ვინ მანიპულირებს ახალგაზრდებით?!
27-03-2017
ვინ მანიპულირებს ახალგაზრდებით?!
მეხანძრეობა ერთ-ერთი კეთილშობილური პროფესიაა, თუმცა წარმოვიდგინოთ, ვინმემ ბავშვებს ჩუმ-ჩუმად ასანთი დაურიგოს იმ მიზნით, რომ შემდეგ მეხანძრის როლი მოირგოს და მომრავლებული ხანძრების ჩაქრობაში მეტი და მეტი ფინანსები მიიღოს.

ბოლო დროს, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული რამდენიმე ორგანიზაცია უცებ გააქტიურდა შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით, თან ეს ყველაფერი რადიკალური მეთოდებით ხდებოდა. გახსოვთ, ალბათ, "აუდიტორია 115"-ის შეჭრა "საზმაუში", შემდეგ - "ბიბლუსი გალერიში", საიდანაც სწორედ იმ ხალხმა გამოაბრუნა უკან, რომელთაც "აუდიტორია 115"-ის წევრები ეუბნებოდნენ, გინდათ თუ არა, თქვენი
უფლებები უნდა დავიცვათო.

იმავე პერიოდში გავრცელდა "ბიბლუსი გალერის" ორი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომლის ვიდეომიმართვა, რომლებშიც ისინი შრომითი პირობების დარღვევაზე საუბრობდნენ და სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უკან დაბრუნებას ითხოვდნენ. რამდენიმე საათში გაირკვა, რომ ისინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ, ამახინჯებდნენ ციფრებს და ფაქტებს და ეს შემდგომ ტელეეთერებით თვითონ
აღიარეს. გაირკვა ისიც, რომ ორი თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი შინაგანაწესის უხეში დარღვევა იყო.

თუმცა მოგვიანებით, კიდევ ერთი მთავარი დეტალი გაირკვა - ამ სიცრუეზე აგებული ვიდეომიმართვისა და ბრალდებების კამპანიის უკან იდგა "აუდიტორია 115", ამ სტუდენტურ გაერთიანებას და მათ აქციებს კი მხარს უჭერდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC).

ნებისმიერ ადამიანს გაუჩნდება კითხვა: რა შეიძლება აკავშირებდეს ერთი შეხედვით სოლიდურ არასამთავრობო ორგანიზაციას სტუდენტურ დაჯგუფებასთან, რომელიც ბოლშევიკური ლოზუნგებითა და რადიკალური მეთოდებით მოქმედებს (ასე მოიქცნენ "ბიბლუსი გალერის" შემთხვევაში, როდესაც კერძო საკუთრებაში ჯგუფურად შეიჭრნენ) და როგორც ირკვევა, სხვადასხვა მიზნის მისაღწევად არც ისეთ კანონსაწინააღმდეგო რამეზე ამბობს უარს, როგორიც არის დოკუმენტების გაყალბება.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებზე რომ იმსჯელო, მის გრანტებში უნდა ჩაიხედო. EMC-ს ბოლო ორ-სამ წელში სხვადასხვა პროექტისთვის უცხოელი დონორებისგან მილიონ დოლარზე მეტი გრანტი აქვს აღებული. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება შრომითი უფლებების დაცვაა. ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით ერთმა პროექტმა მიიქცია: "ინდუსტრიულ ზონებში დასაქმებულთა და ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გარემოს დასაცავად".
ამ პროექტის მიზნებიდან განსაკუთრებით საინტერესოა რამდენიმე ეპიზოდი, კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ უკანასკნელი პერიოდის გაფიცვებმა "ნათლად გამოავლინა დასაქმებულების, სტუდენტურ/ინტერესთა ჯგუფებისა და იმ ადამიანების შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობა, რომელთაც უშუალოდ მიემართებათ სახელმწიფოს პოლიტიკა..." კიდევ ერთი ეპიზოდის მიხედვით: "პროექტით გაწეული საქმიანობები მუშათა აქტივობების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისათვის მიზნად ისახავს სტუდენტური ჯგუფების გაძლიერებას..." პროექტის დონორი "ჰაინრიხ ბიოლის ფონდია".

საინტერესო ის არის, რომ პროექტი 2015 წელს დაფინანსდა და მასში დაკვირვებულმა თვალმა, შესაძლოა, "სტუდენტური ჯგუფების გაძლიერების" ეპიზოდში "წინასწარმეტყველებებიც" ამოიკითხოს.
დიახ, 2016 წელს გააქტიურდა "აუდიტორია 115" ჯერ განათლების რეფორმების კუთხით (თსუ-ის მე-6 კორპუსი რამდენიმე თვე ბლოკირებული ჰქონდათ), შემდეგ კი გადაერთვნენ შრომითი უფლებების დაცვაზე (საპროტესტო აქციები "აზოტის" ქარხანასთან, "საზოგადოებრივ მაუწყებელთან", "ფრესკოსთან", B"ბიბლუსთან"...)

დაკვირვებულმა ადამიანმა შესაძლოა, დაასკვნას, რომ ერთი-ერთში განხორციელდა პროექტის ერთ-ერთი მიზანი - "მუშათა აქტივობების მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის სტუდენტური ჯგუფების გაძლიერება". არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩახედული პირი კი იმასაც გეტყვით, რომ დონორისგან ახალი გრანტის მისაღებად, მას უნდა დაუსაბუთო, რომ წინა პროექტი შესრულდა.
ჰოდა, საინტერესოა, რას ნიშნავს "სტუდენტური ჯგუფების გაძლიერება" - არასამთავრობო ორგანიზაცია აძლიერებს ამ ჯგუფს (მოგეხსენებათ, ვინც აძლიერებს, ის მართავს კიდეც), თუ უბრალოდ, აკვირდება, თავისთავად როგორ ძლიერდებიან ისინი?!
თუმცა, ზემოხსენებული პროექტის დონორი "ჰაინრიხ ბიოლის ფონდი" მიიჩნევს, რომ EMC მხოლოდ იკვლევს "აუდიტორია 115"-ის საქმიანობას.

თიკო ანთიძე "ჰაინრიხ ბიოლის ფონდის" წარმომადგენელი:
"ჩვენი პროექტი, რომლის ფარგლებშიც სოციალური მოძრაობების კვლევა ხორციელდება, აბსოლუტურად არ გულისხმობს EMC-ის "აუდიტორია 115"-თან თანამშრომლობას. EMC იკვლევს ამ მოძრაობას".
თუმცა, ალბათ, "ჰაინრიხ ბიოლის ფონდში" გაუკვირდებათ - EMC-ის წარმომადგენელი ლაპარაკობს ამ არასამთავრობო ორგანიზაციისა და "აუდიტორია 115"-ის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე. კერძოდ, ამ არასამთავრობო ორგანიზაციის სოციალური პროგრამების დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ განგვიცხადა, რომ "აუდიტორია 115" ბევრ იმ საკითხზე მუშაობს, რომლებზეც EMC. "ამიტომ ჩვენ ხშირად ვიკვეთებით ხოლმე და ვართ პარტნიორები... EMC თანამშრომლობს ყველასთან, ვისთან მიმართებაშიც აქვს თანხვედრა როგორც საქმიანობის სფეროების, ისე კონკრეტულ საკითხებზე მუშაობის მიმართულებით. ამდენად, "აუდიტორია 115"-სა და E EMC-ის, ბუნებრივია, აქვთ გარკვეული თანამშრომლობის გამოცდილება", - აღნიშნა ღვინიანიძემ.

რაც შეეხება "აუდიტორია 115"-ის რადიკალურ ნაბიჯებს, ღვინიანიძის თქმით: "აუდიტორია 115" არის აქტივისტური ჯგუფი, რომელსაც აქვს ბრძოლის საკუთარი სტრატეგია და ჩვენი თანამშრომლობა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად საერთო სტრატეგია უნდა გვქონდეს."
EMC-ის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს იმ აქტივისტური ჯგუფების მხარდაჭერას და გაძლიერებას, რომლებთანაც აზრთა თანხვედრა აქვთ. "ეს აქტივისტური ჯგუფი არ არის მხოლოდ "აუდიტორია 115". გვაქვს ურთიერთობა "თბილისის სოლიდარობის ქსელთან", "ქალთა მზერასთან", "მწვანე მუშტთან", "ახალგაზრდა მწვანეებთან", "თეთრ ხმაურთან", - აღნიშნა ღვინიანიძემ.

სასხვათაშორისოდ ვიტყვით, რომ EMC-ის წარმომადგენლის მიერ დასახელებული (ვისაც სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან) "თბილისის სოლიდარობის ქსელის" წევრები დასაქმებულებს სამუშაო ადგილებზე აკითხავენ, ცდილობენ, ურთიერთობა დაამყარონ, ესაუბრებიან მათ ჩაგვრაზე, უსამართლობაზე, ცდილობენ დაიყოლიონ და კამერის წინ ათქმევინონ, რომ მძიმე და აუტანელ პირობებში "მონურად" შრომობენ, შემდეგ კი ვიდეოს "აუდიტორია 115"-ის სოციალურ ქსელში ათავსებენ. ასევე, სასხვათაშორისოდ - "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთი აქტიური წევრი არის "თბილისის სოლიდარობის ქსელის" დამფუძნებელი.

EMC-ი, "აუდიტორია 115", "თბილისის სოლიდარობის ქსელი", შრომითი უფლებების დაცვისთვის, სტუდენტური ჯგუფების გაძლიერებისთვის აღებული გრანტები... ალბათ, დაკვირვებული თვალი გარკვეულ კავშირს დაინახავს.
ჩვენ არ გვაქვს ფაქტები, ამ კავშირს კვებავს თუ არა პირდაპირი ფინანსური დაინტერესება, თუმცა, აშკარაა, რომ EMC- ისა და "აუდიტორია 115"-ის თანამშრომლობა-პარტნიორობის დაწყებიდან სტუდენტების ჯგუფი თანდათან უფრო რადიკალური ხდებოდა როგორც მოქმედების, ისე ნეობოლშევიკური ლოზუნგების კუთხით. ფაქტია ისიც, რომ "აუდიტორია 115"-ის ქმედებები ემთხვევა ზემოხსენებულ პროექტში დასახელებულ მიმართულებებს.

მოდი, ერთი წუთით არსებულ სიტუაციას უცხოელი დონორის თვალით შევხედოთ.– ქვეყანაში იმართება აქციები შრომითი უფლებების დასაცავად, ახალგაზრდების ჯგუფი რადიკალური, არაცივილიზებული მეთოდებით მოქმედებს, ხდება ინციდენტები დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის. მოკლედ, ასეთი მდგომარეობა გამოსაკვლევია, დასარეგულირებელია და შესაბამისად, გრანტიც გამოსაყოფია.
თუმცა, ვფიქრობ, უცხოური ფონდები თუ საელჩოები სწორედ იმით უნდა დაინტერესდნენ, ცდილობენ თუ არა "დაინტერესებული მხარეები", ასეთი სურათი დონორის დასანახავად ხელოვნურად შექმნან. დიახ, უნდა დაინტერესდნენ, ხომ არ იხარჯება მათი ფული სხვადასხვა ახალგაზრდული დაჯგუფების მეშვეობით პრობლემების ხელოვნურად შექმნისა და ადამიანების პროვოცირებისთვის, რადგან რაც მეტი ხმაური და სკანდალი იქნება, მით მეტი გრანტი "წამოვა".

ხაზგასმის აღვნიშნავთ - შრომითი უფლებების დაცვა, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ჩვენი, ყველას, სურვილია, რომ ქვეყანაში ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა ზემოხსენებული პროვოკაციული ქმედებებითა და ტყუილზე დაფუძნებული კამპანიებით (რომელიც ბოლოს, როგორც წესი, გამოაშკარავდება ხოლმე) ამ იდეის დისკრედიტაცია ხდება...
პ.ს. მეხანძრეობა ერთ-ერთი კეთილშობილური პროფესიაა, თუმცა წარმოვიდგინოთ, ვინმემ ბავშვებს ჩუმ-ჩუმად ასანთი დაურიგოს იმ მიზნით, რომ შემდეგ მეხანძრის როლი მოირგოს და მომრავლებული ხანძრების ჩაქრობაში მეტი და მეტი ფინანსები მიიღოს.
ერთხელაც ამ ხანძარს თვითონაც ვერ დააღწევს თავს...

რუსუდან შელია
ნანა მღებრიშვილი
ეკა
31 მარტი 2017 13:24
აუდიტორია115 არის "კამარას" შვილობილი,მათი გამოზრდილი და იდეოლოგიურად გამოწვრთნილი! ხომ გამოჩნდა?! რისთვის გადააყენეს პაპავა?!
??????/
31 მარტი 2017 09:18
ერთ ქალაქში მეშუშემ(მინის ჩამსმელი)გვარიანად იშოვა ფული. ვერ აუდიოდა შეკვეთებს .როცა გამოიკვლიეს აღმოჩნდა, რომ ღამღამობით თვითონ ამტრევდა ფანჯრებს რათა მერე დღეს სამუშაო ჰქონოდა. ე. ი.მეშუშის პოლიტიკამ გაამართლა ,მაგრამ ბოლომდე ვერა.ი გივე მეორდება დღეს .თუ ადამიანს შუბლის ძარღვი გაუწყდა მას ვერაფერი შეაჩერებს.
???????
31 მარტი 2017 08:55
ასეც ვიცოდი რომ დაბლოკავდით. პოლიტიკა უცხო სიტყვაა და ნიშნავს შენი ბედნიერება ააგო სხვის უბედურებაზე. იმედია ამასაც არ დაბლოკავთ.

რედაქტორის რჩევით