"არ მინდა, ჩემი შვილის პირველი სიტყვა იყოს "დამეხმარეთ" - კვირის პალიტრა

"არ მინდა, ჩემი შვილის პირველი სიტყვა იყოს "დამეხმარეთ"

"რამდენჯერმე გამაღვიძებინეს ბავშვი, წამლით ხომ არ მყავდა დაძინებული"

ის მეტროს შესასვლელთან გავიცანი. შვილთან ერთად კიბეზე იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. თამრიკო ჰქვია, პატარას - გიორგი.

- სომხეთში დავიბადე, 1992 წელს აფხაზეთში მივდიოდი დასთან და... საქართველოში დავრჩი... პირველი 6 თვე მეძინა დიდუბის მეტროსთან მუყაოების ხუხულაში. მერე სამუშაო ვიშოვე, საპირფარეშოებს ვალაგებდი, სამარშრუტო ტაქსის სალონებს ვწმენდდი, ხანდახან ავტობუსებისთვის ღამეში 70 ცალი შალითაც გამირეცხავს.

1998 წელს გოგო გამიჩნდა - 15 წლისა გათხოვდა, კახეთში ცხოვრობს, ახლა მეორე შვილს ელოდება... მერე მეც გავთხოვდი, მაგრამ 43 წლის ასაკში დამეღუპა მეუღლე. ფეხმძიმედ დავრჩი, მაინც ვმუშაობდი. ერთხელაც დიდუბიდან დამირეკეს, დროზე მოდი, მანქანები გაწმინდეო. ბავშვი შემეძინა-მეთქი, ვახარე. მძღოლები გადარეულან, სალონის სავარძლების ქვეშ დაძვრებოდა და თურმე ორსულად ყოფილაო. სამშობიაროდან რომ გამოვედი, ბანანის ყუთში ვაწვენდი გიორგის, მუშაობისას ისიც ჩემთან მყავდა. ცოტა რომ წამოიზარდა, მეტი ყურადღება სჭირდებოდა. სხვა გზა არ მქონდა და მოწყალების სათხოვნელად გავედი. მაშინ გიორგი 8 თვის მყავდა, ახლა უკვე 3 წლისაა.

- მას შემდეგ ითხოვთ მოწყალებას?

- თავიდან ნაცნობმა ქალმა ჯვარზე ამიყვანა - იქ ტურისტები, მექორწილეები ხშირად დადიან და დაგეხმარებიანო. რომ მივედით, ერთი ამბავი ატეხეს, ხან მე მეჩხუბებოდნენ, ხან იმ ქალს, რატომ მოიყვანეო. თქვენ სახლები გაქვთ, ეს კი ქუჩაში დარჩა ბავშვით ხელში და არ გრცხვენიათო? მერე, ერთმა ქალმა დამიცვა, უჭირს და მოვიდესო... შემოსავლიანი ადგილი იყო, ხანდახან 2 საათში 40-50 ლარი ამიღია, ბავშვიანებს მეტად ეხმარებიან, თუმცა ეჭვითაც გიყურებენ - რამდენჯერმე გამაღვიძებინეს ბავშვი, წამლით ხომ არ მყავდა დაძინებული. ერთხელ ტურისტები მოვიდნენ, ისრაელიდან იყვნენ, ქართველი თარჯიმანი ახლდათ. თუ გინდა, შენმა შვილმა კარგ პირობებში იცხოვროს, დაგვითმე, სამაგიეროდ, ბინას გიყიდით და 30 ათასს გადაგიხდითო. არ დაგიმალავთ, უწმაწური პასუხი გავეცი. კიდევ მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, ბავშვი მოგვყიდეო, მაგრამ შვილს როგორ შეველევი... შორს არის ჯვრის მონასტერი, იქ ასვლა-ჩამოსვლა ძნელია. თანაც მთელი დღე ქარსა და წვიმაში ღია ცის ქვეშ გიწევს დგომა. ისევ ქალაქში ვარჩიე დარჩენა.

- აქაც შეგქმნიათ პრობლემა?

- თავიდან დაიწყეს ყვირილი, ეს შენი ადგილი არ არისო. ვუთხარი, ჩვენი ადგილი კუკიაზეა, აქ კი ვისაც უჭირს, ის დაჯდება-მეთქი! ვცდილობ, მხოლოდ მაშინ ვიმათხოვრო, როცა ბავშვს სძინავს. არ მინდა, უყუროს, როგორ ვითხოვთ მოწყალებას, არც ის მინდა, მისი პირველი სიტყვა იყოს `დამეხმარეთ~.

- რაზე ოცნებობთ?

- ჯვარზე გავიცანი არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი, მისი თანადგომით, ბავშვის საბუთები მოვაწესრიგეთ.

4 საბავშვო ბაღში დავწერე განცხადება. მეუბნებიან, ადგილი არ არისო. არადა, ბავშვი თუ ბაღში ივლის, მე ვიმუშავებ და კვებისა და ქირის თანხასაც მოვაგროვებ.

- ქირაში რამდენს იხდით?

- ავჭალაში პატარა ოთახი მაქვს ნაქირავები 200 ლარად.

- რამდენი წლის ხართ?

- 46 წლის. ამას წინათ გავიგონე, ერთი ეკითხებოდა მეორეს, როგორი წარმოგიდგენია შენი ცხოვრება 10 წლის შემდეგო... მე ჩემს თავს ვკითხე იგივე და პასუხზე რომ დავფიქრდი, სიმწრისგან გული გამიჩერდა - ვიცოცხლებ კი მაგდენ ხანს?

ვოცნებობ, რომ პატარა კუთხე დავუტოვო გიორგის და გზაზე დავაყენო. მერე, რაც უნდა მომივიდეს. ისეთი მყავს, მთელი ქვეყანა მისკენაა, ყველას უყვარს, უფალიც მოუმართავს ხელს.

ეკა სალაღაია