"დახმარებას ვითხოვთ, ნუ გვაქციეს ქუჩის ქალებად"
27-03-2017
"დახმარებას ვითხოვთ, ნუ გვაქციეს ქუჩის ქალებად"
"ოჯახებსაც ვარჩენდით და სახელმწიფოსაც­ სოლიდურ თანხებს ვუხდიდით. 15 წელია, თვეში 600 ლარს ვიხდი­ და არაფერი მეკუთვნის? ხალხი არა ვართ? შევეწირები და ასეთი შეურაცხყოფილი აქედან არ წავალ"

თითქმის ორი თვე გავიდა, რაც "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორია ცეცხლმა­ გადაწვა, მაგრამ ამ დრომდე სამართალდამცავებს საქმე არ გამოუძიებიათ. ჯერ ისევ არ არის ექსპერტიზის დასკვნები და არც ზარალის ზუსტი ოდენობაა დადგენილი. მოვაჭრეები უშედეგოდ ითხოვენ ხელისუფლებისგან კომპენსაციას. 2 კვირაზე მეტია, კანცელარიასთან იმართება აქციები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით, მაგრამ
ამას ვერ მიაღწიეს. რამდენიმე დღის წინ კანცელარიასთან კარვის გაშლაც გადაწყვიტეს, მაგრამ სამართალდამცავებმა ამის უფლება არ მისცეს. მოვაჭრეების განცხადებით, სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და ამიტომ აქციის მონაწილეებმა პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს... უკვე ცნობილია ქალაქის მერის პოზიცია. დავით ნარმანიას აზრით, ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა და ის სასამართლოს
გზით უნდა გაირკვეს. ერთადერთი უწყება, რომელიც დაზარალებულებს ხვდება, თბილისის საკრებულოა და მათთვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემას გეგმავს. დაზარალებულები ერთჯერადად 5.000 ლარს ითხოვენ, რომ მუშაობის დაწყება შეძლონ. მათი თქმით, საკრებულო თითოეულ დაზარალებულს 3.000 ლარს დაჰპირდა. როგორც საკრებულოში აცხადებენ, მიმდინარეობს დაზარალებულთა სიების დაზუსტება. დაზარალებულებია თქმით, სიების თავდაპირველ ვარიანტში ისეთი პირებიც მოხვდნენ, რომლებსაც მატერიალური ზარალი არ განუცდიათ.

ელიკო გადელია, დაზარალებული მოვაჭრე:
- "ბავშვთა სამყაროს" ადმინ­ისტრაცია გვეუბნება, ვერ აგინაზღაურებთ­ ზარალსო. მხოლოდ საკრებულოს წარმომა­დგენელებმა გვითხრეს, რომ ერთჯერადად მიზერული თანხით დაგვეხმარებიან, ესეც ჩვენი კეთილი ნებით ხდებაო. აფხაზეთიდან­ დევნილი ვარ, ჩემი შრომით სახლი ვიყიდე­ და ისიც იპოთეკაში ჩავდე. მთელი ქონება ვიღაცების დაუდევრობით გამინადგურდა, ხელმეორედ დევნილს ნუ გამხდიან. სამი მცირეწლოვანი შვილიშვილი მყავს და ქუჩაში ნუ დაგვყრიან... ადმინისტრაცია გვეუბნება, მეც დავზარალდი და ვერაფერს გადაგიხდითო. შეტანილი თანხები­ ხომ მიდიოდა მათ ჯიბეში, ახლა აღარ უნდათ დაგვეხმარონ?! ანგარიში გახსნეს, მაგრამ ჩვენამდე ვინ მოუშვებს მაგ თანხებს, აქციონერებს დააკმაყოფილებენ. ჩვენი დირექტორი, თამარ ქოქიაშვილი, საერთოდ დაგვემალა. მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, საკრებულომ რომ მოითხოვა­ სიების გადმოცემა. ჩვენთან ბაზრობაზე 5-ლარიანი ქამარი მოიპარა ბიჭმა,­ დააკავეს, მისცეს ერთი წელი პირობითი და 5.000-ლარიანი ჯარიმა. ამხელა ტერიტორია დაიწვა და ამაზე რეაგირება არ ხდება, ეს არის სამართალი?

ნონა ვერულაშვილი: -
მეც დევნილი­ ვარ. რასაც საკრებულო გვპირდება, ის თანხა მანეკენებისა და საკიდების ფულსაც ვერ აანაზღაურებს. დახმარებას ვითხოვთ,­ ნუ გვაქციეს ქუჩის ქალებად. ალტერნატიულ ფართებს გვთავაზობდნენ, მაგრამ რითი ვიმუშაოთ. 5.000 ლარი მაინც მოგ­ვცენ ერთჯერადად. ხელისუფლების ყურადღების მისაპყრობად ჯაჭვებიც გავაკეთეთ, ხელბორკილებიც დავიდეთ, მაგრამ... კარვების დადგმის უფლებასაც არ გვაძლევენ.

ჯული ელიავა:
- მოხუც დედას 2 კილოგრამი ვაშლი ვერ წავუღე, ეს ცხოვრებაა? ოჯახებსაც ვარჩენდით და სახელმწიფოსაც­ სოლიდურ თანხებს ვუხდიდით. 15 წელია, თვეში 600 ლარს ვიხდი­ და არაფერი მეკუთვნის? ბევრი 1.200 ლარს და უფრო მეტსაც იხდიდა. რითი ვიარსებოთ?! ამ ამბავს შეეწირა 58 წლის კაცი, ხატიშვილი, ნერვიულობით გული გაუსკდა, მეორე რეანიმაციაშია, მესამე მამაკაცი აქციაზე იდგა კანცელარიასთან. საცხოვრებელი კორპუსიდან აგური ჩამოვარდა, თავზე დაეცა და ახლა საავადმყოფოში წევს.

ხალხი არა ვართ? ომგამოვლილი ქალი ვარ, სოხუმიდან ცარიელი ხელით ჩამოვედი. პირველი წლები თურქეთში დავდიოდი, დარჩეული თხილი და სპილენძი დამქონდა. ასე ვიშოვე ბიზნესის ფული... შევეწირები და ასეთი შეურაცხყოფილი აქედან არ წავალ. ბინა ბანკში მაქვს. ჩემი საქმით ბანკის ფულსაც, 1.220 ლარსაც ვიხდიდი და ოჯახსაც ვარჩენდი. თამარ ქოქიაშვილი გვეუბნებოდა, თქვენ არ გევალებათ შემოსავლების სამსახურში რაიმეს აღრიცხვა, ჩვენ გადაგვიხადეთ ფიქსირებული გადასახადიო და ვიხდიდით. ახლა გვეუბნებიან, რატომ არ აღრიცხეთ ქონებაო. ეს დაცინვაა. გვაქვს ეჭვი, რომ გადარჩენილი ქონება გაყიდეს. ჩემი საქონელი, ქვედაკაბები ვნახე სხვა ბაზრობაზე, ის ქალი თვითღირებულ­ებაზე ნაკლებ ფასად ყიდდა.

ვაჟა მაისურაძე, "ბავშვთა სამყაროს" იურისტი:
- წინასწარი დასკვნით, შენობა დასანგ­რევი გახდება. ოფიციალური დასკვანა ჯერ არ არის. არც სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა დასრულებულა. ჩვენი ვარაუდი გამართლდა და ხანძარი ელექტროენერგიისგან არ გაჩენილა, თუმცა ისევ უცნობია, რამ გამოიწვია ამხელა ცეცხლი. რაც შეეხება მოვაჭრეების ქონებას, თითოეული მეწარმე სუბიექტი იყო, ვალდებული იყვნენ, ქონება აეტვირთათ ბაზაში­ და შემოსავლების სამსახური ამ ქონებას ჩამოწერდა.

- აქციებს მონაწილეებს პრეტენზიები აქვთ ადმინისტრაციასთან...

- ყველაზე მეტად დაზარალებული "ბავ­შვთა სამყაროა", წარმოუდგენ­ელია, პრეტენზია ჰქონდეთ ადმინისტრაციასთან.

- ამბობენ, რომ სოლიდურ თანხებს უხდიდნენ ადმინისტრაციას, ვალდებული არიან, მოგვხედონო და საჩივარიც შეტანილი აქვთ.

- სასარჩელო განცხადება თუ შეიტანეს,­ ჩვენ გავცემთ პასუხს. ცხადია, გადასახადები­ უნდა გადაეხადათ, უსასყიდლოდ არავინ გადასცემდა მათ ქონებას...

- ანგარიში გაიხსნა და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვთ, ამ ფონდში რა თანხა შევიდა და რას მოხმარდება?

- ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციამ გახსნა. თანხა დაზარალებულებს მოხმარდება. ეს შეიძლება იყოს აქციონერიც და მოიჯარეც.

- ამბობენ, რაც გადარჩა, იმ საქონელს ვხედავთ სხვადასხვა ბაზრობაზეო?

- რაც გადარჩა, მეპატრონეებმა წაიღეს, სხვა ყველაფერი განადგურდა...

თეა ხურცილავა
n.j.
03 აპრილი 2017 13:22
ვაიმე როგორ მეცოდება ეს ხალხი

რედაქტორის რჩევით