?

ვოცნებობ, რომ პატარა კუთხე დავუტოვო გიორგის და გზაზე დავაყ­ენო. მერე, რაც უნდა მომივიდეს.­ ისეთი მყავს, მთელი ქვეყანა მისკენაა, ყველას უყვარს, უფალიც მოუმართავს ხელს.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით